დიდი ხანი არაა, მაგრამ საქრთველო ნელ-ნელა დაადგა დასავლური ღირებულებების გზას და წარსულში მოიტოვა ის დრო, როდესაც ელ.ენერგიის მოსვლა ერთგვარ სიხარულს ბადებდა, ხოლო დანგრეული გზები და კორუფცია ჩვეული მოვლენა გახლდათ. ერთი სიტყვით ქვეყნის მატარებელი ახალ რელსებზე გადავიდა, შესაბამისად გაჩნდა ახალი მოთხოვნილებები, ახალი შეხედულებები და ახალი გამოწვევები… მაგრამ ყველაფერი არც ძალიან მარტივად ხდება და არც ძალიან რთულად – მთავარია ეს მოხდეს არა ზევიდან ქვემოთ არამედ ქვემოდან ზემოთ – ვერტიკალურად. უკეთ რომ ვთქვათ მხოლო ხელისუფლების დაკვეთა საზოგადოებაში დემოკრატიული და მოდერნისტული იდეებისა და ქმედებების განსახორციელებლად არ არის საკმარისი და პირველ რიგში ისევ და ისევ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ამის მოთხოვნილება და იყოს იმდენად მდგრადი სამოქალაქო ინსტიტუტები, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ წყვეტდეს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს.
დროა ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ გარდამავლობისა და წარსულის ეპოქა დასრულდა და ეს ნიშნავს იმის შესაძლებლობას, რომ ყოველთვის იყოს საშუალებად დავიწყოთ თავიდან და ამისათვის ცალკეული თაობების გამოყოფა კი არ კმარა, არამედ ყველა ჩვენგანში იმის გააზრება, რომ ერთიანი სხეულის ნაწილი ვართ და სწორედ ამ სხეულს შეუძლია შექმნას ის, რაც მას მართლა სურს და არა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს.
შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა არა მოდერნიზაცია, ანუ იგივე ტექნოლოგიური აღმავლობა, არამედ მჭიდრო ურთიერთობები გარე სამყაროსთან, განათლება და თავისუფლება, რაც თავისთავადვე იქნება წყარო მოდერნიზაციისა, ხოლო თავისთავად მოდერნიზაცია და ტექნოგენეზისი სულაც არ საჭიროებს დემოკრატიას და იგი ისეთ სახელმწიფოებშიც გვხდებოდა, რომლებიც ტოტალიტარიზმის ფუძემდებლებად შეგვიძლია მოვიაზროთ.
მაშ რატომ არ არის საქართველოში დემოკრატია? სამწუხაროა, მაგრამ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სტერეოტიპები უფრო მეტ ღირებულებად უცვნია, ვიდრე რეალობა, შესაბამისად დემოკრატიის ქართული გაგება დაკავშირებულია 1. მოდერნიზაციას და ტექნოლოგიურ წინსვლასთან; 2. ულტრალიბერალიზმსა და აუცილებლად საბაზრო ეკონომიკასთან და 3. ნაციონალური ინტერესებისა და იდენტურობის არ არსებობასთან. სამწუხაროა, მაგრამ დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიის გასაკრიტიკებლად განსაკუთრებით ეს უკანასკნელი სტერეოტიპია ყველაზე აქტიურად გამოყენებადი, არადა იგი ჩანაცვლებადია იმ რუსული და საბჭოური შეხედულებებისა, რომლებიც 200 წელიწადზე მეტი ძალით ინერგებოდა საქართველოში.
ერთი სიტყვით დასავლეთისაკენ სწრაფვა და დემოკრატიის დამყარება საოცარი და წარმოუდგენელი სულაც არ არის, თუ იქნება ამის ნებელობა და გააზრება თითოეული საკითხისა და არა ისეთი ტრადიციული მიდგომა, როგორიც უმრავლესობის აზრს ეყრდნობა, მაგალითად თუ რომელიმე ფილმზე უმრავლესობა ამბობს, რომ ცუდია, ესე იგი ალბათობა იმისა, რომ მისი უნახავად გაკრიტიკება მოხდეს სხვა ადამიანისაგან, საკმაოდ მაღალია. პრობლემაც სწორედ აქ იმალება: ნებისმიერი ღირებულება, რომელსაც გვთავაზობენ და ვიღებთ, პრაქტიკულად ჩვენგან დამოუკიდებლად და გარკვეული ფორმირებით მკვიდრდება ჩვენთან, ხოლო გარკვეულწილად, მისდამი დამოკიდებულების “გამომუშავება” ჩვენს გარეშე ხდება.
ცხადია, ყოველივეს მოდერნიზაციასა და დემოკრატიზაციის პროცესს, ანუ წარსული დაღებისაგან განკურნებას წინ ვერაფერი დაუდგება, მით უფრო კომუნიკაციის მაღალი მაჩვენებელი, რასაც მეტი ვალდებულებები და მოთხოვნილებები მოჰყვება თან, მაგრამ ყოველივეს დაჩქარება თუ შენელება მაინც უშუალოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული და არა ტექნოლოგიების გავითარებაზე და ზოგადად მოდერნიზაციაზე. როდესაც საზოგადოებაში მომწიფდება ხედვა, რომ იგი არის მმართველი და ის წყვეტს თუ რა უნდა მას მომავალში, როდესაც ინდივიდი იქნება თავისი ცხოვრების უშუალოდ განმსაზღვრელი, სწორედ მაშინ დადგება ნამდვილი აღზევების ხანა და სწორედ მაშინ შეეძლება ნებისმიერ ადამიანს გააკეთოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თუ სოციალური არჩევანი, რადგან იგი ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარე ფაქტორებზე – მაშინ კი ჭეშმარიტად დადგება დემოკრატია და ქვეყანა მოირგებს ქართულ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელის პირველი მაფორმირებელი საქართველოში ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე იყვნენ. ასე რომ მშვიდობით წარსულს – მომავლის დროა!
პ.ს.
სათავე ნაკადულისა
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.