"მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო?"
"არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით. მდინარე მტკვარმა 26 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მტკვრის მიერ გამორიყული გვამების მოჭარბებული რაოდენობა არ შეიმჩნევა. სააგენტო "საქინფორმის" რედაქციაში კი სატელეფონო შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ მცხეთის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ნაპოვნია პლასტმასის ხელბორკილდადებული ოთხი გვამი, სავარაუდოდ, დაღუპული მომიტინგენი. ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებული არიან სახალხო კრებასა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ, თუმცა დამტკიცებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან გვამები ოჯახის წევრებისთვის არ გადაუციათ და თავად პოლიციის თანამშრომლებმა დამარხეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა დაიწყო? / ოფიციალური ცნობით, ბოლო ერთ კვირაში მტკვარმა 3 ცხედარი გამორიყა, რომელთა ამოცნობაც ვერ ხერხდება.
"ასეთი ინფორმაცია მეც მომაწოდეს. მითხრეს, რომ მტკვრის მიერ გამორიყულ ადამიანებს ბორკილების მიერ დატოვებული იარები ამჩნევიათო. ძალიან ცუდი ხელბორკილებია, ხელი ჩემს შვილს ჯერ კიდევ სტკივა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ გამკვირვებია. არ გამოვრიცხავ, რომ მტკვარმა კიდევ ბევრი ადამიანის ცხედარი გამორიყოს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია დაკარგული. თუმცა, სამწუხაროდ, ალბათ ამის დამტკიცებას ვერ შევძლებთ, რადგან სიმართლის დასაფარად გვამებს გადამალავენ, რათა ოჯახის წევრებმა ექსპერტიზა არ მოითხოვონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა გაფრინდაშვილი.
"მცხეთაში მდინარემ მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან, სავარაუდოდ, იგი დიდი ხნის მკვდარია. რაც შეეხება ოთხი გვამის აღმოჩენას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამიანიას ცხედარია აღმოჩენილი სოფელ ძეგვთან, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. გარდაცვლილი 40-45 წლის მამაკაცია, თუმცა მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება", - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას მცხეთა-თიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსი გია აბუაშვილი.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში მტკვრის მიერ ცხედრის გამორიყვის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, სავარაუდოდ, იგი დიდი ხნის გარდაცვლილია და ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. მეორე გარდაცვლილი მაშველებმა "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან 8 ივნისს ამოიყვანეს. გარდაცვლილი გახლავთ ოთარ პაპავა", - განუცხადეს "რეზონანსს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. ასევე 8 ივნისს, სააგენტოების ინფორმაციით, მტკვარმა რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლამდე ასაკის გოგონას ცხედარი გამორიყა. გარეგანი დათვალიერებით გარდაცვლილს მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა. გოგონას ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აქციის დარბევისას ოთხი ადამიანია გარდაცვლილი და არც ერთი არ არის უგზო-უკვლოდ დაკარგული", - აღნიშნავს გამოცემა.
"ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის თქმით კი აქციის დარბევას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 40-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. "ის, რომ მდინარეებმა ცხედრების გამორიყვა დაიწყო და ისინი სავარაუდოდ 26 მაისს დარბევისას გარდაიცვალნენ, მსგავსი შეტყობინება მეც მომივიდა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა შემატყობინა და სიმართლე გითხრათ, მის სისწორეში ეჭვი არც შემპარვია, რადგან მე ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მსგავსი ინფორმაცია", - განუცხადა რეზონანსს კაკაბაძემ. მწერალი ლაშა ბუღაძე კი კითხვაზე - "რამდენად სარწმუნოა ეს ვერსია და რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მტკვარში ერთბაშად შვიდი ცხედრის პოვნა" - პასუხობს:
"როგორც შეიძლება რამე ვერსიაზე ვისაუბროთ?! აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, აქ ვარაუდი არ შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თემა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან სასპეკულაციოდ იქცევა. სერიოზული ამბავია და გამოძიება სჭირდება. საერთოდ, 21 მაისიდან დაწყებული პროცესის გამოძიება უნდა მოხდეს, რომელიც 26 მაისის მიტინგის დაშლით დაგვირგვინდა. ამიტომ გვინდა კომისიის შექმნა. ყველაფერი გამოსაძიებელია - რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრებით დაწყებული და დამთავრებული იმით, როგორ სცემდნენ სპეცრაზმელები ადამიანებს და რა ვითარებაში დაიღუპა ხალხი - ამ ყველაფრის გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის ადვილად დავიწყების ტრადიცია გვაქვს, ამიტომაც დავდივართ წრეზე და ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ. გვაქვს სურვილი, რაღაც ინფორმაცია სხვა ამბით გადავფაროთ და მერე გვავიწყდება. ეს ყველაფერი არსად არ ქრება. თუ არ გამოიძიე, ყოველთვის იქნები მსგავსი საფრთხის მოლოდინში და მსგავსი საფრთხის ქვეშ. ამიტომ ასეთ თემებზე ვარაუდი არ შეიძლება - აუცილებელია გამოძიება".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-10062011.htmlინფო აქედანაა, თუმცა აქაც არაფერია დადასტურებით ნათქვამი