რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში
"რეზონანსი" ნათია ახალაია
ხვალ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეორე საერთო კრებაზე, ქარტიაზე ხელმომწერი 176 ჟურნალისტი გადაწყვეტს, უნდა განიხილოს თუ არა ეთიკის საბჭომ იმ ჟურნალისტების შესახებ საჩივარი, რომელთაც ქარტიაზე ხელი მოწერილი არ აქვთ; ასევე, უნდა განიხილოს თუ არა იმ ჟურნალისტების საქმეების განხილვა, რომელთა რედაქტორებიც ქარტიის ხელმომწერები არიან.
ქარტიის წესდებაში ხაზგასმით წერია, რომ ქარტიაზე ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი და ინდივიდუალური. მიმაჩნია, რომ წესდებაში აღნიშნული ცვლილების შეტანით ეთიკის ქარტიის საბჭო დაუფარავად ცდილობს, თავს მოახვიოს ჟურნალისტთა მთელ კორპუსს თავისი ამბიციები - გახდეს ერთგვარი სადამსჯელო ორგანო არა მხოლოდ მედიის გარკვეულ სექტორში, არამედ მთელ ამ სივრცეზე. იგი ცდილობს, ნებაყოფლობითი სავალდებულოდ აქციოს იმ საზოგადოებაში, სადაც თავად ეს ჟურნალისტები გამოდიან სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგით და სხვებს უკითხავენ მორალს. ძალიან სიმპტომატურია, როცა ლიბერალური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის ასეთ გზებს ირჩევს მედიის ის ნაწილი, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავისუფალი მედია ერქვას ავტორიტარულ სახელმწიფოში.
საყურადღებოა, რომ ქარტიის მიზანი, წესდების მიხედვით, არის: ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება; ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნა და დამკვიდრება; საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ. დეკლარირებული მიზნების გააზრების საფუძველზე, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება, შიდა მსჯელობის თემად აქციოს საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად სცდება ქარტიის უფლებამოსილების საზღვრებს და, სავარაუდოდ, სწორედ ეს "მსჯელობა" აქციოს თავისი "ძალაუფლების საზღვრების" გაზრდის წინაპირობად?!
საინტერესოა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ჩემი კოლეგა - ია ანთაძე, რომელიც ქარტიის სათავეებთან დგას. როგორ ჰქონდა მას წარმოდგენილი ქარტიის მომავალი მაშინ, როდესაც მისი იდეით ევროპელი დონორები ისე მოიხიბლნენ, რომ ფინანსური დახმარების გაწევისთვის აღმოჩნდნენ მზად? გახდა თუ არა ქარტია, მისი აზრით, წარმატებული პროექტი? და ბოლოს, რა იხარშება, მისი აზრით, დღეს ქარტიის ქვაბში?
როგორც ჩანს, ეთიკის საბჭოს ბოლოდროინდელი "აქტიურობა" ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებზე "ნადირობის", შურისძიების მცდელობით უნდა აიხსნას. საინტერესოა, კონკრეტულად, რომელმა მიუკერძოებელმა ჟურნალისტმა ჩათვალა ეთიკის საბჭოში, რომ ასეთი ხერხებით ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექამიზმი შეიქმნება და დამკვიდრდება კიდეც.
შეუძლებელია, არ იცოდნენ ქ-ნმა ია ანთაძემ და ეთიკის საბჭოს წევრებმა, რომ არსებობის ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებაში თავად საბჭოს მიმართ გაჩნდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ეს. მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ, ასე ვთქვათ, სტრუქტურა, რომელიც მორალური პროფესიისთვის მზრუნველის როლში გვევლინება, თავად არღვევს ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს და იმის ნაცვლად, რომ თავისი შიდა პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნოს, უფლებამოსილების საზღვრების გაფართოებას დაჟინებით ცდილობს.
ადამიანების ცხოვრება მათ მორალურ კოდექსს ეფუძნება. ჟურნალისტი კი, რომელსაც ამ კოდექსში პრობლემები აქვს, უბრალოდ, შეუძლებელია, ყველაზე მწყობრად ჩამოწერილმა პროფესიული ეთიკის კოდექსის პრინციპებმა "შეაშინოს". შესაძლებელია, ქარტიის ხელმომწერთათვის და, მით უფრო, საბჭოს წევრებისთვის ეს არგუმენტი სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ პირადად ჩემს მორალს უკვე დაწერილი კოდექსები ადგილიდანაც ვეღარ დაძრავს. დიახ, ვიღებ ქრთამს, საჩუქრებს პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; დიახ, რასაც ვწერ, პლაგიატია. მაგრამ ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, კოლეგებო ქარტიის საბჭოდან? ვინ მაქცევს მიუკერძოებელ ჟურნალისტად? აშკარაა, რომ თქვენი მცდელობა უდღეურ საბჭოთა ხერხებს ემსგავსება. ისედაც არ გვაკლია ამ ქვეყანაში სადამსჯელო რაზმები!

ია ანთაძე - -
ძვირფასო ნათია, ორი მოკლე რჩევა მაქვს თქვენთვის.
1. სტატიის დაწერამდე თუ არა, ახლა მაინც წაიკითხეთ ჩემი ბლოგი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე, რომელიც ზუსტად ქარტიის საბჭოს მანდატს ეხება.
http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.h...tml2. 899 562517 – ჩაინიშნეთ ჩემი ტელეფონი და სანამ საჯაროდ დასვამდეთ შეკითხვებს ჩემთან დაკავშირებით, დამირეკეთ და, მკითხაობის ნაცვლად, ჩემი პოზიცია გააცანით თქვენი გაზეთის მკითხველებს.
დიდი მადლობა წინასწარ.
ნათია ახალაია - ია,მე გამიჩნდა კითხვები და სწორედ ამიტომ დავსვი ისინი სტატიაში.ვფიქრობ,ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმური იყო.როგორც ჩანს,ბლოგის სისტემატური მკითხველი არ ვარ.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამას ჩემს დანაშაულად ნამდვილად არ მივიჩნევ.გმადლობთ ლინკისთვის.იმედი მაქვს, რადგან იგი მომაწოდეთ,მასში ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებთნ დაკავშირებით თქვენს პოზიციას გავიგებ.
ია ანთაძე - ნათია, დაწერთ ხვალ, რომ მე წინააღმდეგი ვარ ნებაყოფლობითობის პრინციპის დარღვევის? აბა, როგორ გაიგონ თქვენი გაზეთის მკითხველებმა ჩემი პოზიცია?
ნათია ახალაია  - ია,მე ხომ საავტორო სტატია დავწერე. დავსვი კითხვები და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ,რედაქტორს უნდა მიმართოთ. მე კი, ამაღამ თუ ვერა, ხვალ ბლოგზე თქვენს პუბლიკაციას გავეცნობი. მაინტერესებს.
ია ანთაძე  - ეს როგორ? შეგეძლოთ, ჩემთვის გეკითხათ, არ მკითხეთ, ეჭვი გააჩინეთ, აღმოჩნდა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა და ახლა მე უნდა მივმართო რედაქტორს? მე კი მივმართავ, მაგრამ სად არის თქვენი პროფესიული ეთიკა?
ნათია ახალაია  - ია, უკაცრავად, მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ.