licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43739
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07
|
#24526851 · 18 Mar 2011, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | http://www.liberali.ge/sakhli-gzis-piras |
სახლი გზის პირას პრეზიდენტის ბრძანებულებით ადლიის დასახლების მცხოვრებთ, ექსპროპრიაციის წესით, საცხოვრებელი კარ-მიდამო ჩამოართვეს, რადგან ამ ადგილზე ბათუმის ცენტრის აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი ტრასა უნდა გაეყვანათ. სახლ-კარი ეკატერინე ნინიძესაც ამ მიზეზით დაუნგრიეს, თუმცა ახლად აშენებულ ტრასას მის ნასახლარზე არ გაუვლია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ, ნინიძე ჩივილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებს.
ეკატერინე ნინიძე მის დანგრეულ სახლთან
ადლიის დასახლებაში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისთვის ბათუმის მერიამ საქართველოს პრეზიდენტს სამჯერ მიმართა. ყოველი მიმართვისას საექსპროპრიაციო ტერიტორიების რიცხვი იზრდებოდა. შესაბამისად, პრეზიდენტმაც სამი ბრძანებულება გამოსცა, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ფუტკარაძემ 2010 წლის 2 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე დაამტკიცა და 38 ოჯახის ქონების ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმის მერიას მიენიჭა.
ყოფილი მესაკუთრეები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მათ არაფერი იცოდნენ. საბოლოოდ, საკუთრების დათმობა 38 ოჯახს მოუწია. ბათუმის მერიამ მათ სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე 67 ლარი შესთავაზა, რაც ჩამორთმეული ქონების რეალურ ფასს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და იძულებით დათანხმდნენ.
იაშა ვარდმანიძე, ადლიის ყოფილი მკვიდრი: "ვისთან გაგვესაჩივრებინა? სამართალს ვერსად ვიპოვნიდით, სასამართლო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერაფერს გადაწყვეტდა."
ავთანდილ ფაღავა, ადლიის ყოფილი მკვიდრი: "არარეალურ ფასს გვთავაზობდნენ. აბუჩად აგვიგდეს. ზღვიდან 50 მეტრში ვცხოვრობდი და კვადრატული მეტრზე 67 ლარს მიხდიან, ეს ნორმალურია?! კი ბატონო, რაკი მთავრობას სჭირდება, დავტოვეთ ჩვენს საცხოვრებლები, მაგრამ რეალური ფასი გადაეხადათ."
"უკმაყოფილო ვარ, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. ჩვენი სახლების ადგილას მარტო გზას კი არ გაიყვანენ, ბულვარს გააშენებენ და მერე ამ ტერიტორიას ძალიან ძვირად გაყიდიან", _ ამბობს ვადიმ პრიჟელუცკი.
მოსახლეობისაგან განსხვავებით, შეთავაზებულ კომპენსაციას ბათუმის მერია სარფიანად მიიჩნევს.
ადლიის დასახლება ბათუმში, სანაპირო ზოლზე, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მდებარეობს. დასახლების ქალაქთან შემოერთება გასულ წელს გადაწყდა და 2009 წლის 30 იანვრის ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, ადლია ბათუმის ნაწილი გახდა. წინა მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, "ლეიბორისტი" დავით რობაქიძე ამბობს, რომ "ადლიის" დასახლება, ანუ ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქ მერიამ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მიზანმიმართულად შეიყვანა და შესაბამისად, მიწის ფასიც 61 ლარამდე დასწია. ფასებს შორის სხვაობა კი ასეთია: ცენტრალური ზონის პირველ ქვეზონაში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი 405 ლარია, პერიფერიული ზონის პირველ ქვეზონაში, რომელშიც ადლია შეიყვანეს _ 61.2 ლარი."
კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, რამდენჯერმე აქცია გამართა. მათ პრეზიდენტს წერილობით დახმარებაც თხოვეს:
"..ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს. მოსახლეობასთან ე.წ. მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი საკუთრების უდიდესი ნაწილი მერიამ იძულების წესით თავის სახელზე დაირეგისტრირა, ანუ უკვე ჩამოგვართვა, არადა, საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გვპირდებოდნენ.
მერიის წარმომადგენლები ჩვენ მიერ ერთხელ უკვე გაპროტესტებული აუდიტის დასკვნას გვიჩვენებენ და არ უნდათ გაიგონ, რომ ჩვენი ქონება გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მათთვის სასურველი აუდიტის დასკვნაშია ნაჩვენები,"_ წერია მოსახლეობის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2010 წლის 15 თებერვლიდან ბათუმის მერია ადლიაში მცხოვრები ოჯახების ქონების მესაკუთრე გახდა. მესაკუთრეებმა ამის თაობაზეც მოგვიანებით გაიგეს.
ნინიძის საქმე
ადლიაში ეკატერინე ნინიძის ოჯახი თითქმის 200 წელია, ცხოვრობს. ის წარმოშობით უკრაინელია და ქონებაც მამისგან დარჩა. ეკატერინეს წინაპრებმა, კორობკინების ოჯახმა ადლიის ამ ნაწილში, სახლი მესამედ ააშენეს. მანამდე მათი კუთვნილი, დაახლოებით 1200 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლი ზღვამ მიიტაცა. ამჟამად ტერიტორია, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, 1 902 კვ.მეტრს შეადგენდა; მათ შორის, 290 კვ.მეტრი საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებს ეჭირა. 2009 წლის 15 თებერვლის საჯარო რეესტრის მონაცემებში შესული ცვლილებით, ამ ქონებას ბათუმის მერია დაეპატრონა. ამის შესახებ ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ბათუმის მერიამ მასთან საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე მოლაპარაკება დაიწყო.
ნინიძის ოჯახი ერთ-ერთია, ვინც სახელმწიფოსგან შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობას - 1 კვ/მ-ზე - 67 ლარს არ დათანხმდა. ოჯახმა ქონება დამოუკიდებელ აუდიტს, ზვიად ბოლქვაძეს შეაფასებინა, რომლის მიხედვითაც, ეკატერინე ნინიძის ქონება - მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, აგრეთვე, მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნარგავების ღირებულება ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტია (5 066 990 ლარი).
ეკატერინე ნინიძის მეუღლე, კანო ნინიძე აცხადებს, რომ კომპენსაციის თაობაზე უშუალოდ ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე მოელაპარაკა და შეთანხმდნენ: სანაცვლოდ მერია ადლიაში სხვა უფრო პატარა ნაკვეთს გამოუყოფდა და იმავე მოცულობის სახლს აუშენებდნენ, რაც ჰქონდათ.
კანო ნინიძე: "შევთანხმდით, მაგრამ მერმა დანაპირები არ შეასრულა. ბულდოზერით მოვიდნენ, სახლი და სხვა შენობა-ნაგებობები მიწასთან გაასწორეს და საკუთრება ბარბაროსულად წაგვართვეს."
2010 წლის 9 აგვისტოს, ნინიძის სახლის დანგრევას პოლიციის და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მერიის მიერ მოყვანილმა მუშების ერთმა ნაწილმა სახლიდან ნივთების გამოტანაზე უარი თქვა: "საკუთარი სახლიდან ხალხის გამოსახლებისათვის, რაც უნდა გადაგვიხადოთ, მაინც ვერ ვიმუშავებთო". ზედამხედველობის სამსახურმა ამის გამო სხვა მუშები დაიქირავა.
სახლის დანგრევის შემდეგ, ეკატერინე მანდარინის ხეების ბაღში "გადასახლდა". ღამით ჰამაკში ეძინა. იქვე, პატარა მაგიდაზე წამლები და ჭურჭელი ელაგა, გვერდით კი ცეცხლზე სადილს იმზადებდა.
"ჩემი ცხოვრება აქ გავატარე. აქ დავიბადე და გავიზარდე. არ ვაპირებ აქედან სადმე წასვლას - აქ არის ჩემი საცხოვრებელი. მობრძანდნენ პრეზიდენტი სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე, ამიხსნან, ასე უკანონოდ რატომ მოგვექცნენ?"
ნინიძის წარმომადგენელი ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს, კერძოდ, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს: "ამ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ჩემს მარწმუნებელ ეკატერინე ნინიძეს ჩამოერთვა საკუთრების უფლება და არც ის, რომ მისი ქონება მერიის საკუთრებაში გადავიდა. თავის მხრივ, არც საჯარო რეესტრს ჰქონდა უფლებამოსილება, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაერეგისტრირებინა ქონება ბათუმის მერიისთვის. შემდეგ მერიის წარმომადგენლები მივიდნენ უკვე ყოფილ მესაკუთრეებთან, მიუტანეს საჯარო რეესტრის ამონაწერი და უთხრეს: სადაც ცხოვრობ, შენი კი არა, ჩემია. ეს ძალადობაა, რასაც "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად კრძალავს."
ადლიის ტერიტორიის ექსპროპრიაციის საკითხს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე კურირებდა. "საჯარო რეესტრის ამონაწერით მივიდოდი, იარაღით ხომ არ მივსულვარ და არ მითქვამს სახლებიდან გამოგყრით-მეთქი? ნინიძესთან ბათუმის მერიამ ექსპროპრიაცია დაასრულა. მოთხოვნის შემთხვევაში, რა კომპენსაციაც ეკუთვნის, იმას მიიღებს," - განმარტავს მახარაძე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის - იაგო ხვიჩიას - თქმით, "საჯარო რეესტრს რეგისტრაციის განხორციელების უფლებამოსილება ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება. ექსპროპრიაციის მთავარი მიზანია, რომ გადაწყვეტილება დროულად შესრულდეს. რაც შეეხება კომპენსაციას, მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოში იდავონ. საჯარო რეესტრი არის მარეგისტრირებელი ორგანო და მას აინტერესებს მხოლოდ უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლება". საჯარო რეესტრის ბათუმის სამსახურში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ რეგისტრირება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადაწყდა, რადგან აჭარაში მსგავსი ექსპროპრიაციის შემთხვევა მანამდე არ ჰქონიათ.
საბოლოოდ, ტრასა, რომლის გამოც ნინიძეს კარ-მიდამო ჩამოართვეს, მისი ეზოს მოშორებით გაიყვანეს. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ჯემალ ხიმშიაშვილის თქმით, ადლიის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისთვის დამატებითი ტერიტორია საჭირო არ არის: "გზა რაც გაყვანილია, იგივე დარჩება. უბრალოდ, ახლა ტროტუარები შეკეთდება".
მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე კი აცხადებს, რომ ნინიძის ტერიტორია აღნიშნული საავტომობილო გზისთვის საჭიროა: "ჯერ გზის გაყვანა არ დასრულებულა. ნინიძის ტერიტორია საჭიროა."
დღევანდელი მდგომარეობით, გაყვანილი გზიდან ნინიძის ეზომდე დაახლოებით 20 მეტრია. ძირითადად, ტროტუარებისთვის საჭირო ტერიტორია სიგანით 2-3 მეტრია. ამ შემთხვევაშიც კი, საავტომობილო გზასა და ნინიძის ყოფილ ეზომდე მანძილი, მინიმუმ, 15 მეტრი იქნებოდა.
"მერიამ ჩვენი საკუთრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კონკრეტულად კი - გზის გასაყვანად ჩამოგვართვა. გზიდან ჩვენს სახლამდე დაახლოებით, 20 მეტრია. ფაქტობრივად, ჩემი საკუთრების გამოყენების აუცილებლობა არც კი დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ თანახმა ვიყავით, 5, 6 ან 10 მეტრი ჩამოეჭრათ ჩვენი ეზოსთვის იმის გამო, რომ სახლი არ ჩამოერთვათ ან არ დაენგრიათ. თუმცა, ჩემი სახლის ადგილი, ალბათ, ბულვარის გასაგრძელებლად სჭირდებათ და მერე ამ ტერიტორიას ძალიან მაღალ ფასად გაასხვისებენ,"- ამბობს ეკატერინე ნინიძე.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და სასამართლო გადაწყვეტილებით.
"კანონით გათვალისწინებული შემთხვევა იყო ის, რომ მათ კარ-მიდამოზე საავტომობილო გზა უნდა გაეყვანათ, მაგრამ გზა სახლის და ეზოს გვერდზე გავიდა და ამდენად, ქონების ჩამორთმევის აუცილებლობა აღარ არსებობდა", - ამბობს ნინიძის ადვოკატი ირაკლი შავაძე.
მან ეს ფაქტი ახლადაღმოჩენილ გარემოებად ჩათვალა და ამ არგუმენტით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ჯუმბერ ბეჟანიძემ - მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 23 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ეს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას.
"ბათუმის საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და დაგვირღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე, უარი თქვა, განეხორციელებინა სასამართლო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე", - აცხადებს შავაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინიძეების კიდევ ერთი სარჩელია. ამ სარჩელით საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის #882010472100-03 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობას ითხოვენ. ეს სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც ეკატერინე ნინიძის ადლიის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ქალაქ ბათუმის მერია გახდა.
ბათუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართალმცოდნე ლევან ჯაყელი ამბობს, რომ "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონი" ბოლომდე სამართლიანი არ არის: "ეს არის კანონი, რომელიც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინტერესის გატარებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, არღვევს მესაკუთრის უფლებას. გერმანიაში ერთი ასეთი ფაქტი მოხდა, მთავარი საგზაო მაგისტრალის გაყვანისას ერთ-ერთმა მესაკუთრემ სახელმწიფოს არ მისცა თავისი სახლის აღების უფლება და დღემდე იქ გზა ამ ადამიანის სახლს გვერდს უვლის. გერმანიაში ასე მოხდა, ჩვენთან კი აი, ასე ხდება."
* ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია "მონიტორის" პროექტის ფარგლებში. ჟურნალისტური გამოძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
This post has been edited by licemer on 18 Mar 2011, 18:32
|