22 იანვარს, 20 საათზე, თბილისის სპორტის სასახლე წესების გარეშე ბრძოლებს უმასპინძლებს. საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის 5-კაციანი გუნდები, ცნობილი ორგანიზაცია PROFC-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო მეგობრობის თასის მე-12 ეტაპის თბილისში ჩატარება რამდენიმე კვირის წინ გადაწყდა, მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს ნაკრებიც გაწევრიანდა.
დებულების თანახმად, ტურნირი გუნდური პრინციპით ტარდება. წმინდა საბრძოლო ტერმინით რომ ვთქვათ, “კედელი-კედელზე” დაპირისპირების შემდეგ, შემდგომ ეტაპზე 5 ბრძოლის შედეგთა დაჯამებით გამარჯვებული გუნდი გადის. სპორტის სასახლეში, შეხვედრები პირდაპირ ნახევარფინალებით დაიწყება.
ქართული გუნდის “ჯეო ფაიტის” ხუთეულს, საკმაოდ მძიმე დებიუტი ელის - კენჭისყრამ ძალიან გამოცდილ რუსულ გუნდს, ნალჩიკის “ელბრუსს” შეახვედრა. “ჯეო ფაიტის” თითოეული წევრი დარწმუნებულია, რომ ამ დაპირისპირებაშიც იმარჯვებენ და მოგვიანებით, ჩემპიონებიც გახდებიან. ფინალის მეორე საგზურისთვის აზერბაიჯანული “ნეფჩი” და პოლონური Team MMa Rocks იბრძოლებენ.
დღეს, სასტუმრო “კოპალაში” წინასაშეჯიბრო პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, მონაწილეები სასწორზე შედგნენ.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით, რინგზე 37 წლის დიმიტრი რობაქიძე ავა, 76 კილოგრამში – 19 წლის გოჩა სმოიანი, 84-ში – 32 წლის ლუხუმ ხულელიძე, 93-ში – 22 წლის დიმიტრი ჭუმბურიძე, ხოლო +93-ში – 23 წლის ლადო ჩოჩიშვილი.
რობაქიძის მეტოქე, ოლეგ ბოგოვი იქნება, რომელიც ხელჩართულ ბრძოლასა და საბრძოლო სამბოში რუსეთის ჩემპიონია. ხელჩართულ ბრძოლაში, თავისი ქვეყნის ჩემპიონები, ალბერტ ტუმენოვი (76 კგ) და რატმირ კარაცუკოვი (84 კგ) არიან. აზრეტ შუგუშევი (93 კგ) – ბრინჯაოს პრიზიორია, იბრაგიმ იბრაგიმოვს (+93 კგ) კი, მხოლოდ საბრძოლო სამბოში აქვს რუსეთის პირველობა მოგებული.
თბილისური ბრძოლების პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტელეკომპანია “იმედი” და რუსული ტელეარხი “ბოეცი” გადასცემენ. რუსულ “როსია 2”-ზე კი, 23 იანვარს, ჩანაწერის ჩვენება იგეგმება.
მიმაგრებული სურათი
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.