თომას დე ვაალი
ეს გრძნობა ნაცნობია ყველასთვის, ვინც პოსტ-საბჭოთა სივრცის საცხოვრებელ კორპუსებშია ნამყოფი (მოსკოვში, თბილისში თუ ტაშკენტში). ჯერ ერთნაირი უსახური მრავალბინიანი შენობების რიგს მიუყვები მანამ, სანამ საბოლოოდ სწორ მისამართს არ მიაგნებ. შემდეგ შედიხარ ძველ, ცუდად განათებულ სადარბაზოში, სადაც შეუღებავი კიბე, კედლებზე უამრავი წარწერა და საპირფარეშოს სურნელი გხვდება. ადგილი საბრძოლო მოქმედებების ველს მოგაგონებს. როდესაც საბოლოოდ თქვენი მასპინძელი საკუთარი ბინის კარს გიღებთ, თქვენ ხვდებით მყუდრო, სუფთა, კეთილგანწყობილ სამყაროში, რომელიც გემრიელი საჭმელებით, მუსიკითა და თბილი სტუმართმოყვარეობითაა სავსე
რატომ არის ასეთი ძლიერი კონტრასტი შავ კომუნალურ სამყაროსა და კეთილგანწყობილ პრივატულ გარემოს შორის? დიდწილად იმიტომ, რომ სახელმწიფო სოციალიზმში გაზრდილ სამ თაობაზე საჯარო სივრცის გაუფასურების ეფექტი აისახა. ერთ დროს საბჭოთა საზოგადოება ერთდროულად როგორც ჰიპერ-კომუნალური, ასევე ძალიან დანაწევრებული იყო. სპეციალური ბრძანების გარეშე, სადარბაზოში ნათურის გამოცვლის ან კიბის უჯრედის შეღებვის არანაირი სტიმული არ არსებობდა. საკუთარი ბინის მოწესრიგება გაცილებით უკეთესი იყო.
პრივატული გარემოს მოწყობა საბჭოთა მოქალაქეებს ჯანმრთელი ფსიქიკის შენარჩუნებისა და სისტემისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევდა. განსაკუთრებით სსრკ-ს პერიფერიებში ეს ინდივიდუალიზმის, ნონკონფორმიზმის, ოჯახის განვითარებაში ინვესტირების კულტივირებას ახდენდა. ეს თვითგადარჩენის კარგი სტრატეგია იყო.
მაგრამ რა თქმა უნდა მსგავსი მახასიათებლები არ გამოგადგება, თუკი ახალი სახელმწიფოს აშენება გინდა. გამიჯვნა პრივატულსა და საჯაროს შორის, კარგად ხსნის იმ აპათიურ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დიდ ნაწილში დამკვიდრდა. პროფესიული კავშირები და ასოციაციები სუსტია. მოქალაქეები დროის და ენერგიის დიდ ნაწილს იმაზე ხარჯავენ, რომ როგორმე თავი აარიდონ გადასახადებისა და მომსახურების საფასურის გადახდას. მშობლები ფაქტობრივად არ მონაწილეობენ საკუთარი შვილების სკოლების განვითარებაში. ბიზნეს-პარტნიორების წრე ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან ყალიბდება. მთავრობა თანამედროვე ფეოდალური კლასია, რომელიც ან არის ან არ არის არჩეული სამართლიან არჩევნებში და როგორც კი ხელისუფლებაში ხვდება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული აღარ არის.
მე იშვიათად მინახავს ამ საკითხის ღრმა ანალიზი, ამიტომ ჩემი ყურადღება მიიპყრო თბილისის კავკასიური კვლევების რესურსცენტრის (CRRC) საინტერესო კვლევამ სახელწოდებით „საქართველოს სოციალური კაპიტალის შეფასება“. ავტორები სოციალურ კაპიტალს ასე განსაზღვრავენ: ურთიერთობების ჰორიზონტალური ქსელი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებს ერთად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, „ეს არ არის საზოგადოების მხარდამჭერი ინსტიტუტების ჯამი, არამედ წებო, რომელიც საზოგადოებას ერთად იჭერს“.
ასეთი დეფინიციის დროს ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალური კაპიტალი დაკავშირებულია, მაგრამ არ არის უფრო ერთიანი იდეის „სამოქალაქო საზოგადოების“ იდენტური – ჰეროიკული ტერმინი, რომლის პოპულარიზაციაც ვაცლავ ჰაველმა მოახდინა, თუმცა მას შემდეგ ის სერიოზულად გაუფასურდა. მოქმედი სამოქალაქო (სოციალური) საზოგადოება სუსტია ასევე პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოში და სამწუხაროდ ზედმეტად იდენტიფიცირებულია გრანტებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო აქტივისტები საკუთარი ერების დემოკრატიულ სინდისს წარმოადგენენ, მაგრამ სხვები ხშირად პროფესიონალი გრანტიჭამიები არიან, რომლებმაც უბრალოდ შეცვალეს საკუთარი შემოსავლის წყარო – საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიები დასავლელი დონორებით.
სოციალური კაპიტალი უფრო სპონტანურია. ის მეწარმეებს, პედაგოგებს, ფერმერებს, ადვოკატებს და რეზიდენტებს უცხოელებთან ერთად საერთო ინტერესების განმტკიცების შესაძლებლობას აძლევს. CRRC აღნიშნავს, რომ საქართველოში ის ჯერ კიდევ სუსტია და ეს უდაოდ ასეა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ქართველები ნაკლებად მონაწილეობენ ორგანიზაციების საქმიანობაში, ცვლილებების მომხრე სოციალურ აქტივისტებს სასტიკი წინააღმდეგობა ხვდებათ. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ქართველების 15% იმდენად ფატალისტურად არის განწყობილი, რომ მიაჩნია, რომ საკუთარი ცხოვრების მიმდინარეობას საერთოდ ვერ აკონტროლებს. (აშშ-ში ასეთი მოსახლეობის 3%-ია).
ეს ინფორმაცია პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთი პოლიტიკური გამოცანის ახსნაში გვეხმარება: რატომაა, რომ მაშინ როდესაც სიღარიბეში ამდენი ადამიანი ცხოვრობს და სოციალური სხვაობები ამდენად საგრძნობია, მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებს საკმარისი მხარდაჭერა არა აქვთ. როგორც სჩანს იმისთვის, რომ დასავლეთ-ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოდელის გჯეროდეს, საჭიროა უფრო ძლიერი სახელმწიფო და საკუთარი თანამოქალაქეებისადმი უფრო ძლიერი სოციალური სოლიდარობის განცდა, რისი დეფიციტიც მთავრობას ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღების საშუალებას აძლევს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების დანაწევრებას. დღეს ისინი ღატაკი ამომრჩევლების ხარჯზე იმარჯვებენ, პირდებიან რა მათ ზღაპრულ სიკეთეებს, რომლებიც არჩევნების მეორე დღესვე ავიწყდებათ.
ამ ტიპის სამოქალაქო კულტურის შექმნა ხელოვნურად შეუძლებელია. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში გარკვეული პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა. მათი თქმით, „მაგალითის ეფექტი“ აუცილებელია – თუკი რამდენიმე პროფესიული ან ბიზნეს-ასოციაცია პროცესში ჩაერთვება, ეს ტენდენციის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს, თუმცა სოციალური კაპიტალის გაბატონებისთვის მეორე აუცილებლობა არის მთავრობის მხრიდან იმის დაპირება, რომ ის პროცესში არანაირად არ ჩაერევა, რაც ქვეყნისთვის უზარმაზარი კულტურული ნახტომი გახდება.
http://foreignpress.ge/?p=17188#more-17188ისე ერთმა რამემ გამაკვირვა: ნუთუ ჩვენთან მარტო 15 პროცენტია აპათიურად და ფატალისტურად განწყობილი?

თუ ასეა ეს დიდი პროგრესი ყოფილა. მე მეგონა რომ მოსახლეობის 90% მაინც ასეთი იქნებოდა. მითუმეტეს თუ გელაპის ბოლო გამოკითხვას დავუჯერებთ სადაც ცხოვრებით მარტო მოსახლეობის 10 პროცენტი იყო კმაყოფილი