madlen_nuka
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 483
წევრი No.: 118727
რეგისტრ.: 23-July 10
|
#25221438 · 30 Apr 2011, 00:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„მცირე აკადემია“ - В этой гостинице я директор!!! 29/04/2011 17:21
თაკო მათეშვილი
„მცირე აკადემიის“ სტუდენტები რექტორს თანხის გამოძალვასა და არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებენ. საქმე ისაა, რომ სასწავლებლის რექტორმა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საბოლოო სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ თანხას არ გადაიხდის, გამოცდაზე არ დაიშვება და, შესაბამისად, დიპლომს ვერ აიღებს. სწორედ ეს „ფინანსური სანქცია“ გახდა სტუდენტთა აღშფოთების მიზეზი. რექტორის თქმით, თანხა საბოლოო სახელმწიფო გამოცდის ჩატარებას უნდა მოხმარდეს, ხოლო სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი სასწავლებელი არააკრედიტირებულია და შესაბამისად, სახელმწიფო გამოცდა ვერ ჩატარდება.
საკითხის გასარკვევად, მცირე აკადემიის ბიზნესის მართვის მეოთხე კურსის სტუდენტებს შევხვდით. ამ გადასახადის შესახებ მათ ორიოდ კვირის წინ შეიტყვეს. საკმაოდ ბუნდოვნად შედგენილ ხელშეკრულებაში, რომელზეც ხელი ორივე მხარემ მოაწერა, მსგავსი გადასახადის შესახებ არაფერი წერია. სტუდენტებმა დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართეს, სადაც უპასუხეს, რომ მცირე აკადემია კერძო სტრუქტურაა და მათ საქმეში ვერ ჩაერევიან (?!). აქვე სიცილით დაამატეს, რომ რექტორი ვერანაირ სახელმწიფო გამოცდას ვერ ჩაატარებს, რადგან სასწავლებელს აკრედიტაციაც კი არ აქვს გავლილი და რომ აკადემიის მიერ გაცემული დიპლომი მხოლოდ „ფარატინა ფურცელია“ და მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
ეს ამბავი სიახლე აღმოჩნდა სტუდენტებისთვის. მათ რექტორისგან იცოდნენ, რომ აკადემიამ აკრედიტაცია მოიპოვა და დიპლომი, რომელსაც ისინი სწავლის დამთავრების შემდგომ აიღებდნენ, სრულფასოვანი იქნებოდა: „აქ რომ ჩავაბარე, ვიცოდი, რომ სასწავლებელს აკრედიტაცია არ ჰქონდა,მაგრამ შემდეგ რექტორმა გვითხრა,რომ აკრედიტაცია მოვიპოვეთ. ლექტორები გვილოცავდნენ, რომ გაგვიმართლა და ასეთ კარგ სასწავლებელში მოვხვდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ 4 წელი და ამ 4 წლის განმავლობაში გადახდილი ფულიც წყალში გადაგვიყრია და რომ ჩვენს შრომას და დიპლომს არანაირი ფასი არ ჰქონია. 500 ლარის გადახდას ფარატინა ფურცლის მოცემაში მთხოვენ. რად მინდა ასეთი დიპლომი? ის მე არაფრად მიღირს. ჩვენ სწავლის გაგრძელების შანსიც არ გვაქვს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მაგისტრატურაში ჩაბარების უფლება არ გვქონია. დაკარგულ 4 წელს ვერ დამიბრუნებენ და მოვითხოვ, ის თანხა მაინც დამიბრუნონ, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გადავიხადე“,–აცხადებს „მცირე აკადემიის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარია სავიცკაია.
გადასახადი კი სასწავლებელში არცთუ მცირეა. მეოთხე კურსელები წელიწადში 1200 ლარს იხდიან, მესამე და მეორე კურსელები– 1500 ლარს, ხოლო პირველკურსელები –2500 ლარს. როგორც აღმოჩნდა, იმ მიზეზით, რომ სასწავლებელი კერძოა, წესებს რექტორი საკუთარ ნებაზე ადგენს და ცვლის. მაგალითად, ის თითოეული სალექციო საათის გაცდენაზე სტუდენტს 3 ლარს ახდევინებს.
"ხელშეკრულებაში წერია, რომ 5 საათის გაცდენა საპატიოდ გვეთვლება და მათ საფასურს არ გადავიხდით, მაგრამ რეალურად ეს არ სრულდება. ერთხელ გამოცდაზე იმის გამო არ დამიშვეს, რომ 1 საათი მქონდა გაცდენილი და როგორც მითხრეს, 3 ლარის დავალიანება მქონდა. არადა 1 საათი წესით მე საპატიოდ უნდა ჩამთვლოდა. თანაც, ის ლექცია არც გამიცდენია, რამდენიმე წუთით დამაგვიანდა, მაგრამ ლექტორები ჩასაფრებულები არიან, რაც შეიძლება სწრაფად დაწერონ "არა", სტუდენტს გაცდენაში ჩაეთვალოს და ფული გადაიხადოს. თავიდან, როცა ჩავაბარეთ თითოეული საათის გაცდენა 1 ლარი ღირდა, დროთა განმავლობაში კი 3 ლარი გახდა. დღეში 4 ლექცია გვაქვს, ანუ 1 დღის გაცდენა 12 ლარი გვიჯდება,"–აცხადებს ბიზნესის მართვის მე–4 კურსის სტუდენტი ეთო მეგრელიშვილი.
"არების" რიცხვი ჯამდება და სტუდენტი თანხას ერთიანად სემესტრის ბოლოს, ბუღალტერთან იხდის თუმცა, როგორც ამბობენ, ეს არსად ფიქსირდება. მათ არავინ აძლევს ჩეკს ან ქვითარს იმის დასადასტურებლად, რომ ფული გადაიხადა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ასეთ სოლიდურ თანხებს იხდიან, მათ სასწავლებელში არ აქვთ ელემენტარული პირობები. აუდიტორიები გაურემონტებელია, მერხები და სკამები დამტვრეული, დაფები არ არსებობს, აუდიტორიათა გამყოფი კედლები კი (თუ მას კედელი შეიძლება ეწოდოს) იმდენად თხელია, რომ თავისუფლად ისმის თუ რაზე საუბრობენ გვერდით ოთახში. ინტერვიუს დროს 3–ჯერ შემოვიდნენ მეზობელი აუდიტორიიდან და გვთხოვეს, ცოტა ხმადაბლა გვესაუბრა, ამიტომ იძულებულები გავხდით ინტერვიუ ჩურჩულით ჩაგვეწერა.
„ლექტორები გვეუბნებიან, თუ ლექციის ახსნისას ტონს ავუწიე, მითხარით რომ ხმადაბლა ვისაუბროო. როცა გვერდით აუდიტორიებშიც ლექციები მიმდინარეობს, ნამდვილი ქაოსია. ვეღარ ვიგებთ რაზე საუბრობს ჩვენი ლექტორი და რაზე–მეზობელ აუდიტორიებში“,– ამბობენ სტუდენტები.
უკეთეს დღეში არც დერეფნებია.ხოლო საპირფარეშოებში შესვლა საერთოდ არ შეიძლება – ანტისანიტარია, საშინელი სუნი, სიბინძურე. სტუდენტების თქმით, წყალიც იშვიათად მოდის და ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გოგონებსა და ბიჭებს საერთო ტუალეტი აქვთ.
მთელს შენობაში ერთადერთი ოთახი, რომელიც საუკეთესოდაა გარემონტებული და მოწყობილი, რექტორის კაბინეტია. მასვე ეკუთვნის ბოლო მოდელის BMW–ს მარკის ავტომობილიც, რომელსაც 10 000 ლარის ღირებულების სანომრე ნიშანი ამშვენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „მცირე აკადემიაში“ სემესტრი მხოლოდ 2 თვეს გრძელდება. „წელს სწავლა ოქტომბრის დასაწყისში დავიწყეთ და 9 დეკემბერს დავამთავრეთ. მეორე სემესტრში კი ლექციები 9 მარტს განახლდა და 5 მაისს მთავრდება. თანაც, ზოგიერთი ფაკულტეტი კვირაში 3 დღეს სწავლობს, ზოგი კი 2 დღეს. ასეთ მცირე დროში სალექციო საგნის ამოწურვა შეუძლებელია. დრო არაფრისთვის გვყოფნის. ამას განათლება და ცოდნის მიღება არ ჰქვია“,– ამბობს ბიზნენესის მერთვის სტუდენტი სოფო მეგრელიშვილი.
ეს ჯერ კიდევ არ არის იმ დარღვევათა სრული ჩამონათვალი, რაც ჩვენ „მცირე აკადემიაში“ ერთი მისვლით აღმოვაჩინეთ. სტუდენტების თქმით, როდესაც გადასახადს ბუღალტერთან იხდიან, მათ ყოველთვის არ აძლევენ ჩეკს. ანუ გადასახადების ნაწილი ოფიციალურად არ აღირიცხება, რაც ფინანსური დარღვევაა.
ამ ყველაფრის გარკვევა ჩვენ „მცირე აკადემიის“ რექტორთან, ქალბატონ მანანა მოხევიშვილთან ვცადეთ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მცდელობისა, ინტერვიუზე უარი მან არცთუ ზრდილობიანი ფორმით განაცხადა. კაბინეტში შესულებს ყვირილი დაგვიწყო, რომ დაიღალა ამდენი ინტერვიუებისგან, რომ თავი მოვაბეზრეთ, რომ ვალდებული არაა რამეზე გვიპასუხოს და რომ არ აინტერესებს რამდენი ხანი ველოდეთ.
ვერც შევედავეთ, რადგან მის სამფლობელოში ვიმყოფებოდით. ტერიტორიაზე, რომელსაც მანანა მოხევიშვილი ისე მართავს და განაგებს, როგორც მოესურვება. ამაში დამხმარე–ხელქვეითებიც ბევრი ჰყავს. მცირე აკადემიაში ნაბიჯიც ვერ გადავდგით ისე, ვინმეს ამაზე პასუხი რომ არ მოეთხოვა და არ ეკითხა რას ვაკეთებდით, რას ვაპირებდით და ა.შ. თუ სადმე ერთად შეჯგუფებული სტუდენტები დაინახეს, აუცილებლად მოვა მინმე, ვინც შორიახლოს დადგება და ყველაფერს მოისმენს. სტუდენტების ნაწილი დაშინებულია და კამერებთან გამოჩენას და მითუმეტეს ინტერვიუს მიცემას ვერ ბედავენ. აგენტები გვისმენენო – ხუმრობენ სტუდენტები. თუმცა, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არაა - ოცდამეერთე საუკუნეში სტუდენტს ხმის ამოღების ეშინია.
წყარო: ინტერნეტგაზეთი tribuna.ge
|