ამ ფორუმზეც და სხვა ფორუმებზეც არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ საქართველოში დეოკუპაციის მოძრაობის დაწყების იდეას და ამ იდეის და ანტისაოკუპაციო მოძრაობის იდეის და ამ იდეის ერთ ერთი სულისჩამდგმელის ირაკლი წერეთლის დისკრედიტაციას. 
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინტერვიუ რომელიც გამოქვეყნებულია 1993 წელს და გაგვეცით პასუხი სად იყვნენ შემძვრალები ვირთხებივით იმ პარტიათა ლიდერები რომლებიც დღეს პრეტენზიას აცხადებენ ხელისუფლებაზე და რატომ არ გამოეხმაურნენ ამ იდეას, რატომ არ გაერთიანდნენ ჯერ კიდევ 1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების დამხობისა და დეოკუპაციის ოიდეის გარშემო ? თუ მათთვის საქართველო მხოლოდ 2008 წელს გახდა ოკუპირებული ? 
ინტევრიუ ირაკლი წერეთელთან :
ირაკლი წერეთელი:
„დღეს რომ პრეზიდენტი გავხდე, 20 წლის შემდეგ რაღა ვიყო? ... “
    - ბატონო ირაკლი, შაბათს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის შტაბბინაში უნდა შეიკრიბონ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ შეკრებას?   
    – ეს იქნება საქართველოს თანამედროვე ეროვნულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისი. სიტყვა «ახალი» აქ შეიძლება ძალიან პირობითად ვიხმაროთ, რადგან ახალი ეტაპი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო მაშინ, როდესაც კომუნისტური ერთპარტიული რეჟიმის პირობებში, დაახლოებით 5 წლის წინათ მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც დაიწყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
    ეს მოძრაობა მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. წინააღმდეგობა დიდი იყო, მაგრამ, იდეა ძლიერი იყო და არის ქართველ ერში - სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის სურვილი. ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდა, რადგან საქართველო დღეს, იურიდიული და ოფიციალური თვალსაზრისით, სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ის, რომ, საქართველო ყოველ ნაბიჯზე ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება და დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, სწორედ ამიტომ ვიწვევთ ჩვენ ამ შეკრებას, იგი შედგება შაბათს, 12 ივნისს, ჩვენი პარტიის შტაბბინაში და, ვეპატიჟებით დღის 12 საათზე ყოველ პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას, რომელიც თავის თავს აკუთვნებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს ორგანიზაციები გაერთიანებულნი არიან ეროვნულ სათათბიროში, აგრეთვე, წარმომადგენელნი არიან «მრგვალ მაგიდაში» და ნაწილობრივ - საქართველოს პარლამენტში.
    რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანას პარლამენტი ჰყავს, წესით, ყველა საკითხი უნდა წყდებოდეს სახელმწიფოებრივი მიდგომის საფუძველზე და ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მისი მეთაური - ედუარდ შევარდნაძე არის უსუსური და უძლური, გადაწყვიტოს ეროვნული პრობლემები და მისმა ერთწლიანმა მოღვაწეობამ დაგვანახა, რომ მას ვერ ხელეწიფება, საქართველო გაიყვანოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აღორძინების გზაზე, ჩვენ იძულებულნი ვხდებით, შევიკრიბოთ განსაკუთრებული მისიით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გამოვიდეს კრიზისიდან, ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და სწორედ ამ მიზნით დავსახოთ კონკრეტული გზები, ამოცანები და ნაბიჯები.   
- კონკრეტულად რა ღონისძიებები იქნება დასახული?   
    - ამ შეკრებაზე უნდა გადაწყდეს პრაქტიკულ ასპექტში, ერთიანი და ორგანიზებული საყოველთაო სახალხო მოძრაობის შექმნა შემდეგი მოთხოვნებით:
    1. გადადგეს ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს კანონი «სახელმწიფო ხელისუფლების» შესახებ.
    2. მ ო ხ დ ე ს  საქართველოს უპირობო და უსწრაფესი დ ე ო კ უ პ ა ც ი ა.
    3. მოწვეულ იქნას ეროვნული ყრილობა საქართველოს პარლამენტისა და
    საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალისა და ორგანიზაციის მონაწილეობით.
    აქ იგულისხმება ყოფილი უზენაესი საბჭოც და ყოფილი პრეზიდენტიც. ეროვნულმა ყრილობამ უნდა გამოსცეს მანიფესტი ეროვნული შერიგებისა და თანხმობის შესახებ. ეს უნდა იყოს ნამდვილი შემრიგებელი მანიფესტი, არა ისეთი, როგორიც შევარდნაძემ გამოსცა - ყველა მინუს ერთი. ნამდვილი მანიფესტით შერიგება და თანხმობა უნდა გავრცელდეს როგორც შევარდნაძეზე ასევე გამსახურდიაზე.. ის, რაც მოხდა დეკემბერ-იანვარში, იყო ძალიან ცუდი და უარყოფითი, მაგრამ ეს იყო ეპოქალური მოვლენა (მნიშვნელობა არა აქვს - ცუდი თუ კარგი), ამიტომ აქ არ შეიძლება პიროვნებებს მივუდგეთ სისხლის სამართლის კოდექსის პოზიციებიდან - დიდი ტრაგედია მოხდა, ამ ტრაგედიამ საქართველო კი არ უნდა დაღუპოს, არამედ უნდა გადაარჩინოს, ამიტომ ეროვნულ ყრილობაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა - დამხობილი ხელისუფლების მომხრემაც, დღევანდელი ხელისუფლების მომხრემაც და ყრილობამ უნდა გამოსცეს მანიფესტი ეროვნული შერიგებისა და თანხმობის შესახებ. ყრილობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ ძალამაც, რომელიც გამსახურდიასაც უპირისპირდებოდა და შევარდნაძესაც უპირისპირდება. ამის შემდეგ, მანიფესტის საფუძველზე, უნდა დაინიშნოს დროებითი მთავრობა, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი ხელისუფლებაში და არა უგვიანეს ოთხი თვისა უნდა ჩატარდეს საყოველთაო, დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, აუცილებლად პროპორციული საარჩევნო სისტემით. როდესაც ეს პარლამენტი შეიკრიბება, მას ექნება უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენდუმი კონსტიტუციის ახალი რედაქციის თაობაზე. კონსტიტუცია უნდა მიიღოს ხალხმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი პრომულგაცია, ანუ ამოქმედება.   
    - და თუ გამსახურდია უარს იტყვის შერიგების პროცესში მონაწილეობაზე?   
    - მაშინ ის გზას მოიჭრის ქართველი ერისაკენ, ასევე მოიჭრიან გზას ქართველ ერთან ის ძალები, რომლებიც წინ აღუდგებიან მის ჩამოსვლას საქართველოში. ვის აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს საქართველოში დაბრუნება? თუ შევარდნაძეს ჰქონდა უფლება სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაშინ გამსახურდიას რატომ არ უნდა ჰქონდეს? მე არასდროს ვყოფილვარ გამსახურდიას აპოლოგეტი, თუ ვინმე უპირისპირდებოდა მას მკვეთრად და რადიკალურად - ეს მე ვიყავი, მაგრამ ჩვენი პარტია იმით განსხვავდებოდა სხვებისაგან, რომ დაპირისპირების ერთადერთ გზად მიგვაჩნდა მშვიდობიანი, არაშეიარაღებული სახალხო მოძრაობა. ყოველგვარი ძალადობა დამღუპველად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია. ჩვენ 1991 წლის 19 დეკემბერს კინოს სახლის წინ ჩავატარეთ მიტინგი, რომელზეც გამოვიდნენ თეიმურაზ სუმბათაშვილი, თორნიკე ფიფია, და მოვუწოდეთ ყველას, არ მიემართათ ძალადობისთვის და გაზაფხულამდე საერთოდ შეეწყვიტათ მანიფესტაციები რუსთაველზე. ასე რომ, ჩვენ იარაღი ხელში არასოდეს აგვიღია და არც ავიღებთ. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ საქართველოში მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კრემლის მარიონეტი გახდება და ხელს მოაწერს ახალ „გეორგიევსკის ტრაქტატს“, ან დააკანონებს საქართველოში საოკუპაციო ჯარს, ჩვენ ავიღებთ ხელში იარაღს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იმ ჯარს დავარტყამთ.
    რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მე მას ერთადერთ პრეტენზიას ვუყენებ - მან ხელისუფლებაში ვერ ივარგა, თორემ თავისი მიზნით და მისწრაფებით იგი ისეთივე სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, როგორც მე - ძლიერი, დიდი საქართველოს იდეით. შევარდნაძეს კი არავითარი დასაყრდენი ქართველ ერში არ გააჩნია, იგი მხოლოდ მაშინ არის კარგი ხელმძღვანელი, თუ ზემდგომი ჰყავს, რომლის მითითებებიც უნდა შეასრულოს, ხოლო როდესაც თავად არის ლიდერი - ვერაფერს აკეთებს და სწორედ ამით არის გამოწვეული ის ქაოსი, რომელიც საქართველოში დღეს არის გაბატონებული.
    შევარდნაძე კარგი შემსრულებელია და სხვა არაფერი. ის რომ იყოს გაჟღენთილი «დიდი საქართველოს იდეით», ბევრ კარგს გააკეთებდა, მაგრამ ვერ არის გაჟღენთილი ამ იდეით. «არ არის» კი არა, «ვერ არის», თორემ თვითონ შეიძლება კიდეც უნდა, რომ ისევე იყოს გაჟღენთილი, როგორც მე ვარ, როგორც გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყო.
    ასე რომ, თუ საჭირო გახდა, ჩვენ მანიფესტაციებსაც მოვაწყობთ და ვერავინ დაგვარბევს! შევარდნაძის გადადგომა საყოველთაო მოთხოვნა უნდა გახდეს! ჩვენს აქციებს «ქუჩის აქციებს» უწოდებენ, რას ნიშნავს «ქუჩის აქცია»? ეს ტერმინი დაამკვიდრა საბჭოთა ეპოქაში აღზრდილმა და მონობაში დაბერებულმა ვითომ ინტელიგენციამ, არსებობს მშვიდობიანი სახალხო აქციები, ასეთი აქციები ყველა ქვეყანაში ტარდება. მე რომ ბრიუსელში ვიყავი, შემთხვევით შუა მიტინგში აღმოვჩნდი.   
        - სიტყვით ხომ არ გამოსულხართ?       
    - არა, პირიქით, პირველად ჩემს ცხოვრებაში გავეცალე მიტინგს, რადგან წარმოვიდგინე - საქართველოში რომ გაიგებენ - წერეთელი ბრიუსელში ჩავიდა და იქ მიტინგი ჩაატარაო... ამიტომ თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ასე რომ, ჩვენ მიტინგებს ჩავატარებთ და შევარდნაძე უეჭველად გადადგება, რადგან კრიტიკულ მომენტებში მას სჩვევია ასეთი მტკიცე ნაბიჯის გადადგმა. საერთოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ შევარდნაძის მიმართ არანაირი ანტიპათია არა მაქვს - მე გულწრფელად გამიხარდა, რომ მისი სახით ქართველი კაცი ასეთი პატივით მიიღო ჩინეთმა და არც შემშურებია, რადგან შურიანი კაცი არა ვარ.  
      - ზოგიერთები კი იმასაც ამბობენ, წერეთელს პრეზიდენტობა უნდაო.   
    - არა, პრეზიდენტობა რატომაც არ მინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემი დრო და ჩემი ასაკი მოვა. გიორგი ჭანტურიასავით არ ვამბობ, რომ არ მინდა ხელისუფლება. ჭანტურიამ კი ეს თქვა და სიტყვა დაარღვია. ადრე იმას ამბობდა, საქართველო რომ დამოუკიდებელი გახდება, პოლიტიკიდან წავალო, მაგრამ ეს ხალხის მოტყუება იყო და სხვა არაფერი. მას უნდა ხელისუფლება, მაგრამ ჯერ არა.
    მე ჯერ არ მინდა „პირველ კაცად“ მოსვლა ხელისუფლებაში, რადგან 31 წლის  ვარ და ახლა რომ ხელისუფლებაში პირველ კაცად მოვიდე, 20 წლის შემდეგ ვინღა უნდა ვიყო? ამიტომ ვარ წინააღმდეგი, ახალგაზრდებს რომ მინისტრებად ნიშნავენ, მით უმეტეს, რომ ახლა მედიცინამ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. თუმცა მე კაჟივით ჯანმრთელი ვარ და ასეთი ვიქნები სულ.   
    - ღმერთმა კარგად გამყოფოთ.   
    - ასე რომ, მე არ მეჩქარება, მით უმეტეს, რომ ჩემი მიზნის განხორციელება დღეს შეუძლებელია - ჩემი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. ახლა რომ პრეზიდენტი გავხდე, რა ვქნა - ომს ხომ ვერ დავიწყებ?
    მაგრამ როცა საქართველო იმდენად მოძლიერდება, რომ ამის გაკეთება შეეძლება - მაშინ მოვალ ხელისუფლებაში, შევარდნაძის გადადგომის საკითხსაც არ დავაყენებდი, მაგრამ მისი პოლიტიკა არის დამარცხებათა კორიანტელი. საჭმელიც კი ვერ იშოვნა. ჩინეთიდან ჩამოიტანა ბრინჯი? მე ეს არ მაღელვებს. მაგრამ ხალხს ხომ აღელვებს? მან პურითაც კი ვერ აცხონა ხალხი.   
     - თუ ხელისუფლება აღმკვეთ ღონისძიებებს მიმართავს უსანქციო მიტინგების მიმართ?   
    - თუ გვესვრის, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ხოლო თუ მილიცია დაგვეტაკება - მათ ვცემთ. ჩვენ ზვიადისტები არა ვართ! ჩვენი მიტინგის აღკვეთა ასე ადვილი არ არის, რადგან ჩვენს პარტიაში ძლიერი მამაკაცები არიან. ჩვენს აქციებს ჩვენი მხრიდან არავითარი დესტაბილიზაცია არ მოჰყვება; ხოლო თუ დაგვარბევენ - წინააღმდეგობას გავუწევთ, მაგრამ მე მილიცია ვერ დამარბევს! იგი არც ერთი პოლიტიკური ძალის გადამტერებაზე არ წავა, რადგან კაცმა არ იცის, სასწაულებრივი მანქანებით ვინ როდის მოევლინება ხელისუფლებას.
    «ივერია ექსპრესი», 1993 წლის 10 ივნისი.
http://www.experti.ge/statiebi1993_intervi..._cereteltan.htm This post has been edited by mazini on 4 Jan 2011, 00:55