სააკაშვილმა კოკოითს 50-მილიონი დოლარი და ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზა
2004 წლის ივლისში, რუსულმა მედიამ ერთი ამბავი ატეხა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულ გარიგებას აწარმოებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითთან. ეს ამბავი პირველად რუსულმა გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტიმ" გაახმაურა - კოკოითს სააკაშვილი 20 მილიონ დოლარსა და საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობდა, თუ რეგიონში პროქართულ ინტერესებს გაატარებდა და რუსეთს ზურგს შეაქცევდაო.
სხვათა შორის, ამავე რუსულ გამოცემას ეს ფაქტი ბორის ჩოჩიევმა დაუდასტურა, თან დააყოლა, მოლაპარაკებებზე ცხინვალში პარლამენტარი, ყოფილი ფეხბურთელი, ვლადიმერ გუცაევი დადიოდაო. ერთი კვირის შემდეგ, უკვე ცხინვალის ტელევიზიით კოკოითმა განაცხადა, რომ მას, მართლაც, სთავაზობდა გუცაევი სააკაშვილის სახელით 20 მილიონს, თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არ უხსენებია. ვლადიმერ გუცაევმა მაშინ მედიაში უარყო ეს ამბავი: ედუარდ კოკოითს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და ასეთი სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიპყრობა სურსო.
სკანდალი კარგა ხანს არა და არ ცხრებოდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მას მართლა ჰქონდა საფუძველი. კოკოითმა ცოტა ხანში "ნოვოე იზვესტიაში" გაიმეორა: "დიახ, გუცაევი 20 მილიონს მთავაზობდა, მაგრამ ჩვენ მეგობრებსა და პარტიონერებს არ ვიცვლითო", - კოჭი გაუგორა რუსეთს. 2004 წლის დეკემბერში, კოკოითიმ ახალი ვარიანტი "შემოაგდო" "კომსომოლსკაია პრავდაში". მან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2004 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილმა სამი ჩინოვნიკი მიუგზავნა და 20 მილიონი და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. აქ, რატომღაც, გუცაევი ნახსენები არ ყოფილა. "მე ამ წინადადებაზე უარი უხეშად არ მითქვამს, როგორც სანდო წყაროებიდან გაირკვა, ჩემთვის 20 კი არა, 50 მილიონი იყო გამოყოფილი. 30 მილიონი გზაში დაიკარგა და, ალბათ, ამ სამმა ჩინოვნიკმა ერთმანეთში გაიყო. თანხა ცხინვალში საააკაშვილმა 2004 წლის გაზაფხულზე გამოგზავნა". კოკოითის ამ განცხადებაში ორი საგულისხმო დეტალია. ერთი - გუცაევს აღარ ახსენებს და ამბობს, სამი ჩინოვნიკი გამომიგზავნა სააკაშვილმა საიდუმლო მისიითო და მეორე - ამტკიცებს, 20 მლნ-ს მთავაზობდნენ, 50 იყო რეალურად გამოყოფილი და 30 მლნ გზაში აორთქლდაო. რატომ და რისთვის გავიხსენეთ ეს ისტორია, ამას ახლავე მოგახსენებთ. "ვერსიას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ამ საიდუმლო გარიგების მნიშვნელოვანი დეტალები. მართალია, ამ ეტაპზე, წყარო კონფიდენციალურია, მაგრამ თუ ამ საქმის გამოძიება ხელისუფლებამ ინება, ანდა, თუ ჟურნალისტური მოკვლევა მაინც დაიწყო, ის მზადაა, ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან და სასამართლოში დაადასტუროს ის, რაც "ვერსიას" მოუთხრო.
წყაროს ინფორმაციით, რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ მდგომარეობა ოდნავ გაიმყარა თუ არა, მაშინვე დაიწყო მოლაპარაკება ედუარდ კოკოითთან. მასთან სააკაშვილის გუნდის წევრების დამაკავშირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების მინისტრი, ოლეგ ალბოროვი იყო, დედით ქართველი, კოკოითის იმჟამინდელ მთავრობაში ყველაზე პროქართული მინისტრი. კოკოითისთვის თანხის გადახდისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზების იდეა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა. რეალურად, კოკოითს მართლა 50 მლნ-ს სთავაზობდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის მიერ საკუთარი სურვილით გაღებული თანხა, რომელმაც იცოდა, რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ეს ფული და სასწრაფოდ, საკუთარი ხელით მიიტანა კანცელარიაში ჟვანიასთან. კონტროლი მოლაპარაკებების წარმართვაზე საკუთარ თავზე ჟვანიამ აიღო, ხოლო ტექნიკურად მისი განხორციელება ირაკლი ოქრუაშვილს დაევალა (ფულის გადატანა ცხინვალში და კოკოითისთვის გადაცემა). წყარო აცხადებს, რომ კოკოითი ორივე შემთხვევაში ტყუის - არც გუცაევი ყოფილა შუამავალი და არც სამი სხვა ჩინოვნიკი. ქართული მხრიდან მხოლოდ ერთი ჩინოვნიკი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელიც აღჭურვილი იყო როგორც სააკაშვილის, ასევე ჟვანიას რწმუნებით. ის არ ყოფილა ოქრუაშვილი და მის ვინაობას წყარო, ამ ეტაპზე, არ გვიმხელს.
სწორედ ეს პიროვნება აწარმოებდა მოლაპარაკებას ოლეგ ალბოროვთან. წყარო აცხადებს, რომ ცხინვალში სულ სამი შეხვედრა შედგა. ამ დროს სააკაშვილსა და კოკოითს შორის არანაირი პირადი უთანხმოება არ არსებობდა. კოკოითი იმით იყო შეშინებული, რომ მოსკოვმა შევარდნაძე გაწირა, სააკაშვილისგან არ დაიცვა. მესამე შეხვედრის წინ, როცა მოლაპარაკებამ კულმინაციას მიაღწია, უკვე ასლან აბაშიძეც გაქცეული იყო და რუსეთმა არც მის გამო გამოიდო თავი, ამიტომ კოკოითიმ თანხმობა განაცხადა ქართული მხარის წინადადებაზე - აეღო 50 მლნ და გამხდარიყო საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი. მას უნდა გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ავტონომიის სახით უნდა დაბრუნებულიყო ქართულ სამართლებრივ სივრცეში.
ქართული მხარე იძლეოდა გარანტიებს, რომ სამაჩაბლოში დამოუკიდებლობის მომხრეებს გაანეიტრალებდა და კოკოითის გარემოცვის წევრთა უსაფრთხოებაზეც იზრუნებდა. ქართველი ძალოვანები მთლიანად გააკონტოლებდნენ რეგიონს. ამის შემდეგ, ავტომატურად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ეუთო-ს მანდატით რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოები - მათი მანდატი ძალას დაკარგავდა, ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ყოფნა უკანონოდ ჩაითვლებოდა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღუდგებოდა ავტონომიური სტატუსი, მისი მეთაური საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი იქნებოდა, ხოლო კონფლიქტის ზონა ავტომატურად გაქრებოდა. 2004 წლის მაისში კოკოითს უნდა მიეღო 50 მილიონიდან 10 მილიონი, რათა უკვე დაეწყო პროქართული განცხადებების კეთება, შესაბამისი პოლიტიკის გატარება ცხინვალში და საკუთარი გარემოცვის, პრორუსი პოლიტიკოსების ნელ-ნელა პროქართველებით ჩანაცვლება. სწორედ 2004 წლის მაისში, ირაკლი ოქრუაშვილის კონტროლის ქვეშ, 10 მლნ გაიგზავნა ცხინვალში. რაიმე განსაკუთრებული სპეცოპერაცია არ განხორციელებულა, ამ თანხის გადატანა დაევალა სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავას. გარდა იმისა, რომ ხაინდრავა ქართველი მინისტრი იყო, ის ეუთო-ს საფარქვეშ შექმნილი ქართულ-ოსური კონფლიქტის მომგვარებელი კომისიის წევრი იყო და მას დიპლომატის სტატუსი ჰქონდა. ოქრუაშვილის გათვლით, მას ვერც რუსულ და ვერც ოსურ პოსტებზე ვერ გააჩერებდნენ, მით უფრო, ვერ გაჩხრეკდნენ მის მანქანას. წყარო ამტკიცებს, რომ გოგა ხაინდრავამ მართლა წაუღო 10 მლნ დოლარი, მაგრამ ამ თანხას კოკოითამდე არ მიუღწევია. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ კოკოითიმ აიღო ეს ფული, "გადააგდო" ქართული მხარე, მაგრამ ეს ნაკლებსარწმუნოა - მაშინ რუსულ მედიაში ამდენ განცხადებას არ გააკეთებდა საიდუმლო მოლაპარაკებებსა და ფულის შეთავაზებაზე, ყველანაირად დაბლოკავდა ინფორმაციას და არც ბორის ჩოჩიევს ჩააყენებდა საქმის კურსში. სხვათა შორის, სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა ქართულ- ოსური ურთიერთობები და ორიოდ თვეში, ირაკლი ოქრუაშვილმა სპეცოპერაცია განახორციელა ცხინვალის მისადგომებთან. წყარო აცხადებს, რომ ეს 10 მლნ გოგა ხაინდრავამ მიითვისა, თბილისში ჩამოსულმა კი ჟვანიას უთხრა, რომ მიიტანა იმ კონსპირაციულ ბინაში, რომელიც ალბოროვმა და ქართველმა მეკავშირემ შეარჩიეს. როცა მეორე 10 მილიონის გადატანის საკითხი დადგა, ალბოროვი და ქართული მხარის წარმომადგენელი ერთმანეთს ცხინვალში შეხვდნენ დეტალების დასაზუსტებლად. სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ კოკოითიმ 10 მლნ არ მიიღო და ის ყოველგვარ მოლაპარაკებას წყვეტდა ქართულ მხარესთან, უარს ამბობდა ნებისმიერ თანხასა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ალბოროვს განუცხადებია, კოკოითი გამწარებულია - სააკაშვილმა "გადამაგდო", აფერისტია და მაგასთან არანაირი ურთიერთობა არ მჭირდებაო. ამ ამბის შემდეგ სააკაშვილი ხაინდრავას მოხსნასა და მკაცრად დასჯას ითხოვდა, მაგრამ თანაგუნდელი ჟვანიამ დაიცვა - იქნება, აიღო ფული კოკოითიმ და უარყოფსო.
საკითხი დროებით დაიხურა. თუმცა, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, საკუთარი აგენტურული ქსელით მოიპოვა უტყუარი ინფორმაცია, რომ ხაინდრავას ფული არ მიუტანია კონსპირაციულ ბინაში. მეტიც, იმ დღეს მხოლოდ ჩოჩიევს შეხვდა, ერთი საათი ესაუბრა კონფლიქტის შესახებ და მერე თბილისში დაბრუნდა. ოქრუაშვილმა საკუთარი წყაროებით გაარკვია, რომ ხაინდრავას მანქანა საერთოდ არ გამოჩენილა იმ ქუჩაზეც კი, სადაც ის კონსპირაციული ბინა მდებარეობდა და სადაც მას ფული უნდა დაეტოვებინა.
სწორედ ამ ბინიდან უნდა წაეღო ფული ალბოროვს კოკოითისთვის. წყაროს მტკიცებით, სწორედ ამის შემდეგ დაუპირისპირდა ოქრუაშვილი ხაინდრავას, მას ხელთ ჰქონდა კომპრომატები ხაინდრავაზე, რომლებიც ჯერ კიდევ შს მინისტრობისას მოიძია. საქმე ეხება ეუთო-ს მიერ ცხინვალის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილ 500 000-დოლარიან გრანტს. ამ თანხით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ქართულ და ოსურ სოფელში უნდა შეეყვანათ წყალი და გზა დაეგოთ. ქართულ მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ხაინდრავამ და კოკოითიმ ეს ფული გაიყვეს და არც ქართულ და არც ოსურ სოფლებში არაფერი გაკეთებულა. ამას იმ ქართული სოფლების მაცხოვრებლებიც ადასტურებენ (თამარაშენი, ქურთა, კეხვი, ნული), სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ოქრუაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სააკაშვილთან და მერაბიშვილთან, რათა გოგა ხაინდრავა დაეპატიმრებინათ, თუმცა ხაინდრავამ საკუთარი წყაროებით შეიტყო ამის შესახებ და ოპოზიციაში გაასწრო
http://www.ambebi.ge/conflicts/35678-saaka...hesthavaza.html