რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები, პირველ რიგში კი „ეფ–ეს–ბე“ და თავდაცვის სამინისტრო განაგრძნობენ იმ რეგიონებში შეიარაღებული ძალების გადასროლას, რომლებიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ. გასულ კვირას დე–ფაქტო საზღვართან ახლოს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში მდებარე პოლიგონზე დასრულდა რუსეთის მე–7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისა და ადგილობრივი ძალოვნების ერთობლივი მანევრები, ამ მანევრებამდე ერთი კვირით ადრე კი კოდორის ხეობაში ჩატარდა ანალოგიური, საშტაბო–სამეთაურო სწავლებები რუსი მესაზღვრეებისთვის.
აფხაზეთში მანევრების ბოლო დღეს, აფხაზ სამართალდამცველებსა და ქართველი ეროვნების შეიარაღებულ პირებს შორის გალის რაიონში შეიარაღებული შეტაკება მოხდა. რასაკვირველია, ქართველი ეროვნების ორი პირი, რომლებიც ამ შეტაკების დროს მოკლეს, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლებისა და რუსეთის სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა „ქართული დივერსიული ჯგუფის“ წევრებად მონათლეს და დაასკვნეს, რომ „აფხაზეთისა და, აქედან გამომდინარე, მისი მოსაზღვრე სოჭის რეგიონის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აფხაზეთში წესრიგის დაცვას რუსი პოდპოლკოვნიკი, ვასილი კვიტკო შეეწირა.“
„სხვათა შორის, რუსული მხარე პროგნოზირებდა მოვლენების ამგვარ განვითარებას“,– წერს რუსული ინტერნეტგამოცემა, – „2011 წლის თებერვალში სოჭში ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადისთვის მოსალოდნელია საფრთხე საქართველოდან. „თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ აქ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელს, საქართველოს უკავშირდება, ამიტომაც ყველაფერი, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, სამართალდამცავი ორგანოებისგან, ძალოვანი სტრუქტურებისგან, უნდა გაკეთდეს მაღალ დონეზე“, – თქვა რუსეთის პირველმა პირმა.
ამ დღეებში კი „სამხრეთის“ სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ–ლეიტენანტ ალექსანდრე გალკინის ხელმძღვანელობით კრასნოდარის მხარეში ჩატარდა ჯგუფური მანევრები საზღვაო დესანტის მოგერიების კუთხით – გვარდიის 108–ე სადესანტო–მოიერიშე პოლკმა შავი ზღვის ფლოტის ხომალდებთან ერთად ჩაატარა წინასწარ მითითებულ რაიონში საზღვაო დესანტისა და 30 ერთეული სამხედრო მანქანის გადასროლა.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ამ მანევრებში ის გახლდათ, რომ მისი სცენარი, როგორც რუსული ინტერნეტგამოცემა აღნიშნავს, „მთლიანად ჰგავდა მოქმედებას, როცა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო–სადესანტო ჯარებმა და შავი ზღვის ფლოტმა, ერთობლივად მოიგერიეს საქართველოს აგრესია აფხაზეთის მიმართულებით“.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4504