http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=23233&ct=2რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის არეულობები ქართულ ბაზარზე?
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
ახლო აღმოსავლეთში არეულობების ფონზე ნავთობის ფასი ახალ რეკორდებს ამყარებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელი ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. ზრდა დაფიქსირდა ნიუ-იორკის ბირჟაზეც, სადაც ბარელი ნავთობი 92,83 დოლარამდე გაძვირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირში უკვე აცხადებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის მზარდი ფასის შენარჩუნება ქართულ ბაზარზე აუცილებლად აისახება. კავშირის თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთის არეულობები ირანამდეც მოვიდა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ვანო მთვრალაშვილს უჭირს დაკონკრეტება რა პერიოდში ან რამდენით აისახება საერთაშორისო ბაზრების მდგომარეობა საქართველოზე, თუმცა დასძენს, რომ გაძვირება, როგორც წესი 5 თეთრით ხდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ნავთობის ფასის რეკორდულ ნიშნულზე დაფიქსირებამ საქართველოსთვის საწვავის ფასი შესაძლოა საშუალოდ 10 თეთრამდე გააძვიროს. “რომპეტროლის” გაყიდვების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საწვავის ფასები ქართულ ბაზარზე დღესაც არაადეკვატურია, თუმცა კომპანიები საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ფასები არ მოამატონ, თენგიზ ჭიჭინაძის ინფორმაციით, შემცირებულია საწვავის მოხმარებაც, ამასთან, მისივე გათვლით, ახალი ფასით ანუ 40-დოლარიანი გაძვირებით საწვავის შეძენა საშუალოდ 10 თეთრამდე მატებას გამოიწვევს. „რომპეტროლი“ საწვავის შეძენას ყოველ 10 დღეში ერთხელ ახდენს.
გაძვირებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ “ლუკოილში”, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ფასები მზარდია და ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა მისული. გაძვირება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასი იქნება იმ მომენტში, როდესაც კონკრეტული კომპანია საწვავის შეძენას მოახდენს