2013 წელს თავისუფლების ქანდაკების გვერდით ქაჯანას ქანდაკება დაიდგმება
იუნესკოს გენერალური მდივანი ირინა ბოკოვა 9-11 მარტს იმყოფებოდა ნიუიორკში და მონაწილეობა მიიღო სხდომაში, რომელიც მშვიდობისა და კულტურათა დიალოგის ხელშემწყობმა ჯგუფმა გამართა. ამ ჯგუფის მიზანია 21-ე საუკუნეში მშვიდობის ახალი ასპექტების მოაზრება. სწორედ კულტურათა დიალოგის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ქალბატონი ირინა ბოკოვას ინიციატივით, 13 მარტი გამოცხადდა მოდელირების მსოფლიო დღედ, რასაც საფუძვლად დაედო 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული რეპორტაჟი. როგორც ქალბატონმა ბოკოვამ განაცხადა, ეს ქართული ინოვაცია არის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო კულტურათა დაახლოების საქმეში.
"ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიციები, ახალი თარიღები და ახალი დღესასწაულები, რომლებიც საერთო და გასაგები იქნება ყველა დედამიწელისთვის. ამის გარეშე გლობალიზაცია ვერ შედგება. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ათეული ღონისძიება და ყველა მათგანი უდავოდ საინტერესო იყო, მაგრამ არჩევანი შევაჩერეთ ქართულ მოდელირებაზე სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი აზრით იგი ყველაზე მეტად ეხმიანება ადამინს ბუნებას. სტრესნარევი იუმორი, უსაზღვრო ფანტაზია, ინოვაციური აზროვნება და ფართო ინტერპრეტაციის საშუალება ყველა ქვეყნის მოქალაქეს მისცემს საშუალებას, იზეიმოს ფორმით ეროვნული და შინაარსით მსოფლიო დღესასწაული. ქართული მოდელირება არის ხიდი წარმართულ მისტერიებს, შუასაუკუნეების მასკარადებსა და დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის და განამტკიცებს ჩვენი ერთიანობის გრძნობას. მადლობა საქართველოს და მის ახლაგაზრდა ნიჭიერ პრეზიდენტს ამ ინოვაციისთვის,"- დასძინა ქალბატონმა ბოკოვამ.
იუნესკოს საკვალიფიკაციო მდივნის ჯონ კლარკის ინფორმაციით, მსოფლიო მოდელირების დღის დაწესება, თავისი არსით, 1 აპრილის ტრადიციების გაგრძელებაა, ოღონდ, ოფიციალურად დაკანონებული და ახალი ელემენტებით გამდიდრებული. იუნესკოს ოფიციალურად გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:
"ამ დღეს მსოფლიო იქნება უპასუხისმგებლო და ოდნავ შეშლილი. უფრო მეტიც, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ ვიყოთ შეშლილები. გაისადან დაწყებული, იუნესკოს წევრი ყველა ქვეყანა ვალდებული იქნება გამართოს მოდელირების ფესტივალი და ყოველ 13 მარტს დედამიწა იცხოვრებს დიდ სტრესში. სტრესი გააერთიანებს მსოფლიოს. "
საგულისხმოა, რომ "მოდელირებული ქრონიკა" ნომინაციაზე წარადგინა და მისი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დოქტორმა მარგარეტ ჩენმა კენჭისყრის შემდეგ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"21-ე საუკუნეში ადამიანისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნება სტრესი და ნევროზი. თანამედროვე მედიცინა მალე მოერევა ყველაზე საშინელ დაავადებებსაც კი, მაგრამ იგი უძლურია სტრესების წინაშე, რომლებიც ნაღმებივით არიან ჩასაფრებულები ყოველ ნაბიჯზე.
ყველაზე თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ სტრესებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება არის ისევ სტრესი, სტრესთან შეგუება. ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ განიცდის სტრესების შემოტევას, გაცილებით მედეგია მათ მიმართ (როგორც ყველაფერი გენიალური, ეს მიგნებაც მარტივი და კარგად დავიწყებული ძველი მეთოდია. მაგალითად, შხამის სასიკვდილო ზემოქმედების დაძლევას უძველესი დროიდან იმავე შხამის მცირე დოზებთან შეგუებით ახერხებდნენ).
თუმცა, სტრესოთერაპია წვრილ-წვრილ სტრესებთან ერთად აუცილებლად საჭიროებს წელიწადში ორ-სამჯერ ძლიერ, შოკისმომგვრელ სტრესსაც, ამას ექიმები პიკურ სტრესს ვეძახით.
წარმოიდგინეთ, როგორი სულიერი აღელვება შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ცნობამ იმის შესახებ, რომ დაიბომბა მისი ქალაქი, დაიღუპნენ მისი ახლობლები, იწვის მისი სახლი, მანქანამ გადაურა მის საყვარელ ლეკვს და კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თითოეული ეს სტრესი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ადამიანისთვის, რომელიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს. მას პირველივე სტრესი მოცელავს. მაგრამ როცა ადამიანი ყოველდღე იღებს მცირე სტრესების ულუფას და ორ-სამ თვეში ერთხელ ძლიერ შოკს, თანდათან ამ შოკის მიმართ უდარდელი ხდება, რასაც ლათინურად ეწოდება sapienti sat ანუ ფეხებზე დაკიდების სინდრომი.
ჩვენ ორი წლის წინ შევიმუშავეთ ეს პროგრამა და გადავწყვიტეთ, დახმარების სახით უფასოდ გადაგვეცა იგი საქართველოსთვის, ვინაიდან, ამ ქვეყანას პირველი ადგილი უკავია ეკონომიკური რეფორმებით და ბიზნესის წარმოების სიმარტივით მთელ მსოფლიოში, ხოლო რუსეთი უქმნის მას საფრთხეებს, რაც იწვევდა სტრესებს ქართველებში.
ჩვენი მისია შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ქვეყნის სხვა ლიდერებს და დეტალურად აუხსნა მათ პროგრამის არსი, რაც შემდეგში მდგომარეობს - ვინაიდან მოსახლეობას ეშინია ომის და რუსული ბომბების, ამიტომ შოკი უნდა მივაყენოთ სწორედ ამ ნაწილში და გავხადოთ ისინი შოკმდგრადები.
ასე გაჩნდა "მოდელირებული ქრონიკის" იდეა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ სიუჟეტი და შინაარსი მთლიანად ქართველმა ექსპერტებმა შექმნეს. ჩვენ შევქმენით ფოკუს ჯგუფი, რომელშიც შედის საქართველოს ათასი მოქალაქე ყველა რეგიონიდან. მათ მაჯაზე დამაგრებული აქვთ სპეცბრასლეტები, რომლებში ჩამონტაჟებული ჩიპებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადასცემენ ინფორმაციას სტრესების მსოფლიო ლაბორატორიას, სადაც ყველა მასალა მუშავდება. შეიძლება ითქვას, რომ შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს - საშუალო ქართველი პენსიონერი სტრესების მიმართ არის სამჯერ უფრო მედეგი, ვიდრე ამერიკელი პროფესიონალი ბეიბოლისტი, რომელსაც წნევა უწევს და სამყაროს დასასრულის განცდა ეუფლება, თუკი სახლში მისულს გამორთულ ლიფტს დავახვედრებთ.
ადამიანი სოციალური არსებაა და ყველაფერი მიჩვევაზეა. წამოიდგინეთ მოხუცებული, რომელსაც ბნელ სადარბაზოში ვიღაც ურჩხულისნიღბიანი ღრიალით გამოუხტება. მას, წესით, გული უნდა გაუსკდეს, მაგრამ თუ გადარჩა და ჩვენ ამ ექსპერიმენტს განვაგრძობთ, მოხუცებული ყოველ შემდეგ შეშინებას იოლად გადაიტანს და ერთ მშვენიერ დღეს ყურადღებასაც არ მიაქცევს. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე მივმართეთ იუნესკოს, რომ ქართული მოდელირება, რომელსაც ჩვენი სპეციალისტები ქართულ თერაპიასაც უწოდებენ, შესულიყო იუნესკოს აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხაში. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩაგვატარებინა ეს ექსპერიმენტი და მადლობა ქალბატონ ირინა ბოკოვას, რომ ჩასწვდა მოდელირების მნიშვნელობას მსოფლიოსთვის. ქართული მოდელირება გადაარჩენს დედამიწას!"
Daily Mail: ესაუბრა რეფორმატორი ქვეყნის პრემიერმინისტრს ნიკოლოზ გილაურს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სპეციალურად ჩამოსულა ნიუიორკში ამ სხდომაზე დასასწრებად. იგი იყო პირველი ქართველი, ვინც ამ წარმატების შესახებ შეიტყო და ერთგვარად სტრესირებული გამოიყურებოდა:
Daily Mail: მისტერ გილაური, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ქართული მოდელირების წარმატება? ყველა აქ დამსწრე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო მათთვის, თუმცა, არავის შეაქვს ეჭვი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაში.
- უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს დიდი წარმატება და პირველ რიგში სწორედ მათ, ვინც სტრესი მიიღო 2010 წლის 13 მარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ყოველ 13 მარტს ქართველები სიამაყით გაიღვიძებენ ხოლმე და მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ 13 მარტი საქართველოს დღეა. მე ამ წუთში მივულოცე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე ამერიკაშია და წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებას საქმიან წრეებთან და მივულოცე თბილისში პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რომელმაც მითხრა, რომ უკვე მზადდება კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 13 მარტის უქმედ გამოცხადებას.
ამ წუთებში, რომ იტყვიან, სიხარულის ცრემლები მახრჩობს და ემოციებს ვერ ვიკავებ. აუცილებლად უნდა გავიხსენო 2010 წლის 13 მარტი და შემდეგი რამდენიმე დღე. ეს მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. ადამიანები გვაგინებდნენ უცენზურო და უშვერი სიტყვებით, გვემუქრებოდნენ და გვიწოდებდნენ ყველაფრის მკადრებელ არამზადებს, მაგრამ, ცხადია, რომ ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა.
ხელისუფლება ექიმივით არის, რომელმაც უნდა უმკურნალოს ხალხს, როგორც ავადმყოფს, მაშინაც კი, როდესაც ის მედგარ წინააღმდეგობას გვიწევს. ადამიანებს, ცხადია, არ ესმოდათ, რომ ყველაფერი ეს მათსავე საკეთილდღეოდ კეთდებოდა, თუმცა, ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა ამ აუცილებელ ნაბიჯზე და დღეს მე ამაყი ვარ ამით.
დიახ, გარკვეულ შიშს და შოკს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გაგრძელდა სულ რაღაც 20-30 წუთი. სამაგიეროდ დღეს ჩვენს ხალხს ვერაფრით შეაშინებ და დააჩოქებ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ სწორედ საქართველო აქცია თავისი კვლევების პოლიგონად და, რასაკვირველია, იუნესკოს, რომელმაც ასეთი დიდი პატივი გვარგუნა წილად. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველები არასდროს ყოფილან ასე სტრესმედეგები, როგორც დღეს. ისინი აუღელვებლად ხვდებიან ყველანაირ გასაჭირს. უნდა გითხრათ, რომ მოსახლეობის ამგვარი სულიერი სიხისტე შედეგია ხელისუფლების მიერ არჩეული მკურნალობის სწორი ალგორითმისა.
Daily Mail-ის კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც. სხვათა შორის, იგი საქართველოს მოქალაქეთაგან ერთადერთია, ვინც 65-68 კილოგრამი წონის მქონე მსოფლიო ინტელექტუალებში 2000 საუკეთესოსთან ერთად ფლეიოფში გავიდა. იგი სატელეფონო საუბარში სიხარულს ვერ მალავდა.
Daily Mail: როგორც გავიგეთ, აპირებთ, რომ 13 მარტი უქმედ გამოაცხადოთ. დასვენების დღეებში კი, როგორც წესი, ადამიანები ლოგინში კოტრიალობენ, თევზაობენ, სტუმრად დადიან, ისვენებენ და, ესე იგი, ერიდებიან სტრესებს. რამდენად შესაბამისობაშია ეს ყველაფერი 13 მარტის სულისკვეთებასთან, რომელიც, პირიქით, სტრესების სიუხვეს უნდა გულისხმობდეს?
- ეს არ იქნება უქმე დღე იმ გაგებით, როგორც საერთოდ გვესმის. ადამიანები ჩვეულებრივ მივლენ სამსახურში, ბავშვები - სკოლაში, იმუშავებს პარლამენტი, მთავრობა, მაგრამ ამას ანტისტრესული ვარჯიშის თუ მეცადინეობის სახე ექნება, როგორც სამოქალაქო თავდაცვის დროს. ანუ უნდა ვცადოთ, რომ მაქსიმალურად ბევრი სტრესი მივაყენოთ ერთმანეთს და გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი.
მაგალითად, დილაადრიან, ასე ხუთიდან ექვსამდე, დაურეკეთ ნათესავებს და მეგობრებს და გამოფხიზლება არ აცალოთ, ისე ამცნეთ ვინმე ახლობლის გარდაცვალების შესახებ. ასეთი რამ შეგიძლიათ გაიმეოროთ ბევრჯერ - საკმაოდ ძლიერი სტრესია და გვარიანად აკაჟებს ადამიანს. თუ გაქვთ აგარაკი, შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს მეზობელს და ამცნოთ, რომ მისი სახლი იწვის, ამ სტრესსაც არა უშავს. კარდიოლოგიურ საავადმყოფოებში და რეანიმაციებში შეიძლება ჩავრთოთ სირენები და ექთნებმა დაიწყონ კივილი, ვიწვით, ვიწვითო. მთავრობას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ომს იწყებს რომელიმე დიდ ქვეყანასთან და ამ მიზნით დანა-ჩანგლის ექსპროპრიაციას ახდენს.
Daily Mail: შარშანდელ მოდელირებაში ითქვა, რომ პრეზიდენტი მოკლეს. თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი ფორმებიც უნდა იქნას გამოყენებული? თანაც, ეს შეიძლება აღარ დაიჯერონ.
- როგორც ჩვენი უცხოელი ექსპერტები გვეუბნებიან, რომლებიც ქვეყნის მოდელირებაში გვეხმარებიან, თუ სწორად შეურჩევ დროს და მომენტს, ჩვენი ხალხი რასაც გინდა, იმას დაიჯერებს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა ხვალ რომ განაცხადოს, დავტოვე ქვეყანა და ამერიკას ვთხოვ პოლიტიკურ თავშესაფარსო, ვითომ, რით იქნება ცუდი სტრესი?! თუმცა, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი რამე უკეთესს და ორიგინალურს მოიფიქრებს.
Daily Mail: იუნესკოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ალბათ, 13 მარტისთვის სათანადოდ ვერ მოემზადეთ?
- დიახ, სამწუხაროდ, მართლაც ასეა, თუმცა, რამდენიმე სტრესსიურპრიზს მაინც ვპირდებით მოსახლეობას. ამავე დროს, მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, არასამთავრობო სექტორს, ჟურნალისტებს, ვეტერანებს, მასწავლებლებს, ექიმებს, წვრილ და მსხვილ მეწარმეებს, განსაკუთრებით უმუშევრებს და ეგრეთ წოდებულ ჩარეცხილებს, მობრძანდით ხვალ 15 საათზე პარლამენტის შენობასთან და ერთად აღვნიშნოთ "მოდელირებული ქრონიკის" წლისთავი, ერთად ვუთხრათ მადლობა იუნესკოს.
პარლამენტის და მთავრობის წევრებსაც ისევე გვჭირდება სტრესის ქვეშ ყოფნა, როგორც რიგით მოქალაქეებს, ამიტომ მობრძანდით, გვისვინეთ, გვაგინეთ, გვიწოდეთ პიარს გადაყოლილი არაფრისმაქნისები, დაგვემუქრეთ ტუნისიზაციით, ეგვიპტიზაციით და ასე შემდეგ. შემდეგ ხელისუფლების სტრესსიურპრიზების დემონსტრირებაც მოეწყობა და დიდი სახალხო დღესასწაულის მოწმენი გავხდებით, რომელიც შეიძლება სიენენმაც კი გადასცეს პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას და ყველას ვიწვევ პარლამენტის წინ გულის გასახეთქ დღესასწაულზე.
Daily Mail-მა მოახერხა შეხვედროდა საქართველოს ენერგიულ პრეზიდენტს, რომელიც ელვისებური სიჩქარით მოძრაობს, სამ-სამ საფეხურს ახტება და ამჟამად ნიუიორკში იმყოფება. მას ეს სასიხარულო ამბავი დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ გაუგია და იქვე გარკვეული გეგმებიც დაუსახავს. ვინაიდან იგი მორიგ შეხვედრაზე მიიჩქაროდა, მხოლოდ ერთ კითხვაზე მოასწრო პასუხის გაცემა.
Daily Mail: რატომ გახდა მაინცდამაინც საქართველო იუნესკოს რჩეული, რა არის ამ წარმატების საფუძველი?
- არის ერთი ქართული მოთხრობა - "ქაჯანა", რომელსაც, დღევანდელი მსოფლიო ჯერ კიდევ არ უთმობს სათანადო ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამაგიდო მოთხრობაა. მასში საუბარია იმაზე, რომ დაიკო შეაშინებს ძამიკოს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დამუნჯდება. შემდეგ მეორეჯერ შეაშინებს დაიკო და ძამიკო ისევ ალაპარაკდება. ესე იგი, სტრესმა დაავადა და სტრესმა განკურნა.
ჩვენ, ქართველები, ქაჯანები ვართ. ის, რაც სხვისთვის სტრესია, ჩვენთვის სამკურნალო თერაპიაა. მე ვურჩევდი ჩემს ჩრდილოელ კოლეგას, რომელიც ჩვენს შეშინებას ცდილობს, კარგად წაიკითხოს "ქაჯანა." ახლა სულ სხვა დროა, მუქარით და შეშინებით მხოლოდ საპირისპირო შედეგს მოიმკით. თქვენ ვეღარასოდეს შეგვაშინებთ ისე, როგორც ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი თავის შეშინება. ქაჯანიზმის ჩვენს მიერ აპრობირებული უახლესი ტექნოლოგიები მალე მთელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელდება. მიხარია, რომ ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო.
მე უკვე ველაპარაკე ზურაბ წერეთელს და დონალდ ტრამპს და გადავწყვიტეთ, რომ 2013 წლისთვის თავისუფლების კერპის პირდაპირ, ასე ხუთასი-ექვსასი მეტრის მოშორებით, აღიმართება 306 ფუტის სიმაღლის ქაჯანას კერპი, რომელიც იქნება მოძრავი. იგი ნელა-ნელა მიუახლოვდება თავისუფლების ქანდაკებას, ჩაეხუტება და ცოტა ხნის მერე ისევ ნელ-ნელა დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.
საფრაგეთმა აჩუქა ამერიკას თავისუფლების სიმბოლო, საქართველო აჩუქებს მას სტრესების დაძლევის სიმბოლოს. ამავე დროს, ბატონი ტრამპი აპირებს, შიშისაგან მეტყველებადაბრუნებულ ქაჯანას ქანდაკებაში გახსნას რესტორანი, სასტუმრო და სარეალიბიტაციო ცენტრი. როგორც ვხედავთ, უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ნიუიორკის სიღნაღიზაცია და ქაჯანიზაცია, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის ტურისტულ პოტენციალს.
Daily Mail
აბა!