#23786149 · 2 Feb 2011, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) სემინარები აბიტურიენტთათვის
ვეპატიჟებით ყველა აბიტურიენტს, ვისაც აინტერესებს სახელმწიფოს მართვის, საზოგადოების განვითარების მიდგომები, ქვეყნებს შორის ურთიერთობა და დიპლომატიის როლი თანამედროვე მსოფლიოში, საქართველოს ადგილი და როლი მსოფლიოს ხალხთა თანამეგრობაში დაესწროს აბიტურიენტთათვის განკუთვნილ უფასო სემინარებს. სემინარები ჩატარდება შაბათ-კვირას, 19-20 და 26-27 თებერვალს, 2-დან 4 საათამდე კავკასიის უნივერსიტეტის შენობაში (კოსტავას ქ. 77, აუდიტორია C44).
სემინარების თემატიკა
19 თებერვალი, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. მიმოვიხილავთ როგორ ყალიბდებოდა სახელმწიფოებრივი ცნობიერება ჩვენს ქვეყანაში, რას გვასწავლის საქართველოს ისტორია ამ კუთხით და რა ფაქტორებმა განაპირობა, ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და დღემდე მოტანა. 20 თებერვალი, თანამედროვე წარმოდგენები სახელმწიფო მართვაზე. ვისაუბრებთ, როგორია სახელმწიფო მოწყობის თანამედროვე სისტემები და რა როლს ასრულებს სახელმწიფო 21-ე საუკუნეში. განვიხილავთ რითი განსხვავდება სახელმწიფო მართვა ბიზნესის მართვისაგან, რატომ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო მართვა და სად შეიძლება გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.
26 თებერვალი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის როლი სახელმწიფოს მართვაში. მოცემული სემინარი პრაქტიკული ხასიათისაა და ძირითადად შემოიფარგლება სიმულაციური თამაშით, რომლის მიზანია ახალგაზრდებს გააცნოს ნატოს გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანოს – ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუშაობის წესი. სიმულაციური თამაშის დროს თითოეული მონაწილე წარმოადგენს ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას. განიხილება გარკვეული ქვეყნის ალიანსში მიღების საკითხი. თამაშის მონაწილეთა ამოცანაა ერთობლივად კონსენსუსის პრინციპის საფუძველზე გადაწყვიტონ რამდენად მიზანშეწონილია ნატოს გაფართოების პროცესის გაგრძელება.
27 თებერვალი, საუბარი კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაზე. აბიტურიენტები შეხვდებიან სკოლის დეკანს, რომელიც მიმოიხილავს კავკასიის უნივერსიტეტისა და სახელმწიფო მართვის სკოლის შედეგებს, სკოლის სასწავლო პროგრამას, ლექტორებსა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში. სტუდენტები ისაუბრებენ სტუდენტურ ცხოვრებაზე და გასცემენ პასუხს აბიტურიენტთა კითხვებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 37 77 77 (შიდა 189 ან 190); www.cu.edu.ge
|