მოხსენების თანახმად, რუსეთი მოკლული ჟურნალისტების მიხედვით მეხუთე (ფილიპინების, მექსიკის, სომალისა და კოლუმბიის შემდეგ), ხოლო ჟურნალისტთა მკველელობების საქმეების გაუხსნელობის მიხედვით მე-9 ქვეყანაა მსოფლიოში. ცოტა უფრო ადრე, 2000 წელს რუსეთში 19 ჟურნალისტი მოკლეს "პროფესიული საქმიანობისთვის და აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაისაჯა მკვლელი."
შემზარავია რუსული სტატისტიკა ბოლო 27 წლის განმავლობაში, ანუ, 1993 წლიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში რუსეთში 333 ჟურნალისტია მოკლული და ამ მკვლელობებიდან მხოლოდ 8 პროცენტია გახსნილი, ისიც, ოფიციალური მონაცემებით. რუსმა ჟურნალისტებმა მოკლული კოლეგების ხსოვნის აღსანიშნავად დღეც დააწესეს და მას 15 დეკემბერს აღნიშნავენ.
ვლადიმირ ლისტევი, ანა პოლიტკოვსკაია, სტანისლავ მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა, ნატალია ასტემიროვა... სამწუხაროდ, სია საკმაოდ ვრცელია.
"2009 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჟურნალისტთა მკვლელები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. თუმცა, არც მოსკოვის ქუჩებში და არც ჩეჩნეთისა თუ დაღესტნის რესპუბლიკებში სიტუაცია მცირედითაც კი არ გამოსწორებულა. 2009 წელს, სულ მცირე, სამი ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული საქმიანობის გამო," - ნათქვამია მოხსენებაში.
"ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ნების საკითხია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში ბოლო 15 წლის მანძილზე მოკლული ჟურნალისტების საქმეების 85 პროცენტზე მეტი გაუხსნელია და მკვლელები არ დასჯილან. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტების მკვლელებს ხელეწიფებათ შეირჩინონ დანაშაული. და ეს აქეზებს მათ, ვინც ისწრაფვის გააჩუმოს პრესა, მოსპოს კრიტიკა და ჟურნალისტებს არ მისცეს გამოძიებისა და მწვავე საკითხების გაშუქების საშუალება.“ – ამბობს ჯოელ საიმონი, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დირექტორი.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=2779