სოჭის ოლიმპიადის მზადებაში „შემოარაყებული“ ოლიმპიური ბიუჯეტი, უკმაყოფილო სოჭელების თითქმის ყოველდღიური პიკეტები სოკოებივით მომრავლებულ მშენებლობებთან, „განკულაკებული“, მიწებჩამორთმეული სოჭელები, კორუფციული გარიგებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის, ბიუჯეტის გაფლანგვის მიფუჩეჩების მიზნით გამალებული მშენებლობები, მშენებელთა უსაშინლესი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები, ადგილობრივი ბლოგერები, რომლებიც მშენებლობებზე არსებულ მაღალ მესერებზე ძრომიალით, მალულად იღებენ სურათებსა და ვიდეოკადრებს - ეს ყველაფერი ქალაქ სოჭის რეალობაა და მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა სწორედ ამ ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ ქალაქში ყველაფერი თავდაყირა დგას და დღითიდღე კიდევ უფრო თავდაყირა დგება...
„პრესა.ჯი“ გთავაზობთ სოჭელი ბლოგერების უნიკალურ ფოტომასალას, რომელსაც ისინი პერიოდულად აქვეყნებენ თავიანთ ბლოგებზე. კაცმა რომ თქვას, ფოტოზე დართული ტექსტების გარეშეც შესაძლებელია ქალაქში არსებული სიტუაციის ამოცნობა, თუმცა, კონკრეტულ ფოტოებს კონკრეტული ტექსტი ერთვის და მდგომარეობაც დეტალებშია აღწერილი.
ამ ბლოგერების ნაწერებში საყვარელი ქალაქის იერსახის შეცვლის, სანაპიროს დაბინძურების, მწვანე საფარის გაჩეხვის გამო გულისტკივილი გამოსჭვივის და ბლოგები სულაც არაა ღვარძლიანად დაწერილი. ვერაფერს იზამ, რეალობა ასეთია: პუტინს და მედვედევს, მათ გარემოცვასა და მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ სოჭი ლამაზდება და მშვენდება, მაგრამ სოჭელები პროცესს ასე არ აღიქვამენ...
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4687