#23699795 · 28 Jan 2011, 15:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2015 წლიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელი, გერმანელი თუ შვედი მაყურებლების მსგავსად, 2015 წლიდან ქართველებსაც შეეძლებათ ტელევიზორის ცქერისას კადრის შეჩერება, დროის უკან გადაწევა და ეთერში გასული მასალის სასურველ დროს ყურება.
თუმცა ამ ციფრული სიკეთეებით სარგებლობა შეუძლებელი იქნება თუნდაც იმ სუპერთანამედროვე ტელევიზორებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში იყიდება. 2015 წლიდან ვერც ერთი ტელევიზორი, ფასის, მწარმოებლის და დიაგონალის მიუხედავად, ციფრულ სიგნალს ვერ მიიღებს. შესაბამისად, თუ სახლში ციფრული ტელევიზორი ან სპეციალური დეკოდერი არ გაქვთ, რომელიც ციფრულ სიგნალს თქვენი ტელევიზორისთვის გარდაქმნის, 2015 წლის პირველ იანვარს ჩაბნელებული ეკრანის ამარა დარჩებით.
ის, რომ ქართველი მაყურებლის უმრავლესობას არაფერი სმენია ამ გრანდიოზული სიახლის შესახებ, რომელიც თითოეულ მათგანს ეხება, სახელმწიფო უწყებების პასიურობის ბრალია: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პირობა საქართველომ 2006 წელს დადო, მაგრამ წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. შესაბამისად, ინფორმაციის გარეშე რჩებიან როგორც მაუწყებლები, ასევე - მაყურებლები.
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნების სამი ზონა და გრაფიკი რამდენიმე წლის წინ შექმნა. საქართველო პირველ ზონაში მოხვდა, მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. გეგმის მიხედვით, ამ ზონის ქვეყნების ყველა ტელევიზია 2015 წლის პირველ იანვრამდე ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს.
პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნისთვის მაუწყებლობისთვის გამოყოფილი სიხშირეები დაუცველი აღმოჩნდება - ძველი სიხშირეები მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალით გადაიფარება და ქვეყანა მაუწყებლობის გარეშე დარჩება.
ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს დეტალურად გაწერილი გეგმა, თუ როდის რის გაკეთებას აპირებს და უნდა მიმდინარეობდეს საინფორმაციო კამპანიაც, რათა მოსახლეობამ გაიგოს, თუ რა არის ციფრული მაუწყებლობა.
|