ჩვენი უბედურების, და წყევლის მიზეზი ერზე აღმოაჩინა მმკ-მ და დეკანოზმა დავით ქვლივიძემ, უბედურების და წყევლის მიზეზი კი ყოფილა ანტონ I-ის კათოლიკობა. მამა დავითი და მმკ თვლის, რომ საჭიროა სინოდის კრების მოწვევა რათა მან გააუქმოს ეს წყევლა და ივერია გაბრწყინდეს
http://www.myvideo.ge/?video_id=1074363http://religia.ge/ceo12_zkeva.htmlვინ უნდა გაანთავისუფლოს ერი წყევისაგან? საქართველოს ისტორიოგრაფიამ დიდი სიზუსტითა და გამოწვლილვით შემოგვინახა XVIII ს-ის 50 წლების მოვლენები. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ფარული უნიატობის ტალღამ გადაუარა. საქართველოს ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული, სომხების ცრუსწავლების მამხილებელი, ყველასათვის საყვარელი და პატივცემული კათოლიკოსი, ანტონ I თავად მოწყლულ იქმნა მწვალებლური სწავლებით და ფარული კათოლიკე (პაპისტი) შეიქმნა. თუ როგორ დაიბადა მის სულში ეს ღალატი, ეს ცალკე თემაა და მას ვრცლად არ განვიხილავთ. შევნიშნავთ ოდენ, რომ ამ საკითხს მრავალი წახნაგი გააჩნია: დაწყებული სამეფო ტახტდაკარგული პატივმოყვარე პიროვნების შინაგანი ფსიქო-მორალური კონსტიტუციით, პოლიტიკური ინტრიგებით დამთავრებული.
ანტონის სარწმუნოებრივი ღალატი გამოაშკარევებულ იქნა საბაწმინდელ ეპისკოპოს საბას (ტუსიშვილი) მიერ. ანტონი მხილებულ იქნა. ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის, კახეთის მეფე ერეკლე II-ის, ორივე სამეფოს მიტროპოლიტთა, ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და წინამძღვართა, ასევე მთავართა დარბაზის ერთა კრებამ საკათალიკოსო ტახტიდან განდევნა იგი. სამეფო-საეკლესიო ფიცით კრებამ ანათემა შეუთვალა მას, ვინც ანტონ I-ს დააბრუნებდა: “უკეთუ რომელიმე მიზეზთა ესე აღთქმული შევცვალოთ და კუალად მისი კათოლიკოსად დადგინება მოვინდომოთ, რისხვასამცა შევცვივით წმიდისა და ერთ არსისა სამებისა და ყოველთ მგმობართათანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიო კრებათაგან ხვებულად შეჩვენებითამც აღვიხოცებით”. შემდგომში ორთა მეფეთა ბეჭდით დაბეჭდილ ამ ფიცს საქართველოს უკანასკნელი მეფე, უფლისწული გიორგიც დაადასტურებს თავისი ბეჭდით.
როგორც ცნობილია, ერეკლე II-მ, სავარაუდოდ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გატეხა დადებული ფიცი და ანტონი საქართველოში დააბრუნა. ანტონი კანონის დარღვევით აღადგინეს საპატრიარქო ტახტზე. ანტონს უკან მასთან ერთად განდევნილი კათოლიკეთა მისიონიც შემოჰყვა. ანტონის საქართველოში შემოსვლისთანავე ზეციდან ავის მომასწავებელი გაფრთხილება გაისმა _ სვეტიცხოვლის საკათალიკოსო ტაძრის გუმბათს მეხი დაეცა. გაფრთხილებამ ვერ შეძრა სარწმუნოებრივი ნელ-თბილობისაკენ მიდრეკილი გულები და ნაყოფი ვერ გამოიღო.
ანტონი შურისძიების გრძნობით დაბრუნდა საქართველოში. ისტორიიდან ცნობილია, თუ ინკვიზიციის როგორი ცეცხლი დაანთო მან, როგორ დევნა დაუფარავად, პაპისტებისთვის დამახასიათებელი სისასტიკით, მართლმადიდებლობის დამცველნი: იოსებ კათოლიკოსი მეტეხში გამოამწყვდიეს (სასწაულთმოქმედი იოსებ კათოლიკოსი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული), ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი უდაბნოში გადაასახლეს, ასევე სხვებიც სასტიკად დევნეს, ხოლო მართლმადიდებლობის შეუპოვარი და ფხიზელი დამცველი, მეფეთმოძღვარი, ხუცესი ზაქარია განკვეთეს, შეაჩვენეს და სასტიკად აწამეს მთელი მისი ოჯახი, ცემით მიყენებული ჭრილობებით მოუკლეს შვილი. ქართველთა მიერ გატეხილი ფიცი კი, ვითარცა წყევა საშინელი, თაობიდან თაობაზე გადადის. შედეგად, სქართველოს შემდგომი ცხოვრება ბედუკუღმართად წარიმართა და აღსავსეა დრამატული და ტრაგიკული მოვლენებით: მალევე აღა-მაჰმად ხანმა მოაოხრა ფიცის გამტეხი მეფე და საქართველო. ერეკლე II იძულებული გახდა რუსეთისთვის ქვეშევრდომობა ეთხოვა. რუსეთთან შეერთების შედეგად საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და მის ფაქტობრივ კოლონიად იქცა. საქართველოში გაუქმდება სამეფო ტახტი, საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია.
იმ დროს, როდესაც საქართველოში უნიატები მართლმადიდებლებზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, იწერებოდა გიორგიევსკის ტრაქტატი. თავად ანტონ I აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ტრაქტატის დადებაში, სადაც ჩაურთო მე-8 მუხლი, რომლის ძალითაც საქართველოს კათოლიკოსი რუსეთის სინოდის წევრი ხდებოდა. ანტონ I-მა ოქრომკედით მოქარგული კუნკულ-ბარტყულით დაიკმაყოფილა თავისი პატივმოყვარეობა, ხოლო ამ საბედისწერო მე-8 მუხლის საფუძველზე (როდესაც ანტონი სინოდიდან გაიწვიეს) საქართველოს ეკლესიამ ნელ-ნელა დაკარგა თვითმყოფადობა.
სასახლის კარზე ევროპული იდეოლოგიის გაფურჩქვნის შედეგად მონარქიაზე ამრეზილმა დავით უფლისწულმა მეფობაზე უარი განაცხადა და ამგვარად მოღლეტილი კარებიდან შემოჭრილმა ევროპულ-უნიატურმა სულმა და რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ უმეფოდ და უკათალიკოსოდ დაგვტოვეს. ასე რომ, ქართველი ერი ავტოკეფალიის დაკარგვას უნიატ ანტონ I-ს უნდა უმადლოდეს. სწორედ ანტონ I-მა შემოიტანა საქართველოში რუსული ტიპიკონი, აურდაურია და დააკნინა სალიტურგიკო წიგნები და საეკლესიო ხელოვნება, დათესა ფარული უნიატობის ღვარძლის თესლი, რომლის მწარე ნაყოფს დღემდე ვიმკით. და სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სწორედ ამ თესლზე აღმოცენებული ეკუმენიზმის ყლორტებს ასხამენ წყალს ბოლო დროს გააქტიურებული პროეკუმენისტურ-პროპაპისტური პირები, საერონი თუ სასულიერონი.
საქართველოს რღვევა ანტონი I-ის შემდეგაც გაგრძელდა: რუსეთის კოლონიზატორულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის წყალობით შეჭირვებული და დაკნინებული საქართველო შემდგომ ღმრთსიმბრძოლი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული. შედეგად, დაიკარგა ტერიტორიების დიდი ნაწილი: საინგილო, სოჭის მხარე, ლორე-ტაშირი, მოოხრდა და დაინგრა ეკლესიები, მუსრი გაავლეს სამღვდელოებას, დევნეს მართლმადიდებელნი, რჩეული ქართველები, შეილახა ქართულ-მართლმადიდებლური ღირსება, გენოფონდი. არც იურიდიული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაილხინა საქართველომ: გაჩაღდა ძმათამკვლელი ომი, ერი დაიყო, ქვეყანა დაიგლიჯა, დიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა ჯავახეთი. ომებში დამარცხებამ დამარცხებულის სინდრომი შეჰყარა ერს, იგი დაიღალა, სასო წარეკვეთა, ხორციელ ცხოვრებას მიეძალა, ვეღარ გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას, სულს, აღარ რეაგირებს ტერიტორიებისა და ეკლესიების ხელყოფის საფრთხეზე. ერი დაცოტავდა, ნარკომანია და გარყვნილება სულიერი და ფიზიკური გენოციდით ემუქრება მას.
დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ. ფიცის გატეხვამ ერს წყევა დაატეხა, რომელიც დღემდე მოქმედებს. ქვეყანა განსაცდელშია. შედგება მისი რეალური, ფაქტობრივი სახელმწიფოებრიობა? შეინარჩუნებს ერი მართლმადიდებლურ სულსა და მასთან შენივთებულ ეროვნულ ცნობიერებასა და ფასეულობებს? შეძლებს ეკლესია, გაუმკლავდეს მოძალებულ მტერს და დაიცვას ეკლესიის სწავლება, _ დოგმატები და კანონები, მოციქულებრივი სიწმინდითა და დიდი სჯულის კანონის შესაბამისად?
ამ განსაცდელის ჟამს ისევ ეკლესიამ, მისმა სისავსემ უნდა თქვას ღვთივსათნო სიტყვა. ერის სულიერმა წინამძღოლმა, _ ეკლესიამ _ უნდა აღადგინოს ღალატის გამო დარღვეული დროთა კავშირი, შეკრას ისტორია იმ დუღაბით, რომლითაც ჩვენი წინაპრები კრავდნენ. ამ აღდგენილი კავშირის გარეშე ქართველი ხალხი ვერ გახდება სახელოვან, ქრისტეს ჯვრის ღირსებით მტვირთველ, წამებულ და გაბრწყინებულ წინაპართა სულიერი და სრულყოფილი სამართლებრივი მემკვიდრე, ქვეყანა მუდამ განსაცდელში იქნება. ყველას მაგივრად, მათ შორის _ ფიცის გამტეხი ჩვენი წინაპრების მაგივრადაც, ეკლესიამ თავს უნდა იდვას პასუხისმგებლობა და შეჰვედროს და შენდობა სთხოვოს წმინდა სამებას გატეხილი ფიცის გამო. ეკლესიამ უნდა მოიხსნას და მოხსნას ერს წყევა ღმრთისთვის მიცემული სიტყვისადმი ორგულობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ანათემა კვლავ ძალაში დარჩება და კვლავაც “რისხვასამცა შევცვივით წმიდისა და ერთ არსისა სამებისა და ყოველთ მგმობართათანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიო კრებათაგან ხვებულად შეჩვენებითამც აღვიხოცებით”.
ნუ იყოფინ!