kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6812
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#24145358 · 23 Feb 2011, 11:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაუგებელი თამაში
შეგნებულად არასრული პასუხი ხშირად დასმულ შეკითხვაზე - რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?
ფეხბურთით დავიწყოთ
წარმოიდგინეთ ჩემპიონატი, სადაც მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთ გუნდს აქვს უფლება, როცა უნდა ხელით ითამაშოს და კოჭებში ურტყას მოწინააღმდეგეს. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ გუნდი ასეთი ექსკლუზიური უფლებებით სარგებლობს, მსაჯებსაც ის ნიშნავს. ამოცანა გვეკითხება: რა შანსი აქვთ დანარჩენ გუნდებს ასეთი ჩემპიონატის მოგების? ცხადია,არავითარი. ასეთი წესების პირობებში გამარჯვებული სხვა გუნდი ვერ იქნება, თუნდაც სულ პელეები, მარადონები და ზიდანები ჰყავდეს.
ახლა ცოტა კიდევ წავიფანტაზიოროთ და წარმოვიდგინოთ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მოითხოვა: ამ პრივილეგირებული გუნდის ხელმძღვანელობამ სხვა გუნდების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით თამაშის წესები უფრო თანასწორი გახადოსო. ჰოდა, მიდის მსჯელობა, განიხილება სხვადასხვა წინადადებები, თუმცა, პრივილეგირებული გუნდი ხელით თამაშსა და კოჭების მტვრევის უფლებას არ თმობს. საბოლოო ჯამში იქმნება დოკუმენტი, სადაც მხარეები ადასტურებენ, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების დროს მსაჯისთვის (რომლის დანიშვნის უფლებას პრივილეგირებული გუნდი ასევე არ თმობს) ვიდეოჩანაწერის ნახვის უფლების მინიჭებაზე.
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების უმრავლესობას ეს არ აკმაყოფილებს და ისინი პროტესტის ნიშნად შეთანხმებას ხელს არ აწერენ, რამდენიმე გუნდის ხელმძღვანელი კი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე მეტის მიღწევა შეუძლებელია და ეს მიღწევაც რომ არ დაიკარგოს, თანახმა არიან ხელმოწერაზე.
საბოლოოდ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მართალია, თანასწორობის პრინციპამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და გარკვეული პროგრესს მიაღწიეს.
ახლა კიდევ ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: რამდენად გაიზრდება სხვა გუნდების შანსი ჩემპიონობაზე ამგვარი მოლაპარაკებების შემდეგ? ნათელია, რომ არსებითად არაფერი შეიცვლება. დიდი დიდი მეორე-მესამე ადგილისთვის ბრძოლა ოდნავ გამწვავდეს...
როცა ყველანაირი ტაქტიკა არასწორია
გეცნოთ არა სიტუაცია? ეს ჰიპოტეტური ჩემპიონატი მართლაც ძალიან ჰგავს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. ოპოზიციური პარტიები თამაშობენ ფეხბურთს - ზოგი უფრო ცუდად, ზოგი უფრო კარგად, ზოგადად მონაწილე გუნდების თამაშის კლასიც არაა მაღალი, მაგრამ ხელისუფლება საერთოდ სხვა თამაშს თამაშობს - როცა უნდა ხელით მიაქვს ბურთი და როცა უნდა კოჭებში გირტყამს. ჰო, და მსაჯებსაც თვითონ ნიშნავს, რასაკვირველია...
პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო ფედერაცია, უკაცრავად თანამეგობრობა, პრინციპში აღიარებს ასეთ არათანაბარ პირობებში დაფიქსირებულ შედეგებს. ეს ოპოზიციის ამოცანას ართულებს, მაგრამ ერთია ამოცანის სირთულე და სულ სხვაა, როცა ვერ აცნობიერებ, რომ ასეთ თამაშში შანსი ჩემპიონის (ხელისუფლების) გამოცვლისა ნულის ტოლია.
ამჯერად კი სრულიად არარიტორიკული კითხვა დავსვათ: როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიციური ძალა ამ ვითარებაში? თუკი ზემოთქმულიდან გამომდინარე ვინმე იმ დასკვნას გამოიტანს, რომ ოპოზიციური ძალა არ უნდა მიდიოდეს მოლაპარაკებებზე ხელისუფლებასთან, მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდეს და ყოველგვარ კონტაქტს აღიქვამდეს, როგორც ხელისუფლების “გაპრავებას”, ძალიან შემცდარია.
სისტემატური დისტანცირება ხელისუფლებისგან და უარის თქმა მასთან დიალოგის გამართვაზე იგივეა, რაც ზემოთ აღწერილ სიტუაციაში გუნდმა რომ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვას. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, თუ ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდი ასე მოიქცევა (ბუნებრივია, პრივილეგირებული გუნდის, ანუ ხელისუფლების გარდა), მაგრამ ეს არის სრული უტოპია. ყოველთვის (ხაზს ვუსვამ: ყოველთვის) მოინახება რამდენიმე (არაერთი) გუნდი, რომელიც შემოთავაზებული თამაშის წესებით მიიღებს ტურნირში მონაწილეობას. რაც მთავარია ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა და გაფიცვისკენ მოწოდება დიდ მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს ვერც გულშემატკივრებში და ვერც ექსპერტთა წრეში. მით უმეტეს, თუკი ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს და ძველმა მცდელობებმა ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.
მართალია, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას გარკვეულ უხერხულობები კი ექმნება, მაგრამ თუნდაც სუსტი მონაწილეებით ჩატარებული ჩემპიონატი მაინც ჩემპიონატად რჩება, ანუ იმ ტურნირად, სადაც გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი. საერთაშორისო ფედერაცია, პარდონ, თანამეგობრობა კი ასეთი ტურნირის შედეგებსაც აღიარებს.
მეორეს მხრივ. კიდევ უფრო დიდი უტოპიაა იმის იმედად ყოფნა, რომ პრივილეგირებული გუნდი საკუთარი ნებით დათმობს თავის პრივილეგიებს. საერთაშორისო ზეწოლას აქ ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამგვარი ზეწოლა მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ სიტუაცია იმდენად აჭრილია, რომ ტურნირის ჩაშლის საფრთხე დგება. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.
მოკლედ, ხელისუფლება და მთელი ოპოზიციური სპექტრი იმდენად უთანაბრო პირობებშია ჩაყენებული, რომ ეს უთანაბრობა ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალიან დიდ უპირატესობას.
აბა თუ არც მონაწილეობას აქვს აზრი და არც ბოიკოტს, მაშინ რაღა რჩებაო, იკითხავს ვინმე. საქმეც ისაა, რომ ამგვარ ტურნირში წარმატების მიღწევა არის არსებითად შეუძლებელი.
ამიტომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს არა ამ თამაშში ხელისუფლებასთან შეჯიბრი, არამედ ხელისუფლების ჩათრევა ან ჩაყოლიება სხვა თამაშში.
დისპოზიცია
რა მაქვს მხედველობაში? ის თამაში, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას ვადარებთ, ანუ პოლიტიკურ ძალთა განლაგების დღევანდელი სქემა ციდან არ ჩამოვარდნილა. ესაა სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ დამკვიდრებული - მათ თავად მოიგონეს ეს თამაში, თავისი წესებით და კანონებით, თამაში, სადაც ხელისუფლება ყოველთვის მოგებულია.
წარსულის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ თამაშის წესების შეცვლას არ აპირებს. მან არ შეცვალა წესები არც 2007 წლის ნოემბრის, არც 2008 წლის აგვისტოს და არც 2009 წლის აპრილ-მაისის კრიზისების შემდეგ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება მუშაობს კრიზისების გადაგორებაზე და არა მისი მიზეზების აღმოფხვრაზე.
ის ფაქტი, რომ ამ გადაგორება-გადმოგორების პროცესში ოპოზიციის მიმართ უარყოფითი განწყობა შეიქმნა, არამც და არამც არ უნდა მივიღოთ როგორც საბოლოოდ შემდგარი ფაქტი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ ყველაზე რეიტინგული ფიგურა ოპოზიციაში ჯუმბერ პატიაშვილი გახდა. აქ ისე იცვლება სიმპატია-ანტიპატიები, რომ ნებისმიერ დასავლელ ექსპერტს დააბნევს.
ახლა დავაკვირდეთ რა მდგომარეობაა: ხელისუფლება, დასუსტებული ოპოზიციისა და სამოქალაქო პროტესტის ფაქტობრივი არარსებობის პირობებში ამჟღავნებს სრულ უუნარობას უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე. ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გააზრებული სტრატეგია და ერთის მხრივ 20-30 ლარიანი ვაუჩერების დარიგებით ცდილობს მასების ფულის მოგებას და მეორეს მხრივ ასევე გულმოდგინედ ცდილობს მოსახლეობიდან ამოქაჩოს ფული სხვადასხვა ჯარიმების, გადასახადების თუ საპროცესო გარიგებების მეშვეობით.
ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკა სერიოზულად ზრდის უკმაყოფილების მუხტს საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში, მათ შორის საშუალო და დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებშიც, რომელთაც აიძულებენ თავიანთი ვაუჩერები სამსახურებში მიიტანონ, რათა მერე მინისტრებმა და დეპუტატებმა გაჭირვებულ ხალხს დაურიგონ და ტელეკამერების თვალწინ “იმარიაჟონ”.
არასდროს ისეთი თვალსაჩინო არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა, როგორც დღეს, როდესაც მან აისრულა ამდენი ხნის საწადელი და მიაღწია ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას.
ცოტა არ იყოს კომიკურია, როდესაც სააკაშვილი ვერაფრით ელევა ძველ პროპაგანდისტულ სქემას და თავის ყოველ გამოსვლაში მაინც უპრეცედენტო წარმატებებზე და ზღაპრულ პერსპექტივებზე ლაპარაკობს, ყველა პრობლემა კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისს ბრალდება, თან იმის აღნიშვნაც არ ავიწყდება, რომ ამ კრიზისის კვალობაზე ჩვენ კიდევ ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ.
ყველაფერ ამას კიდევ ემატება საგარეო ფაქტორიც. კერძოდ ის რევოლუციური ტალღა, რომელიც დღეს უკვე მთელ წინაა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკასაა მოდებული, აიძულებს ამერიკას და ევროკავშირის ქვეყნებს სერიოზულად გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას ყველანაირი ტიპის ავტორიტარული რეჟიმების მიმართ.
პრეზიდენტი ობამა უკვე ღიად აცხადებს რომ ავტოკრატიების დრო დამთავრდა, მეგობრული იქნება იგი დასავლეთის მიმართ თუ არამეგობრული.
ახალი თამაში, ახალი წესები...
ცხადლივ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებაში შეუძლებელია არ იწვევდეს შეშფოთებას. ეკონომიკური კრიზისი, სოციალური ფონის დამძიმება და ამერიკის პოლიტიკის ტრანსფორმაცია დემოკრატიული პროცესების (და არა მეგობრული რეჟიმების) მხარდაჭერისკენ, სააკაშვილს და მის გუნდს საგრძნობლად უზღუდავს პროპაგანდისტული მანევრების სივრცეს. დემოკრატიის მორიგი ტალღის გამოცხადება ამჯერად საკმარისი აღარ არის, ცოტა მეტი იქნება საჭირო.
მაინც რა შეიძლება არსებულ სიტუაციაში მოიმოქმედოს სააკაშვილმა? საქმეც ისაა, რომ მას არანაირი სიახლის შემოთავაზება არ შეუძლია. ერთადერთი, რასაც სახელისუფლო გუნდი შეეცდება, ეს არის ოპოზიციური სპექტრის მაქსიმალურად ჩათრევა არაფრის მომტან კონსულტაცია-მოლაპარაკებებში, რათა შემდგომ ეს მოლაპარაკებები დემოკრატიზაციის პროცესად გაასაღოს დასავლეთში. ანუ, პრაქტიკულად იგივე თამაში განაგრძოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოპოზიციურ სპექტრს, შეიძლება ითქვას, პირველად ეძლევა იმის რეალური შესაძლებლობა. რომ შეცვალოს ეს თამაში. ამისთვის კი საჭიროა ერთადერთი რამ: ოპოზიციურმა სპექტრმა თავად უნდა აიღოს ხელისუფლებასთან კონსულტაცია-მოლაპარაკებების ინიციატივა.
მინდა რომ სწორად ვიქნე გაგებული: მთავარი ის კი არ არის, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებ, თუ - არა, არამედ ის, თუ ვინაა ინიციატორი, ვინ ადგენს დღის წესრიგს, ვინ განსაზღვრავს თემებს...
დღეს ყველა ინიციატივა მოდის ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, ეს ინიციტივები წმინდა პროპაგანდისტული ხასიათისაა, მაგრამ როცა ამის საპირწონე მხოლოდ რეაგირებაა და სხვა არაფერი, ეს ხელისუფლებას წარმოაჩენს (შინაც და გარეთაც), როგორც ერთადერთ ქმედით ძალას ქვეყანაში და აძლევს მას საშუალებას კვლავ ითამაშოს ძველი, წაუგებელი თამაში.
ამიტომ საჭიროა ხელისუფლებისთვის ინიციატივის ჩამორთმევა. სწორედ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან უნდა იქნას შეთავაზებული პოლიტიკური პროცესის ახალი დღის წესრიგი - კონკრეტული მოთხოვნებისა და წინადადებების მთელი კომპლექსი. ამასთან, თითოეული მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი, რომლის შესრულებაც რეალურად მოიტანს კონკრეტულ და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგს, ხოლო მოთხოვნის იგნორირება ცალსახად დაფიქსირდება დასავლეთის თვალში, როგორც დემოკრატიზაციაზე პოლიტიკური ნების არარსებობა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ნებისმიერი პასუხი ინიციატივებზე აუცილებლად მომგებიანი უნდა იყოს ოპოზიციისთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ინიციატივას. ხელისუფლებამ ვერ უნდა შეძლოს შეთავაზებაზე უარის თქმის დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანა ვერც შინ და ვერც გარეთ.
ასეთი წინადადებების მოფიქრება, თან საკმაოდ ბევრის, პრობლემა არ არის. ახლა არ დავკონკრეტდები, მაგრამ აქვე შემიძლია ჩამოვთვალო ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ათამდე მოთხოვნა. რომელიც ხელისუფლებას საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებდა.
მაგრამ აქ პრობლემა არა წინადადებების მოფიქრებაშია, არამედ მათ მიწოდების ფორმაში: როგორ უნდა გახდეს ოპოზიციის წიაღიდან წამოსული ინიციატივები პოლიტიკური ცხოვრების მთავარი თემები? როგორ გინდა აიძულო სახელისუფლო მედია გააშუქოს ეს ინიციატივები და როგორ უნდა გადაიყვანო ხელისუფლება რეაგირების რეჟიმში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას აქ შეგნებულად არ ვაპირებ, ეს არის წმინდა ტექნოლოგიური პრობლემა, რომელიც კულუარული ურთიერთობების დონეზე უნდა გადაწყდეს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ასეთი ტექნოლოგიის გამოძებნა თავისუფლად არის შესაძლებელი.
ცხადია, ამგვარი დღის წესრიგის შეთავაზება არ იქნება პასუხი მარადიულ კითხვაზე “როდის გვეშველება”, მაგრამ ეს გამოაცოცხლებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და რეალურად უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებდა პრაქტიკულად მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც უკვე თავად გახდებოდა პროცესის მამოძრავებელი ძალა.
ეს სერიოზულად გამოაცოცხლებდა საზოგადოებას და დიდწილად ჩააქრობდა იმ საყოველთაო ნიჰილიზმს, ლამის სასოწარკვეთაში რომაა გადაზრდილი. ეს კი პატარა საქმე არ არის, ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის. მოკლედ ეს იქნება უკვე სხვა თამაში. თამაში, სადაც არც გარანტირებული მოგებაა და არც გარანტირებული წაგება.
თუმცა, როგორც ამბობენ: მთავარია ინიციატივა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა
|