დილით ადრე გამეღვიძა. უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს, ვიღაც მეძახდა. ეს შეგრძნება თავიდან ვერ მოვიშორე. ვიფიქრე, გარეთ გავალ, გავივლი, იქნებ, სხვა რამეზე გადავიტანო ფიქრი-მეთქი. გამოვედი ქუჩაში. მივდივარ ჩემთვის დაფიქრებული და ვგრძნობ, ვიღაც მიყურებს. მოვიხედე და ვხედავ, სტალინი დგას და თვალს არ მაცილებს, მიღიმის. გაუბედავად მივუახლოვდი და მივესალმე:
“გამარჯობათ!”, ღიმილით მითხრა, გაგიმარჯოსო. “აქ როგორ გაჩნდით?” “შედეგებს ვაკვირდებიო”, მიპასუხა. რაღაც შეუცნობელი გრძნობა დამეუფლა, მეც "შედეგად" ვიგრძენი თავი.
გავისეირნოთო, შემომათავაზა. უარს როგორ ვეტყოდი და ამოვუდექი გვერდით. ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდა და უცებ მკითხა:
- რომელი წელია?
- 2011.
გაეცინა. მის სახეზე საკუთარი თავის პატივისცემა აღიბეჭდა.
- რატომ გეცინებათ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- 57 წელი მებრძვიან, - მითხრა.
- ამაზე გეღიმებათ?
- არა, რაც არიან, იმაზე.
დავიბნეულმა ვკითხე:
- ვინ არიან?
- ადამიანები.
უფრო გამიკვირდა. შემატყო ეს და ღიმილით მოქაჩა ჩიბუხი, მომიტრილადა და მითხრა:
- ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია.
- ეს ყველაფერი ხალხმა შექმნა, - ვუპასუხე.
- ეს ხალხი კი მე შევქმენი.
- რას ხედავთ თქვენს შექმნილს?
- საბჭოთა ადამიანს.
წამით ჩაფიქრდა და გააგრძელა:
- არაფერი შეცვლილა, ჩემმა შექმნილმა აქამდე გასძლო.
- მაგრამ თქვენმა შექმნილმა საზოგადოებამ ყველა ომი წააგო ამხანაგო სტალინ.
- ეს მართალია, - თავი დამიქნია.
- ჩემი შექმნილი, თავისუფლებას ვერ იტანს, - დაამატა დარწმუნებულმა.
- ეს ომები ხომ თქვენი გულისთვის მოხდა? ავტონომიური ოლქები რატომ შექმენით?
გაჩერდა ჩიბუხს მოუკიდა და სერიოზული სახით მითხრა:
- იცი, ამხანაგო, ჩემი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო, მე კი - ასი წლით მერე რა იქნებოდა - იმაზე ვფიქრობდი... თქვენი სამშობლო რომელია და მისი მომავალი რამდენი წლის მერე გაინტერესებთ?
- გვაინტერესებს ამხანაგო სტალინ, ძველს ვანგრევთ და ახალს ვაშენებთ, - თან თვალი იმელის შენობისკენ გავაპარე.
- სწორია, ასე გასწავლიდით მე, - სიცილით მითხრა.
- რას გვასწავლიდით?
- მეც ვანგრევდი ძველს - სიცილითვე გააგრძელა.
ნუთუ, არაფერი შეიცვალა? ნუთუ, ისევ იქ ვართ? ეს კითხვები არ მასვენებდა.
- ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, - ამაყად ვუთხარი.
უცბად გაჩერდა და გაკვირვებულმა მკითხა:
- ვისგან?
- ყველასგან, - ვუპასუხე.
ჩიბუხით რაღაცაზე მიმითითა. გავაყოლე თვალი და აბრა დავინახე. უცბად დავმუნჯდი. ვეძებე ქართული წარწერა და ვერ ვიპოვე. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, არ იყო ქართული წარწერა. შემატყო და ეშმაკურად გაეღიმა:
- ჩემს დროს სულ რუსული იყო.
- ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ, არჩევნებით, - ვუთხარი ნიშნისმოგებით.
- რა თქმა უნდა, ასეა საჭირო. მეც მირჩევდა 90% მოსახლეობისა, ყველა სახელმწიფოც აღიარებდა არჩევნებს. სხვათა შორის, კონსტიტუციაც უფრო ჰუმანური მქონდა.
- კიდევ რას ხედავთ საერთოს?
ჩიბუხი მოქაჩა და თითებზე ჩამოთვლა დაიწყო:
- დამნაშავეები და ციხეები, მეც ასე ვაკეთებდი - ნახევარი დამნაშავე უნდა ყოფილიყო, მეორე ნახევარს კი სძულებოდა ისინი. ორივე მხარეს თავის უბედურობებში ერთმანეთი უნდა დაედანაშაულებინა.
- მტრის ხატი და აგენტები - ეს აუცილებელია; უნდა იყოს მტერი და დამცველი, რომ ხალხი შენ გვერდით დაცულად გრძნობდეს თავს. აგენტები, კარგი საშუალებაა ადამიანები მოიცილო.
- ბავშვები, სასწავლებლები, ბანაკები - ესეც აუცილებელი ატრიბუტია. ბავშების გამოცალკევება, თავშეყრა და მხიარულების ფონზე მათი იდეოლოგიურად აღზრდა მნიშვნელოვანია. ამისთვის პიონერთა ბანაკებს ვქმნიდი, თქვენ პატრიოტულ ბანაკებად გადააკეთეთ, თუმცა, მიზანი ერთია – ქვეყანაში პარტიის მომავალი გაიზარდოს. სკოლაში კონტროლი, პარტიის კადრებით შევსება და ბავშვთა ოთახები. თუმცა, მე განცალკევებით მქონდა ბავშვთა ოთახი, თქვენ წინ წახვედით და სკოლაშივე შექმენით.
- ფული ადამიანს იმდენი უნდა მისცე, შიმშილით არ მოკვდეს. ზედმეტი აუცილებლად უნდა წაართვა, რომ მოთხოვნები არ გაეზარდოს.
- ინფორმაცია - ის უნდა უთხრა მხოლოდ, რაც შენ გაწყობს.
- გრანდიოზულობის შეგრძნება - განცდა, რომ ყველაფერი გრანდიოზულია და რომ ადამიანი რაღაც გრანდიოზულის მონაწილეა.
- ძალა - ომის შემდეგ ადამინებს ციმბირში სატვირთო ვაგონებით ვასახლებდი, თქვენ სატვირთო მანქანებით ასახლებთ.
- ვეტერანებს, ვინც არ მომწონდა, ვიჭერდი და ბანაკებში ვასახლებდი, შიმშილით ვკლავდი. ვინც ჩემს მზეს ფიცულობდა, იმათ ვასაქმებდი... თქვენც, ვინც არ მოგწონთ, სცემთ, იჭერთ, აშიმშილებთ. ვინც მოგწონთ, იმას სახლებს აძლევთ, ასაქმებთ.
- კულტი - მე მიმღეროდნენ, ლექსებს მიძღვნიდნენ, ჩემს სახელს ყვიროდნენ. ახლაც ერთ კაცს უმღერიან, ლექსებს უწერენ, მის სახელს ყვირიან ადამიანებიც და მილიციაც. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
- მილიცია არ გვყავს, პოლიცია გვყვავს! - ვუთხარი ამაყად.
- სახელის შეცვლა არ შველის, მთავარი პარტიაა, - მითხრა ღიმილით.
მოვასწარი და ჩავურთე:
- ჩვენ დემოკრატიული სამყარო გვიდგას გვერდით!
არც შემოუხედავს, ისე მიპასუხა:
- ჩვენ გვერდიგვერდ ვიბრძოდით.
აღარ მინდოდა ამის მოსმენა და ვკითხე, რა განსხვავებას ხედავთ-მეთქი. იმედი მქონდა, რაღაც განსხვავება მაინც იქნებოდა. ჩაფიქრდა კარგა ხნით, თუთუნი ამოიღო, ჩიბუხი გატენა, მოუკიდა და მითხრა:
- იცი, ამხანაგო, მე ხალხს ვართმევდი, ვიჭერდი, ვხვრეტდი და ამას საბჭოთა კავშირისთვის ვაკეთებდი. რისიც მწამდა, იმას ვაშენებდი. თქვენ ხალხს ართმევთ, იჭერთ და ამას რამდენიმე კაცისთვის აკეთებთ, - მათთვის ვილების შესაძენად, მათი კეთილდღეობისათვის.
მე ომებს ვაწარმოებდი, მილიონობით ადამიანს ვწირავდი სხვისი ტერიტორიების მისათვისებლად. თქვენ - საკუთარს ყიდით.
დასავლეთის ძირგამომპალმა იმპერიამ მოახდინა გავლენა, ამიტომ მქონდა დაკეტილი საზღვრები. თუმცა მესმის თქვენი ბელადის, რესურსები არ ყოფნის, მე ულევი მქონდა.
კარგა ხანი ჩუმად მივდიოდით, ბოლოს ვუთხარი:
- იცით ამხანაგო სტალინ თქვენი მცდელობებმა ვერ მიაღწია სასურველს, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ბელადების წინააღმდეგ, თავისუფლებისათვის.
გაჩერდა. ჩაფირებულმა შემომხედა და ჩაიჩურჩულა:
- 57 წელი დაგჭირდათ, ჩანასახი რომ გაჩენილიყო. ამაზე კი აღარ მეღიმება, ნელ-ნელა ისტორიას ვბარდები. მაგრამ ჯერ კიდევ შორია. მომწონს თქვენი ხელისუფლება, ჩემს გაკვალულზე მიდიან.
უცებ შუბლზე მომადო თითი:
- აქედან როდის წამშლით? - დამიტოვა კითხვა და ჩქარი ნაბიჯებით გამცილდა.
დღემდე მაწუხებს კითხვა: "როდის წავშლით მას?"
_____________________
"დღემდე მაწუხებს კითხვა: როდის წავშლით მას?"-ზეგ წავშლით ,ზეგ!©105
ბონუსად
წყარო