გავერთიანდეთ დეოკუპაციის იდეის ირგვლივ!
დეოკუპაციის ფრონტის შექმნა ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანი იდეაა მრავალი თვალსაზრისით. ჯერ ერთი ჩვენ პასიურობას ვართ მიჩვეული და უცხოა საზოგადოებრივი აქტივობა. ბევრის აზრით იდეალური სიტუაციაა „კარგი მთავრობის“ ყოლა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა. მეორეც, დეოკუპაციის იდეა საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ, შეუძლია თუ არა ჩვენს საზოგადოებას დადგეს პირად პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გაგვაჩნია თუ არა სულხან-საბას ძაღლების მსგავსი თვითგადარჩენის ინსტიქტი.
მესამეც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას დღიდან საბჭოთა კავშირის დანგრევისა მუდმივად ჩვენს ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობით ამართლებს. „დეოკუპაციის ფრონტი“ საშუალებას გვაძლევს მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია ორ ქვეყანას შორის მტრულ დამოკიდებულებასთან. რომ ამ ზეპარტიულ მოძრაობაში არიან როგორც მმართველი პარტიის მომხრენი, ასევე მოწინააღმდეგენი, რომელნიც ერთიანდებიან აშკარა აგრესიისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
და კიდევ ერთი. „დეოკუპაციის ფრონტის“ ინტერნეტ ფორუმი ვერ გაექცევა სხვადასხვა მტკივნეული პოლიტიკური თემების განხილვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მივბაძოთ ძველ რომაელ მოაზროვნეს, კატონ უფროსს. რა თქმა უნდა, მისი შეხედულებების გაზიარებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მე მისი მიზანდასახულობა და ყურადღების მთავარი პრობლემის მიმართ კონცენტრაცია მაქვს მხედველობაში. უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ფრონტის ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, რა თემებსაც არ უნდა შეეხოს იგი, დასასრულს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მთავარი. მეც ასე დავასრულებ. მაშ ასე: კართაგენი უნდა დაინგრეს. რუსმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ საქართველო.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით
ირაკლი წერეთელი
კონსტანტინე გვასალია
* * *
ირაკლი წერეთლის ვიდეო მიმართვა დეოკუპაციის ერთიანი ფრონტის შექმნის აუცილებლობის შესახებ
http://www.youtube.com/watch?v=WovaU_OW9o0 * * *
ჩვენს, ნატოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ, თანამემამულეებს
ძვირფასო თანამემამულენო!
ჩვენო გულით საყვარელო მეგობრებო და ქართველებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არავის არ აქვს საქართველოში,ყოველივე ეროვნულის, ჩვენზე მეტი და ჩვენზე ძლიერი განცდა. ეროვნული თავმოყვარეობის, ეროვნული სიამაყის და თავისუფლების. ამაზე ნათლად მეტყველებს ჩვენი ძალისხმევა საქართველოს დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ის მკვეთრად გამოხატული სულისკვეთება, რომელიც დოკუმენტალურად დაფიქსირებულია მრავალ და მრავალ, შეიძლება ითქვას უამრავ ჩვენს სხვადასხვა გამოსვლებში, ნაწერებში, სიტყვებსა და სხვადასხვა მასშტაბის საჯარო პოლიტიკურ ღონისძიებებში, გვერწმუნეთ, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება გვინდა, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნული თავისუფლების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ერთიანობის და ქართული სუვერენული სახელმწიფოს დაცვისთვის, გაძლიერებისთვის, განმტკიცებისა და აღზევებისთვის.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სქართველო სამწუხაროდ ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა და რაც მთავარია ქართველი ერი მცირერიცხოვანი და არასწრაფგამრავლებადი ერია, ისიც მოგეხსენებათ რომ, საქართველო ამჟამად ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა, სამწუხაროდ საქართველოს სადღეისოდ არც დიდი ფინანსები გააჩნია, არც ძლიერი ეკონომიკა აქვს და არც თანამედროვე უკანასკნელი სიტყვის შეიარაღება. ჩვენთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია ბირთვული, კოსმოსური, ლაზერული, სარაკეტო, ანტისარაკეტო, ძლიერი საავიაციო, ანტისაავიაციო, საზღვაო და ანტისაზღვაო შეიარაღება, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს გარემოცვა არის ფრიად არასახარბიელო და არასასურველი, რადგან აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა, არცერთი ჩვენი მეზობელი და მოსაზღვრე სახელმწიფო, ჩვენი გარანტირებული მეგობარი და კეთილისმყოფელი არ არის. აქედან გამომდინარე ვსვამთ უმარტივეს შეკითხვას;- მცირერიცხოვანმა, სამწუხაროდ მცირერიცხოვანმა ქართველმა ერმა, ფიზიკურად პატარა და სუსტმა საქართველომ, როგორ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები, როგორ უნდა განამტკიცოს თავისი ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ძლიერი მოკავშირის გარეშე, ჩვენ ამ შეკითხვას მარტივად და ლოგიკურად გავეცით პასუხი ჯერ კიდევ 23 წლის წინ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე, ეს უტყუარი პასუხი იყო და არის NATO-კაცობრიობის მრავალათასწლოვან ისტორიაში, უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც წარმოადგენს ნებაყოფლობით სახელმწიფოთაშორის გაერთიანებას, თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნებისა. არავითარი NATO-ს იმპერია არ არსებობს. იმპერია, როგორც ასეთი წარმოადგენს ძალმომრეობასა და დიდმპყრობელობაზე აგებულ აგრესიულ სახელმწიფოს, რომელიც კანონზომიერად იშლება. NATO კი ღვთის წყალობით, კი არ იშლება, ფართოვდება და იზრდება სწორედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ღმერთმა გაუმარჯოს ამ გაფართოებას და ამ გაძლიერებას.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სუბიექტს ვედაოთ NATO-ს პრობლემატიკაზე. გარწმუნებთ იმასაც, რომ ქართველი ერი რომ იყოს მრავალრიცხოვანი, ძლევამოსილი, უმაღლეს დონეზე შეიარაღებული წამყვანი სახელმწიფო, მაშინაც კი დასჭირდებოდა ძლიერი და საიმედო მოკავშირეები, იმიტომ, რომ მარტო ჭამა და მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა უყვართ ღორებს. მადლობა ღმერთს ჩვენ ჭეშმარიტი ქართველები არ ვართ ღორები და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ ვეძებთ და თითქმის ვიპოვეთ კიდევაც ძლიერი მეგობრები.
დასასრულს მოგიწოდებთ ყველას, ერთხელ და კიდევ უამრავჯერ, საყოველთაო ეროვნული გაერთიანებისკენ საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის, საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ულამაზესი დროშის ქვეშ.
საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით,
ირაკლი წერეთელი
P.S.
ფორუმის ერთ ერთმა მომხმარებელმა MONTY - მ შექმნა თემა ''პატრიოტებოოო სად ხართ?, მტერია შემოჭრილი ჩვენს მიწაზე ! ! !''.
იხილეთ :
პატრიოტებოოო სად ხართ?ამ თემაში MONTY საუბრობს ერთიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
ამ თემაში მე მას გამოვეხმაურე შემდეგი პოსტით ''თუ მართლაც დაინტერესებული ხარ საქართველოს დეოკუპაციის საკითხით და შენთვის მტკივნეულია ეს საკითხი, მოვახერხოთ გაერთიანება დეოკუპაციის კუთხით შექმნილმა ყველა საზოგადოებრივმა მოძრაობამ ერთიან დეოკუპაციის ფრონტში, ცალ ცალკე კვაზი ორგანიზაციებით ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ''. პატრიოტებოოო სად ხართ?
შეთავაზება ძალაშია დეოკუპაციის კუთხით შექმნილ ყველა საინიციატივო ჯგუფისა თუ მოძრაობის მიმართ.
ასე რომ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო როდესაც MONTY - ს თემა ვიხილე ერთიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის შექმნის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მას არაფერი ახალი არ შემოუთავაზებია. დეოკუპაციის მოძრაობა დაწყებულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახით და ეს მოძრაობა დღესაც აგრძელებს ბრძოლას საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის ''საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის'' სახით.
ნებისმიერი მცდელობა დეოკუპაციის ფრონტის გვერდის ავლით ანტისაოკუპაციო მოძრაობის წამოწყებისა მხოლოდ და მხოლოდ გახლიჩავს დეოკუპაციის იდეის ირგვლივ შეკრებილ ძალებს და დაასუსტებს საქართველოში დეოკუპაციის მოძრაობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დეოკუპაციის ბედით დაინტერესებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შევქმნათ ერთიანი დეოკუპაციის ფრონტი
დეოკუპაციის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე :
http://www.facebook.com/saegm This post has been edited by mazini on 16 Dec 2010, 18:17