ისტორია : FC BARCELONA Mes Que Un Club

1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს გამპერმა თავის რამდენიმე ენთუზიასტ მეგობართან ერთად
საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” დაარსება გადაწყვიტა.
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მომავალ გრანდს ჩაუყრიდა საფუძველს.
გავიდა დრო და ”ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბად იქცა.
მის ისტორიაში მრავლად იყო წარმატებები და დაღმასვლები, მაგრამ ”ბარსას” ყოველთვის
შეეძლო დაეკვეხნა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სიყვარულით.


-----------------------------------------
პირველი ნაბიჯები და წარმატებები-----------------------------------------

ჰანს გამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში. მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა. მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი გუალტერი უაილდი აირჩიეს,რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა.

საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ”ბაზელის” ფერები გახლავთ, რომელშიც თავის დროზე გამპერი თამაშობდა, ყვითელ-წითელი კი - ეგრეთ წოდებული "Senyera" - კატალონიის დროშის ფერებია. გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს, რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.

თავისი პირველი მატჩი ”ბარსელონამ” 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
1902 წელს ”ბარსამ” პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაიას თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად ”ბარსელონა” სასტუმრო ”კაზანოვას” მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera d'horta -ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა. 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა ”ბარსელონას” პირველი საკუთარი სტადიონი -6 ათას მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორ იარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.

1910 წელს გადაწყვიტეს, რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ”ბარსელონას” ემბლემად რჩება.
იმავე წელს ”ბარსამ” პირველად მოიგო ესპანეთის თასი, კლუბის წევრთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას - 560 ადამიანს მიაღწია.

-----------------------------------------
ესპანეთზე ბატონობა და დაობლება-----------------------------------------
1919-1929 წლები ”ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ. მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარე რიკარდო სამორა (მოგვიანებით იგი ”რეალში” გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი მოჰყვა როგორიც ლუიშ ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა, სამიტიერი და სესემუნაგი.
1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის Les Corts-ის გახსნის მატჩში ”ბარსელონამ” შოტლანდიური ”სენტ-მირენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა,მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა მალე გაორმაგდა. კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ,
1929 წელს ”ბარსელონამ” თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა. იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ”ნასიონალიდან” კატალონიურ კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა.თუმცა დიდ გამაჯვებებს ”ბარსელონა” ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა.
1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩის წინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს, რის გამოც მთავრობამ სტადიონი 6 თვით დაკეტა და გამპერი კლუბის მმართველი დირექტორის პოსტიდან გადააყენა. მან საყვარელ ”ბარსასთან” განშორება ვერ აიტანა, მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. (30.07.1930)
-----------------------------------------
ფრანკოსთან მებრძოლნი-----------------------------------------

30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და ”ბარსელონას" მძიმე დროება დაუდგა. კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა.
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი. ამ პერიოდში გუნდი ჩრდილო-ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა, რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა, მაგრამ მოთამაშეთა ნახევრის მექსიკასა და საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა.
1938 წელს, კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ, პროვინციის სიმბოლო ”ბარსელონა” უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. კლუბის წევრთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა(4000-მდე). 1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა ფრანკოს რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო, რომელმაც ”ბარსას” სახელი და გერბი შეუცვალა. (კლუბს ახალი სახელი "Club de Futbol Barcelona" 1973 წლამდე შემორჩა). თუმცა "ბარსამ" გაჭირვებას მალე დააღწია თავი.
40-იანი წლების დასაწყისში ”ბარსელონამ” თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები. 1942 წელს ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ”ბარსას” და ”რეალის” გზები გადაიკვეთა.
ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა, თუ შემდეგ ეტაპზე ”რეალი” არ გავიდოდა.
შედეგად, მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა, ორი წლის შემდეგ კი ფრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა. ამ დროისათვის 50 წლის ”ბარსელონა” კატალონიის 21, ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9 გზის ჩემპიონი გახლდათ.
-----------------------------------------
საერთაშორისო აღიარება-----------------------------------------
1950 წელს ”ბარსელონაში” ლადისლაო კუბალას მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურჯ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს.
1953 წლის სეზონის ბოლოს ”ბარსელონამ” არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდის ”რეალ”-თან წააგო, რასაც ქომაგთა უკმაყოფილება და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა. მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა და 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ”ბარსას” ამჟამინდელი სტადიონი ”კამპ ნოუ”, რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა. მისი გახსნის მატჩზე ”ბარსელონამ” პოლონური ”ლეგია” ანგარიშით 4:2 დაამარცხა, ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა. მის გარდა მაშინდელი ”ბარსას” ღირსებას იცავდნენ კოჩიში, ციბორი
ევარისტო, კუბალა და სუერესი. მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ”ბარსელონამ” თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი -ბაზრობათა თასი- მოიგო. ორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთხელ გაიმეორა.
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა. ”ბარსამ” 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო. მანამ სანამ ბაზრობათა თასზე, რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა, არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

-----------------------------------------
კრუიფის დიდი ბარსა-----------------------------------------
1973 წელს ”ბარსელონაში” ”მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი მოვიდა, რომელიც ”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ”ბარსამ” უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა.
1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ”ფორტუნას” სძლიეს. ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა, როდესაც ფინალში ლიეჟის ”სტანდარტი” დაამარცხა. იმავე 1982 წელს ”კამპ ნოუს” იოანე პავლე მეორე ეწვია, რომელიც კლუბის საპატიო წევრი გახდა. გუნდში კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა. ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა. 1989 წელს ფინალში გენუის ”სამპდორიას” ძლევით ლურჯ-ბროწეულისფერებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს. 1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი ”ბარსელონამ” 1992 წელს მოიგო. 20 მაისს ლეგენდარულ ”უემბლიზე” გამართული ფინალის 112-ე წუთზე
რონალდ კუმანის ყუმბარისებური დარტყმის წყალობით კრუიფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ”სამპდორია” დაამარცხა. იმ დროს ბარსელონას ღირსებას იცავდნენ: სუბისარეტა, ფერერი, ნანდო, გუარდიოლა, კუმანი, ჰანს კარლოსი, ბაკერო, სალინასი, სტოიჩკოვი, მიქაელ ლაუდრუპი.
იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ”ბარსელონა” ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ”ბენფიკასთავნ” 2:3 ხოლო 1986 წელს ბუქარესტის ”სტიაუასთან” პენალტებში დამარცხდა. 1994 წელს ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ გავიდა, მაგრამ ”მილანთან” 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ”ბარსელნას” ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით 1991-1994 წლებში ”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს ”კამპ ნოუზე” მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა-ქვაზე არ დატოვა და 5:0 გაანადგურა სამეფო გუნდი(რომარიომ ჰეთ-თრიკი შეასრულა).
ლაპორტას ხანის დასაწყისი, რაიკარდის ბარსელონა =================================================
ჟოან გასპარის მმართველობის უსახელო პერიოდის შემდეგ კლუბის სათავეში ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი მოვიდა, რომელმაც "ბარსას" ძველი დიდება დაუბრუნა. ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილი იურისტი ჟოან ლაპორტა, თავის მეგობრებთან - სანდრო როსელთან და ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ ჩიკი ბეგირისტაინთან ერთად 2003 წლის არჩევნების გამარჯვებული გახდა. მათთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი, 80-90 წლების ჰოლანდიელი ვარსკვლავი ფრანკ რაიკარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელები - რონალდინიო, ეტო'ო და დეკო. გუნდში ჩაირიცხნენ გამოცდილი მოთამაშეებიც - ჰენრიკ ლარსონი, ლუდოვიკ ჟიული, რაფაელ მარკესი, ჟულიანო ბელეტი და სილვინიო. ახალწვეულებთან ერთად ბარსელონაში უკვე იყვნენ კლუბის აღზრდილი მაღალი კლასის ფეხბურთელეები - კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ვიქტორ ვალდესი და ამ ფეხბურთელების ერთ გუნდში თავმოყრა ბარსას მომავალი წარმატებების საწინდარი გახდა.
ოდნავ მძიმე დასაწყისის შემდეგ, ფრანკ რაიკარმა გუნდისგან მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა და 2003/04 წლების სეზონი ჩემპიონატში მე-2 ადგილზე დაასრულა, ხოლო ტურნირის მეორე წრეში კი სულაც საუკეთესო შედეგები აჩვენა. დასაწყისში "კამპ ნოუზე" რეალთან 20 წლიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, სეზონი "ბერნაბეუზე" ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
2004/05 წლების სეზონში კი "ბარსა" უკვე უძლეველ გუნდად იქცა. კლუბმა მოიგო იმ სეზონის ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო წამყვანი ფეხბურთელები - რონალდინიო და ეტო'ო FIFA-ს წლის საუკეთესოთა სამეულში მოხვდნენ. იმ სეზონში ჰქონდა გუნდში ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს ლიონელ მესის.
2005/06 სეზონში ბარსელონამ ესპანეთში წინა წლის წარმატებები გაიმეორა. სეზონის კულმინაცია "ბერნაბეუზე" შედგა, სადაც ფრანკ რაიკარდი გახდა ბარსას ისტორიაში პირველი მწვრთნელი, ვინც მადრიდში რეალს ორჯერ მოუგო. რონალდინიოს მეთაურობით ბარსელონამ 0:3 გაიმარჯვა და ბრაზილიელი "ჯადოქარი" კი მადრიდელმა პუბლიკამ სულაც ტაშით დააჯილდოვა. დიდებული სეზონი ბარსამ დიდებულად დაამთავრა. პარიზის ფინალში გამარჯვებით კლუბმა მეორედ მოიგო ევროპის საუკეთესოს ტიტული. ფინალი დრამატულად განვითარდა. მატჩის 75-ე წუთამდა ბარსა თავის თავს არ ჰგავდა, თუმცა ბოლო 15 წუთში ჰენრიკ ლარსონის 2 პასითა და ეტო'ოს და ბელეტის გოლებით ბარსელონამ მაინც გატეხა 10 ფეხბურთელით მოთამაშე ლონდონის "არსენალი", რომელსაც იმ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული.
2006/07 წლების სეზონიც ბარსელონამ ფავორიტის რანგში დაიწყო, მაგრამ უტიტულოდ დაასრულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაში გუნდის "მარკეტინგული მოგზაურობები" დაადანაშაულეს. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა, რონალდინიოს სპორტული ფორმის პრობლემებმა თავისი შედეგი მოიტანა. ბარსამ ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატიც კი დათმო, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა ამ სეზონში სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი მოვლენებიც მოხდა. დაიწყო ლიონელ მესის სვლა ვარსკვლავობისკენ და არგენტინელმა გულშემატკივრებს კლასიკოში შესრულებული ჰეთ-თრიკი და ხეტაფესთან გატანილი ულამაზესი გოლი აჩუქა.
2007/08 სეზონი ფრანკ რაიკარდისთვის უკანასკნელი გამოდგა. მან თავისი თანამემამულე იოჰან კრუიფის მსგავსად ზედიზედ 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა კლუბი. ჩემპიონატი ბარსამ მხოლოდ მე-3 ადგლზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე კი 1/2 ფინალები ითამაშა, მაგრამ ორივე ტურნირზე მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდა. სეზონის მიწურულს, მადრიდში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ(4-1), კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა რომ 2008 წლის ივნისიდან ფრანკ რაიკარდს "ბარსა B"-ს მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შეცვლიდა.
გუარდიოლა და ტრიპლეტი=================================================

მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას, მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი, ხოსეპ (პეპ) გუარდიოლა მოიწვიეს. გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ "ბარსელონა ბ-ს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა, ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა. გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ, დეკუმ, ედმილსონმა და რონალდინიომ. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას. დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდუ კეიტაზე, ხერარდ პიკეზე, მარტინ კასერსზე, დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე.
სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო. გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა, შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო. ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ ბარსამ მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით. წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი. 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია "კოპა დელ რეის ფინალამდე", სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ). ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა (უშუალო კონკურენტის, რეალის დამარცხების შემდეგ). მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და რეალის გულშემატკივრებს მისცა იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღდგა, მაგრამ ისევ და ისევ რეალთან, ლეგენდარული მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ბარსელონამ დაამტკიცა, რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ, ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. სამეფო თასის მოგების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა. ამ შედეგმა ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში, მეორე გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა. ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დასძლია ჯგუფური ეტაპი, შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად, მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი. ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო. 21-ე საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა გადაწყვეტილიყო. ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა. დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა, ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის. დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა. 27 მაისს, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო. ისევე როგორც წინა ორ ტურნირში, გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას, რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად, ბარსამ თავისი პირველივე შეტევა გოლით დაასრულა, უფრო კონკრეტულად კი ეს ტრავმიანი ფეხით მოთამაშე ინიესტას პასის შემდეგ სამუელ ეტო'ომ შესძლო. კამერუნელმა 2006 წლის პარიზის ფინალის მიღწეა გაიმეორა. ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხეს ბარსას დაცვას, კარლეს პუიოლის და ჟერარ პიკეს მეთაურობით. სამაგიეროდ "დაბალმა" ლეო მესიმ მანჩესტერის კარში მეორე გოლი თავით გატიანა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს, ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო. საკამათოა, მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.
ზღაპრული 2009 წელი გვარდიოლას გუნდისთვის ამით არ დასრულებულა. 2009/10 წლების სეზონის სტარტზე ბარსამ ესპანეთის სუპერთასი მოიგო, დაამარცხა რა ბილბაოს "ატლეტიკი" ორი შეხვედრის ჯამური ანგარიშთ 5:1. სეზონის პირველ ტიტულს მალე მეორეც მოჰყვა. მონაკოს ლუი მეორის სახელობის სტადიონზე "ბარსელონამ" უეფას თასის წინა სეზონის გამარჯვებული, დონეცკის "შახტარი" დამატებით დროში, ანგარიშთ 1-0 დაამარცხა და ევროპის სუპერთასიც დაისაკუთრა. გამარჯვების გოლის ავტორი, 2009/10 წლების ნამდვილი აღმოჩენა, ახალგაზრდა, კანარის კუნძულელი პედრო როდრიგესი გახდა. პედრომ ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს ატლეტიკსაც გაუტანა ერთი გოლი, თუმცა არც ეს იკმარა და 2009 წლის მიწურულს ბარსას მე-6 ტიტულის მოგებაშიც დაეხმარა, რაც ყველა დროის რეკორდია ევროპულ ფეხბურთში. ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ბარსელონამ სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი, არგენტინული ესტუდიანტესი დრამატულ მატჩში დაამარცხა. არგენტინელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ, მაგრამ პედრომ 89-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში ლეო მესიმ მკერდით ისტორიული გოლი გაიტანა. დაჯილდოვების ცერემონიაზე მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ბედნიერებისგან აცრემლებულ პეპ გვარდიოლას, რომელმაც უნიკალურ შედეგს მიაღწია - მოიგო ყველა ტიტული, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ბარსამ კი 2009 წლის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტული ოფიციალურად მიიღო.
გუარდიოლას მეორე და ლაპორტას ბოლო სეზონი=================================================

2 სეზონი - 2 ჩემპიონობა. 2010 წლის 16 მაისს ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ღირსეული ჩემპიონობა მოიპოვა და პეპ გუარდიოლა ამ შედეგით გაუთანაბრდა ცნობილ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მართალია, 2009/10 წლების სეზონი ისეთივე წარმატებული არ გამოდგა, როგორც წინა, მაგრამ გუარდიოლას გუნდისთვის ის მაინც ტრიუმფით დასრულდა. მანამდე კი ბარსელონა 2008/09 წლის სეზონში მოგებულ პირველ თასს ყველაზე ადრე გამოემშვიდობა, დამარცხდა რა სევილიასთან ესპანეთის თასის 1/4 ფინალში. კლუბმა ვერც საოცნებო მადრიდულ ფინალს მიაღწია, რისთვისაც მხოლოდ 1 გოლი დააკლდა. ბარსა ჩემპიონთა ლიგას 1/2 ფინალში ინტერმა გამოთიშა(1:3, 1:0). მაგრამ ეს ევროსეზონი მაინც შევა ბარსას ისტორიაში, რამდენიმე ეპიზოდის გამო. განსაკუთრებით ტურნირის 1/4 ფინალში ლონდონის არსენალთან ორივე მატჩში მომხდარი მოვლენებით ბარსამ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. პირველი მატჩის საწყის 45 წუთში ნაჩვენებმა თამაშმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გუარდიოლას გუნდი ფლობდა უზარმაზარ უპირატესობას და თამაშობდა სანახაობრივ ფეხბურთს. ამ მატჩიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი სპეციალისტები და დიდი ავტორიტეტის მქონე პირები, როგორიცაა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. 1/4 ფინალის სერიის განმეორებით მატჩში კი უკვე მესის სოლო გამოსვლის დრო დადგა. არგენტინელმა 4 გოლი გაიტანა ლონდონელების კარში და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს რომ საუკეთესოა. ლიგაზე განცდილი იმადგაცრუების მიუხედავად, სეზონი კლუბისთვის მაინც დადებითად დასრულდა. ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი ბოლო 20 წლის განმავლობაში მეათედ გახდა. ბარსამ ხანგრძლივ 38 მატჩიან ტურნირში ქულების სარეკორდო რაოდენობა მოაგროვა(99) და სამი ქულით გაასწრო მადრიდის რეალს, რომელიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში არ ნებდებოდა და თავის მხრივაც რეკორდული შედეგები აჩვენა. თუმცა ბარსა დამსახურებულად გახდა ესპანეთის ჩემპიონი, რადგან მადრიდელები სეზონის ორივე შეხვედრაში დაამარცხა (1:0 და 2:0), გარდა ამისა თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და 38 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო. ბარსას მიერ მოპოვებული 99 ქულა ევროპული ფეხბურთის რეკორდიც გახლავთ. წინა რეკორდი იტალიის ჩემპიონ მილანის ინტერს ეკუთვნოდა 97 ქულით. ქულების გარდა "Pep Team"-მა რეკორდი დაამყარა მოგებული თამაშების რაოდენობაშიც - 31(რეალთან ერთად). გუნდური წარმატების გარდა ინდივიდუალური ტიტულებიც ბარსას ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ვიქტორ ვალდესმა კარიერაში მესამედ მოიგო "Zamora"-ს პრიზი, გაუშვა რა ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები - 24 გოლი და ამასთანავე 38 შეხვედრიდან 20-ში კარი მშრალად შეინახა. ხოლო ლიონელ მესიმ კვლავ გაზარდა თავისი გოლეადორული მაჩვენებელი და ჩემპიონატი 34 გოლით დაასრულა, რითაც გაიმეორა 1997 წლის სეზონში ბრაზილიელი რონალდოს მიერ ნაჩვენები შედეგი. ამასთან, ლეოს 34 გოლის გასატანად უფრო ნაკლები თამაში, წუთი და პენალტი დასჭირდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორივე "დიდი" ტურნირის - ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.(შესაბამისად 34 და 8 გოლით). "ლა ლიგის" ბოლო ტურის შეხვედრას ვალიადოლიდთან (4:0) ნოუ კამპის "VIP ლოჟიდან" უკანასკნელად ადევნებდა თვალს ჟოან ლაპორტა, რომლესაც პრეზიდენტობის მანდატი დაუსრულდა და ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ არ ჰქონდა არჩევნებში მესამედ მონაწილეობის უფლება. მისი 7 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბარსამ 12 ტიტული მოიპოვა (ესპანეთის ჩემპიონატი-4, ესპანეთის სუპერთასი-3, ჩემპიონთა ლიგა-2, უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). სპორტული წარმატებების გარდა, ჟოან ლაპორტამ საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ეკონომიურადაც ერთერთ უმძლავრეს კლუბად აქცია და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებით მსოფლიოში ბარსას იმიჯის ამაღლებასაც შეუწყო ხელი.
საბოლოო ჯამში, ბარსამ 2008/09 წლების სეზონში მოგებული ტრიპლეტის შემდეგ 2009/10 -ში უკვე პოკერი შეასრულა.(ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). სეზონის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ ბარსელონას ფეხბურთელებმა სპეციალურად მომზადებული მაისურები ჩაიცვეს, რომელზეც კატალონიურად ეწერა სიტყვები: "No pensis en una temporada, pensa en la història". (არ იფიქრო მხოლოდ ერთ სეზონზე, იფიქრე ისტორიაზე.)