ვინ შეწვა პირველად მწვადი?..
ლათინური სიტყვა «აბორიგენი» მოცემულ ტერიტორიაზე ძირეულ მცხოვრებს - პირველმოსახლეს (Aბ ორიგინე - საწყისიდან) აღნიშნავს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთ-ერთი საკვანძო თემა სწორედ აბორიგენობის საკითხი გახლავთ: ვინ იყო ის მონადირე, თუ მონადირეთა ჯგუფი, ვინც აქ პირველად მოვიდა, კოცონი გააჩაღა და ნანადირევი შეწვა? დანაყრებულმა კი მიიხედ-მოიხედა და სოფელიც გააშენა. ერთი სიტყვით, ვინ მიირთვა კოლხეთის მიწაზე პირველად მწვადი - ქართველმა თუ აფხაზმა?
- ცხადია, ჩვენ! - ამაყად განაცხადებს ქართველი.
- ვერ მოგართვით! - თვალებს დაუბრიალებს აფხაზი.
რუსი კი იხეირებს.
ორივე მხარის გასაგონად უნდა ითქვას, რომ მეცნიერება ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. ვერავინ გეტყვით, ვინ ცხოვრობდა კოლხეთში თუნდაც ოთხი ათასი წლის წინათ. სამაგიეროდ, ყველა შემორჩენილი წყარო ერთხმად გვიდასტურებს, რომ ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ეს მიწები კოლთა და კორაქსთა კოლხურ ტომებს ეკავათ. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, ჰეკატე მილეტელის ნაწერები (ძვ.წ. VIს.). წყაროები იმასაც მეტყველებენ, რომ კავკასიონის უღელტეხილებზე სვანებისა და მოსხების ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, უკვე მაშინვე არსებობდა მთიელთაგან მუდმივი საფრთხე. სწორედ მათგან თავდასაცავად აიგო ჩრდილოეთის საზღვარზე ე.წ. «კორაქსთა კედელი», რომელსაც უკვე ჰეკატე მილეტელი მოიხსენიებს. მას კოლხთათვის იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ჩინელებისთვის ჩინეთის დიდ კედელს.
«დიდმა ქართულმა კედელმა» საბოლოოდ, ვეღარ უშველა კოლხეთს. ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნისთვის იგი დასუსტდა და დაიშალა, რაშიც დიდი როლი შეასრულეს ჯერ მითრიდატე ევპატორის, შემდგომ კი რომაელთა საომარმა კამპანიებმა. «მთის ზვავმა» გამოარღვია უძველესი ზღუდე და კოლხეთის ველზე ჩამოიშალა. ასე დაიწყო საქართველოს მიწაზე ადიღეური ეთნოსის ექსპანსია. თავდაპირველად ეს იყვნენ აფსილები (იხ. პლინიუსი, ახ.წ.I ს.), შემდგომ - აბაზგები (იხ. არიანე, ახ.წ. II ს.). სხვადასხვა ავტორი იხსენიებს აგრეთვე კერკეტებს, ჯიქებს და ა.შ. ადიღელთა თავდასხმებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა კოლხეთის დაბლობზე ამ დროისთვის არსებულ სანიგთა სამეფოს. იპოლიტე რომაელი (IVს.) სანიგებზე გვამცნობს: სვანებს ანუ სანიგებს უშველებელი ტერიტორია ეკავათ. ცხუმი (სოხუმი) სანიგთა ქალაქი იყო. თავად სახელწოდება «რცხილას» ნიშნავს. საბოლოოდ, სვანები იძულებულნი გახდნენ, მთებში შეჭედილიყვნენ. ამასობაში, დრო იხელთეს აფსილებმა და მათი ტერიტორია დაისაკუთრეს. VIII საუკუნეში ცხუმი უკვე აფსილთა ქალაქია.
ზოგადად, აფსილნი ლაზთა ქვეშევრდომნი იყვნენ. ლაზთა სამეფო კოლხეთში სანიგთა სამეფოს პარალელურად არსებობდა. ამ შემთხვევაში ქართველურმა ეთნოსმა «მოინელა» უცხოტომელი, თუმცა, მათ თავისთავადობის შეგნება, როგორც ჩანს, არ დაუკარგავთ და ლაზებში არ «ათქვეფილან». სამაგიეროდ, აბაზგების შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მათ ადრე ჩამოსახლებულ ნაწილზე პროკოპი კესარიელი (VIს.) მოგვითხრობს, რომ ისინი ძველთაგანვე ქრისტიანები და რომაელთა მეგობარნი იყვნენ. აბაზგები ბიზანტიელებს ცხენოსანთა ლაშქარს უგზავნიდნენ. არიანე (IIს.) მოგვითხრობს აბაზგთა მთავარზე, რომელსაც იმპერატორმა ბასილევსის წოდება მიანიჭა. პროკოპი კესარიელი ლაპარაკობს აგრეთვე უფრო გვიან ჩამოსახლებულ აბაზგთა განვითარების დაბალ დონეზე. იგულისხმება ტომობრივი გათიშულობა, წარმართული რწმენა. იმპერატორმა იუსტინიანემ (VIს.) ისინი გააქრისტიანა და ტაძარიც კი აუშენა. იმავე საუკუნეში ბიზანტიელთა მხარდაჭერით ქართველთა ძირძველ ტერიტორიებზე აბაზგთა საარქონტო (სამთავრო) აბაზგია შეიქმნა.
გულუბრყვილობა იქნებოდა ბიზანტიელთა ფილანთროპია, უფრო სწორად, ფილაბაზგია გულმოწყალებითა და წარმართთა უკვდავ სულებზე «მამობრივი» ზრუნვით აგვეხსნა. იმპერიას ამ პერიოდში გაურთულდა ურთიერთობა ლაზიკასთან და აბაზგიის შექმნა გახლდათ ბერძენთა პასუხი ქართველთა ურჩობაზე. იმპერიამ ფსონი აბაზგთა უცხოტომობასა და მათ ტერიტორიულ პრეტენზიებზე დადო. ეს ფრიად მოხერხებული სვლა იყო (დავიმახსოვროთ: მოგვიანებით იმავეს რუსთა იმპერია გაიმეორებს და ქართველთა ძირძველ მიწაზე «>;ყფზ ჟცტნბზ»-ს შექმნის; ოღონდ ეს აღმოსავლეთ საქართველოში მოხდება).
მაგრამ ბიზანტიელებს განგებამ უსიამოვნო სიურპრიზი გაუმზადა. ეს იყო «მწარე აბი», სახელად ლეონ II...
იმპერიის ფიასკო
ფაქტი ჯიუტია: აბაზგიამ პაიკობა, თუნდაც გამსვლელის სტატუსით, არ ისურვა და ლაზიერობა არჩია.
არ არსებობს რაიმე სარწმუნო ცნობები ლეონ II-ის ეთნიკური წარმომავლობის თაობაზე. პროაფხაზი ავტორები და მათი ქართველი ოპონენტები უშედეგოდ კამათობენ ამ საკითხზე. უეჭველი მხოლოდ ის არის, რომ საარქონტოს გამგებელს იმპერია ნიშნავდა. ამდენად, მისი ეთნიკური წარმომავლობა იმპერატორის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ეს შეიძლება ყოფილიყო აბაზგი, აფსილი, ლაზი ან ბერძენი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა ყოფილიყო ეთნიკურად ლეონ II, ფაქტია, რომ მან სწორედ ქართული საქმე გააკეთა.
აუცილებელი შენიშვნა: სწორედ VIII ს-ში გაჩნდა პირველად ტერმინი «აფხაზი» და «აფხაზეთი». პირველი აღნიშნავდა «აბაზგიას» ქართულ წყაროებში; მეორე - მის მცხოვრებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ანუ ცნება «აფხაზს» ჰქონდა არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკურ-კულტურული შინაარსი (შეადარეთ - «ამერიკა» და «ამერიკელები»). თავად ტერმინ «აფხაზის» ერთ-ერთი ვერსია მის წარმომავლობას უკავშირებს ადიღეური ეთნოსის თვითსახელდებას - «აბაზა-აბაზახა». ეს საკითხი კიდევ საფუძვლიან კვლევას საჭიროებს.
როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს ერთ რეგიონად გაერთიანების იდეა ჯერ კიდევ ლეონ II-მდე მომწიფდა, რადგანაც დინასტიური ქორწინებებით პოლიტიკური და კულტურული კავშირების გამყარება უკვე ლეონ I-ის დროს ხდებოდა. მისმა სისხლისმიერმა ჩამომავალმა ლეონ II-მ გაერთიანებულ რეგიონის სატახტო ქალაქი ანაკოფიიდან ქუთაისში გადაიტანა. შემდგომ ბიზანტიის დასუსტებით ისარგებლა, თავი გაითავისუფლა მისი ვასალობისგან და დასავლეთ საქართველოს მონარქად - ლეონ I-ად მოგვევლინა. ამიერიდან მთელი ეს რეგიონი «აფხაზეთად» იწოდება. IXს-ში (ზოგიერთი ავტორის ცნობით, VIII-IXსს-ების მიჯნაზე) სახელმწიფო ენად ცხადდება ქართული, იგი ბერძნულს წირვა-ლოცვაშიც ენაცვლება. ამდენად, ბიზანტია პოლიტიკური და კულტურულ-ყოფითი გავლენის ამ ბერკეტსაც კარგავს.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ აირჩია ლეონმა ქუთაისი, თანაც რატომ გამოცხადდა სახელმწიფო ენად ქართული და არა ადიღეური ენა? ამ შეკითხვაზე პასუხს პროაფხაზი ვაიმეცნიერები დამდუღრულებივით გაურბიან. იგი უნდა ვეძიოთ ლეონის პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომელიც ითვალისწინებდა ბიზანტიის გავლენისგან თავის დაღწევას და დამოუკიდებელი, ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის ღონისძიებათა შემუშავება-განხორციელებას. ქუთაისი თავისუფალი იყო იმპერიის გავლენისგან. მთელ დასავლეთ საქართველოში ყოველთვის დომინირებდა ქართველური ეთნოსი. სწორედ ქართულს ჰქონდა პოლიტიკურ-კულტურული და ყოფითი ცხოვრების წარმართვის ათასწლოვანი ტრადიცია, რაც საერთოდ არ გააჩნდა ადიღეურ ენას. ამდენად, მხოლოდ ქართულს შეეძლო ეტვირთა ახალგაერთიანებული სახელმწიფოს განმტკიცება-განვითარების მისია. პროაფხაზ ავტორთა გასაგონად ვიტყვით: ლეონი რომ თუნდაც აბაზგი (ან აფსილი) ყოფილიყო, ესოდენ შორსმჭვრეტელური სტრატეგია იმაზე მიუთითებს, რომ მისი პერსონა ვიწროეთნიკურ ჩარჩოებში აშკარად ვერ თავსდება. ლეონი იყო აფხაზი, ამ სიტყვის პოლიტიკურ-კულტურული მნიშვნელობით და სწორედ ის დგას ერთიანი საქართველოს შექმნის სათავეებთან. იგი არ შეეწინააღმდეგა ისტორიულ ტრადიციას და განხორციელებულმა «მიკროგლობალიზაციამ», საბოლოოდ, თამარის ეპოქამდე მიგვიყვანა. საქართველოს სრული გაერთიანება ისევ დინასტიური ქორწინებებით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს პირველი მეფე გახლდათ ბაგრატ III (908-1014). საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველად ითქმის «მეფე აფხაზთა», მაგრამ ამ რიგობრიობაში აისახა არა ადიღეური ეთნოსის დომინანტობა, როგორც ეს პროაფხაზ ავტორებს სურთ, არამედ ისტორიული პროცესის თანმიმდევრობა. გაერთიანება აფხაზეთიდან დაიწყო, ხოლო «აფხაზი» თავიდანვე არ ყოფილა ეთნიკური ტერმინი. მეტიც, მრავალი ავტორი სრულიად საქართველოს «აფხაზეთს» უწოდებს. არაბი გეოგრაფი და ისტორიკოსი იაკუთი (XIIIს.) წერდა, რომ აფხაზეთი ქრისტიანული ქვეყანაა და იქ «გურჯები» ცხოვრობენ. სელჩუკი ქრონისტი იან ბიბი მოგვითხრობს გურჯთა მეფე თამარზე, რომელიც აფხაზეთის სამეფოს განაგებს.
ერთი სიტყვით, არც ადიღელებს, არც ქართველებს ტვინი არ უჭყლეტიათ იმის გასარკვევად, ვინ შეწვა კოლხეთში პირველად მწვადი. მათ, უბრალოდ, საერთო აფხაზური კოცონი გააჩაღეს და იმპერიის გულის გასახეთქად, მწვადიც ერთად დააგემოვნეს.
* * *
http://gallery.abkhazworld.com/#4.63 * * *
პლინიუსის რუკას თუ კარგად დააკვირდებით HENIOCHI მერე აწერია zingi da ziga ანუ ზიხები ( ჯიქები ) თანამედროვე ქართველ ისტორიკოსები ჯიქებს აბაზურ აფხაზურ ტომებად თვლიან !
* * *
პლინიუსის რუკას თუ კარგად დააკვირდებით HENIOCHI მერე აწერია zingi da ziga ანუ ზიხები ( ჯიქები ) თანამედროვე ქართველ ისტორიკოსები ჯიქებს აბაზურ აფხაზურ ტომებად თვლიან !
* * *
This post has been edited by აღასპერი on 12 Apr 2011, 12:07
ადმინისტრატორს ძალიან გთხოვთ რომ წაშალოთ ჩემი ძირითადი ნიკი gio-razma ამით აღარ დავფოსტავ არსად საერთოდ !