aryamehr
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 189
წევრი No.: 151687
რეგისტრ.: 27-June 12
|
#32221678 · 21 Jul 2012, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სირია: ალავიტები და სუნიტები ხელისუფლებაში ბაშარ ალ–ასადის პრეზიდენტობის პერიოდში (2000–2005 წწ.).
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დაიკავა სახელმწიფოს თავმჯდომარეს სავარძელი 2000 წლის ივნისში. მისმა მამამ, ხაფეზ ალ–ასადმა გააკეთა ყველაფერი, რათა შეენარჩუნებინა მის მიერ შექმნილი ძალაუფლების კონსტრუქციის მექანიზმები. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხაფეზ ალ–ასადს, აშკარად არ ეყო ჯანმრთელობა და საკმარისი დრო, რათა მისი ვაჟის ირგვლივ შემოეკრიბა ერთგული ადამიანები.
დღეს, სირიაში, ხელისუფლების რეალური ბერკეტები კვლავ რჩება მმართველი ელიტის ხელში, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს – ალავიტებს. ზუსტად მათ მიეკუთვნება ასადების ოჯახი. მაგრამ ალავიტები არიან უმცირესობაში – ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ 12%. სხვათა შორის, ბაშარ ასადის მეუღლე – სუნიტია.
ერთი საინტერესო ფაქტი: სირიაში, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის პოსტი შეუძლია ეკუთვნოდეს მხოლოდ სუნიტს. მიუხედავად ამისა, ალავიტები თითქმის სრულად აკონტროლებენ მთავრობას, არმიის გენერალიტეტს, უკავიათ საკვანძო პოზიციები ეკონომიკის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ქვეყანას მართავს «არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია» («ბაას»), მის შიგნით ძალების წონადობა – ალავიტების სასარგებლოდაა.
ალავიტების მდგომარეობა, რომლებსაც უფრო ხშირად უწოდებენ – ნუსაირიტებს (სექტის დამფუძნებელი იყო მუჰამედ იბნ ნუსაირა, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მეორე ნახევარში), საშური არასოდეს ყოფილა. სუნიტური და შიიტური ორთოდოქსები აღიქვამდნენ მათ როგორც ერეთიკოსებს და უცხოელებს. დაძაბულობა ნუსაირიტებსა და სხვა თემებს შორის არსებობდა ყოველთვის. იგი არსებობს დღესაც...
ნუსაირიტების სწავლება აღსავსეა შიიტური, ქრისტიანული და პრეისლამური ასტრალური კულტების ელემენტებით. ალავიტები აღმერთებენ იესო ქრისტეს, ზეიმობენ ქრისტიანულ შობას და აღდგომას. ამავე დროს ნუსაირიტებმა შემოინახეს მზის, ვარსკვლავების და მთვარეს კულტი.
რა თქმა უნდა, ხაფეზ ასადის სამი ათწლეულის მმართველობის დროს, ნუსაირიტების მიმართ ღია მტრობის გამოხატვის და მიუღებლობის ფაქტები მკვეთრად შემცირდა, თუ არ გაქრა. მაგრამ 2011 წლიდან შიდაპოლიტიკური ვითარება დღითიდღე იძაბება. ხაფეზ ასადმა ალავიტებს მიანიჭა ფართო პრივილეგიები, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს სუნიტებს შორის. ბუნებრივია, რომ ეს ანტიპათია გაღვივდა ახალი პრეზიდენტის პერიოდში, და უფრო გაღვივდა «არაბული გაზაფხულის» დაწყებისთანავე.
მაგრამ ნუსაირიტების უმცირესობაში ყოფნა – არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც არ აძლევს ბაშარ ასადს მშვიდი ძილის საშუალებას. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა მისთვის არის მისი, როგორც პიროვნების ადგილი თავის თემში. საქმე იმაშია, რომ ნუსაირიტები იყოფებიან ორ არათანაბარ ჯგუფად. პრივილიგებული ჯგუფი «ხასსა» ("გაწევრიანებულნი") და ძირითადი მასა – «ამმა» ("არგაწევრიანებულნი"). პირველი ჯგუფი ფლობს წმინდა წიგნებს და სპეციალურ ცოდნას, რაც მათ აძლევს ძალაუფლებას მასებზე. მეორე ჯგუფი კი – შემსრულებლის როლშია.
სირიის ლიდერი თავის წარმოშიბით არასდროს ეკუთვნოდა «ხასსა»–ს, რომელის წევრობაც ყველა ნუსაირიტისათვის დიდი ოცნებაა. აქედან გამომდინარე, ბაშარ ასადმა არ უნდა დაივიწყოს როგორი დაბალი წარმოშობისაა იგი. და ყველა დანარჩენს (ალავიტების თემს) ასევე არ ავიწყდებათ ამის შესახებ.
მას შემდეგ რაც ბაშარ ასადმა დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი, მან ენერგიულად დაიწყო საკადრო ცვლილებები საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. დასავლური წყაროების მიხედვით, 2000 წლიდან 2004 წლამდე ბაშარმა შეცვალა დაახლოებით მაღალი თანამდებობის პირთა 15%. არა მხოლოდ სამოქალაქო ჩინოვნიკები, არამედ, უპირველეს ყოვლისა სამხედროები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არმიისა და სპეცსამსახურების უმაღლესი სამხედრო შემადგენლობის 90% ტრადიციულად შედგება ალავიტების უმცირესობის წარმომადგენლებისაგან. ასეთი სიტუაცია შეიქმნა სირიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების და გაძლიერების ეტაპზე ჯერ კიდევ ხაფეზ ასადის მმართველობის პირველივე წლებში. იგი ასეთივე დარჩა მომდევნო წლების მანძილზეც.
თუმცა, სირიის "ტახტზე" აღზევებამდე დიდი ხნით ადრე ბაშარმა აჩვენა თავისი ხასიათი. 1995 წ. მაისში მან დააკავა მოჰამედ დუბა. ეს ადამიანი დაიჭირეს ქვეყანაში მანქანების კონტრაბანდის გზით შემოყვანის და მათი შავ ბაზარზე გაყიდვის მცდელობაზე. ეს ამბავი არ გამოიწვევდა არანაირ ინტერესს, თუ არა ერთი რამ – დაკავებული პიროვნება იყო სირიის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირის შვილი – პრეზიდენტი ხაფეზ ალ–ასადის დაახლოებული პირი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი – გენერალი ალი დუბა, და ამავე დროს, როგორც გაირკვა დასავლელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მსხვილი ნარკობარონი. სინამდვილეში, ეს დაპატიმრება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონტრაბანდისტებისთვის დარტყმის მიყენებას, არამედ, პირველ რიგში გენერალ ალი დუბას და მის გარემოცვისთვის შემოსავლების წყაროს შევიწროებას, რათა ეკონომიკურად ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტობის პოსტზე შესაძლო ბრძოლისათვის. ეპიზოდმა მოჰამედ დუბასთან დაკავშირებით ნათლად აჩვენა, რომ ახალგაზრდა "ლომი" (ასე ითარგმნება არაბულად პრეზიდენტის სახელი) არა მხოლოდ იძენს პოლიტიკურ წონას, არამედ ტაქტიკურად იშორებს პოტენციურ კონკურენტებს.
იმავე წელს "ტახტის მემკვიდრემ" კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ხასიათი – ბაშარმა გაათავისუფლა სირიის სპეციალური ძალების სარდალის თაბამდებობიდან გენერალი ალი ჰეიდარი. მხოლოდ იმიტომ, რომ მან მისცა თავს "დაუმორჩილებლობის უფლება". რომ გვესმოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, უნდა გავიხსენოთ, ვინ იყო ალი ჰეიდარი. როგორც გარდაცვლილი პრეზიდენტი ხაფეზ ასადი, იგი გაწევრიანდა «ბაას»–ის პარტიაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც მოახდინა «ბაას»–ის პარტიამ 1963 წელს. შემდგომში, როცა ჰეიდარი გახდა სპეცრაზმის მეთაური, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორგანიზაცია «ძმები მუსლიმები»–ს მხარდაჭერების აჯანყების ჩახშობაში ქ. ხამაში 1982 წელს. და აგერ ბაშარმა გაათავისუფლა იგი ... "უპატივცემულობის გამო". დამსახურებული გენერლისთვის, რომელიც შედიოდა პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვაში, ეს იყო მტკივნეული დარტყმა. ყველა დანარჩენისთვის – სათანადო გაკვეთილი. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული კამპანია შეეხო ასევე ასადების კლანსაც. 1996 წლის ნოემბერში, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების შედეგების საფუძველზე, რომელსაც კურირებდა თავად ბაშარი და მისი ხალხი, დამასკოში დახურეს ერთ–ერთი უმსხვილესი რესტორანი. იგი ეკუთვნოდა პრეზიდენტის ძმის რიფაატ ალ–ასადის უფროს შვილს, რომელიც, დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით იყო ერთ–ერთი გავლენიანი ნარკობარონი ახლო აღმოსავლეთში. ბაშარმა მაშინ აღიარა, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იგი დაიღალა ბიძამისის და ბიძაშვილების (ფარესი და დარიდა) საქციელით და მან გადაწყვიტა მოიშოროს ყველანი ერთად ერთხელ და სამუდამოდ. ამავე დროს "ტახტის მემკვიდრე" კურირებდა საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებს. მან დაიმეგობრა ახალგაზრდა მეწარმეები ("ახალი სირიელები"), რომლის წევრები იყვნენ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკების შვილები. დროდადრო იგი ლობირებას უწევდა მათ ინტერესებს, და ამით ბაშარი ცდილობდა სამომავლოდ მოეპოვებინა ბიზნესმენების მხარდაჭერა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ბაშარ ასადის პრეზიდენტობის დასაწყისს. 2001 წლის 10 დეკემბერს მან მიიღო მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსტაფა მირო, და ბაშარმა მასვე დაავალა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება. ახალ მთავრობაში შევიდნენ პირველ რიგში საჯარო მოხელეები 50 წლამდე, და არა ოფიცრები, როგორც მიღებული იყო მანამდე. ბოლო დროისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სირიაში დაინიშნა სამოქალაქო ხელისუფლება.
ახალგაზრდა პრეზიდენტის საკადრო ცვლილებების მსვლელობისას ახალ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მ. ხარბას (ხაფეზ ასადის კიდევ ერთი ძველი თანამოაზრე) ნაცვლად დაინიშნა გენერალი ა. ხამუდი. მანამდე ის (ალავიტების თემის წარმომადგენელი) რამოდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სირიის საერთო დაზვერვის უწყებას. მის ადგილზე კი დაინიშნა გენერალი–სუნიტი ხ. ალ–ბაჰთიარი. 2002 წლის იანვარში თანამდებობიდან გადააყენეს გენერალური შტაბის უფროსი ა. ასლანი – ალავიტი, ხაფეზ ასადის ერთ–ერთი უახლოესი უმაღლესი სამხედრო პირი. არმიაში, ასლანი სარგებლობდა ხელმძღვანელის რეპუტაციით, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სირიის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. მას შემდეგ რაც 1998 წელს ასლანი დაინიშა ამ პოსტზე ხიკმატ შეჰაბის ნაცვლად, მან, როგორც აცხადებდნენ ანალიტიკოსები, ვერ იპოვა საერთო ენა გენერალ ასაფ შაუკატთან (ბაშარ ასადის სიძე), რომელიც ხაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად ხელმძღვანელობდა სირიის ძალოვანი სტრუქტურების ყველა საკადრო საკითხს.
ასლანამდე, გენერალური შტაბის უფროსის პოსტის თანამდებობაზე 24 წლის განმავლობაში იმყოფებოდა გენერალი–სუნიტი ალეპპო. როდესაც ასლანი დაინიშნა ამ პოსტზე, არმიაში დაიწყო საუბარი სირიის შეიარაღებული ძალების მეთაურთა შემადგენლობის «ალავიტიზაციაზე». ასლანის ადგილზე დაინიშნა მისი მოადგილე – 67 წლის გენერალი–სუნიტი ჰასან ტურკმანი. სირიის არმიაში იგი ცნობილი იყო, როგორც ერთ–ერთი ერთგული და თანმიმდევრული გენერალი რუსეთთან სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების მომხრე. ამავე დროს თანამდებობიდან გადადგა სამხედრო საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის კონტრდაზვერვის დირექტორი (ხაფეზ ასადის ერთ–ერთი ახლო და ყველაზე "დახურული" დაზვერვის სამსახური) გენერალი ი. ალ–ჰოვეიჯი.
იმავე წლის მარტის დასაწყისში, ბაშარ ასადმა გაათავისუფლა დაახლოებით ოცდაათი მაღალი რანგის სპეცსამსახურების ოფიცერი "ქცევის ნორმების უხეში დარღვევის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების" გამო. ძირითადად, ესენი იყვნენ სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლები, რომლის სათავეში იყო ყოფილი პრეზიდენტის ხაფეზ ასადის ერთ–ერთი უახლოესი პირი, გენერალი ა. ჰასანი. 2002 წლის ოქტომბერში იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად დეპარტამენტის უფროსად ბაშარმა დანიშნა ლიბანში სირიის ჯარების დაზვერვის მეთაური – გაზი კანაანი (თავი მოიკლა 2005 წლის თებერვალში ლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ).
2003 წლის სექტემბერში, ბაშარმა გადააყენა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსტაფა მირო. მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაევალა პარლამენტის თავმჯდომარეს მოჰამედ ნაჯი ატარის. მაშინ არაბი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლების ეს ცვლილება უკავშირდება ახალგაზრდა პრეზიდენტის ახალ იმპულს, რომელსაც სურდა საფუძველი ჩაეყარა ლიბერალური რეფორმების პროცესისათვის. ატარი იყო რადიკალური ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც გამოდიოდა სირიის ეკონომიკის საბაზრო რელსებზე დაჩქარებული ტემპებით გადასვლის გეგმით.
2004 წლის 11 მაისს, თავისი პოსტი დაკარგა თავდაცვის მინისტრმა, პირველი რანგის კორპუსის გენერალმა მუსტაფა ტლასმა, რომელიც იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე 30 წელი. სხვათა შორის, ბოლო 30 წლის განმავლობაში იგი დაკავებული იყო უმეტეს წილად არა შეიარაღებული ძალებით, არამედ ლიტერატურული ნაწარმოებებით. მის ადგილზე დაინიშნა უკვე აღნიშნული ტურკმანი.
პენსიაზე გასაშვები მომდევნო კანდიდატი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ფარუკ შარაა – საგარეო საქმეთა მინისტრი 1984 წლიდან. არაბული პრესის გადმოცემით, მოქმედი პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ უმკლავდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს და მას არ შეეძლო საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დაცვა.
2004 წლის ივლისში, თანამდებობიდან გადადგა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე კორპუსის გენერალი ა. საიიადი. მისი ბედი გაიზიარეს – გენშტაბის უფროსის მეორე მოადგილემ ფ. ისსამ, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კორპუსის გენერალმა ა. ნაბბიმ.
2004 წლის 4 ოქტომბერს, ბაშარმა ჩაატარა მნიშვნელოვანი ცვლილებები მთავრობაში, –გათავისუფლა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის, ინფორმაციის, იუსტიციის, მრეწველობის, შრომის, ჯანმრთელობისა და რელიგიური საკითხების მინისტრები. შინაგან საქმეთა მინისტრის მეთაურად დაინიშნა გაზი კანაანი, ინფორმაციის მინისტრი – სამთავრობო გაზეთის «ბაას»–ის მთავარი რედაქტორი მაჰდი დაჰლალა.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე სირიის სადაზვერვო სამსახურების შემთხვევაში. მანდ გადაადგილებები (უფრო სწორად მათი შედეგები) ხორციელდება აწონ–დაწონის პრინციპით და შესაძლებისდაგვარად პროგნოზირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ცვლილებების გატარება სირიაში – ძალიან სარისკო საქმეა. მაგრამ, ცხადია, ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას, ბაშარმა ისწავლა ახლო აღმოსავლეთის რეალობაში ორიენტირება.
აღსანიშნავია, რომ ხაფეზ ასადის დროს სუნიტების ხელში იყო კონცენტრირებული საკმაოდ ფართო უფლებამოსილება. მუსტაფა ტლასს ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, აბდელ ხალიმი გახდა პირველი ვიცე–პრეზიდენტი, ხიკმატ შეხაბი – გენერალური შტაბის უფროსი.
მიუხედავად ამისა, ხაფეზ ასადი პირველ რიგში ეყრდნობოდა თავის ნათესავებს და მეგობრებს ალავიტების თემიდან. პრეზიდენტის ალალმა ძმებმა (რიფაატი, ჯამილი, ისმაილი, მოჰამედი, ალი სულეიმანი) დაიკავეს მნიშვნელოვანი თანამდებობები არმიაში, სამთავრობო და პარტიული ორგანოებში. გასაკვირი არ არის, რომ ალავიტები შედიოდნენ "რჩეულთა ჩრდილოვან კლუბში" ("ალავიტების უზენაესი საბჭო"), რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილებებს ყველა პრინციპულ და სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე. ალავიტებმა დაამყარეს თავიანთი მჭიდრო კონტროლი არა მხოლოდ სამართალდამცავ (ძალოვანი) ორგანოებზე, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ეკონომიკურ უწყებებზე, მსხვილი ბიზნესის ნაწილზე.
რა ბედი ელის ახლანდელ პრეზიდენტს ბაშარ ასადს, იმის გათვალისწინებით რომ ის მიეკუთვნება ალავიტების უმცირესობას? ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სირიაში რეალურად არსებობს დღევანდელი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელსაც შეუძლია ზედაპირზე ამოხეთქვა შესაფერისი საბაბის გამოჩენისას.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ გადატრიალების მცდელობის შესაძლებლობას სუნიტი მუსლიმების მხრიდან. სუნიტური უმრავლესობის წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ალავიტების უმცირესობის ყოვლისშემძლეობით. ბრძოლა ძალაუფლებისთვის კლანური მოტივირებით არ ცხრება სახელმწიფო აპარატში და გენერალიტეტში, ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან ასევე ახალი ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები. არსებული რეჟიმისადმი მტრულად არიან განწყობოლნი ისლამური ფუნდამენტალისტები, რომლების აჯანყება 80–იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტმა ხაფეზ ასადმა უსასტიკესად ჩაახშო. სავსებით შესაძლებელია ასევე ალავიტი–გენერლების შეთქმულება არმიაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან ბაშარით, რომელსაც მათი აზრით არ აქვს "სამხედრო შნო". ისინი (მათ შორის სუნიტი–გენერლები) ასევე უკმაყოფილო არიან იმით, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ლიბანიდან გამოიყვანა სირიის საჯარისო ნაწილების უდიდესი ნაწილი. აქამდე, ეს ქვეყანა მათთვის იყო «სადესერტო ადგილი». და ბაშარმა ერთი ბრძანებით გააუქმა მრავალი გავლენიანი გენერალის შემოსავლის წყარო და კარგად აწყობილი ბიზნესი – პირველ რიგში, კონტრაბანდული ვაჭრობა.
ყველაფერი არაა დალაგებული ასევე ასადების ოჯახშიც. თავისი პრეტენზია ხელისუფლებაში მოსასვლელად განაცხადა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ბაშარის ბიძამ – რიფაატმა, რომელიც დღემდე იბრძვის "ტახტისთვის". იგი არის სირიის დაზვერვის ყოფილი კურატორი, კარგად გათვითცნობიერებული აქვს სირიაში შიდაპოლიტიკური ბრძოლის ყველა ნიუანსი და ყავს ბევრი მხარდამჭერი სპეცსამსახურებში და არმიაში.
ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს ძალების რადიკალური გადაადგილების ალბათობა სირიის ისტებლიშმენტის შიგნით სუნიტური უმრავლესობის სასარგებლოდ. სირიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების არსებობა დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ბაშარ ალ-ასადი გაატაროს მოქნილი კონფესიური პოლიტიკა, რათა დღის წესრიგიდან მოხსნას არსებული დაძაბულობა ალავიტებსა და სუნიტებს შორის...
ავტორი: პაპავა ვასილი (19 ივლისი, 2012 წ.).
|