"დექსუსის" ნიღაბს ამოფარებული "ცენტრ-პოინტი" და მისი დამფუძნებლები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ატყუებენ?!
მოქანდაკე ვალერიან ჭილაშვილს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლები - ვახტანგ რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი არხეინად ცხოვრობენ.
კომპანია "ცენტრ-პოინტის" საქმიანობის შედეგად დღეს დაზარალებულად საქართველოს ათასობით მოქალაქე მიიჩნევს. ამ ადამიანებმა თავის დროზე უარი თქვეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეზე და დანაზოგით ბინის შეძენა სწორედ ამ კომპანიისგან გადაწყვიტეს. თუმცა, მათი უდიდესი უმრავლესობა დღეს საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.
ბუნებრივია, კრიზისი დეველოპერულ ბაზარზე დიდწილად გარეგანმა ფაქტორებმა განაპირობა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დეველოპერულ კომპანიებს ფინანსური რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა გაურთულა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" მიერ საკუთარი კლიენტებისადმი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ძირითადად, კომპანიის მმართველების არასწორმა საქმიანობამ განაპირობა და არა გარეგანმა ფაქტორებმა.
"ცენტრ-პოინტთან" დაკავშირებული ამხანაგობებისა და შპს-ების მიერ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მესვეურებმა თავიდანვე გაითვალისწინეს, რომ თუ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, პასუხისმგებლობა მათზე არ გადასულიყო. ძირითადად, ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდებოდა არა კომპანია "ცენტრ-პოინტთან", არამედ იმ შპს-სთან ან ამხანაგობასთან, რომელიც უშუალოდ კონკრეტული პროექტის შემსრულებელი იყო. შესაბამისად, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კომპანია "ცენტრ-პოინტს" არ ეკისრებოდა. აღნიშნულმა, გარემოებამ "ცენტრ-პოინტს" "ჰაერების გაყიდვის" კარგი საშუალება მისცა. კომპანიის საქმიანობის სქემა, მარტივად რომ ვთქვათ, ერთგვარი ფინანსური პირამიდა იყო, რომელიც ლოგიკურად მივიდა ჩამოშლამდე.
კომპანია აკეთებდა პროექტს, რომელსაც აქტიურად უკეთებდა რეკლამას. ბინის შეძენის მსურველი, მიდიოდა იმ შპს-სთან ან ამხანაგობასთან, რომელიც ამ პროექტის შემსრულებლად ითვლებოდა, უხდიდა ფართის საფასურს და მშვიდად ელოდა მშენებლობის დასრულებას. თანხის მიმღებს უფლება ჰქონდა, სურვილისამებრ განეკარგა კლიენტების მიერ გადახდილი ფული. ხშირ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური რესურსები პროექტის განხორციელებას მოხმარებოდა, კომპანია ამ ფულს ახალი პროექტების შედგენასა და მის გაპიარებას ახმარდა. შესაბამისად, ხდებოდა ახალი კლიენტების მოზიდვა და ახალი ფინანსური რესურსების მიღება, შემდეგ ისევ ახალი პროექტები და მხოლოდ რეკლამები. ასე იბერებოდა ფინანსური პირამიდა, მანამ, სანამ არსებული ვალდებულებების შესრულების პერიოდი დადგებოდა.
ერთი სიტყვით, ამ სქემამ კომპანიების მფლობელებს დიდი მოგება მოუტანა, ხოლო კლიენტებს ხელში არაფრისმქონე შპს-ებთან და ამხანაგობებთან გაფორმებული ხელშეკრულება.
შექმნილი სიტუაცია ხან ფინანსურ კრიზისს დაბრალდა, ხანაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. მაგრამ რა შუაშია ომი ან კრიზისი, თუ კომპანიას ამის ელემენტარული სურვილი და უნარი ექნებოდა, პროექტის მშენებლობის დასასრულებელი ფული, მას ნამდვილად ჰქონდა, კლიენტებიდან ამოღებული ფული. სავარაუდოა, რომ `ცენტრ-პოინტის~ მესვეურებს სამშენებლო ბუმის ფონზე გაზრდილი ფასების იმედი ჰქონდათ. ამ პერიოდში ფასები უძრავ ქონებაზე პრაქტიკულად 100-150%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილი ფასები მას საშუალებას მისცემდა, მშენებლობა იმ ფულით დაესრულებინა, რომელსაც შემდგომში მოიზიდავდა. ეს ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა, შესაბამისად, შეწყდა ფულის მოძრაობა და მშენებლობები გაჩერდა.
ადამიანს, რომელმაც თავისი ვალდებულება შეასრულა და ფული გადაიხადა, აღარ აინტერესებს, რა ვერ გათვალა სწორად ვახტანგ რჩეულიშვილმა, რატომ ჩამოიქცა პირამიდა, მას უბრალოდ უნდა ფართი, რომელშიც ფული გადაიხადა.
2010 წლის 10 სექტემბერი მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში შევა, როგორც თავხედობის ყველაზე დიდი მაგალითი. სწორედ თავხედობაა და მეტი არაფერი, ის რომ "ცენტრ-პოინტი' თამაშიდან გავიდა. უფრო სწორად, "ცენტრ-პოინტის" ვალდებულებები `დექსუსმა~ გადაიბარა. უფრო მართლები რომ ვიყოთ, `ცენტრ-პოინტის~ ორგანიზაციულ სტრუქტურას სახელი შეეცვალა და დირექტორის პოსტი გიორგი ქანანაშვილმა გადაიბარა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ `ცენტრ-პოინტის~ ინიციატივით სახელდახელოდ შეიქმნა კომპანია "დექსუსი", რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება `ცენტრ-პოინტისგან~, რომ უფრო ხისტად თავხედია. `დექსუსის~ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსიც კი "ცენტრ-პოინტის" კადრია.
თავდაპირველად, "დექსუსი" მომხმარებელს შეჰპირდა, რომ ფინანსურ რესურსებს მოიზიდავდა და მშენებლობებს დაასრულებდა. მალევე ნათელი გახდა, როგორ აპირებდა "დექსუსი" ფინანსური რესურსების მოზიდვას. `დექსუსმა~ `ცენტრ-პოინტის~ მიერ მოტყუებულ ადამიანებს, პრაქტიკულად, ფართის საფასურის თავიდან გადახდა მოსთხოვა. ეს იმით აიხსნა, რომ თურმე თავის დროზე `ცენტრ-პოინტს~ დავიწყებია ფართების ფასში დღგ-ს გათვალისწინება, `დექსუსმა~ კი ფასის ამ ნაწილის გადახდა მოითხოვა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელემენტარულად თავხედობა, რომლის გაფიქრებაც კი უნდა ისჯებოდეს. თუ ხელშეკრულება გაფორმებულია და ფასიც გათვალისწინებულია, დღგ ამ ფასიდან კომპანიას უნდა გადაეხადა და არა მომხმარებელს დამატებით. არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, დამატებით გადაიხადოს დღგ.
ამას დიდი მტკიცება არც სჭირდება. `დექსუსის~ წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ დღგ არაფერ შუაშია, მათ უბრალოდ სურთ ახალი თანხების მოზიდვა. ისინი პირდაპირ ეუბნებიან დაზარალებულ ადამიანებს, - თუ გინდათ, ყველაფერი არ დაკარგოთ, კიდევ უნდა გადაიხადოთო. კარგი, `დექსუსი~ ისე იქცევა, როგორც იქცევა, მაგრამ რას აკეთებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო, არც არაფერს, . . დღისით, მზისით საქართველოს მოქალაქეებს ძარცვავენ და ვითომ არაფერი ხდება.
`ბანკები და ფინანსებისთვის~ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. სანზონაში მშენებარე კომპლექსი `ღრმაღელე~ 2010 წელს უნდა დასრულებულიყო. დღეისათვის მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი და ორი სართულია ამოყვანილი. პროექტის თანახმად ასაშენებელი ფართების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადეს, ამაოდ უიმედოდ ელიან დასრულებულ ფართებს. კომპანია `დექსუსმა~ ამ ადამიანებს მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.
`მხარეები ცნობად იღებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქალაქ თბილისში, გურამიშვილის 64-ში (შემდგომ `ობიექტი~) განახლდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება არსებულ მყიდველთან ნასყიდობის ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვით მყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს დამატებითი თანხა 1კვმ-ზე 200 აშშ ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით~, - ეს `დექსუსის~ მიერ ინიცირებული მემორანდუმის პირველი პუნქტია, სადაც კომპანია დღგ-ს კი არა, უბრალოდ დამატებით თანხის გადახდას ითხოვს ადამიანებისგან. გავიხსენოთ, რომ ამ კომპლექსში 1 კვადრატული მეტრი ფართის ფასი დაახლოებით 480 აშშ დოლარი იყო. ამ თანხაზე დღგ შეიძლება იყოს 86 აშშ დოლარი, აქედან გამომდინარე, რა ლოგიკით ითხოვს `დექსუსი~ 200 აშშ დოლარს ყოველ კვადრატულ მეტრზე, გაუგებარია.
`ბანკები და ფინანსებისთვის~ კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი. 2011 წლის 5 თებერვალს ტელეკომპანია `მაესტროს~ ეთერში გავიდა აღნიშნული თემის შესახებ საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი. იქ `ცენტრ-პოინტის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი აცხადებს, რომ კლიენტების წინაშე არსებული ვალდებულებების დასაფარად `ცენტრ-პოინტის~ დამფუძნებლებმა მთელი თავისი ქონება გადასცეს `დექსუსს~. კერძოდ, ქალბატონი რუსუდანი გარკვევით აცხადებდა, რომ მან თავისი კუთვნილი 1 100 000 აშშ დოლარი გადასცა კომპანია `დექსუსს~. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონმა რუსუდანმა იცრუა. 2010 წლის 7 სექტემბერს გაფორმებულ მინდობილობაში, რომელიც "ცენტრ-პოინტსა" და `დექსუსს~ შორის შედგა, `ცენტრ-პოინტის~ მიერ `დექსუსისთვის~ გადაცემული ქონების ჩამონათვალში, ხსენებული 1 100 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული არსად არის ნახსენები.
იქმნება საკმაოდ საინტერესო სურათი, "ცენტრ-პოინტმა" მოირგო ახალი სახე `დექსუსის~ სახით. ფაქტია, მას იმდენად გაუფუჭდა სახელი, რომ აღარავინ ენდობოდა. გაურკვევლობაში ჩავარდნილი კლიენტების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად, ამჯერად `დექსუსის~ და გიორგი ქანანაშვილის პირით საუბრობენ. ამ შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელმაც ფული გადაიხადა და ფართს არ აძლევენ. ვერაფერს ვერ გააკეთებს, გამოსავალი არ აქვს. რა გარანტია არსებობს, რომ "დექსუსის" ახალი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ფართებს მისცემენ. იქნებ "დექსუსმა" შპს "ვახო 54"-ს გადაუფორმოს მომავალში ვალდებულებები და შპს "ვახო54"-მა კიდევ ერთხელ მოითხოვოს დღგ-ს გადახდა?! როდესაც განმკითხავი არავინაა, ესეც შესაძლებელია.
P.S. ეს ყველაფერი საქართველოში ხდება, ქვეყანაში რომლის ბიზნესგარემოც მსოფლიოში მოწინავეა, სადაც 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ადამიანს იჭერენ, ხოლო ფინანსური პირამიდის შემქმნელს და საქართველოს ათასობით მოქალაქის უსახლკაროდ დამტოვებელს, კიდევ ერთხელ აძლევენ კლიენტების მოტყუების საშუალებას. უბრალოდ, ერთი კითხვა მებადება - ბნელა?! კი ბატონო, ბნელა!
http://banksandfinance.ge/estate/2116-centr-pointi.htmlბნელა?! This post has been edited by Beka_ke on 10 Feb 2011, 20:22