forumeli64
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10
|
#24817144 · 5 Apr 2011, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა აშშ და დიდი ბრიტანეთი დაჟინებით ამბობდნენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია უკვე 2008 წლის შემოდგომაზე ფარულად რუსეთის ინტერესებს იცავდნენ
"2007 წელს, განსაკუთრებით კი პრეზიდენტად არჩევამდე, სარკოზის დამოკიდებულება რუსეთისადმი საკმაოდ მკაცრი იყო... საინტერესოა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ქვეყნის ხელმძღვანელი, ვინც სარკოზიმ მიიღო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ... 2008 წლიდან კი სარკოზი თითქოს შეცვალესო, ყოველნაირად ცდილობს პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას და ქვეყნის ხელისუფლებაში გზა გაუხსნა იმ ხალხს, ვინც არასდროს მალავდა რუსეთისადმი დიდ სიმპათიას... უცხოელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში თურმე სარკოზის პოზიციის შეცვლით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მას "ევროპაში რუსეთის საუკეთესო მეგობარს" უწოდებენ. რუსი დიპლომატები კულუარებში იმასაც აღიარებენ, რომ ევროკავშირის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე და რეალობას შეურიგდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (1-13 აპრილი, 2011) სტატიაში სათაურით საფრანგეთი კა-გე-ბეს არქივებში / NATO-ს ფრანგი პრესმდივანი კა-გე-ბეს აგენტი იყო.
"ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი პიროვნული თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ფარული მიდრეკილებები და სხვ. სპეცსამსახურების შესწავლის ობიექტია. თუნდაც რუსეთის სპეცსამსახურები ავიღოთ - მათი სპეციალური პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ანალიზის დანაყოფები სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს) პოლიტიკური მოღვაწეების ზუსტ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნიან... ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებში სხვა ქვეყნების ლიდერების ფსიქოპოლიტიკური პორტრეტების შედგენაზე არ მუშაობენ... ახლა კი კვლავ ნიკოლა სარკოზის დავუბრუნდეთ... საკმაოდ მძიმე ბავშვობამ, უმამობამ და არაფრანგულმა წარმოშობამ მომავალ პრეზიდენტში არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოშვა ("გოლიათური აღნაგობის" გარდა, ამ მიზეზის გამოც, ის ძალიან ჰგავს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს), რასაც თავად სარკოზიც არ მალავს... საგარეო საფრთხეებთან შედარებით პრიორიტეტულად შიდაპოლიტიკური ბრძოლის აღიარება საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის ტრადიციაა. 60-იან წლებში გენერალი შარლ დე გოლი საფრანგეთის სპეცსამსახურებს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნაში აცლიდა სიქას, ამ დროს კი მთელ ქვეყანაში გალაღებულად მოქმედებდნენ კა-გე-ბე და გე-ერ-უ", - აღნიშნავს გამოცემა და განაგრძობს:
"ნიკოლა სარკოზიზე კომპრომატების ძიება ჯერ კიდევ ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს დაიწყო... ირკვევა, რომ ჟაკ შირაკმა სრულიად საიდუმლო დავალება პირადად მისცა გენერალური დაზვერვის დირექტორ ივ ბერტრანს. სარკოზის ყველა შეხვედრა (მიუხედავად იმისა, პოლიტიკური და სამსახურებრივი იქნებოდა თუ პირადი) უმალვე ხდებოდა ცნობილი შირაკისთვის. საფრანგეთის დღევანდელ პრეზიდენტს არა მარტო უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, არამედ მის კაბინეტსა და სეიფს მალულად ჩხრეკდნენ. მხოლოდ საფრანგეთის ხელისუფლებაში მნიშვნელობით მეორე - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ აღმოაჩინა სარკოზიმ, რომ მისი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა (ამურული თავგადასავლები, პოლიტიკური გარიგებები თუ სხვა რამ) გულმოდგინედ აღინუსხებოდა მის უწყებაში. ამიტომაც იყო, რომ მინისტრად დანიშვნისთანავე ივ ბერტრანი სასწრაფოდ დაითხოვა სამსახურიდან. მას კი პირადი ჩანაწერები ჰქონია. ახლა კაცმა არ იცის, ვის ხელთაა ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერები თუ აგენტურული ცნობების ასლები".
სად იყრიდა თავს სარკოზიზე შეკრებილი კომპრომატები და ვის შეეძლო მათი ხელში ჩაგდება? დადასტურებით რაიმეს მტკიცება ძალიან ძნელია, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება სახეზეა... კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურს შეიძლებოდა ჩავარდნოდა ხელში კომპრომატები, საკმაოდ ლოგიკურ, თუმცა არაპირდაპირ პასუხს სულ ახლახან გამოქვეყნებული "ვიკილიქსის" მორიგი საიდუმლო დოკუმენტები იძლევა. ირკვევა, რომ 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში რუსეთის ინტერესებს ლობირებდნენ. "ვიკილიქსმა" 2008 წლის ნოემბერში სტოკჰოლმში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელ რობერტ სილვერმენსა და შვედ დიპლომატ იოჰან ფრისელს შორის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. შვედი დიპლომატის თქმით: "საფრანგეთმა შვედეთი და პოლონეთი დაარწმუნა, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში პოზიციები შეემსუბუქებინათ. საფრანგეთი "აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამის გაყინვით იმუქრებოდა, თუ შვედეთი და სხვა ქვეყნები რუსეთ-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლებას შეაფერხებდნენ და დაჟინებით მოითხოვდა, მოსკოვთან საქმე ისე დაეჭირათ, თითქოს არაფერი მომხდარა". ამ საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაშინ, როცა აშშ და დიდი ბრიტანეთი დაჟინებით აყენებდნენ საკითხს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და რუსული არმია იქიდან უნდა გავიდეს, საფრანგეთი, გერმანია და იტალია უკვე 2008 წლის შემოდგომაზე ფარულად რუსეთის ინტერესებს იცავდნენ", - ამგვარ დასკვნას აკეთებს სტატიის ავტორი.
This post has been edited by forumeli64 on 5 Apr 2011, 19:32
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|