#23020865 · 18 Dec 2010, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mdogvi
QUOTE | გილოცავთ ღირსისა და ღმერთშემოსილისა საბა განწმედილის ბრწყინვალე დღესასწაულს. |
გაიხარე! ვისაც ეს არაჩვეულებრივი პიროვნება და სემდგომ წმინდანი ახსოვს, მივულოცავ! ასევე ვულოცავ ყველა საბას და მათ საყვარელ ადამიანს
ასევე მინდა ვახსენო საბა(სულხან) ორბელიანი
გილოცავთ!
ღირსი საბა განწმენდილი (VIს.)
ხსენება 5 (18) დეკემბერი
ღირსი საბა განწმედილი დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.
გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ იგი, მაგრამ ამაოდ. ჩვიდმეტი წლის ასაკში ბერად შედგა, გამოირჩეოდა ლოცვითა და მარხვით, სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.
ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა. იგი ოცდაათი წლის ასაკამდე ამბა თეოქტისტეს სავანეში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის - თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან ერთად სადილობდა. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი თოკით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო. გარდა დიდი ლავრისა, წმინდა მამამ კიდევ ექვსი სავანე დააარსა.
უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.
წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულს, ოთხი დღე არაფერი უჭამია, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი საბა განწმენდილის ტროპარი
მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.
სხვა ტროპარი
ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.
--------------------
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...
|