რამდენიმე კვირის წინ, როცა დედაჩემმა საქართველოში მოგზაურობა დაასრულა და ევროპაში ბრუნდებოდა, ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. გამომშვიდობების ცერემონიალში, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემმა ცოლმა და მე, არამედ სიდედრ-სიმამრმაც მიიღეს მონაწილეობა და დედაჩემი ყველამ ერთად მივაცილეთ აეროპორტში. თვითმფრინავში ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე, კაფეში დავსხედით და ცოტა წავიჭორავეთ. თუმცა, მალე თავს დაგვადგა აეროპორტის დაცვა და წასვლა გვთხოვა. რამდენიმე წუთში, კაფეც დაიხურა და ნახევარი აეროპორტი პოლიციელებითა და დაცვით გაივსო ისე, რომ იქ შეღწევა არავის შეეძლო. საბოლოოდ გაირკვა, რომ რომელიღაცა პოლიტიკოსმაც ამ რეისით მგზავრობა ისურვა.
რახან ჩემი სიმამრი კარგად ვერ დადის, გადავწყვიტე მანქანა ტერმინალის წინ, გაჩერებასთან დამეყენებინა. მაგრამ, როგორც კი გამოვედი აეროპორტის გაჩერებიდან, შევნიშნე, რომ იმ ტერმინალის წინ მდებარე გაჩერებაც სავსე იყო და ვერც ტაქსები და ვერც ავტობუსები შედიოდნენ შიგნით. პოლიციამ ისევ იმ გაჩერებასთან შესვლა მირჩია, საიდანაც ის-ის იყო გამოვედი; რის გამოც დამატებით ორი ლარის გადახდა მომიწია იმ სერსვისისთვის, რისთვისაც ცოტა ხნის წინ ერთხელ ფული უკვე გადახდილი მქონდა.
მხოლოდ დამატებითი გადასახადის გამო კი არ აღვშფოთდი,არამედ იმ ფაქტის გამოც, რომ ერთი „მნიშვნელოვანი ადამიანის" გამო აეროპორტი დახურეს, მრავალ ათას მოგზაურს, სტუმარს თუ ფეხით მოსარულეებს კი დისკომფორტი შეექმნა; სწორედ ამან გამაგიჟა.
წარმოშობით ავსტრიიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც პოლიტიკოსები უპრობლემოდ ჩნდებიან საზოგადოებაში, თავისუფლად, დაცვის გარეშე, მათ არავინ აწუხებს გარდა ერთი-ორი ადამიანისა, რომლებიც მათ ხელს ართმევს ან მათთან ფოტოს გადაღება სურს. ზოგჯერ პრეზიდენტიც კი მიდის ფეხით სახლიდან სამსახურამდე. ევროპელი პოლიტიკოსები სულაც არ იღწვიან იმის დასამტკიცებლად, რომ „უკეთესები" ან „უფრო მნიშვნელოვანნი" არიან, ვიდრე „ჩვეულებრივი ხალხი"; სულ იმეორებენ, რომ ხალხს ემსახურებიან, და არა პირიქით - ნუ, ზოგჯერ მათი ქმედება საწინააღმდეგოს კი ამტკიცეს, მაგრამ მაინც.
მაღაზია იმიტომ დაიკეტოს, რომ პრეზიდენტის ცოლია შესული საყიდლებზე ან მთელი რესტორანი იმის გამო დაიხუროს, რომ პოლიტიკოსების ჯგუფმა ერთად ვახშმობა გადაწყვიტა, ცოტა არანორმალურად მეჩვენება.
შეიძლება, საქართველოში პოლიტიკოსი უფრო ფრთხილად უნდა იყოს, ვიდრე ევროპაში, კი ბატონო. ეს გასაგებიცაა, რადგან პოლიტიკურ ინიციატივებს საქართველოში უფრო ერთი ადამიანი ახორცილებს, ევროპაში კი ადამიანთა ჯგუფი - ორგანიზაციები და პარტიები, ცალკეული ინდივიდი კი უფრო მიჩქმალულია. და უკვე ათეულობით წლებია, რაც პოლიტიკოსები, მცირე გამონაკლისების გარდა, ევროპაში უფრო იღებენ ერთიან აზრს და არა იდეის გახლეჩას, პოლარიზებას.
მაგრამ ეჭვი მაქვს, სტატუსი საშიში სიმბოლურია პოლიტიკოსებისთვის. თუ ვინმეს სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას, ის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა. მაშინაც კი, როცა საფრთხე რეალური არაა, ზოგი საფრთხის ილუზიას ქმნის: მეტ დაცვას ქირაობს და უფრო მეტ უსაფრთხოებას მოითხოვს. იქნებ საქართველოში ეს სიტუაცია მას მერე შეიცვალოს, როცა დემოკრატია ტრადიციას დასძლევს და მეტი ადამიანი გააქტიურდება პოლიტიკურად. მაგრამ ახლა ეს ხალხი დროებით (გამიზნულად) ჩამოშორებულნი არიან პოლიტიკას.
ევროპაში რომ იგივე მომხდარიყო, რაც ზემოთ აღვწერე, ყოვლად მიუღებელი იქნებოდა და მედიაში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი გახდებოდა. არჩევნებში გამარჯვებისთვის, ზოგჯერ არა მხოლოდ კონკურენციის გაწევაა გადამწყვეტი, არამედ უნარი ურთიერთობა გააბა „ჩვეულებრივ ხალხთან" და იცნობდე მათ პრობლემებს. და არსებობს ზოგიერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომლმაც საკუთარ ეგოს ვერ გადააბიჯა და ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა.
სხვათა შორის, ევროპის აეროპორტების უმრავლესობას აქვს გამოყოფილი ე.წ. ვიაიპი (VIP) ადგილები, რომლებიც მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და უცხოელი დიპლომატებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ, „ჩვეულებრივი ხალხი" სპეციალური დაცვითი ზომების მიღების გამო, დიდად რ წუხდება.
http://liberali.ge/daniel-nitsch/qvela-ada...zogi-upro-metad