- როცა ტელევიზორის გავლენაზე ვსაუბრობთ, უნდა გავარჩიოთ მისი აპარატურული მხარე (ასე ვთქვათ Hard-ი) და პროგრამული, ანუ ის, რასაც ეზიარება მაყურებელი.
ტელევიზორს, როგორც აპარატს აქვს ძალიან დიდი გავლენის უნარი. ეს კი განპირობებულია მრავალი მიზეზით. იგი ზემოქმედებს მხედველობაზეც და სმენაზეც. მისი მოთავსება შეიძლება სახლში, ანუ იქ, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად არის მოშვებული. მაყურებელი აღიქვამს ინფორმაციას, ბუნებრივია, მას უჩნდება შესაბამისი ემოციები, მაგრამ ვერ ახდენს ვერანაირ გავლენას მათ მაპროვოცირებელზე, გარდა გამორთვისა. ტელესაშუალებებით შესაძლებელია ისეთი ეფექტების შექმნა, რომელიც არ არის რელურ ცხოვრებაში, და თან არის მომაჯადოებლად მიმზიდველი. მაგრამ მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ტელევიზორი მხოლოდ იარაღია და თავისთავად ვერ გვავნებს. ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ვუყურებთ არა ყუთს, არამედ იმას, რაც მისით გადმოიცემა.
მთავარი პრობლემა პროგრამული ნაწილია. ეს არის ის, რისთვისაც არსებობს ტელევიზორი. იყო დრო, როცა ტელეგადაცემები სახელმწიფო იდეოლოგთა პირდაპირი შეკვეთით, ზედმხედველობით და დაფინანსებით მზადდებოდა. ახლა თითქოს თავისუფლების დრო დაგვიდგა. მაგრამ თავისუფლება ხომ ვნებებისაგან თავისუფლებაშია, და არა ხელისუფალთა ლანძღვის დაშვებულობაში. დღეს ტელეგადაცემებს, გარკვეულწილად, მაყურებელი უკვეთავს იმით, რომ თავისი გემოვნებისაებრ ირჩევს რას უყუროს. ნაკლებრეიტინგული გადაცემები ვერ აგრძელებენ არსებობას. მაგრამ როგორია მასის გემოვნება, რას ეფუძნება მისი ზნეობრივი, ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები, რომელ მსოფლმხედველობით მოდელს? ცოტა ვინმე თუ იტყვის, რომ ქრისტეანობას. ვნებისაგან განუწმედელი ადამიანი თავის ვნებისაებრ ირჩევს გადაცემებსაც. ტელევიზორში ნანახი ჩვენს ცნობიერებაში ქმნის პრეცედენტს ცოდვისა თუ სიკეთისა და შემდეგ ჩვენთვის მსგავსი ქმედება უფრო ადვილი ხდება. რას ვხედავთ დღეს: სერიალებისეულ გაუთავებელ მრუშობას, სისხლის აღრევას, ძალადობას; სანახაობის დონემდე დაყვანილ „მსჯელობას“ ქვეყნისათვის უმტკივნეულეს საკითხებზე; განკითხვას, კინკლაობას და დაგესვლას მათი პირიდან, ვინც თითქოს აირჩია ერმა, როგორც საუკეთესონი თავის მმართველებად; ინფორმაციას უცხოეთში მომხდარ საშინელ კატასტროფებზე, სისხლისღვრაზე, რომელზეც ვერ ვრეაგირებთ, ჯერ გვძაბავს, მერე კი ვეჩვევით, და უკვე საქართველოში მომხდარიც კი არ გვაღელვებს (მტკივნეულ მოგონებად გვრჩება შოპ-ტურების რეკლამები, რომლებიც არ მოშორებია ტელეეკრანებს აფხაზეთის ომის დროს); რეკლამას, რომელშიც მუდმივად არის მინიშნება მრუშობაზე. ახლა ვნახოთ, რა დრო ეთმობა ქართულ ტრადიციებზე საუბარს, ქართულ კულტურას, ისტორიის გახსენებას, შემეცნებით გადაცემებს, არაფერს ვიტყვი მართლმადიდებლურ თემატიკაზე. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეთქვა, რომ მხოლოდ მაყურებელი განაპირობებს „ტელერეპერტუარს“. მაგრამ ცხადია, რომ ჭეშმარიტად ეროვნული ძალების გავლენა ტელეგადაცემებზე მინიმალურია. არადა ამ კულტურაზე (უფრო სწორედ კი ფსევდოკულტურაზე) თაობები იზრდებიან, ეს არის ის, რაც აზიანებს ქართველ კაცს და მართმადიდებლური მსოფლხედვის ვერმიმღებს ხდის. თითქოს მრავლდება მრევლი ეკლესიაში, მაგრამ ძალიან მცირეა მათი რიცხი, ვინც ეკლესიურია ცნობიერებით, ჭეშმარიტად იღწვის ცხოვნებისათვის.
გარდა ამისა არის კიდევ ერთი სულიერი მომენტი: როცა თანაეზიარები იმას, რაც ნაკარნახევია ვნებით, ცოდვით, იგივე ვნება და ცოდვა იშვება შენშიც, მით უფრო, თუ გულში არის თანაგრძნობა მათ მიმართ. ვნებული გული კი ბოროტის სამკვიდრებლად იქცევა. ამიტომ არის საჭირო გარჩევა იმისა, რას ვუყურებთ.
სამწუხაროდ ზემოთხსენებულმა გარემოებამ, ანუ იმან, რომ საეთერო დროის უმეტესობა მართლმადიდებლურ ზნეობასთან შეუსაბამო გადაცემებს ეთმობა, მრევლის ნაწილში მეტად რადიკალური დამოკიდებულება დაბადა ზოგადად ტელეხედვისადმი. აბსურდამდე მიდის საქმე, როცა ტელევიზორის - უსულო მატერიის ეშმაკეულობაზე იწყება საუბარი. ე.წ. სტაროვერებს აქვთ ასეთი მცნება: უცხო სახლში მისული არ უნდა დაჯდე სკამზე რომ ეშმაკი არ შეგეყაროს (ეს ე.წ. ეპისკოპოსის იანე-იონას (ჩახავას) წიგნში იყო) . მსგავსადვე გამოგვდის როცა ყუთის გვეშინია. მაგრამ ხომ ვუყურებთ რელიგიურ ფილმებს? ვფიქრობ, სწორი იქნება მხოლოდ მაშინ ვუყუროთ ტელევიზორს, როცა ჩვენთვის აუცილებელ ინფორმაციას მოველით.
მორწმუნეებს არაერთხელ უხსენებიათ, როგორ ნახეს გამორთულ ტელევიზორში ეშმაკის გამოსახულება, ან ტელევიზორის წინაშე მჯდომი ბოროტი. არ შეიძლება ასეთი ფაქტების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება. ის მართლაც ნახეს. ასეთი, ჩვენთვის გასაგები ფორმით უფალი გვაფრთხილებს ტელეგადაცემების ჩვენზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ. გადაცემების და არა ტელევიზორის. როცა მამა პაისი მოგვიწოდებს არ ვუყუროთ ტელევიზორს, სწორედ ტელევიზიით გადმოცემულს გულისხმობს. ყოფილ რადისტს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ტელევიზორის, როგორც აპარატის მოწყობა. მით უფრო ესოდენ წმიდა ცხოვრების ადამიანს, რომელიც, თითქოს ტელევიზორში ხედავდა ადამიანის სულის მიუწვდომელ სიღრმეებს.
იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზე. ოცდაათი წლის წინ პერსონალური კომპიუტერი შეიქმნა როგორც სათამაშო აპარატი. მაგრამ მალევე მიხვდნენ მის შესაძლებლობებს. სამწუხაროდ დღესაც დიდი ნაწილი კომპიუტერული დროისა იხარჯება თამაშებზე, უზნეო სანახაობებზე. მაგრამ ეს არა აპარატის, არამედ ადამიანის ნაკლი და უბედურებაა. ყოველი წიგნი დღეს კომპიუტერზე იქმნება და შემდეგ იბეჭდება, ზოგი კი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში რჩება. ხელაღებით უარყოფა ტექნიკისა ერში ცხოვრებისას არ უნდა იყოს სწორი. სხვაა, როცა ადამიანი მონოზვნურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ იქ არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ ბევრი უწყინარი რამ უნდა იქნეს მოკვეთილი. კომპიუტერი კი ქრისტეანული ზნეობის მქონე ადამიანში მხოლოდ იარაღია მისი ზნეობის გამოვლენისა.
რაც შეეხება ინტერნეტს, ის მხოლოდ ურთიერთობის სფეროა. და თუმცა მასში 90% ნაგავია, არის მართლაც ღირებული, ხელმისაწვდობი და აუცილებელი ინფორმაცია. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ იმ სასულიერო ლიტერატურას, რაც ინტერნეტით მოვიძიე და შევაგროვე, დაბეჭდილს ვერც ვიყიდიდი.
ჩვენ რომ გვქონდეს მეტი მონდომება ლოცვაში, მეტი მოშურნეობა ღმრთისმსახურებში, მეტი უკომპრომისობა ცოდვასთან მიმართებაში, უნდობლობა თავისა, მსგავსი თემა არც კი წამოიჭრებოდა.
ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარება აახლოვებს აღსასრულს. მაგრამ ეს არა ტექნიკის, არამედ ქრისტესაგან განდგომილი კაცობრიობის ბრალია, რომლისათვის უახლესი ტექნოლოგიები მისი დამღუპველი ზნეობის უმძლავრეს იარაღად იქცევიან. ჩვენ კი მრავალი მიღწევა თანამედროვე მეცნიერებისა შეგვიძლია გამოვიყენოთ ღმრთის სადიდებელად.
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm