”ვაზიანი 2011”- ს პრეზიდენტი უმცროს ვაჟთან ერთად დაესწრო
30/04/2011 17:34
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება ”ვაზიანი 2011” გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ოთხ ფაზას მოიცავს. პირველი ორი ფაზა მოსამზადებელი პერიოდი და საველე-ტაქტიკური ვარჯიშები უკვე ჩატარებულია. დღეს სწავლების მესამე ფაზა - ბატალიონის საველე-ტაქტიკური სწავლება განხორციელდა.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამაა შექმნილი. პროგრამით გათვალისწინებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანაა არ დაუშვან მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
“ვაზიანი 2011” მასშტაბური ხასიათისაა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის, ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე ხელმძღვანელობს. მან ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს წარუდგინა.
სამხედრო სწავლებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად დაესწრო. მან ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა:
„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად საქართველოს მტრის ყველანაირი მცდელობისა წელში გაეტეხა პირველ რიგში ჩვენი შეიარაღებული ძალები, მოეხდინა დემორალიზება ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი კაპრალების, ჩვენი სერჟანტების... ჩვენ მოვახერხეთ არა მხოლოდ სულისკვეთების შენარჩუნება და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით გაგრძელება და დაჩქარება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ჩვენი მტერი. რა თქმა უნდა, ყველანაირ სწავლებაზე მტერი არის ჰიპოთეტიური, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი, ვინ ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას, ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები საქართველოს მიმართ. მაგრამ თქვენ ისიც კარგად იცით, რომ თქვენ ხართ მთავარი ხაზი საქართველოს დაცვის. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას პრობლემები აქვს და როცა ქვეყანას უტევენ, ყველა მისი მოქალაქე ხდება ჯარისკაცი, ყველა მისი მოქალაქე ხდება სამშობლოს დამცველი. მაგრამ თქვენ ხართ მთავარი, წინა და გადამწყვეტი ხაზი ჩვენი თავდაცვის, მთავარი გარანტი ჩვენი მომავლის. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების ყველანაირ მხარდაჭერას, მაქსიმალური ტემპით მოდერნიზაციას და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენ წინაშეა, იყოს ძალიან კარგად მომზადებული.“
სწავლების მნიშვნელობის შესახებ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ - „ დღეს ჩავატარეთ ერთ-ერთი ჩვეულებრივი სწავლება, რომელიც შეიარაღებული ძალების დღეს დაემთხვა. სწავლება თავისი შინაარსით მიახლოებულია რეალურ საბრძოლო ქმედებებთან, ანუ ეს ვარჯიში რეალურად გავს საბრძოლო მოქმედებებს.”
წვრთნებში სულ 678 სამხედრო მოსამსახურე და 79 ერთეული სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
დღესვე შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით უწყებრივი მედლებით 200 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
წყარო :
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2578&Itemid=1