დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა: „უახლოეს პერიოდში "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" "შეფიცულთა რაზმები" ამოქმედდება. როგორც "პირველს" "სახალხო კრების" პრეს-სამსახურიდან აცნობეს, "შეფიცულთა" ჯგუფს გია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს.
"შეფიცულთა რაზმები" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება, მათ მიზანს კი "ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის აღკვეთა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება" წარმოადგენს“. - ( „პირველი“, 2011 წლის 7 მარტი)
ფანტაზიის მოშველიება დაგვჭირდება იმის წარმოსადგენად, რა რეაქცია ექნებოდა უდიდეს პატრიოტს, ნამდვილ „შეფიცულთა რაზმის“ ლიდერს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ერთი წამით რომ მამადავითიდან გადმოახედა და ენახა, რა მემკვიდრე ჰყავს თანამედროვე „შეფიცულების“ სახით, მაგრამ დღეს ფანტაზია გვერდზე გადავდოთ და გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქაქუცას „შეფიცულთა რაზმი“ და მერე იმასაც გადავავლოთ თვალი, როგორ მივიდა „სახალხო კრება“ თანამედროვე „შეფიცულებამდე“. ამ ორ, სახელით იდენტურ და სულისკვეთებით განსხვავებულ შენაერთს შორის განსხვავებასაც სწორედ ამ პარალელებში აღმოვაჩენთ.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3527 * * *
სხვათა შორის, „სახალხო კრებაში“ ხშირად აცხადებენ, რომ ეს რაზმები არ არის ფიზიკური ძალის გამოყენებაზე ორიენტირებული და, მით უმეტეს, შეიარაღებული ფორმირება, აქედან გამომდინარე, თითქოსდა მათი შედარება ქაქუცას შეიარაღებულ რაზმებთან და „მხედრიონთან“ ხელისუფლების მიერ შეთხზული მითია.
თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „სახალხო კრების“ ლიდერებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ თავიანთი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოთქმები ამ თემასთან დაკავშირებით და, მინიმუმ, იმაზე მაინც უნდა იზრუნონ, რომ მათი და „კრების“ ლიდერთა პოზიციები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდეს. არადა, განსხვავება რომ თვალშისაცემია, თუნდაც, „სახალხო კრების“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერის, ნუგზარ გველესიანის ამ ინტერვიუდანაც ცხადია:
„ - საზოგადოებამ უკვე იცის, რომ „სახალხო კრების“ ფარგლებში ჩვენ ვქმნით „შეფიცულთა რაზმებს“, რომელნიც მოქმედებენ საკუთარი წესდების შესაბამისად. რაზმებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს კრების ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე.
ქალაქში ჩვენ უკვე გვყავს 50-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელნიც ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად იმოქმედებენ. ’’შეფიცულთა’’ ძირითადი ფუნქცია იქნება ხელისუფლების ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე ადექვატური, კონსტიტუციური და კანონიერი პასუხის გაცემა.
გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, ამ ახალგაზრდების შერჩევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ისინი გაივლიან სერიოზულ მომზადებას და ამაში პირველ რიგში, იგულისხმება მომზადება სამართლებრივი კუთხით, რადგან ვიცით, თუ რა პროვოკაციებია მოსალოდნელი.
- თავად სახელწოდება ’’შეფიცულთა რაზმი’’ სხვადასხვა ასოციაციებს იწვევს. ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ’’ადექვატურ რეაგირებაში’’ ხომ არ გულისხმობთ წინააღმდეგობის გაწევას ფიზიკური ფორმებით?
- ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც 2009 წლის აქციების შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში აღმოჩნდნენ იმ დანაშაულთა გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. გამოცდილება გვკარნახობს, რომ თავი დავიცვათ და ამისათვის შესაძლოა, ფიზიკური ძალის გამოყენებაც იყოს საჭირო, რათა წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას.“ - („რუსთავის ამბები“, 2011 წლის 1 მარტი.