დასაქმება და განათლება, ამჟამად ქვეყანაში ეს ორი უმთავრესი პრიორიტეტია დეკლარირებული. დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმას, რომ პირველი საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია, რომ მეორე წარმატებული იყოს. თავად განათლების რეფორმა, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებული ფორმატი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ცალკე მსჯელობის თემაა, რამდენად ხარისხიანია ცალკეული უმაღლეს სასწავლებლების მიერ სტუდენტისთვის მიცემული განათლება. მაგრამ სახელმწიფოებრივ უბედურებად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ქართველ ჩინოვნიკებსა თუ ქართული კომპანიების მესვეურებს ქართული უმაღლესი განათლება მიღებული ახალგაზრდობა დიდად არ ხიბლავთ. ამის გარდა, ვფიქრობ, რაც ყველაზე მთავარია, თავიანთი დადგენილი კრიტერიუმებით, უპირველესად, ჩრდილს აყენებენ ქართულ უმაღლეს სკოლას, ქართულ განათლებას და მისი მიღების მსურველებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის იმიჯზე.
სამი-ოთხი სამინისტროსა და მათ დაქვემდებარებული უწყებების გარდა, სხვა უწყებებში ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის ფაქტებზე საუბრობს ყველა, ვისაც კი არ ეზარება. თუმცა ღიად და აშკარად ამის დადასტურება საკმაოდ გაჭირდება, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს ეს ყველამ იცის.
რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ მხრივ, არც თუ სახარბიელო ვითარებაა ქართულ ბიზნესშიც.
ლამის ყველა უწყება და კერძო კომპანია თუ პატივს დაგდებთ და კონკრეტული ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიგიწვევთ, აუცილებლად ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ურთულესი ეტაპი უნდა გაიაროთ _ ტესტირება ზოგად უნარებში. თან, მნიშვნელობა არ აქვს მუშაობას რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიაში იწყებთ, სავაჭრო ობიექტსა თუ სახელმწიფო უწყებაში. ეს ახლა ქართული მოდაა. უფრო სწორად, პოზაა, რომ "ტიპები" "ვითომდა" სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.
ერთი მხრივ, უნდა მიიჩნიო, რომ ეს სავალდებულო ეტაპია და უწყებებსა და კომპანიებში აინტერესებთ, რამდენად ერუდირებული და განათლებულია ზოგად საკითხებში მათი შესაძლო თანამშრომელი, მაგრამ გასაკვირი აქ მხოლოდ ისაა, რომ ვაკანსიის გამომცხადებლები, მხოლოდ ბოლოს ინტერესდებიან, თუ რამდენად პროფესიონალია კონკურსანტი კონკრეტულ სფეროში. პირველ ეტაპზე სწორედ ეს ამსგავსებს "სავაკანსიო" კონკურსებს აბსურდის თეატრს. ვთქვათ, თუ თქვენ კომპანიაში ან უწყებაში გესაჭიროებათ იურისტი, იმით კი არ უნდა დაინტერესდეთ, რამდენად ერკვევა ის იურიდიულ ნორმებში ან ფლობს უცხო ენას და ასე შემდეგ, არამედ ამოხსნა თუ არა ტესტი ზოგად უნარებში. თუ სხვა კონკრეტული კრიტერიუმი არ არის გათვალისწინებული ამ ტესტებში _ გულწრფელობასა და ზოგად ერუდიციასთან დაკავშირებით, მაშინ რა გამოდის, ის რომ ამ ტესტებში კონკურსანტის იძულებით მონაწილეობით უნდობლობა უცხადდება წარმატებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს? ეს ეტაპი ხომ მათ უკვე წარმატებით დაძლიეს. რა თქმა უნდა დემაგოგ ოპონენტებს არც იმის თქმა გაუჭირდებათ, თუ ერთხელ ჩაბარებული აქვს მეორედ რა მოხდა რომ ჩააბაროსო. არც არაფერი, მაგრამ თუ ეს ტესტი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და ვთქვათ, იმავე იურისტს კიბერნეტიკოსისთვის აუცილებელი "ზოგადი განათლება" არ უნდა მოსთხოვო. ან პირიქით, კიბერნეტიკოსი იურიდიულ ნორმებზე არ უნდა ამსჯელო.
ამას გარდა, დასტური იმისა, რომ უწყებები და კომპანიები ქართულ განათლებას არ აღიარებენ, არის მოთხოვნები, რომლებსაც ეს უწყებები და კომპანიები ვაკანსიების გამოცხადებისას აქვეყნებენ და საკმაოდ უტიფრად, ისე, რომ არც კი ესმით მისი შინაარსი _ დასაქმებაზე პრეტენზიის გამომხატველს მაგისტრატურა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჰქონდეს დამთავრებული. მაშინ, გამოდის, რომ ეს უწყებები და კომპანიები ღიად იძახიან, არ გვჭირდება ქართულ განათლება მიღებული სპეციალისტები და მეორე ის, რომ ამ ფორმით ვაკანსიის გამომცხადებელნი ათასობით საკუთარი თანამოქალაქის დისკრიმინაციას ახდენენ.
ისე, თუ პროცენტულად გავიანგარიშებთ, დღეს ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური ფონის გათვალისწინებით მხოლოდ 1%-ს თუ შეუძლია უმაღლესი განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღოს. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. თუ თავად სახელმწიფო უწყებები არ აღიარებენ ქართული უმაღლესი განათლებას, მაშინ რატომ ხარჯავს სახელმწიფო მილიონებს სტუდენტებისა და მაგისტრანტების დასაფინანსებლად?
პრობლემის უკეთ გააზრებისათვის "ჯი-ეიჩ-ენმა" ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია, რამდენად ითვალისწინებენ უწყებები თუ კომპანიები მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაწესებული მოთხოვნებისას ცალკეული პირების შეთავაზებებს. სახელმწიფო უწყებაში, ცალკეულ კომპანიებში, ფონდებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სულ 134-გან, ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა კონკრეტული პირების განაცხადები (CV). ერთადერთი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი მიიპატიჟა და ცალკეული ეტაპების გავლის შემდეგ თავაზიანად აცნობა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ კრიტერიუმს. სადავო არაფერი გვაქვს.
სხვა 133 ვაკანსიის გამომცხადებელს კი "გლეჯვა" CV-ს პატრონი გასაუბრებაზე არც დაუბარებია. ამ ფაქტმა ჩვენც დაგვაეჭვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვაკანსიები თვალის ასახვევად ქვეყნდება, თორემ ვაკანსიის "პატრონმა" იმთავითვე იცის კონკურსს ვისთვისაც აცხადებს.
ახლა კი რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. დანიშვნიდან რამდენიმე ხანში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ საზოგადოებას ამცნო, რომ აცხადებდა კონკურსს მთელ რიგ ვაკანტურ თანამდებობებზე.
"ჩვენ წარვმართავთ საკადრო პოლიტიკას ნულოვანი ნეპოტიზმით", _ ამ დევიზით გამოცხადებულ კონკურის ერთი კურიოზი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომელმაც ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, ახალგაზრდა მინისტრისგან პასუხად "არა" იმის გამო მიიღო, რომ კანდიდატი ახალგაზრდა იყო. რაც მთავრია, ნეპოტიზმი არაა. არგუმენტი კი შეუვალი. ისე, პრეზიდენტს ახალგაზრდობის გამო რომ დაეწუნებინა თავად მინისტრის კანდიდატურა, მაშინ იქნებოდა ვერა ქობალია მდგრადი განვითარების მინისტრი?
ესეც არაფერი, როდესაც მინისტრს დასჭირდა კონკურსის გამოცხადებაზე საერთოდ უარი განაცხადა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე მხოლოდ პირადი გადაწყვეტილებით დანიშნა.
სააგენტოს უფროსმა ქეთი ბოჭორიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" დაუდასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია და დასძინა, _ "რაც შეეხება ჩემს დანიშვნას, მე წარვადგინე სამინისტროში სპეციალური გეგმა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა სააგენტომ და განიხილეს ჩემი წინადადებები. გაითვალისწინეს ჩემი გამოცდილება და დამირეკეს, დანიშვნის შესახებ მაცნობეს".
ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ "დავწერე, წარვადგინე, დამნიშნეს" რაღაცით ჰგავს "მივედი, ვნახე, გავიმარჯვეს".
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა - საქართველოს ეკონომიკა უნდა დავაყენოთ ფეხზე, გავაძლიეროთ მცირე ბიზნესი, შემოვიყვანოთ ბევრი ინვესტორი და ტურისტი ქვეყანაში და რა თქმა უნდა, უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემცირდეს უმუშევრობა", - აცხადებდა ვერა ქობალია მაშინ, როდესაც კონკურსების ბუმი გამოაცხადა. სწორედ იმ დღეს უსაყვედურა მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს, თქვენთვის ფორუმებს ვაწყობ თქვენ კი გძინავთო. თუმცა, მას შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ჩინები, მინისტრზე რომ არაფერი ვთქვათ, ისე ერიდებიან ბიზნესფორუმებს, როგორც გონიერი კურდღელი მოერიდება მგელთან შეხვედრას. როგორც იტყვიან, სულ მისხალ-მისხალ გვაქვს დათვლილ-აღრიცხული, რომელ ფორუმზე ვინ მივიდა, რამდენი ხანი დაჰყო და რა სეფე სიტყვა ბრძანა. შესაბამისად ამ კუთხით ჩვენთან შემოდავებას აზრი არ აქვს.
ახლა ისევ თემას მივყვეთ. ამას წინათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ამავე დეპარტამენტის მთ. სპეციალისტის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
მინისტრმა სავალდებულოდ მიიჩნია, რომ მისი მომავალი თანამშრომლები აუცილებლად უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრები უნდა ყოფილიყვნენ. პირობა კი შემდეგი სახით იყო ფორმულირებული _ "აშშ-ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM)".
ამ ყველაფრიდან ნათელია, რომ ვერა ქობალია და მდგრადი განვითარების სამინისტრო არა მარტო ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებულ ხარისხს, არამედ, არ აღიარებენ არც კანადის, ისრაელის, თურქეთისა და სხვა ასზე მეტი სახელმწიფოს მიერ მომზადებულ სპეციალისტებსა თუ მინიჭებულ ხარისხს.
ასეთი დამოკიდებულება კერძო სექტორის მხრიდანაც შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, მაგრამ ვერ შეედავები, მით უფრო, თუ ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ სახელმწიფო უწყების მხრიდან ასეთი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, თავხედობაა სხვა მორალური კრიტერიუმებით რომ არ გავზომოთ. თუ ასეთი სპეციალისტი მართლაც გჭირდება, ეს პრივილეგიებში ჩაუთვალე ცალკეულ კონკურსანტს და არა აუცილებელ მოთხოვნად. გასაგებია მინისტრი, რომ თავად არ დაწერდა ამ ყველაფერს, მაგრამ მას ხომ შეათანხმეს ეს კრიტერიუმები მის მიერ კონკურსით შერჩეულმა ჩინოვნიკებმა? ან იქნებ ეს ყველაფერი სულაც კაპრიზი იყო შესაბამის თანამდებობაზე უკვე "შერჩეული" კადრების დასანიშნად? რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა იყო ეჭვიანი, მაგრამ ეს ეჭვი საფუძველს მოკლებულია?
კიდევ ერთი, როგორც იტყვიან "გველის თავი"! უმეტეს შემთხვევაში ცალკეული უწყებები და კომპანიები არც კი ასახელებენ, თუ რამდენია კონკურსის ცალკეული ეტაპებისთვის გამსვლელი ქულა. თუ დაბეჯითებით გინდათ მოხვდეთ კონკრეტულ უწყებაში და იცით რომ წელს "იქ" მოსახვედრად საჭირო იყო მინიმუმ 70 ქულა მოგეგროვებინათ, მომავალ წელს ეს ბარიერი შეიძლება სულაც 69 ან 68 იყოს (ეს ის ორი ქულაა, რომელიც გასულ წელს დაგაკლდათ) ან კიდევ 71 ან 72 (ეს კი ის ორი ქულაა, რომელიც მომავალ წელს დაგაკლდებათ). რა თქმა უნდა განმარტებები არც ერთ შემთხვევაში არ დააყოვნებს და გეტყვიან, რომ ერთ შემთხვევაში "კონკურსია დაბალი", მეორე შემთხვევაში კი "მოთხოვნების კრიტერიუმი გამკაცრდა". მოკლედ ისე "შეკერავენ და გაჭრიან" როგორც სურთ.
ეს ყველაფერი იმ პირობებში ხდება, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის განათლების სისტემა და დასაქმება პრიორიტეტულია. ისიც გასაგებია, რომ ქვეყანაში შრომის ბაზარი ძალიან მწირია. მაგრამ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ერთი უწყება მეორე უწყების "პროდუქციას" იგნორირებას უკეთებს. უფრო უარესია, როდესაც ე.წ. კონკურსები საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ტარდება და ათასობით ადამიანს ეს ყველაფერი უსამართლობის განცდას უჩენს.
"რისთვის ვისწავლე". ეს ფრაზა საკმაოდ ხშირად ისმის თანამედროვე ახალაგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომლებიც უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ პირველ რიგში, საკუთარი პროფესიით ცდილობენ დასაქმებას. მათ კი ვინც ადრევე ხვდება რომ უაზრო მარათონში ჩაებნენ თვალი უცხოეთისკენ უჭირავთ.
პრინციპში სხვანაირად არც შეიძლება იყოს. იქ სადაც ახალგაზრდა ჩინოვნიკი ახალგაზრდას ახალგაზრდობას უწუნებს და არა ცოდნას, სადაც შეუძლიათ გითხრან "წადი შენი საქართველოში მიღებული განათლებაცო", რა თქმა უნდა იფიქრებ, რომ ქართული განათლება მდგრადად უპერსპექტივოა.
"ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა
http://ghn.ge/news-29621.html
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!