საქართველოს მოსახლეობა რომ კარგა ხანია ფსიქოლოგიური პრესის ქვეშ იმყოფება, ყველასთვის ნათელია. ჩვენი დასავლელი "მეგობრების" მეცადინეობითა და ხელისუფალთა ხელშეწყობით მიმდინარეობს შეტევა ყველა მიმართულებით, მათ შორის არც ინტიმური ცხოვრებაა უყურადღებოდ მიტოვებული, პირიქით მას სპორტულ ღონისძიებებსა და უფასო საჯარო კონცერტებთან ერთად სისტემატურად იყენებენ სატელევიზიო შოუში. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველობა თავის ჭიას ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონით" იკლავდა.
"ეს ის ეშმაკია, რომელზეც გელაპარაკებოდი. იმ ზომამდე მტანჯავს, რომ მოთმენა აღარ შემიძლია - უთხრა მამაომ ქალს. "ჩემი საქმე შენსაზე უკეთ ყოფილა, იმიტომ, რომ ეს ეშმაკი მე არ მყავს" - მიუგო ქალმა, "შენა გაქვს ჯოჯოხეთი და თუ ამ ეშმაკმა არ მოიშალა და ასე მაწვალა, იმედი მაქვს შემიბრალებ და ნებას მომცემ ჯოჯოხეთში ჩავაგდო" - თქვა მამაომ. "მამაო, - უპასუხა ქალმა - თუ მართლაც ჯოჯოხეთი მაქვს, ისე მოიქეცი, როგორც თქვენ გსურდეთ". "მაშინ წავიდეთ და ჩავაგდოთ ეშმაკი ჯოჯოხეთში, იქნებ მოისვენოს ამ წყეულმა", - თქვა მამა რუსტიკომ.
გასული საუკუნის სამოციანი წლების გახმაურებული წიგნის მოკრძალებული სიუჟეტიდან შორენას თუ ნანკას შოუმდე საკმაო დრო გავიდა. შეიცვალა შეხედულებები, მასთან ერთად ამ საქმისადმი საზოგადოების დამოკიდებულება. იმჟამინდელი მოხელის ნათქვამი - საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო, სასაცილოდაც არ ყოფნით თავისუფლებამოპოვებული ქვეყნის შვილებს. დღეს თამამები, პირდაპირები ვართ, სასქესო ორგანოების სახელებსაც მოურიდებლად ვიყენებთ ჩვეულებრივ, უბრალო თუ ემოციურ, აღელვებულ საუბარში, ისევე, როგორც სქესობრივი აქტის გამომხატველ სიტყვებს. და ისმის რიტუალურად ქცეული ტყ, ტყ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში... რა სჯობს იმას, როდესაც ჩაბნელებული დარბაზის ინტიმურად განათებულ სცენაზე მომხიბვლელი წამყვანი თვალს თვალში გაგიყრის და კეკლუცი პირდაპირობით გკითხავს - საკუთარი ასო თუ გაგიზომავსო. ანდა ის რად ღირს, ათას სხვადასხვა სიმაღლის ბარიერზე გადამხტარ ქალბატონს (იცის ვის დაუსვას შეკითხვა) რომ ჰკითხავს - ორგაზმის იმიტაცია თუ გაგითამაშებიაო. დარბაზში მყოფ ან ტელეეკრანებს მიჯაჭვულ "ხოშზე" მოსულ მაყურებელს ხომ არაფერი შეედრება. ამას წინათ პრაიმარისით ყურებგამოჭედილმა ყმაწვილმა გულახდილად მკითხა - პრაიმარისი რას ნიშნავსო. ავუხსენი, შემდეგ კი ვკითხე - ორგაზმი თუ იცი-მეთქი. ვიციო, მომიგო.
რაც მართალია დამოუკიდებლობამ თუ დანაპირები საამური ცხოვრება არ მოგვიტანა, სექსზე თავისუფალ საუბარს ხომ გვაზიარა. როგორც განსწავლული "ახალი ქართველები" ამბობენ, საზოგადოებას კომპლექსები მოეხსნაო. ალბათ იმათ გულისხმობენ, ზამთარ-ზაფხულს, წვიმაში, თოვლში, ყინვასა და ქარში დანგრეული ბაზრის მიდამოებში რომ ვაჭრობენ.
გლობალიზაციის ერაში არაფერია გასაკვირი, არც სექსზე ლაპარაკი და არც სექს ფილმების ჩვენება, ოღონდ ერთია - იქაც კი, ჩვენ რომ ცივილიზებულ დასავლეთს ვუწოდებთ, ტელევიზიებით ასეთი ჩვენებისგან თავს იკავებენ. თუ მაინცდამაინც გინდა - გადაიხადე და გაიხსნება დახურული პორნოარხები. ასეთი მიდგომით ბავშვებს არიდებენ აკრძალული ხილის ნაადრევად ჭამას. თუმცა ჩვენთან რა მორიდებაზეა ლაპარაკი, როდესაც მისი აღმატებულება პრეზიდენტი გულახდილად ურჩევს უმწიფარ ყმაწვილებს ბუჩქებში კოტრიალს.
რაც მართალია, მართალია: ვუნდერკინდები ვართ. სხვამ, რომ საუკუნეზე მეტი დრო მოანდომა ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მშენებლობას, პრეზიდენტის მოწოდებით ჩვენ ერთ თუ ორ წელში მოვაკვარახჭინეთ. სექსის დარგში ნამდვილად პროგრესია. ვიღაცას ასე უნდა, რომ იყოს - ეკონომიკური წარმატებების მოჩვენებით მორევში გაცურაოს, ტელეეკრანიდან გადმოღვრილი პოლიტიკურ თავისუფლებაში დაგარწმუნოს, მძიმე ყოფის გასაბათილებლად, ტრადიციების დასავიწყებლად, მართლმადიდებლობის დასაგმობად ეროტიკულ-სექსუალური თემებით გამოგიჭედოს ყური. საქართველოს მსგავსი უსუსური, უპრინციპო ქვეყნებისთვის არაერთი მომხიბვლელი გეგმა იწერება "დემოკრატიის ნაკრძალში", უმთავრესად მოსარჯულებლად. სწორედ ასეთს აღწერს ამერიკელი ჯონ პერკინსი თავის წიგნში "ეკონომიკური მკვლელი". "ეკონომიკური მკვლელები ის პროფესიონალები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს მილიონობით დოლარს სცინცლავენ. ფულს, რომელსაც ეს ქვეყნები ღებულობენ მსოფლიო ბანკიდან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან, ეკონომიკური მკვლელები გადაქაჩავენ უმსხვილესი კორპორაციების სეიფებში, უმდიდრესი ოჯახების ჯიბეებში. იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა თაღლითური მანიპულაციები, ჩაწყობა არჩევნების დროს, ქრთამი, გამოძალვა, სექსი და მკვლელობები."
პერკინსის საქმიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ დაერწმუნებინა მესამე ქვეყნები, ინფრასტრუქტურის განსავითარებლად დიდი კრედიტები აეღოთ. როგორც კი ეს ქვეყნები ვალებში ჩაეფლობოდნენ, აშშ-ის სააგენტოები კონტროლს აწესებდნენ ამ ქვეყნების ეკონომიკაზე და შეეძლოთ თავისუფლად გამოეყენებინათ მათი რესურსები გლობალური იმპერიის ასაშენებლად.
რამდენი ასეთი პერკინსი, ბრაისა ან კუინინი მუშაობდა და მუშაობს საქართველოში. ან რას გვიმზადებს სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ჭარბი წიაღისეული არ გააჩნია, მაგრამ მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. ჰოდა, ხომ შეიძლება მისი გამოყენება ურჩი ირანის ან რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს, თუ ამ ტერიტორიის მმართველი თავად იხვეწება - ჩვენი ტერიტორია აირჩიეთ ავღანეთში გადასაზიდი სამხედრო ტვირთების ტრანზიტისთვისო, სამხედრო პლაცდარმიც შექმენით და გუანტანამოს ციხის ტერორისტი პატიმრებიც გამოგვიგზავნეთო.
საზოგადოებაზე ზეწოლას არა მარტო ოკეანისგადაღმელები აწარმოებენ, არამედ მათ მიერ აღზრდილი აქაურები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მაგისტრი ვინმე ყველაშვილი, რომელმაც ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან დაგვმოძღვრა - "საქართველო სიუხვის დაგროვების სტადიაშიაო, საქართველო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ჩემპიონიაო, ჩემმა ერთმა მეგობარმა "ჰერითჯის" ფონდიდან მომწერა, რომ დროა ამერიკელებმა საქართველოდან ისწავლონ ლიბერალური ეკონომიკაო, შეხედეთ საქართველოს ტელეარხებს, განსაკუთრებით კი სახეცვლილ მე-2 არხს - თავისუფალი სიტყვის ტრიბუნა სხვა რა არის თუ არა ეს. მტკიცედ მჯერა, რომ სანამ საქართველო ლიბერალური და დემოკრატიული სახელმწიფოა, დასავლეთი თბილისის ინტერესების საზიანოდ ნაბიჯს არ გადადგამს. სანამ საქართველოს სუვერენული მთავრობა ჰყავს, რუსეთი ვერ მიიღებს ერთ გოჯ ქართულ მიწასაც კიო". რას იტყვით, ხომ მაგარია! ის ნამდვილად გადაუჯოკრავს ბარნოვებს, დავითაშვილებს, შარაშენიძეებს, ჩიტაძეებს, ხელისუფლების მიერ დაპურებულ სხვა "ექსპერტებს". სექსუალური შეტევის მსგავსად საზოგადოების ისედაც ამღვრეულ გონებაზე პოლიტიკური იერიშიც ხორციელდება. რაც მთავარია, საქართველოში მართლაც აქვს "სიუხვის დაგროვებას" ადგილი - ხელისუფლებაში მყოფი მხედრიონელების, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და გარემოცვის მიერ. მაგრამ ერთია - მას დაგროვების ნაცვლად ძარცვა ჰქვია. სწორედ ამგვარმა "სიუხვის დაგროვებამ" გაამდიდრა აფრიკისა და აზიის სახელმწიფოთა მმართველი კლანები, მოსახლეობა კი უკიდურეს სიღატაკეში დატოვა.
დამოუკიდებლობა მათ გასული საუკუნის სამოციან წლებში მიიღეს, მაგრამ სწორედ ამერიკელთა და სხვა დასავლელთა წყალობით ისეთი ლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა შექმნეს, საქართველოსას რომ ჰგავს. ამის გამოა, რომ ბევრი მათგანი ჯერაც ვერ გასწორებულა წელში. ცალკე თემაა ლათინური ამერიკა - მრავალი ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის ბაღჩად წოდებული. დღეს ბევრმა მათგანმა ხმა ამოიღო და ისე შეუტია "მამა-მარჩენალს", უარესს რომ ვერ წარმოიდგენდა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ოდესმე საქართველოც გამოფხიზლდება, თუკი საერთოდ გადაურჩა სულიერ და ფიზიკურ ზეწოლას.
ქვეყნის საქმე გაცილებით უკეთესად იქნებოდა, ოპოზიცია რომ ოპოზიცია ყოფილიყო. არ გაგვიმართლა. ოპოზიცია ძირითადად საკუთარი პრობლემებით, საკუთარი თავის გამოკვებით არის დაკავებული, როგორც ამბობენ ხელისუფალთა მხრიდან. არც ერთ მათგანს, გარდა ლეიბორისტებისა, არ აინტერესებს ხალხის გაუსაძლისი სოციალური პირობები. ყველა მათგანის მიმართულება დასავლეთია. არვითარი ლავირება, რაც პატარა ქვეყნისათვის აუცილებელია - წინ ამერიკისაკენ. ბოლო დროს გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იყურებიან. მათთან დასავლეთელები ლაპარაკსაც არ აპირებენ. არათუ ლაპარაკს, აუგ სიტყვასაც არ იშურებენ მათი მისამართით. და არის ატეხილი ერთი გაწევ-გამოწევა და კინკლაობა ოპოზიციის ბანაკში. გამყრელიძემ პრეზიდენტის არჩევნებში 600 000 ამერიკული დოლარი აიღო სააკაშვილისგანო, განაცხადა ქრისტიან-დემოკრატმა ვეფხვაძემ. და დამადასტურებლად სააკაშვილი მოიყვანა. ვიწრო წრეში საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, მოლაპარაკებული ვიყავით გამყრელიძესთან, თუ გაჩეჩილაძეს მეტ ხმებს წაართმევდა, სამ მილიონს მივცემდითო. მაგრამ 4 პროცენტზე მეტი ვერ შეძლო და შესაბამისი თანხა მივეცითო. ვეფხვაძის თქმით თანხა ჩხარტიშვილს მიაცემინეს.
ზემოთ ნახსენები ყველაშვილი ამას უწოდებს ლიბერალიზმს. ჩხარტიშვილი და არა მარტო ის, არამედ ყველა შეწერილი ბიზნესმენი გაცემულ თანხას ხალხის ჯიბიდან ანაზღაურებს. მაგალითად თხილის ბიზნესში ჩართული ჩხარტიშვილი გლეხებიდან თხილის თეთრებზე შესყიდვით და მეზობელ თურქეთსა თუ სხვაგან ათეულობით დოლარად გაყიდვით, ხელისუფლება-ოპოზიციის ხელი-ხელს ბანს პოლიტიკიდან გამომდინარე კატასტროფულად მოიმატა წამლების, კვების პროდუქტების, პირველი აუცილებლობის საქონლის ფასებმა. ქართული "ბიზნესის" კეთილშობილებისა და პატიოსნების შესახებ ჯერ არავის სმენია, მაგრამ ხელისუფლება-ოპოზიციის მიერ გაღლეტილი ბიზნესმენი დანაკარგს რომ ხალხის ხარჯზე შეავსებს, გასაკვირია. სააკაშვილის ღრმა ფანტაზიების შესახებ ბევრი გაგვიგია, მაგრამ ასეთს პირველად მოვკარით ყური. დავუშვათ გამყრელიძისთვის ფულის მიცემა ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია. რატომ არ სცემს პასუხს. არა ისეთს, რაც მოვისმინეთ, არამედ არგუმენტირებულს, დამაჯერებელს. განა ახლებისთვის ან სხვებისთვის უცნობია სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ საბიუჯეტო ან სხვა სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს მეტი ფაქტები აქვს ოპოზიციასთან ფულადი გარიგების. დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს სააკაშვილ-გაჩეჩილაძის გარიგებაზე, რის შედეგად თითქმის ორგაზმამდე (ისევ სექსის ტერმინი) მისული მრავალათასიანი დემონსტრაცია სახლებში გაისტუმრეს. სწორედ ამაზე იტყვიან - ფერი-ფერს და მადლი ღმერთსო.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, ძვირფასო მკითხველო - ასეთი ამბების მომსმენ საზოგადოებას ნერვების დამამშვიდებელი აბები არ ესაჭიროება და გულის გასაქარვებლად ერთი-ორი სექს გადაცემა. საკითხავი ისაა, გაუძლებს თუ არა კალატოზიშვილ-ბეგაშვილის ტანდემი მაყურებელთა მზარდ მოთხოვნას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დამატებით ახალი წამყვანების შერჩევა მოუწევს ან ძველთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება - ეკრანზე თვალსაჩინოების წარმოდგენისათვის, აი მაშინ კი მართლაც იქნება საყოველთაო ორგაზმი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.
http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=6285----------------------------
პ.ს. ძველი სტატიაა, მაგრამ დრესაც აქტუალური..