http://www.media.ge/ka/node/4120526 მაისი, 2011 - 01:49
საპროტესტო აქციის დარბევის დროს სამართალდამცველები ჟურნალისტებს აკავებდნენ, სცემდნენ, ართმევდნენ ფოტო და ვიდეოკამერებს
რუსთაველის გამზირზე 25 მაისს გვიან ღამით მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს აკავებდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ, ართმევდნენ ვიდეო და ფოტო კამერებს.
მაგალითად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს თამაზ კუპრეიშვილს.
თამაზ კუპრეიშვილი: „მე და ნეტგაზეთის კიდევ ერთი ჟურნალისტი კოტე სტალინსკი, ჩვენთვის უცნობ ადამიანებთან ერთად, ვიდექით პარლამენტის მიმდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, როცა მომიტინგეთა მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს, ამას მოჰყვა ცრემლსადენი ყუმბარების და რეზინის ტყვიების გასროლა. რეზინის ტყვიები ჩვენი მიმართულებითაც გაისროლეს. მეც მომხვდა. მე და კოტე ხელებაფარებულები მეტრო თავისუფლებისკენ გავემართეთ. ამ დროს წინიდან სპეცრაზმელები მოგვიახლოვდნენ. დავიწყეთ ყვირილი - პრესა! პრესა! ამის მიუხედავად, 15-მდე ნიღბიანმა ალყაში მოგვაქცია და რეზინის ხელკეტებით ცემა დაგვიწყეს. ვეუბნებოდი პოლიციელებს ჟურნალისტი ვარ, ნუ მცემთო, მაგრამ ამან არ გაჭრა, მირტყამდნენ თავში და ფეხებში. ბოლოს ერთმა სპერაზმელმა გამომარიდა. კოტე სტალინსკი სადღაც დავკარგე.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იყო დაკავებული და რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მას და კიდევ ერთ ჟურანლისტს საათნახევრის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, მალხაზ ჭკადუა სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დააკავეს. ჟურნალისტი სპეცრაზმელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე ძირს ჰყავდათ დაგდებული და არ უშვებდნენ. ჟურნალისტს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი ჟილეტიც ეცვია, თუმცა ამის მიუხედავად სამართალდამცველებმა არ გაუშვეს და იმ დროისთვის დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
ამავე სააგენტოს კიდევ ერთ ჟურნალისტ დარეჯან პაატაშვილს კი სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ვიდეოკამერა წაართვეს. ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს.
ცრემლსადენი გაზით მოიწამლა ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სახლში გაწერეს.
ნეტგაზეთის კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოკამერა წაართვეს „გურია ნიუსის" ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რისი მომსწრეც Media.Ge გახდა.
„ვთხოვდი კამერა დამიბრინეთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეს", უთხრა Media.Ge-ს ნატო გოგელიამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
ხელკეტით და წიხლით სცემეს ასევე Media.Ge-ს კრესპონდენტს, რომელიც აქციაზე ჟურნალისტების მუშაობის გასაშუქებლად წავიდა.
ინციდენტი ქაშუეთის ეკლესიასთან ჯორჯაძის ქუჩაზე მოხდა, როცა Media.Ge-ს სხვა ჟურნალისტის დაკავების ფაქტის ფოტოზე დაფიქსირებას ცდილობდა.
„რატომ იღებ, შენი დედა...", მიაძახა ერთმა პოლიციელმა Media.Ge-ს კორესპონდენტს.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მოწმობა აჩვენა და უთრა, რომ კორესპონდენტი იყო, იქვე მდგომმა მეორე პოლიციელმა მას თავსა და ზურგში ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. ამის შემდეგ უკან გაბრუნებულ ჟურნალისტს იგივე პოლიციელმა წიხლი უთავაზა.
ინციდენტის მიუხედავად, Media.Ge-მ იმის დანახვა შეძლო, თუ როგორ წაიყვანეს პოლიციელებმა რუსთაველის ქუჩის მიმართულებით ყვითელ საწვიმრიანი ოპერატორი, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად ჯორჯაძის ქუჩაზე იმას იღებდა, როგორ აკავებდნენ და შემდეგ სცემდნენ სამართალდამცველები რუსთაველის ქუჩიდან წამოსულ მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს.
მანამდე, კინოთეტრ რუსთაველთან, Media.Ge იმის მომსწრე გახდა, როგორ აიძულებდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ფოტოჟურნალისტებს ფოტოკოკამერებიდან ჩიპების ამოღებას და მათთვის გადაცემას, სპეცრაზმის თანამშრომლები ასევე აიძულედნენ ოპერატორებს, კამერებიდან გადაღებული კასეტის ან ჩიპის ამოღებას.
This post has been edited by bochormeli on 26 May 2011, 13:17