საფეხბურთო კავშირი “პრესინგი”საზოგადოების დირექტორი: ბესიკ ზედელაშვილი საზოგადოების დამფუძნებლები: ზურაბ ფხაკაძე და ვახტანგ ზარნაძე. სპორტული პრესის რამდენიმე წარმომადგენელიც არის ჩართული ამ კავშირში.კავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქართულ ფეხბურთს დღევანდელ სიტუაციაში მხოლოდ “სტადიონზე სიარულის” გარდა უფრო ქმედითი ღონისძიებები სჭირდება, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა საქმის პროფესიონალების, იურისტების, ფინანსისტების, მარკეტოლოგების და უბრალოდ, ფეხბურთზე შეყვარებული, საინტერესო იდეების მქონე ადამიანების ერთ ჯგუფად შეკვრით და მუშაობით, არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
ორგანიზაცის დამფუძნებლების განცხადებით, მათ კარგად ესმით, რომ “კრიტიკა ყველაზე მარტივია” და უბრალოდ “ეს ცუდია”-ს თქმა ყველას შეუძლია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საპასუხო ნაბიჯის, იდეის, პროექტის შეთავაზებაა, რომელიც “ამ ცუდს” გამოასწორებს და ჯამში შედეგს მოიტანს. სწორედ ეს იქნება ორგანიზაციის მუშაობის მთავარი პრინციპი.
გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს დღეს გამართული პრეს-კონფერენციიდან:
“გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ ატარებს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული სუბიექტის პრო ან ანტი-კამპანიას. ეს გახლავთ ახალგაზრდა ადამიანების კავშირი, რომლის მიზანიც ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტანი პროექტების მომზადება და განხორციელებაა.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ობიექტურად შევისწავლოთ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები, მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებას და სათანადო ორგანოებს მათ შესახებ, ასევე ვეცადოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ გადაწყვეტაში.
სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში მისაღები მიდგომაა არსებული პრობლემების მიჩქმალვა და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. ჩვენი მუშაობით გვსურს, დავამყაროთ პასუხისმგებლობის მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი, კერძოდ, გავაკონტროლებთ, რათა ვერავინ შესძლოს აქტუალური, პრობლემური საკითხების მიჩქმალვა და გვერდზე გაწევა.
ჩვენი საქმიანობა იქნება არამხოლოდ ფეხბურთში არსებული საქმიანობის კონტროლი, არამედ ფეხბურთში არსებული სიტუაციის ანალიზი და კონკრეტული პროექტების შემუშავება. მიგვაჩნია, რომ თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯებით სვლა არის წარმატების გარანტია ჩვენ საქმეში.
ჩვენ ვიქნებით გახსნილები ყველასათვის, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ სუბიექტთან ვინც მოღვაწეობს ქართულ ფეხბურთში ან რაიმე სახით დაკავშირებულია. ამ კუთხით ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ქართული ფეხბურთის განვითარებით და ამ კუთხით შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა. ჩვენ გავეცანით ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოშავებულ პროექტს, მიგვაჩნია, რომ ის ზედაპირულია და შორს დგას რეალური განვითარების გეგმისგან. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე შენიშვნას და მოსაზრებას ამ პროექტთან დაკავშირებით, სამომავლოდ კი ვაპირებთ აღნიშნულ კომისიას წარვუდგინოთ ჩვენეული ხედვა, შენიშვნები და მოსაზრებები , ამა თუ იმ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონკრეტულად შენიშვნებს წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო განახორციელებს 100 მილიონი ლარის ინვესტირებას ქართულ ფეხბურთში. ავტორები აყალიბებენ ფინანსების განკარგვის სქემას, რაც გულისხმობს მთლიანი თანხის უშუალოდ კლუბებისთვის მიწოდებას პირდაპირი ინვესტირებისა და საპრიზო ფონდის გზით. როდესაც ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი, საჭიროა საძირკვლის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი სამუშაო ფუჭი და წყალში გადაყრილი იქნება. წარმოდგენილი პროექტით ვერ ვიგებთ რა კონკრეტული მიზნისთვის ხდება ამ თანხის ჩადება ქართულ ფეხბურთში. გაუგებარია, რა შედეგს მივაღწევთ ამ პროექტის დახმარებით სამი წლის თავზე. რეალურად გამოდის, რომ თანხები მოხმარდება მხოლოდ ცალკეული კლუბების ეროვნულ ჩემპიონატში სტაბილურად გამოსვლას 3 წლის განმავლობაში. 3 წლის გასვლის შემდეგ ფედერაციას მოუწევს მორიგი სამწლიანი გეგმის იმედად ყოფნა.
რეალურად ფეხბურთის განვითარების პროექტისთვის საჭიროა კონკრეტული შედეგი, ანუ რას მივიღებთ ამ პროექტის ფარგლებში დახარჯული 100 მილიონი ლარის შედეგად. ამის შემდეგ უნდა მოხდეს დეტალური ანალიზი იმისა, არის თუ არა პროექტის ღირებულება ადექვატური იმ შედეგთან მიმართებაში, რასაც მისგან ველით.
ღრმად გვწამს, რომ სახელმწიფოს დახმარება ფეხბურთისათვის მხოლოდ მაშინ იქნება რეალური შედეგის მომტანი, თუ განვითარება მიმართული იქნება ფეხბურთის საბოლოო კომერციალიზაციისკენ. ამ კუთხით უნდა გადაიდგას თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯები, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.
შემდეგი საკითხი, ასე ყბადაღებული და საჭირბოროტო, ჩაწყობილი თამაშებია. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი ან ჩვენს მსგავსად ქართული ფეხბურთის პრობლემატურ თემატიკებზე მომუშავე ორგანიზაციის ერთ-ერთ სამუშაო თემას ჩაწყობილი თამაშები და ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება წარმოადგენს უკვე მიუთითებს, რამდენად შორს ვართ თანამედროვე, ევროპული ფეხბურთისგან არა მარტო სათამაშო ასპექტებით, არამედ ორგანიზაციული, იდეური თუ სხვა ნებისმიერი ასპექტით.
სამწუხაროდ, ქართველი სამართალდამცავების უკანასკნელი მცდელობა, ამ საქმეში ჩარეულიყვნენ და დამნაშავეები დაესაჯათ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პასუხისგებით დასრულდა და თან, რაც ყველაზე სამწუხაროა, არცთუ ისე მკაცრი პასუხისგებით...
არადა ყველა ვხვდებით, რომ ევროპულ ფეხბურთში ამ მდგომარეობაში მყოფი შიდა ჩემპიონატით თუ თასით, სადაც ლამის ყოველ მეორე ტურში რამდენიმე მატჩის შედეგი მავანთათვის წინასწარაა ცნობილი, არაფერი გვესაქმება.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას, გამოვავლენთ კონკრეტულ ფაქტებს, ან „ჩიტი მოგვიტანს ამბავს“, მივიტანთ ამას სამართალდამცავ უწყებებთან და ამით ყველაფერი მოგვარდება. ასე მარტივად არავინ გაიშიფრება...
მიგვაჩნია, რომ ამ საქმეების გამოძიება და მომავალში თავიდან აცილება მხოლოდ საზოგადოებაში რაც შეიძლება დიდი ინტერესის გამოწვევის, ასე ვთქვათ, „საზოგადოების დაკვეთის“ შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც მეტი ადამიანი ილაპარაკებს პირად საუბრებში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით, პრესით და ა.შ. ამ თემის შესახებ, მით უფრო მეტად დაინტერესდება ამით პროკურატურა თუ სხვა შესაბამისი ორგანო და მით მეტი ინტერესი ექნებათ მათ, გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა.
შესაბამისად, ვაპირებთ ვიმუშაოთ სწორედ ამ კუთხით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, ამ ფაქტებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი ალაპარაკდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის პრეტიჟის საქმე გახდეს ამ საკითხის ბოლომდე გარკვევა და დამნაშავეების დასჯა. აქვე გიპასუხებთ იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ამ საქმეში იმდენი ადამიანია გარეული, „ყველა მატჩი რომ გამოიძიონ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ლამის ყველა პიროვნება დასაჭერი იქნებაო“. მსგავსი საკითხები, არამხოლოდ საფეხბურთო, პირიქით, ბევრად უფრო ღრმა, პოლიტიკური, ქვეყნის უშიშროებაზე და სხვა მსგავს თემებზე რომ ახდენს გავლენას ისეთები მსოფლიოს უამრავ ქვეყანას ერთი მარტივი, თუმცა კარგად გააზრებული და კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული კანონებით გადაუჭრია, რომელსაც ლუსტრაცია და ამინისტია ჰქვია. ვფიქრობთ, დაინტერესების შემთხვევაში რაიმე მსგავსი მოდელის შექმნა საქართველოშიც მარტივად შეიძლება, ისევ და ისევ, სახელმწიფო ნების არსებობის შემთხვევაში და ვინაიდან ეს ნება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით არ არსებობს, სწორედ მასზე გვაქვს სამუშაო.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ და დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამას გარდა მუშაობა მიმდინარეობს საინტერესო და ვფიქრობთ, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან სასარგებლო რამოდენიმე პროექტის მონახაზზე.
მაგალითად, უპირველესად გვინდა აღვნიშნოთ პროექტი, რომელიც ქართულ ფეხბურთში სპორტული მენეჯმენტის განვითარებას და ამ კუთხით ბაზარზე პროფესიონალების გაჩენას ისახავს მიზნად. დღეს უკვე ნამდვილად აღარ არის სადავო ის ფაქტი, რომ თანამედროვე ფეხბურთი წარმოადგენს ბიზნესს, ასე ვთქვათ სპორტულ ბიზნესს, რომელშიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია ასევე თანამედროვე სპორტული მენეჯმენტის დანერგვა და გამოყენება. მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე სპორტული მენეჯმენტის სპეციალისტების გარეშე, რომელთა დეფიციტია დღეს საქართველოში, ძალიან ძნელია ჩვენი ფეხბურთი თუნდაც მიუახლოვდეს განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნების დონეს. ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს ამ პრობლემის გამოსწორებას თუნდაც მცირედით მაინც.
ფეხბურთში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გამო დღეს ნაკლებად საუბრობენ ფეხბურთის, ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობის და განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთისათვის უმნიშვნელოვანეს ისეთ საკითხზე, როგორიც არის სპორტული მედიცინა. არადა დაგვეთანხმებით, რომ ეს სფერო ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან მოუწესრიგებელია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სრულფასოვანი და კვალიფიციური სპორტული სამედიცინო დახმარება, თავის მხრივ სპორტული ექიმებიც მოკლებულნი არიან შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია და ცოდნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვმუშაობთ სპორტული მედიცინის განვითარების შესაძლებლობების ანალიზზე და გვსურს ახლო მომავალში ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს შევთავაზოთ კონკრეტული გზა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას „ყბადაღებული“ საკითხი, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ ფეხბურთით დაინტერესებული ინვესტორებისთვის საგადასახადო თუ სხვაგვარი შეღავათების დაწესება. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საუკეთესო საშუალება ფეხბურთის განვითარებისა არის ბიზნესის ჩართულობა ფეხბურთში. ამიტომ, უნდა მოინახოს გზა, თუ როგორ უნდა მიეცეს ბიზნესს მოტივაცია ფეხბურთში ინვესტიციის განხორციელებისა, რომელიც იქნება სასარგებლო ინვესტორისთვისაც და ფეხბურთისთვისაც, ასევე მისაღები სახელმწიფოსთვის. ჩვენ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამ სახითხზეც.
ასე რომ, სამუშაო და საფიქრალი უამრავია. ვთვლით, რომ ფეხბურთზე შეყვარებული სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ადამიანების ერთობლივმა მიზანდასახულმა მუშაობამ უამრავი საინტერესო იდეა შეიძლება წარმოშვას, დაგვანახოს პრობლემები, რომლებიც არსებობს და მათი გადაჭრის გზები გვაპოვნინოს. ჩვენი კავშირის ჩამოყალიბების მთავარი მოტივი და მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.
ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მსურველთან, მივიღოთ და ვიმუშაოთ ნებისმიერ წინადადებაზე რომელიც შეიძლება წაადგეს ქართულ ფეხბურთს და მოხარულნი ვიქნებით, თუ ჩვენს წამოწყებას მხარდამჭერები, გაერთიანების მსურველები გამოუჩნდებიან. ჩვენი მხრივ, გპირდებით, რომ ყოველი კონკრეტული პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქმის კურსში ჩაგაყენებთ და მოვისმენთ თქვენგან საქმიან შენიშვნებს, რჩევებს...”