დასავლეთმა საქართველოს პატრიარქს ღიადაც შეუტია?
http://geworld.net/politics/1152.htmlშარშან, 29 დეკემბერს, როდესაც მომავალი წლის პოლიტიკურ პროგნოზს ვადგენდით, გამოვთქვი მოკრძალებული ვარაუდი, რომ წლის დასაწყისიდანვე გარკვეული ძალების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ სერიოზული შეტევა განხორციელდებოდა. 27 იანვარს “the National Interest”-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელიც გარკვეული რაკურსით შეიძლება განვიხილოთ, როგორც მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მზადება ამ სავარაუდო შეტევისთვის გადამწყვეტ სტადიაში შედის.
ერთი ციტატა, რომელიც წერილის შინაარსზე საკმაოდ მყარ შთაბეჭდილებას ქმნის: “პატრიარქმა პოლიტიკაშიც შეაბიჯა, მაგალითად, მან საქართველოს განათლების სადავო მინისტრი დიმიტრი შაშკინი გააკრიტიკა. რუსეთში, მიუხედავად მთელი მისი ძლევამოსილებისა, წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი მმართველ ელიტას საკვანძო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდეს. საქართველოში ახლა ეს შესაძლებელია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს აღმოაჩინა, რომ ჰყავს ერთი პოტენციური კრიტიკოსი, რომელიც თვით კრიტიკაზე მაღლა დგას” (აქ და შემდგომ “foreignpress.ge”-ს თარგმანი).
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ერთი პუბლიკაციაა, თუმცა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მისი ავტორი “კარნეგის ფონდის” ექსპერტი, “Institute for War & Peace Reporting”-ის ყოფილი დირექტორი თომას დე ვაალია. ამ ავტორის პუბლიკაციებსა და სააკაშვილის ქმედებებს შორის უცნაური ურთიერთკავშირი არაერთგზის დაფიქსირდა. მათ შორის გასული წლის სექტემბერში, როდესაც სააკაშვილის გამოსვლას გაეროში (“ერთიანი კავკასიის” იდეის გახმოვანებით) წინ უძღოდა დე ვაალის პუბლიკაცია “Foreign Policy”-ში; კავშირი ამ ორი ადამიანის მიერ გაჟღერებულ იდეებს შორის თვალშისაცემი იყო (თემა ვრცლად განხილულია “საქართველო და მსოფლიოს” 22 და 29 სექტემბრის ნომრებში).
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დე ვაალის ტექსტები სააკაშვილის შთაგონების წყაროა, ან კიდევ იმას, რომ დე ვაალი პირველი ახმიანებს მსოფლიო პოლიტიკის მაღალ წრეებში გაჟღერებულ იდეებს, თუმცა მივაქციოთ ყურადღება ერთ გარემოებას: დე ვაალის ბოლო წერილი “პატრიარქების გაზაფხული” თითქოს ისეა შედგენილი, რომ სააკაშვილზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს: მაგალითად, წერილის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ პატრიარქის “გამაოგნებელი რეიტინგი” ბევრად აღემატება სააკაშვილის რეიტინგს. შემდეგ ნათქვამია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ამ “ძლევამოსილ სიმბოლოსთან” (პატრიარქებთან საქართველოსა და რუსეთში. - ავტ.) “ასოცირება სჭირდებათ”, ხოლო პატრიარქები “ამ ვითარებას თავისი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად იყენებენ”. ამ ორ ფრაზას შორის ჩართულია უცნაური პასაჟი: “სააკაშვილი ტემპერამენტითა და შეხედულებებით შორსაა ორთოდოქსული ღვთისმოსაობისგან, მაგრამ ამასწინათ საჯაროდ გამოხატა პიეტეტი პატრიარქისადმი და მანამდე შვილის ნათლობაზე თანხმობა განაცხადა” (“No comment”, რომ იტყვიან).
დე ვაალი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების “სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ერთი რამ, რაც მათ გააკეთეს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობების დაცვაა”, თუმცა ორი პატრიარქისა და ორი ეკლესიის ურთიერთობის განხილვის შემდეგ მოდის შემდეგი ფრაზა: “მოსკოვის პატრიარქი “ახლო საზღვარგარეთში”, ალბათ, რუსეთის რბილი ძალის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია”. მთელი რიგი ადამიანებისთვის როგორც დასავლეთში, ისე საქართველოში (მათ შორის, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში) ეს საფრთხეზე მიმანიშნებელი სიგნალია.
მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო კუთხეში მიმწყვდეულ და, შესაბამისად, ძლიერ განერვიულებულ სააკაშვილს თითქოს ყურში ჩასჩურჩულებენ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც მასზე დიდი რეიტინგი და ავტორიტეტი გააჩნია, რომ ის პოლიტიკაში ერევა, რომ ის მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს რუსეთის ინტერესების მთავარ გამტარებელთან და, ამასთანავე, კრიტიკაზე მაღლა დგას. არადა, სააკაშვილი მკვეთრ და ნაკლებად ადეკვატურ ქმედებას მაშინაც იწყებდა, როდესაც წარმოსახვითი საფრთხე მისი ხელისუფლებისთვის გაცილებით ნაკლები იყო. საინტერესოა, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული პროვოკაცია?
რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ საქმე მხოლოდ დამთხვევასთან გვქონდეს და დე ვაალის პუბლიკაცია პატრიარქთან დაპირისპირებული ძალებისთვის არანაირ შენიღბულ გზავნილებს არ შეიცავდეს და არც სააკაშვილის “ამხედრებას” ისახავდეს მიზნად, თუმცა გარკვეული სიფრთხილე, ალბათ, მაინც გვმართებს; სიფრთხილეს, როგორც ცნობილია, თავი არ სტკივა.
დიმიტრი მონიავა
-----------------------------------------
http://geworld.net/politics/1152.html რომ წაიკითხავთ, თქვენ თუ გაიგებთ რამეს, იქნებ მეც გამაგებინოთ გთხოვთ...