ziriroყინწვისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისს დილის 10 საათზე მომხდარ ფაქტს იღუმენი, მამა საბა ადასტურებს.
რუის-ურბნისის ეპარქიაში არსებული ყინწვისის მამათა მონასტრის იღუმენმა, მამა საბამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დილით 10:00 საათზე იგი იმყოფებოდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეკრებილი იყო 30-მდე ადამიანი.
მისივე თქმით, იგი იქ მყოფებს ესაუბრებოდა, როდესაც უეცრად გამოჩნდა "ტოიოტას" მარკის ორი ავტომობილი. ავტომობილებს ჰქონდათ ტრაფარეტი წარწერით "თბილისი". მამა საბამ აღნიშნა, რომ ავტომობილებიდან ნიღბიანი სპეცრაზმელები გადმოვიდნენ. მათ გაჩხრიკეს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირები და მანქანებში ჩასვეს. დაკავებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
იღუმენი აცხადებს, რომ სპეცრაზმელებს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა ბოლო ორი ღამე იქ გაატარეს და აღნიშნულ პირებს არ იცნობს.
"ჩვენს მონასტერში უამრავი ადამიანი ამოდის. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გარკვევას, ვინ ამოდის და ვინ მიდის. ხალხი იყო ამოსული. ღამე გაათიეს. დილით მათთან ერთად ვიყავი, ვესაუბრებოდი. ამ დროს სპეცრაზმის ორი მანქანა მოვიდა", - აღნიშნავს ყინწვისის მამათა მონასტრის იღუმენი.
მანამდე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა აცნობეს, რომ ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტყეში სპეცრაზმმა 30-მდე ადამიანი დააკავა და ისინი, სავარაუდოდ, თბილისში წაიყვანეს.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shem...ni-daakava.html