http://liberali.ge/node/45852 დღის წინ გმირთა მოედანზე მოშიმშილე აფხაზეთის ომის ვეტერანები პატრულმა "წამოყარა", სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა "მოქალაქეებმა" გალახეს, რამდენიმე მათგანი კი, დაიჭირეს. გუშინ დაზარელებული ვეტერანები გაასამართლეს და თითეულ დაკავებულს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
დღეს, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ 2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილები "ბარამბოს" ქარხანაში ექსკურსიაზე წაიყვანა. ბავშვებმა ნახეს, როგორ მზადდება და იფუთება შოკოლადი და კარამელის კანფეტები. როგორც პრესრელიზში ეწერა, "პატარა სტუმრებმა განაცხადეს, რომ ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო და არასოდეს დაავიწყდებათ." აქციის დასასრულს, "ბარამბოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ბავშვები თითო შეკვრა ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ბარამბოს ქარხანაში ექსკურსიაზე რომ მიდიოდნენ, ბავშვებმა გუშინ შეიტყვეს. რესურს ცენტრებმაც გუშინ მიიღეს დავალება, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან 40 ბავშვი "ექსკურსიისთვის" მოეგროვებინათ.
2 დღის წინ, აქციის დარბევა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობიდან რამდენიმე მეტრში მოხდა, "რუსთავი2"-დან გმირთა მოედნამდე მისვლას კი, დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება, თუმცა, აქციის დარბევა არც ერთ არხს არ გაუშუქებია.
დღეს, ნატახტარში, "ბარამბოს" ქარხანაში ყველა ნაციონალური არხი იყო წარმოდგენილი - "იმედი", "რუსთავი2", "პირველმა არხმა" ცოტა დააგვიანა, თუმცა, "ბარამბოს" ქარხანაში - აქციის დასრულებამდე მაინც მოასწრო ჩამოსვლა.
სიუჟეტი, რომელიც დავამონტაჟე, ალბათ, არაფრით განსხვავდება სხვა ნაციონალური არხების სიუჟეტებისგან. რა თქმა უნდა, კადრების ხარისხს არ ვგულისხმობ. თუმცა, ჩემი აზრით, კადრების ხარისხი მეორეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ დარწმუნებული ვარ, სამივე არხზე სიუჟეტში ერთსა და იმავე ამბავს მოისმენთ - "მზრუნველი" განათლების სამინისტრო, "სტუმართმოყვარე" ბარამბო და "დაუცველი" ბავშვები. არა მგონია, რომელიმე მათგანმა გასული ორი დღე და დღევანდელი "აქცია" ერთმანეთს დაუკავშიროს. ქარხანაში გადაღებული ვიდეობითა და ჩაწერილი კომენატრებით, ეს ვერც მე მოვახერხე. რადგან ვერ გადავიღე, დავწერე.
თუმცა, იქნებ, ჩვენ გვეჩვენება და ამ ორ მოვლენას შორის არც არანაირი კავშირი არ არის?!