ვლადიმირ სოკორი - რადიკალური ოპოზიცია თბილისში სეზონურ "რეჟიმის შეცვლის" კამპანიას გეგმავს
11:27 05-05-2011
"ჯეიმსთაუნის" ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი ქართული ოპოზიციის მიმდინარეობებს განიხილავს და რადიკალიზმის მომხრეებს განსაკუთრებულად აკრიტიკებს.
ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიცია სამი მიმდინარეობისგან შედგება: პარტიები, რომლებიც კონსტიტუციური წესების მიხედვით თამაშობენ, რეჟიმის შეცვლის მომხრეები მისი დამხობის გზით და მერყევი შუალედური პოზიციის მქონე დაახლოებით ხუთი-ექვსი პატარა ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთები მოლაპარაკებებს და დასავლურ რჩევებს ექვემდებარებიან, ზოგიერთები - არა.
"ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები თბილისში თავიანთ სეზონურ "რეჟიმის შეცვლის" კამპანიას გეგმავენ. მათი უკანასკნელი განცხადებების მიხედვით ჩანს, რომ 2007 წლის შემდეგ ტაქტიკა არ შეცვლილა: დედაქალაქში ქუჩის არეულობების წაქეზება და ხელისუფლების იძულება ძალის გამოყენებაზე, ამით დასავლეთის თვალში მთავრობის დელეგიტიმაციის მიღწევა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა", - წერს სოკორი, რომლის ქართულ ვერსიას პორტალი "ფორინპრესი" აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რეჟიმის შეცვლის კამპანიის მომხრეები ორ ბლოკში იყრიან თავს – ესენია, "სახალხო კრება" და "ქართული პარტია", რომლებსაც ერთმანეთისგან ლიდერების პერსონალური კონკურენცია მიჯნავს.
სოკორის მოსაზრებით, რეჟიმის შეცვლის "არაბული" რევოლუციების თავდაპირველი დასავლური ეიფორიით შეგულიანებულები, ისინი საქართველოშიც ანალოგიურ რიტორიკას მიმართავენ მაშინ, როდესაც ამ სცენარში გათვლა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციაზე კეთდება, არეულობის წამქეზებლები ასევე ცდილობენ საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებული რუსული გეგმითაც ისარგებლონ.
"2 მაისს, სახალხო კრებამ 21 მაისიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მასობრივი დემონსტრაციების დაწყების შესახებ განაცხადა. ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე მოუწოდეს "ქვეყნის გათავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლისკენ მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისგან". რადიკალურ ოპოზიციას შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ქართულ ტელევიზიაზე ამ ტიპის წამქეზებლური განცხადებებისთვის. თავდაპირველად 21 და 29 აპრილს გამოცხადდა, რომ დემონსტრაციები 2 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც სჩანს საზოგადოებრივი მხარდაჭერის არარსებობის გამო თარიღმა გადაიწია", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება "ქართულ პარტიას", სოკორი მას შფოთიანი პოლიტიკოსების სპონტანურ ალიანსს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სოციალური ბაზის სიმცირის მიუხედავად, ამ პარტიას შეუძლია ქუჩის აქციებისთვის თბილისში გარკვეული სოციალური სეგმენეტების მობილიზაცია.
"თბილისში ის აერთიანებს იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ და ხელმეორედ 2003 წლის შემდგომი მოდერნიზაციის პროცესში უფუნქციოდ დარჩნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
სამაგიროდ, ის კონსტიტუციური წესებით მოქმედი ოპოზიციური პარტიებიდან, ორ წამყვან პოლიტიკურ გუნდს გამოყოფს. ანალიტიკოსის თქმით, ესენია - გიორგი თარგამაძის "ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა" და ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები". სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს პარტიები ითვალისწინებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ უკანასკნელის შედეგების თანახმად.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...s-gegmaven.htmlჯობია პარტიებმა ეს წაიკითხონ და გაიაზრონ კარგად