ნატალია რადინა, ბელარუსი ჟურნალისტი, რომელიც ახლა მინსკში, კგბ-ს იზოლატორში იმყოფება, გასულ გაზაფხულს პოლონეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გავიცანი.
უცნაური და ხშირად უხეში ნატალია ჟურნალისტების 20 კაციანი ჯგუფში ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. ბოლოს ბევრი საერთო ვიპოვე მასთან, თუმცა თავიდან უსიამოვნო დიალოგებიც გვქონდა.
ნატალია ყოველთვის ყველაზე ადრე ჩადიოდა სასტუმროს ფოიეში, როცა ჯგუფი მორიგ შეხვედრაზე წასასვლელად უნდა შეკრებილიყო. მათ, ვინც იგვიანებდა, რადინა პატარა ბავშვივით ტუქსავდა. ერთ უკრაინელ ჟურნალისტს სასტუმროს რესტორანში შეუვარდა და კარაქიანი პური ხელიდან გააგდებინა, შენს გამო გვაგვიანდებაო.
რადინა ერთადერთი იყო, რომელიც ორგანიზატორის შემოთავაზებაზე - "გინდათ კიდევ დამატებით ვინმეს შეხვდეთ, თუ გირჩევნიათ ვარშავაში გაისეირნოთ", - დამატებით შეხვედრებს ირჩევდა.
ყველა შეხვედრაზე პირველ კითხვას რადინა სვამდა. მეორე, მესამე და მეოთხე კითხვაც მისი იყო და ბოლო ორიც. ჩვენ - სხვა ჟურნალისტები, ამ შეხვედრებზე მისთვის არც ვარსებობდით. რადინას ნახევარსაათიანი კითხვები იწყებოდა ბელარუსის პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვით, ლუკაშენკოს მიწასთან გასწორებით, შემდეგ იგი ჰყვებოდა, რომ დამოუკიდებელი მედია-საშუალების, ვებ-გვერდ charter97.org -ის რედაქტორია, რომ მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომ მას მუდმივად ებრძვიან. ბოლოს რადინა ნელ-ნელა რესპოდენტს (ამ შეხვედრებზე ჩვენი რესპოდენტები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა პოლონელი ჩინოვნიკები და ევროპარლამენტარები იყვნენ. ისინი, ვინც აღმოსავლეთ პასტნიორობის პროგრამას ლობირებდა) ესხმოდა თავს და მონოლოგს ასე ამთავრებდა - "ლუკაშენკო ვინც არის, პრინციპში, თქვენ ჩემზე კარგად იცით, მაგრამ თქვენ ვინ ხართ, ევროპელები? რას აკეთებთ თქვენ ევროპა? რატომ ხუჭავთ თვალს ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და რატომ ვაჭრობთ ბელარუსის რეჟიმთან?"
ბოლოს როცა ვემშვიდობებოდი, ნატალიამ მითხრა: "ვიცი, რომ ძალიან უხეში ვარ ზოგჯერ, რომ არავის არაფერს ვაცლი და გამაღიზიანებელი ვარ, მაგრამ, დამიჯერე, ჩვენთან მართლა ცუდად არის საქმე. მე ვალდებული ვარ ყველაზე აქტიური ვიყო".
ამ პროგრამის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გდანსკში, ლეხ ვალენსასთან გვქონდა. "საიტი, რომლის რედაქტორიც ვარ, თავისუფალი რესურსია. მის წინააღმდეგ აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე. ჩემს ბინაში და ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მე მცემეს. არსებობს საშიშროება, რომ ციხეში ჩამსვამენ. და მე რომ მართლა ჩამსვან ციხეში, პან ვალენსა გამოვა ჩემს მხარდასაჭერად?" - ჰკითხა მან ვალენსას.
"მე რა თქმა უნდა, გამოვალ თქვენს მხარდასაჭერათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ფასი დემოკრატიისთვის ბრძოლის. სამწუხაროდ, არაფერი არ არის უფასო. მეც კრიმინალი ვარ," - უპასუხა "სოლიდარნოსტის" ყოფილმა ლიდერმა.
შემდეგ რადინა ჩვენ მოგვიბრუნდა და რატომღაც იქვე, ვალენსას თანდასწრებით გვკითხა - და თქვენ დამიჭერთ მხარს, ჩემი კოლეგები? ჩვენ ვუთხარით რომ მას ყველაფერი კარგად ექნებოდა, რომ არ დაიჭერდნენ, და მერე ხუმრობა დავიწყეთ, რომ "პერედაჩებს" გავუგზავნიდით.
ნატალია ამ დიალოგიდან შვიდი თვის თავზე დაიჭირეს. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მიტინგზე რადინა სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ის ძალიან ცუდად არის და მას რამდენიმე დღეა ყურიდან სისხლი მოსდის.
ნატალიასთვის "პერედაჩების" გადაცემას დღეს დედამისიც ვერ ახერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან შველას ითხოვს.
ნატალიასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ბელარუსი ჟურნალისტი - ირინა ხალიპი. ირინა "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტია" მინსკში და "ლიბერალის" ხშირი ავტორი.
ბოლოს ირინასთან მიმოწერა 19 დეკემბერს - არჩევნების დღეს მქონდა. ვთხოვე "ლიბერალისთვის" დაეწერა. ასეთი რამ მიპასუხა: "ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რას გავაკეთებ ხვალ. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა, რადგან ახლა სხვებთან ერთად მოედანზე უნდა ვიდგე ".
მოგვიანებით გავიგე, რომ ირინა, თურმე ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის - ანდრეი სანნიკოვის ცოლი ყოფილა და ქმართან ერთად დაუპატიმრებიათ. მათ სამი წლის ბიჭუნა ჰყავთ და ახლა ბელარუსის სასამართლომ მას მეურვე უნდა დაუნიშნოს.
ნატალიას და ირინას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობების ორგანიზება ედება ბრალად, რაც ბელარუსის კანონმდებლობლობით, 15 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ნატალიას კითხვა მახსენდება, ლეხ ვალენსას ოფისში დასმული. ამ ბლოგის გარდა არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო მისთვის. კიდევ მინდა, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, ბოდიში მოვუხადო მას იმის გამო, რომ ჩემმა ქვეყანამ ბელარუსის პრეზიდენტის სისხლიანი არჩევნები აღიარაhttp://liberali.ge/node/4515 This post has been edited by ჩოხა on 7 Jan 2011, 15:50
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა