მოსკოვი, კრემლი
რუსეთის პრემიერ-მინისტრს,
პც-ლ ვლადმიერ პუტინს
სამხატვრო აკადემიის
თავისუფალი სახელოსნო
მიმართვა
პატივცემულო ვლადიმერ პუტინ.
ამ ცოტა ხნის უკან ძალზე პატიოსანი, სერიოზული და შთამბეჭდავი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ძალების მიერ, რომლებიც არასოდეს იკადრებენ მაიმუნობას, ტინგიცობას და მით უფრო, ბინძური ცილისწამების გავრცელებას, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ პირადად აფინანსებთ თბილისის სამხატვრო აკადემიის თავისუფალ სახელოსნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია თქვენი მოტივაცია, თავად ფაქტს ცალსახად დადებითად ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ ეს მეტყველებს თქვენ ღრმა ჰუმანიზმსა და თანამედროვე ხელოვნებისადმი სიყვარულზე (რაც არსებითად, ერთი და იგივეა). ამგვარად თქვენ ანგრევთ იმიჯს, რომელსაც მსოფლიო მედიის საშუალებები, ასევე ტელეკომპანია იმედი ამკვიდრებს საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს იმ ოჯახებში, რომელთაც არც ინტერნეტზე და არც სატელიტურ ტელევიზიაზე ხელი არ მიუწვდებათ, და რომელიც თქვენ პერსონას ცივსისხლიან და სასტიკ დესპოტად გვისახავს. ამიერიდან თქვენ დაამტკიცეთ, რომ განსახიერება ხართ სათნოებისა და ქველმოქმედებისა, და საკუთარი ცხოვრებით ახორციელებთ ქრისტიანული ეთიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომლის ინტერპრტირება ჩვენ შემთხვევაში ასე შეიძლება: ‘ისე ჰქმენ კეთილი საქმეები მარჯვენა ხელით, რომ არათუ შენმა მარცხენამ, თავად იმანაც არაფერი უწოდეს, ვისაც ამ საქმეს უშვები’. ვინ იცის კიდევ რამდენ ალტერნატიულ და კონტრკულტურულ ჯგუფს, ქვრივ-ობოლს, უკანონო პატიმარსა თუ გაღატაკებულო ყოფილ კანონიერ ქურდს ეხმარებით უანგაროდ!
მაგრამ არსებობს ერთი სავალალო გარემოება, რომელზეც არ შეგვიძლია არ მოგწეროთ. ხმების გავრცელების შემდეგ საბანკო ანგარიშის, ასევე სახელოსნოს იმპროვიზირებული ბიუჯეტის - ერთლიტრიანი ქილის არაერთგზის დაჟინებული გადამოწმების შემდეგ, თანხის რაოდენობა მხოლოდ ერთხელ ასცდა ნულოვან დონეს. ამასთან, იმდენად, რომ მხოლოდ ყავისა და შაქრის ყიდვა შევძელით, და რაც მთავარია, ამ თანხის წარმომავლობა ჩვენთვის ცხადი, შეიძლება ითქვას, მტკივნეულად ცხადიც კია და არ შეიძლება თქვენ მოგეწეროთ.
რაზე მეტყველებს ეს პც-ლო ვლადიმერ პუტინ? ცხადია იმაზე, რომ თქვენი მითითებები არ სრულდება! რუსეთში არსებობენ თქვენდამი მტრულად განწყობილი ბნელი ძალები, რომლებიც ბედავენ წინ აღუდგნენ თქვენ კეთილ ნებას! წინააღმდეგ შემთხვევაში რა შეუშლიდა ხელს ფულს ჩვენამდე მოღწევაში?
ისმის კითხვა: რა არის ეს? სისტემის გაუმართავობა? რევანშისტული ძალების საბოტაჟი? კორუფცია რუსეთის თქვენდამი დაქვემდებარულ ეშელონებში?
ასეა თუ ისე, ჩვენი ბიუჯეტის სიცარიელე პირდაპირ და ცალსახად მეტველებს სამწუხარო ფაქტზე: რუსულმა ბიუროკრატიამ, ეკონომიკამ, საბანკო სისტემამ, სადაზვერვო სამსახურებმა სრული ფიასკო განიცადა!
გვერწმუნეთ, ჩვენ არა მხოლოდ ქართული საგანამანათლებლო სისტემის ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის საჭირო ნიჩბებისა და უნიფორმების საჭირო თანხის არარსებობა, არამედ – ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩამოშლის საფრთხეც გვაშფოთებს.
იმედია, როგორც გჩვევიათ, დროულად და ენერგიულად, მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოაგვარებთ ამ პრობლემას.
პატივისცემით, ასევე თქვენთვის მისაღები ყველა სხვა გრძნობით:
გიორგი კევლიშვილი,
თავისუფალი სახელოსნოს კრემლთან ურთიერთობის ერთჯერადი კომიტეტის თავმჯდომარე
...........................................................................................
პ.ს ეს განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ჩემი მოკრძალებული აზრით ეს პირდაპირ ურტყამს ქართულ სახელმწიფოებრიობას და შეიძლება შეფასდეს, როგორც სამშობლოს ღალატი!
რატომ არ იჭერენ ასეთ გარეწრებს?
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx