#28596494 · 3 Dec 2011, 20:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბებია საწოლში იწვა. გასაოცარი იყო, რომ იწვა. არასდროს მინახავს დღისით დაწოლილი ბებია.იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა ავად იყო იჯდა.საწოლზე იჯდა, მაგრამ იჯდა!ახლა კი იწვა. ნაწნავად შეკრული გრძელი თმა აბურდვოდა. ჩემი ფეხის ხმაზე გაახილა თვალები, ოდესღაც ძალიან ლამაზი, მწვანე თვალები, ახლა გახუნებული, წყლისფერი... –მოხვედი, ბებია? გაიხარე და იცოცხლე ას წელიწადს შენს ქმარ–შვილში...–ხმადაბლა თქვა... –როგორ ხარ, ბებია–ბურთი გამეჩხირა ყელში. –შენი მტერია,მე რომ ვარ, ბებია...შენ იყავი კარგად...–ისევ დახუჭა თვალები.თავზე გადავუსვი ხელი. –რა გტკივა, ბებია?ექიმს მოგიყვან... –რას მიშველის ბებია, ექიმი... თამაზიკომ და მიშიკომ მომიყვანეს ქვეყნის ექიმები... აბდლებია სუყველა... სიკვდილთან ყველა აბდალია...წყალი დამალევინე, ბებია... მცხელა... თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე... –ბებია! გიშლის ეს თმა!ნახე, სულ გაოფლილხარ...შეგაჭრი... გამშრალი ტჩები ენით გაილოკა, ორივე ხელი ასწია და ნელა გაიქნია ჰაერში... –არა–ძლივს თქვა.–იქ, კარადაში, ჩემი რედიკიულია...შიგ შენთვის შეგროვებული ჩემი პენსიაა... აიღე, ბებია და ბავშვებს რამე უყიდე...ეგ რედიკიული, მიშას წერილები და სურათები თან ჩამატანე...სახეზე არ გადამხადო, ბებია! –კარგი, რა! ნუ ლაპარაკობ ეგრე.. –რასაც გეუბნები, ისე გააკეთე...–ტუჩები გაუშრა... წყალი დავალევინე... –არ მინდოდა ზამთარში სიკვდილი... შემცივდებოდა ცივ მიწაში...ლევანს დაუძახე. ლევანი შემოვიყვანე (ჩემი ქმარი). თავთან დაუჯდა. –შენ გადი, ბებია–მთლად გაპარვოდა ხმა... გამოვედი. ცოტა ხანში ლევანიც გამოვიდა. –რა გითხრა?–ვკითხე –შედი, გეძახის–არ მიპასუხა. ოთახში შევბრუნდი. ყველანი შემომყვნენ– მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა... თვალები დაეხუჭა ბებიას. თვალის კუთხეებში ცრემლები ჰქონდა... –დაგალევინო წყალი, ბებია?–ვკითხე –არა–ძლივს თქვა–მცხელა... რაღაც უნდა მეთქვა და... სისულელე დავახეთქე–შეგაჭრი მაგ თმას, ჰა? –ტუჩები უცნაურმა ღიმილმა დაუბრიცა, რაღაც თქვა–ვერ გავიგეთ.. –რა?–დავიხარე–გინდა რამე? –არ მომიხდება, ცა, არ მომიხდებააა!–მთელი ძალ–ღონის მოკრეფით თქვა.. "ალბათ ყველანი იდიოტები ვართ"–გავიფიქრე, როცა მივხვდი, რომ ყველანი, ბებიას ჩათვლით, ვიცინოდით. თან ვტიროდით... მეტი აღარც არაფერი ყოფილა... წავიდა...
|