ბიოგრაფია კურტ დონალდ კობაინს, ვოკალისტს, გიტარისტს და კომპოზიტორს, ჯგუფიდან Nirvana, 20 თებერვალს 43 წელი შეუსრულდებოდა. ჟურნალ Rolling Stones გამოკითხვით, კურტ კობაინი საუკეთესო გარდაცვლილ როკ მუსიკოსთა შორის 3 ადგილზე გავიდა. ამავე ჟურნალის გამოკითხვით, იგი საუკეთესო გიტარისტთა შორის, მე- 12 ადგილზეა. ეს დიდი მიღწევაა ისეთი ადამიანისთვის, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, 27 წლისა გარდაიცვალა.
კურტი დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს, სიეტლთან ახლოს პატარა ქალაქ ჰოკიაიმში, ირლანდიური წარმოშობის დონალდ კობეინის ოჯახში. მალე აბერდინში გადავიდნენ. ორი წლის ასაკიდან შეატყვეს მშობლებმა, რომ მუსიკა ძალიან უყვარდა. 4 წლისა უკვე თავისებურ სიმღერებს მღეროდა.
ბავშვობიდან აღტაცებული იყო ბითლზებით. ჯონ ლენონს თავის კუმირს უწოდებდა. მერე გაიტაცა AC/DC, Aerosmith, Led Zeppelin (დაწერა სიმღერა Aero Zeppelin, რომელიც აეროსმიტსა და ლედ ზეპელინს უძღვნა), ასევე მოსწონდა Black Sabbath, Queen, KISS, Sex Pistols და სხვა ჯგუფები.
რვა წლის იყო მშობლები რომ დაშორდნენ. ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა პატარა კურტზე, შეიცვალა. გაბრაზებული იყო მშობლებზე, უნდოდა ჰქონოდა თბილი, მყუდრო ოჯახი. რთული ცხოვრება ჰქონდა ბავშვობიდან. პატარაობიდან აწუხებდა ქრონიკული ბრონქიტი და მუცლის ტკივილები, რომლის მიზეზი ვერც დაადგინეს.
ვერ აიტანა დედის მეგობარი კაცი და მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. მამა მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალს ვერ შეეგუა და ხან ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა, ხან სხვა ნათესავებთან. 14 წლისა იყო, როდესაც ბიძია ჩაკმა, თავად მუსიკოსმა, გიტარა აჩუქა დაბადების დღეზე.
მალე გაიცნო აბერდინული ჯგუფი Melvins, რომელიც უკრავდა პანკისა და როკის ნაზავს, შემდგომში გრანჟი რომ უწოდეს. გრანჟი სლენგზე “ჭუჭყს” ნიშნავს. ითვლება ალტერნატიული როკის ქვე-ჟანრად. ამ სტილისათვის დამახასიათებელია ელექტრო გიტარის დინამიური მუსიკის ფონი და არასასიამოვნო ტექსტები. ჩაცმის “გრანჟ სტილიც” შესაბამისია, მოუწესრიგებელი. ჯგუფში გაიცნო კრის ნოვოსელიჩი.
დედა მეორედ გათხოვდა მსმელ კაცზე. კურტს არ უყვარდა სკოლა, ამიტომ მიატოვა სწავლა მეცხრე კლასიდან, სახლიდანაც მოუწია წასვლა. ცხოვრობდა მეგობრებთან, ყოველ დღე სხვადასხვა ბინაში. ხანდახან ხიდის ქვეშ ათევდა ღამეს, რამაც შთააგონა დაეწერა სიმღერა Something in the Way.
შინაარსი მწუხარეა: “ხიდის ქვეშ ვცხოვრობ, ბალახზე, ბრეზენტს წყალი ჩამოსდის...”. ალბათ, ამ პირობებმა დიდად განსაზღვრა მისი შემოქმედება და ბედიც.
1985 წელ დააარსა ჯგუფი Fecal Matter, ვერაფერი შეძლეს სერიოზული და დაიშალნენ. ამ ჯგუფის საშინაო ჩანაწერებს ავრცელებდა მეგობრებში, კვლავ უნდოდა ჯგუფის ჩამოყალიბება. კრის ნოვოსელიჩს გაახსენდა მისი ნაჩუქარი კასეტა, მოუსმინა, მოეწონა და შესთავაზა ჯგუფის შექმნა. დასარტყამ ინსტრუმენტზე აიყვანეს აარონ ბურკჰარდი. ჯგუფს რამდენიმეჯერ სახელი გამოუცვალეს: Skid Row, Ted Ed Fred, Bliss, Pen Cap Chew. ბოლოს nirvana არჩიეს. მალე სინგლი გამოუშვეს, შემდეგ დისკი Bleach. პირველი დისკი 600 დოლარად ჩაწერეს. წარმატებასაც მიაღწიეს.
1991 წელს გამოუშვეს მეორე დისკი Nevermind. სიმღერები ამ დისკიდან MTV ჰიტებად იქცა. თავად დისკმა კი „ბრილიანტის“ წოდება მიიღო, 1990 წლების საუკეთესო დისკად აღიარეს.
„მე ჩემს ეგოს არ ვაძლევდი უფლებას მეფიქრა, რომ დიდებულები ვართ. მიჩქმალულ სცენებზე უამრავი კარგი ჯგუფი იყო, ჩვენნაირი, ჩვენზე უკეთესებიც, მაგრამ ყურადღება ჩვენ მოგვაპყრეს.“ მეტიც, კურტი ამბობდა რომ მელოდია არ მოსწონდა ამ დისკისა, ძალიან „დახვეწილად“ მიაჩნდა.
კომერციული წარმატებაც მიიღეს. კურტი გამოაცხადეს „თაობის ხმად“. რასაც მთელი ცხოვრება ვერ ურიგდებოდა. ცხოვრება კი მოკლე დარჩენოდა…
1992 წელს ცოლად მოიყვანა კორტნი ლავი, ჰოლივუდის ვარსკვლავი. ყოფილი სტრიპტიზ მოცეკვავე, ჯგუფ hole ვოკალისტი და გიტარისტი. „ისეთი ბედნიერი ვიყავი, ლაპარაკი არ შემეძლოო“, ამბობდა კურტი.
1992 წელს შეეძინათ ქალიშვილი, ფრენსის ბინ კობეინი. კორტნის ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა: «სანამ გავიგებდი რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ნარკოტიკებს ვიღებდიო». ამან გამოიწვია დიდი მღელვარება და სასამართლომ კინაღამ შვილი წაართვა. თუმცა დაავალეს ნარკოტიკებზე ტესტი ჩაებარებინათ რეგულარულად. დასრულდა თუ არა სასამართლო, ჩაიწერეს ახალი დისკი In Utero, 1993 წელს. ამ დისკის სიმღერებში მათს ოჯახზე დატრიალებული შეტევის გამოძახილია, რომელიც «ბიუროკრატიისა და კონფრომისტებისგან» მიიღეს.
კურტი მოყვარული და ფაქიზი მამა გამოდგა, საწინააღმდეგოდ მისი იმიჯისა: „როცა ტელევიზიით ვუყურებ გადაცემებს მომაკვდავ ბავშვებზე, არ შემიძლია არ ვიტირო. სულ მეშინია არ დავკარგო შვილი. როცა მანქანაში ვსვამ, მეშინია ავარიაში არ მოვხვდე“, წერდა მამისადმი წერილში, რომელიც არც გაუგზავნია.
სიკვდილის წინ კორტნის მისწერა: „არ დანებდე კორტნი, ფრენსისის გულისათვის, მისი სიცოცხლისათვის. ის უფრო ბედნიერი იქნება უჩემოდ, მიყვარხართ, მიყვარხართ!“
მუცლის ტკივილები ისევ აწუხებდა, 13 წლიდან ჰაშიშს ეწეოდა. მისი თქმით, ჰეროინით ცდილობდა მუცლის ტკივილების გაყუჩებას. იღებდა ჰალუცინოგერებსაც. სძულდა ნარკომანია, მაგრამ ვერ აგდებდა. ძალიან ნერვიული გახდა, დაეწყო მოჩვენებები, თითქოს დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ. კორტნისთან უსიამოვნება მოსდიოდა ამის გამო. ერთხელ კორნიმ პოლიციაც გამოიძახა, კურტი აბაზანაში ჩაიკეტა და თავის მოკვლას ცდილობსო (საერთოდ ამბობდნენ, კორტნი მძიმე ხასიათის იყოო).
რამდენჯერმე კინაღამ მოკვდა დოზის გადამეტების გამო. ბევრი თვლის, რომ ეს თვითმკვლელობის ცდები იყო. ზოგიერთი ამბობს, თითქოს სიკვდილის წინა წერილში კორტნის წერდა: „ნუ გამოყვები ჩემს გზას, მიყვარხარ და მიყვარს ფრენსისი, ვწუხვარ. მე იმ ქვეყნიდან დაგიცავთ. ვიცი სადაც მივდივარ. აქ აღარ შემიძლია ყოფნაო“.
კორნტიმ თითქოს დაიყოლია კიდევ ერთხელ მკურნალობაზე, მაგრამ, საავადმყოფოდან გაიპარა. დაურეკა კორტნის და უთხრა: „მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, მიყვარხარ“.
1994 წლის 8 აპრილს კურტის ცხედარი იპოვეს თავის სახლში. მხოლოდ 27 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით დიდი დოზით ნარკოტიკი მიიღო და მერე თოფით თავი მოიკლა. სიკვდილის წინა წერილში ეწერა: „მე ვეღარ ვგრძნობ აღფრთოვანებას ვერც მოსმენით, ვერც მუსიკის შექმნით, უკვე რამდენიმე წელია“.
მისმა უცნაურმა თვითმკვლელობამ, – თითქოს გაიკეთა უზარმაზარი დოზა და მერე თოფი ისროლა თავში, – ეჭვები გააჩინა, მათ შორის ეჭვები გაუჩნდათ პროფესიონალებსაც. ეჭვი მიიტანეს კორტნიზე, რომელთანაც ხშირად სკანდალები ჰქონდა და ის თითქოს ანდერძიდანაც კი ამოიღო. გამოძიებამ თითქოს ბევრი შეუსაბამობაც აღმოაჩინა, მათ შორის სიკვდილის წინა წერილში. ასევე, თითქოს არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდი თოფზე და ა. შ. მაგრამ, გამოძიება შეწყდა.
ნირვანა ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს „სრულ სიმშვიდეს, არა სიცოცხლეს, არა სიკვდილს, არამედ თავისებურ, უფრო სწორად ზეყოფნას, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული“ (მსოფლიო რელიგიები საქართველოში).
იქნებ ნირვანაში, სრულ სიმშვიდეში უნდოდა გადასვლა კურტს, ბავშვობიდან ხომ სიმშვიდე არ ჰქონია, ვერც დედამ, ვერც მამამ, ვერც ცოლმა რომ ვერ მიანიჭა... შემოქმედებაშიც რომ ვეღარ გრძნობდა. ვინ იცის.

პ.ს გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატოდ ამ ლეგენდარულ გიტარისტზე ,კომპოზიტორსა და "ნირვანას" სოლისტზე