კონფლიქტი პანკისის ხეობაში და ანგარიშსწორება ეთნიკურ ნიადაგზე
კვირა, 18 აგვისტო 2013 19:02
კონფლიქტი პანკისის ხეობაში და ანგარიშსწორება ეთნიკურ ნიადაგზეპანკისის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სოფელ მატანში ადგილობრივი მაცხოვრებლები პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე მოძრავ მანქანებს, მათ შორის მიკროავტობუსებს აჩერებენ და თუ მანქანაში ეთნიკურად ქისტი მამაკაცები აღმოჩნდნენ, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ქისტების კუთვნილი რამდენიმე მანქანა დააზიანეს კიდეც.
პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვა გუშინ, საღამოს მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.
თვითმხილველების თქმით, 17 აგვისტოს, საღამოს, ტბათანადან მომავალმა ქართველმა ახალგაზრდებმა სოფელ დუისში, საავტომობილო გზაზე, გადაჭარბებული სიჩქარით გაიარეს და სოფლის ცენტრში შეკრებილი ქისტი ახალგაზრდების მისამართით უცენზურო სიტყვებით შეიგინეს. ამასთან, ტბათანადან მომავალი მანქანა ცდილობდა გზაზე ფეხით მოსიარულეები დაეშინებინა და ამ მიზნით მძღოლი არასწორ მანევრებს აკეთებდა. ქისტი ახალგაზრდები მანქანით ქართველებს დაედევნენ და სოფელ კუწახტასთან გააჩერეს. ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მატნიდან კუწახტაში მისულმა ახალგაზრდებმა ქისტები შეაგინეს.
„ჯერ ქვებს გვესროდნენ, შემდეგ მანქანიდან ნაჯახი ამოიღეს და ის დამარტყეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ დუისში მცხოვრებმა 19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა. ინციდენტის შედეგად მან სხეულის დაზინებები მიიღო. თვალის არეში დაჟეჟილობები აქვს და თავზე ჭრილობა.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად კიდევ 2 ქისტი ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან მატნელების მხარეზეც, თუმცა მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იმ დროისთვის ინციდენტი პოლიციელებმა განმუხტეს, თუმცა გვიან საღამოს, მატანის მაცხოვრებლებმა პანკისის ხეობისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„მოტოციკლეტით მოვდიოდი პანკისის ხეობაში. არაფერი ვიცოდი მომხდარის შესახებ. მატანში გამაჩერეს. წვერი გაქვს, უეჭველი ქისტი იქნებიო და რამდენჯერმე დამარტყეს. პოლიციელები რომ არა, არ ვიცი თავს როგორ დავაღწევდი. 200–300 ადამიანი მაინც იყო, ძირითადად კაცები“, – აღნიშნა სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქისტმა მამაკაცმა.
რადგან მატნელებს სოფლის ცენტრში გზა ჰქონდათ გადაკეტილი და ქისტებს პრობლემებს უქმნიდნენ, სოფელ ომალოს რწმუნებულმა, რომელიც ახმეტიდან პანკისის ხეობაში ბრუნდებოდა, დახმარება ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმას სთხოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, დეპუტატის ძმა თავისი ნაცნობის გასაცილებლად მატანში მივიდა, აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ ზურაბ ზვიადაურის ძმა იყო და მეგობარს აცილებდა პანკისის ხეობაში. მატნელებმა მისი თხოვნა გაითვალისწინეს და ომალოს რწმუნებული გაატარეს. თვითმხილველების თქმით, ზვიადაურის ძმასა და ქისტებს შორის კონფლიქტი რამდენიმე წუთში მოხდა. დეპუტატის ძმამ ქისტები აუგად მოიხსენია.
სხვაგვარად აღწერენ ხეობაში მომხდარ ინციდენტს მატანის მაცხოვრებლები.
„მატნელებმა ჩამოიარეს სოფელ დუისში. რაღაც მიზეზით გააჩერეს, მუსიკები ხმამაღლა რატომ გაქვთ ჩართულიო და ბიჭებს ცემეს. ეს ყველაფერი ამას მოჰყვა“, – ამბობს უჩა ქიტესაშვილი.
„მატნელებს ცემდნენ და ბავშვებმა რომ გაიგეს, მატნელებს ჩაგრავენო, გაიქცნენ და რომ მივიდნენ, სანამ მანქანიდან ჩამოვედით, დაგვცხეს და დაგვაყარესო. ბევრნი იყვნენო, 300–400 კაცი მაინც იქნებოდაო. მთელი გზა სავსე იყო ჯოხებით, კეტებით“, – აღნიშნავს მატანის მკვიდრი თამაზ შათირიშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბექა ბაიდაურის განცხადებით, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც დაპირისპირებულ მხარეებს ზურაბ ზვიადაური შეხვდა.
„მატნელები იყვნენ ასულები, ქისტებიდან მოდიოდნენ და დაბრუნების დროს უცემიათ. ამის შემდეგ სოფელმა გზა გადაკეტა და ქისტებს ქვევით არ უშვებდნენ. ამის შემდეგ მოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი და სიტუაციის განმუხტვა მოხდა. დაიშალა ეს ხალხი“, – განაცხადა ბაიდაურმა.
ზურაბ ზვიადაური პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტში მისი ძმის მონაწილეობას უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით და გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
დღეს, დილით, მატანში გზა ისევ გადაკეტეს. აი, რა უთხრეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქისტებმა.
„დილას პანკისიდან ახმეტაში მივდიოდით მანქანით. როცა მატანში მივედით, სადაც სკოლაა, იქ აღარ გაგვიშვეს. მანქანას ურტყამდნენ, დაზიანებულია და ჩანს კიდეც. მანქანის სახურავზე ავიდნენ და იქაც ურტყამდნენ. მე და ჩემი მეგობარი მანქანიდან გადმოვედით. ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვიშვეს“, – ამბობს ალიკა ხანგოშვილი.
„მიკროავტობუსის მძღოლი ვარ. დილით პანკისიდან თელავში მივდივარ და შემდეგ ისევ პანკისის ხეობაში გადმომყავს მგზავრები. გამაჩერეს მატანში. მე ვუთხარი, მძღოლი ვარ, მგზავრები გადამყავს მეთქი. ამოვიდნენ მარშუტკაში, მამაკაცებს ეძებდნენ და როცა ნახეს, რომ მხოლოდ ქალები იყვნენ, მანქანას დააყარეს წიხლები და გამოგვიშვეს“, – აღნიშნავს რამაზან ქავთარაშვილი.
პანკისის ხეობაში ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ხეობის შესასვლელში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებიც არიან.
ჯამაათის, უხუცესთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირისპირებული მხარეების შერიგებას და კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა ქისტები ამბობენ, რომ ეს მატნელების მხრიდან შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. ქისტები ბოლო პერიოდში, საქართველოში, მათ შორის პანკისის ხეობაში მუსლიმების შევიწროვების ფაქტებზეც საუბრობენ.
აიუფ ბორჩაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თანამოაზრეებთან ერთად პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაინახები ადამიანის უფლებებისათვის“ ჩამოაყალიბა, ამბობს, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებით უნდა გადაიჭრას. „პანკისის ხეობაში სტუაციის დაძაბვა ყველაზე მეტად ჩვენ არ გვაწყობს. ისედაც აღშფოთებულია ხალხი, გასულ წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციით, როცა ჩვენი ბიჭები ჩახოცეს, ბოლო პერიოდში მუსლიმების შევისწროვების ფაქტებით, გაღიზიანება არ გვინდა. მერე რა რომ ჩვენ ქისტები ვართ და ისინი ქართველები, ჩვენ მეზობლები ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მშვიდად უნდა ვიცხოვროთ“, – აღნიშნავს აიუფ ბორჩაშვილი.
http://ick.ge/articles/15454-i.htmlეს ამბავი კაი ხანია ხდება, რა ხდება, რიტ ვერ წყნარდებიან, ვინმემ ტუ იციტ რა ხდება სინამდვილეში, ქარტველები როდის იყვნენ მაჩხუბრები, მიტ უმეტეს ქისტებს რატომ ეჩხუბებიან?ყველას ტავზე ვისვავტ და რარა ამატ უხირდებიან, იციტ ვინმემ რა ხდება, რა უნდატ?
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა