http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=25465&lang=1გუშინ ჰო, დღეს – არა, ხვალ - ?
21.09.2011 13:39
შოთა ხაბარელის ნაკრებში დაბრუნება ერთ დღეში გამოირიცხა
ქართულ ძიუდოში ბოლო წლებში იმდენი სიბინძურე გამოჩნდა, ბოლო ორ დღეში ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელება გასაკვირი არც უნდა იყოს. დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად შოთა ხაბარელის დაბრუნების ფაქტი ოფიციალურად უარყო. არადა გუშინ, უფროს-უმცროსიანად, თითქმის ყველა ამ დაბრუნებაზე საუბრობდა და “მსოფლიო სპორტს” თავად ხაბარელმაც დაუდასტურა, რომ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე გაცხადდებოდა ის, რაც უკვე გადაწყვეტილი იყო.
“უახლოეს დღეებში პრესკონფერენცია გაიმართება. შესაძლოა, ხვალვეც. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ითქმება ოფიციალურად, რომ ნაკრებში ვბრუნდები”, – განაცხადა ხაბარელმა გუშინ. დღეს კი, მანვე, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად რჩება, ხოლო ნაკრებს 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავ ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი მოამზადებს.
გაურკვევლობის მიზეზი რომ თავად შოთა ხაბარელში არ უნდა ვეძიოთ, ცხადზე ცხადია. ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გაჩენა, სავარაუდოდ, ქართული სპორტის ზედა ეშელონებში არსებული, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი აზრთა სხვადასხვაობის შედეგი უნდა იყოს.