„6-7 თვეში მოვახერხებთ ვერტმფრენების წესრიგში მოყვანას და ამის შემდეგ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ამ თემას. ახლა უნდა ვიწვალოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი ვერტმფრენს ვერ შოულობს, რათა პირიქითა ხევსურეთიდან ადამიანები გადმოიყვანოს.
„დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტს აქვს ფული, მაგრამ ვერ შოულობს ვერტმფრენს, რომ გადმოიყვანოს ის მოქალაქეები, ვინც ასას ხეობასა და შატილში დარჩნენ. სამწუხაროდ, კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფს ვერტმფრენით მომსახურებას და ჩვენ იძულებული ვართ, შეგაწუხოთ თქვენ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დაგვეხმაროთ“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შატილის და არხოტის მიმართულებით როცა ხდება მესაზღვრეების როტაცია, უწყება ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ეხმარება გადაყვანაში. „თუმცა ის თემა, რომელიც გვაქვს თუშეთში, სადაც საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემდეგ ვერტმფრენი ყოველკვირეულად დაფრინავს, შვეულმფრენების უკმარისობის გამო ამას სხვაგან ჯერ ვერ ვახერხებთ“, - აღნიშნა გახარიამ.
საქმე იმაშია, რომ შატილის სკოლის მასწავლებლები, რომლებიც პირიქითა ხევსურეთის ერთადერთ სკოლაში, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასწავლიან და სხვა რეგიონებიდან არიან ჩასულები, სახლში შესაძლოა საახალწლოდაც ვერ დაბრუნდნენ. ყოველწლიურად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე, 6 თვის განმავლობაში, როცა შატილის გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია, ადგილობრივი ხელისუფლება ქირაობდა ვერტმფრენს მასწავლებლებისა და შატილიონების თბილისში გადმოსაყვანად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ამბობს, რომ წელს ვერტმფრენის დაქირავებას ვერ ახერხებენ, არადა 2 ადამიანი არხოტის სოფლებიდანაც ბარშია გადმოსაყვანი. „გამგეობა ავიაკომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენს ქირაობდა ხოლმე, მაგრამ გვითხრეს, რომ ახლა მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ. ვერტმფრენი მწყობრიდან ყოფილა გამოსული“, - უთხრა „მთის ამბებს“ ზურაბ სეხნიაშვილმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხევსურეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზურა არაბულის ინფორმაციით, შატილიდან მასწავლებლების ჩათვლით დაახლოებით 12-15 ადამიანია გადმოსაყვანი და იანვარში, საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, ისევ შატილში იქნებიან დასაბრუნებლები. მისივე თქმით, რაც შეეხება არხოტის სოფლებს, ახიელიდან ერთი ქალია გადმოსაყვანი, ამღადან კი მამაკაცი. ორივე მათგანს ტვირთი აქვს, ძირითადად ყველი, რომელიც შემოდგომაზე დაამზადეს.
არხოტის სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა წელს პირველად გახდა შესაძლებელი, თუმცა არხოტის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, ზამთარში ეს გზაც 6 თვით იკეტება და არხოტი გარესამყაროს წყდება. არხოტის ხეობაში არც სატელეფონო კავშირია, შუქი კი მხოლოდ ახიელს აქვს. ჭიმღაში, ამღასა და ახიელში თითო-თითო ადამიანი რჩება.
http://mtisambebi.ge/news/people/item/680-...ver-gadmobybavtაი, კიდევ ერთი მოსაგვარებელი პრობლემა... მაგრამ კარგია რომ მთავრობა ამაზე ალაპარაკდა... მიხედავენ, იმედია...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)