ზაალ ანდრონიკაშვლი
1.
სიმბოლური განსაბჭოება და რეალური საბჭოთა მემკვიდრეობა არის ის ფორმულა, რომლითაც საქართველო დღემდე ცხოვრობს - ბოლო მაგალითი დეპუტატი თორთლაძის კანონია, რომელსაც, გაუგებარი მიზეზების გამო, „თავისუფლების ქარტია“ ქვია. ქარტიის გარჩევას არ დავიწყებ. მისი ერთი ნაწილი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. საბჭოთა მემკვიდრეობა დეპუტატ თორთლაძეს საბჭოთა სიმბოლოებთან აქვს გაიგივებული - ეს ის გასაოცრად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში უმრავლესობა ოპოზიციის მოსაზრებას და ინიციატივას შესაშური ერთსულოვნებით იზიარებს. ეს კანონი, თუმცა კი იმეორებს რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყნის პრაქტიკას, მაინც აჩვენებს, რომ ქართველ კანონმდებელს ვერ გაუაზრებია საკითხის სიღრმე, და ამიტომ ამ პრობლემის ზედაპირიდან მოცილება უცდია. გაუაზრებლობა და აქედან გამომდინარე კოსმეტიკურობაა არის ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი პრინციპი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. მემკვიდრეობის ჯაჭვი, რომელიც გვიანდელი სსრკ-დან მოდის არ შეწყვეტილა. დავასაბუთებ, მაგრამ შორიდან შემოვლა დამჭირდება.
2.
ყველაზე გროტესკული აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ალბათ 93 წლისა იყო. 26 მაისს ტრიბუნაზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარესთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ჯაბა იოსელიანი იდგა. რესპუბლიკის მოედანზე კი ჯარის სხვა დანაყოფებთან ერთად მხედრიონი გამოვიდა. არამწყობრი ნაბიჯით, უფორმოდ, თუმცა თავისებურად: უმეტესობას შავი ჟილეტები ეცვა და ზოგს საფორმე რეიბანებიც ეკეთა. ფეხზე ინსპექტორები ეცვათ თუ არა აღარ მახსოვს.
ეს აღლუმი გროტესკული იყო. მაგრამ არანაკლებ გროტესკულია სამხედრო აღლუმი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელიც - მოგეხსენებათ - 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იმართება. ოღონდ ეს 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა (ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველომ, სომხეთმა და აზერმაბიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს). საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არც დამოუკიდებლობა მოიპოვა სამხედრო გზით და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა სამხედრო კონფლიქტში დამარცხდა, მაგრამ მაინც თვლის საჭიროდ, ყოველ წელს დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნოს.
ამით, მაშინდელმა ქართველმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა პირველ რესპუბლიკასთან თანმიმდევრობას. მაგრამ მეორეს მხრივ - სიმბოლურ დონეზე - არარსებულად გამოაცხადა საბჭოთა საქართველოს 70 წელიწადი. ასე ვთქვათ, „undo“ გაუკეთა. ეს იყო პირველი „კოსმეტიკური“ ნაბიჯი, რომელიც პრობლემასთან რეალური დაპირისპირების და მისი გადაწყვეტის მაგივრად სიმბოლოებს მიადგა და რეალურის სიმბოლურად გადაწყვეტა მოინდომა. შედეგები სავალალო აღმოჩნდა.
3.
დამოუკიდებლობის 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებაც სიმბოლური იყო. ოღონდ ამჯერად პოლიტიკური რიტორიკის დონეზე.
პარლამენტი იხსენებდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლიანად დაარბია.
1989 წლის 9 აპრილი 1991 წლის 9 აპრილში ჩაწერილია და სიმბოლურად აკეთებს იმას, რაც 1989 წლის 9 აპრილს არ გაკეთებულა - აცხადებს დამოუკიდებლობს, იმიტომ რომ პოლიტიკური რიტორიკა სწორედ 1989 წლის 9 აპრილს მიიჩნევდა ქართული დამოუკიდებლობის „პირველად სცენად“ (Urszene).
ნაციონალური სახელმწიფოები ასეთ საწყის მომენტებს ხშირად იხსენებენ ხოლმე: ფრანგები 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, რომელიც მათთვის რევოლუციის სიმბოლოდ და „პირველად სცენად“ იქცა. ესპანელები 12 ოქტომბერს, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს (რომელმაც ესპანეთი იმპერიად გაადქცია, „რომელშიც მზე არასოდეს ჩადიოდა“). ქართული არჩევანი ამ მხრივ პრობლემური აღმოჩნდა, იმიტომ რომ იქ, სადაც სხვები გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ქართველებმა დამარცხების დღეს გაიხსენეს.
ოღონდ ეს დამარცხების დღე გამარჯვების დღეც არის - ქრისტიანული თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტის სპიკერი, შემდეგ კი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების კატეგორიებით აზროვნებდა და ძველი ქართული მარტიროლოგიური პარადიგმა ააღორძინა. ამ პარადიგმას სააღდგომო ლიტურგიის ერთი პასაჟი უდევს საფუძვლად: „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“. (გამსახურდიას პოლიტიკურ მისტიკაში საქართველოს სიმბოლო მკვდრეთით აღდგინებული ლაზარე იყო). 9 აპრილის მსხვერპლშეწირვა ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა გახდა. ქართველი ერი (9 აპრილს დაღუპულები pars pro toto) მოკვდა, მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ამჯერად უკვე დამოუკიდებელი ჰიპოსტასით. (სწორედ ამას გულისხმობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურიდა, როდესაც „ქრისტეს გზაზე“ საუბრობდა და ამ გზას ბარაბას გზას,(ეროვნული დამოუკიდებლობისათვის პოლიტიკური და არა „სარკალური“ ბრძოლის გზას), შეიძლება ერთობ მოუფიქრებლადაც, უპირისპირებდა.
ქართული პოლიტიკური მითოლოგია საბჭოთა კავშირის დაშლას და დამოუკიდებლობის მოპოვებას ქართველების დამსახურებას მიაწერს და ცდილობს მიჩქმალოს, რომ საქრთველოს, ისევე როგორც დანარჩენ 15 საბჭოთა რესპუბლიკას, დამოუკიდებლობა თავისი ძალისხმევით არ მიუღია (მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველომ დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა).
რიტორიკულ დონეზე განსხვავება 9 აპრილსა და 26 მაისს შორის სრულიად საწინააღმდეგო ჭრილში იყო დანახული: პირველი რესპუბლიკა (ნორმალური პოლიტიკური პროცესი) იყო „ბარაბას გზა“ და ამიტომაც „ღმერთმა თავისუფლება წაგვართვა“, ხოლო 9 აპრილი იყო „ქრისტეს გზა“ - წამების გზა. ქარისტიანული რიტორიკა სამართლებრივ სიმბოლიკასთან წინააღმდეგობაში მოვიდა. სიმბოლურ დონეზე კი არჩევანი - ასევე პრობლემური - სამართლებრივი სიმბოლიკის („ბარაბას გზის“) სასარგებლოდ გაკეთდა. ოღონდ, როგორც ჩანს, ამით ამსთანავე „ბარაბას გზის“ „ქრისტეს გზაზე“ მოქცევაც უნდა მომხდარიყო.
რამდენადაც სიმბოლური იყო 26 მაისის არჩევა დამოუკიდებლობის დღე, იმდენადვე სიმბოლურია 9 აპრილის უარყოფა. უფრო სწორად, სიმბოლური კი არ არის, ნიშანდობლივია, იმიტომ რომ კანონმდებელს არა მგონია გააზრებული ჰქონოდა რას ნიშნავდა ეს თითქოს ტრივიალური არჩევანი. 9 აპრილის, ანუ დამოუკიდებლობის ახალი დღის უარყოფა, ნიშნავდა იმას, რომ მაშინდელმა კანონმდებელმა ფაქტიურად უარი თქვა სრულიად ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირებაზე - სიმბოლურად ის პირველ რესპუბლიკას დაუკავშირა, ხოლო სამართლებრივად კი საბჭოთა საქართველოს.
4.
1991 წელს პრობლემა სწორედ სიმბოლურსა და „რეალურ“ პლანს შორის აცდენა იყო, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მეორე რესპუბლიკის ცხოვრებას არეგულირებდა, ფაქტიურად საბჭოთა გახლთდათ - საბჭოურობაზე აშკარა (ზედაპირული) რეფერენციების გამოკლებით. (ისევე, როგორც ქართული ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შემცირებული ვარიანტი იყო - იქიდან უბრალოდ საბჭოთა მოღვაწეები და ცნებები ამოყარეს, მაგრამ ენციკლოპედია ასეთი ხელოვნური ამოყრით ნაკლებად საბჭოთა მაინც არ გამხდარა).
საბჭოთა არა მარტო საკანონმდებლო საფუძველი იყო: საბჭოთა იყო ყველა ინსტიტუტი და რაც მთავარია ძალაუფლების სტრუქტურაც. როგორი იყო ეს ძალაუფლების სტრუქტურა? „საბჭოთა კავშირი“ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს სახელმწიფო: ძალაუფლება ხალხის ხელში უნდა ყოფილიყო, რომელიც საბჭოების (იერარქიულად აწყობილი თვითმმართველობების) მეშვეობით მართავდა სახელმწიფოს. მაგრამ ჯერ ბოლშევიკური რუსეთი, შემდეგ კი სსრკ სხვა გზით წავიდა: წითელ ტერორს უნდა განემტკიცებინა პროლეტარიატის ჰეგემონია, და შემდეგ, ნათელ მომავალში, პროლეტარიატის ჰეგემონია ჰარმონიულად უნდა გადასულიყო უკლასო საზოგადოებაში. ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინად წოდებულმა იოსებ ჯუღაშვილმა მაქსიმალურად გააძლიერა ის სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობდა: „კომუნისტური პარტია“. ძალაუფლება საბჭოებიდან (რომლებსაც ის ფორმალურად ეპყრათ) პარტიის ხელში გადავიდა. ექსპერიმენტული „საბჭოთა“ მოდელი (რომელიც ყველაზე ახლოს ამერიკელ კოლონისტთა თვითმმართველ ერთეულებთან იყო) ისევ ძველმა, ნაციონალურმა მოდელმა ჩაანაცვლა. ოღონდ „ნაციას“ და სსკრ-ს, „ნაციათა იმპერიას“ (როგორც მას ამერიკელი მეცნიერი ფრანსინ ჰირში უწოდებს), არა თვითმპყრობელი იმპერატორი, არამედ „თვითმპყრობელი პარტია“ და მისი გენერალური მდივანი მართავდა. საბჭოთა კავშირში სუვერენი კომუნისტური პარტია იყო და შესაბამისად, როგორც სუვერენი, კანონზე მაღლა იდგა (სუვერენულობის თეორიების შესახებ წიგნების სია გრძელია, ერთ მაგალითად კარლ შმიტის „პოლიტიკურ თეოლოგიას“ დავასახელებ).
5.
დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ ძალაუფლების ეს მოდელი (რომელიც დღემდე მოქმედებს), საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობად მიიღო. და მისი შეცვლისათვის არაფერი გააკეთა. „კომპარტია“ „მრგვალმა მაგიდამ“ ჩაანაცვლა (თუმცა პარლამენტში ორივე პარტია იყო წარმოდგენილი). ერთპარტიული ჰეგემონიისთვის ბრძოლა დაიწყო. სწორედ პოლიტიკური სივრცის არარსებობამ (რომელიც პირდაპირი შედეგი იყო ძველი სტრუქტურების მემკვიდრეობად მიღებისა) არ დაუშვა განსხვავებული პოლიტიკური აზრი. უფრო სწორად, განსხვავებული პოლიტიკური აზრი სახელმწიფოს (ხალხის) მტრობად მიიჩნია. რადგანაც საბჭოთა მოდელში პარტია=სახელმწიფოს, რომელიც ხალხის სახელით ლაპარაკობს, პარტიის კრიტიკოსი ავტომატურად იქცევა სახელმწიფოს კრიტიკოსად, კრიტიკოსი კი მტრად. სწორედ ამ ლოგიკით აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს „სუკის აგენტად“. (ვიდეო ნახეთ მეორე წუთიდან).
გამოვტოვებ ანომიის იმ პერიოდს, რომელიც საქართველოში გამსახურდიას სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ „ჩამოგდებისა“ და შევარდნაძის „ჩამოყვანას“ შორის - და გარკვეული პერიოდი „ჩამოყვანის“ შემდეგაც იყო, იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალა აღარანაირი უფლებით აღარ იყო შეზღუდული და პირდაპირ გადაიქცა ძალადობად.
ედუარდ შევარდნაძეც, რომელსაც ასევე ჰქონდა ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირების შანსი, ძველი (და მისთვის კარგად ნაცნობი) გზით წავიდა: ქვეყნის სამართავად მან არა დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა/გაძლიერება დაიწყო, არამედ პარტიული სტრუქტურის მშენებლობას მიყვა. „მოქალაქეთა კავშირი“ ტიპიური „ძალაუფლების“ პარტია იყო. პარტია, რომელსაც არ აერთიანებდა არც ერთიანი ფასეულობითი სისტემა (ოღონდ, გაუგებარი მიზეზით, მოქკავშირი სოცინტერნის წევრი გახდა), არც რაიმე ერთიანი პროგრამა.
ერთადერთი, რაც ამ პარტიას (რომლის წევრები იყვნენ, ერთის მხრივ, ზურაბ ჟვანია, მიხეილს სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ვანო მერაბიშვილი, ხოლო მეორე მხრივ ავთანდილ ჯორბენაძე, ნიკო ლეკიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე) აერთიანებდა და ერთად კრავდა „ხელისუფლებაში ყოფნა“ იყო. უფრო სწორად პარტია იყო ხელისუფლება და აკონტროლებდა როგორც აღმასრულებელ, ისევე საკანონმდებლო და სასამართლო „ხელისუფლებებს“, რომლებსაც, რეალურად, პარტიისაგან განსხვავებით, არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდათ. კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, იყო „კონსტიტუცია ზემოდან“, რომელიც, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე „უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი“ იყო, მაგრამ პრინციპულ პრობლემას, ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტურიებულობას, მაინც ვერ აგვარებდა. სწორედ ამ არაკონსტიტუირებულობის გამოხატულება იყო ორი შევარდნაძისეული ინოვაცია, რომელიც - ნიშანდობლივად - სამართლებრივი ჩარჩოების გარეთ მოიქცა, უფრო სწორად ლეგიტიმაციის არასამართლებრივ ფორმა გახლდათ. რადგან ძალაუფლება ხალხის ხელში არ იყო და შევარდნაძე, მიუხედავად აბსოლუტური უმრავლესობით არჩევისა, მაინც არ იყო „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი (ისევე როგორც გამსახურდია) - არამედ ხალხის მიერ „ლეგიტიმირებული“ პრეზიდენტი იყო, მისი (პარტიული) ძალაუფლებისათვის ლეგიტიმაციის დამატებითი წყაროები იყო საჭირო.
ისე, სანამ ლეგიტიმაციის ამ დამატებით წყაროებზე გადავალ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის ამ ფორმისათვის ქართულ სლენგში არსებობს ცნება, რომელიც რუსულიდან მოდის, შინაარსით საბჭოთაა და პრობლემის არსს გაცილებით უფრო ზუსტად გამოხატავს, ვიდრე ლათინური სიტყვა ლეგიტიმაცია. ეს ცნება არის „გაპრავება“, რომელიც გულისხმობს „ლევის“, უკანონოს, ჩრდილოვანის, არაკანონიერად მოპოვებულის (კვაზი)სამართლებრივ სივრცეში მოქცევას. აი ეს „გაპრავება“ იყო ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 1991წლიდან მოყოლებული დღემდე. (გარდა თბილისის მერის არჩევნებისა, რომელიც, მიუხედავად ხარვეზებისა, მაინც პირველი ნაბიჯი იყო სწორი მიმართულებით. თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამაზე ბოლოს მოგახსენებთ). „გაპრავება“ იმიტომ, რომ უკვე არსებული და ხელში ჩაგდებული ძალაუფლების (რომლის წყაროც ხალხი არ ყოფილა) ლეგიტიმაცია იყო.
ედუარდ შევარდნაძემ ერთი მხრივ საკრალური ლეგიტიმაცია შემოიტანა: პრეზიდენტის ეკლესიის მიერ კურთხევა და ეკლესიის, როგორც „პარტიული ძალაუფლების“ საკრალური დასაყრდენის გაძლიერება დაიწყო. ამით შევარდნაძემ აშკარად გამოაჩინა „პარტიული ძალაუფლების“ მონარქიული ტრადიციის საფუძვლები - გამსახურდია საკრალურს თვითონ ითავსებდა და ამიტომ გარეშე ლეგიტიმაციას არ საჭიროებდა (ამიტომაც, ის ყველაზე ახლოს იდგა Führer-ობასთან). მეორე მხრივ კი - რადგან მარტო საკრალური ლეგიტიმაცია საკმარისი არანაირად არ იქნებოდა და თან თავისი წინამორბედის ბედიც კარგად ახსოვდა, მოსახლეობას სოციალური კონტრაქტი შესთავაზა: შედარებითი (მხედრიონის წლებთან) სტაბილურობა და ტოტალური კორუფცია. ეს ტოტალური კორუფცია, რომლის მაგალითადაც შეგვიძლია ერგნეთის ბაზრობა დავასახელოთ, ისეთი იყო, რომ ყველას აწყობდა: ქრთამის ამღებსაც და ქრთამის მიმცემსაც.
6.
„ვარდების რევოულიცამ“ გააჩინა იმედი, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს შეძლებდა ახალ, ძველი მემკვიდრეობისაგან თავისუფალ, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მაგრამ ძალაუფლების ძველი სტრუქტურა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვარდების რევოლუციონერების თავდაპირველი სურვილები. ნაციონალური მოძრაოიბის ლიდერები, რომლების დიდი ნაწილიც, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით „მოქალაქეთა კავშირის“ აქტიური წევრები იყვნენ (მის „ლიბერალურ“ ფრთას წარმოადგენდენ), იგივე გზას დაადგნენ, რასაც მათი წინამორბედი სახელისუფლო პარტიები: მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მონოპოლიზიბა, ისე, რომ გარდა საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობისა, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაც კვლავ ერთი პარტიის ხელშია. ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი სწორედ ამიტომ არ არსებობს: ძველი „ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ მოდელი, მიუხედავად დემოკრატიული ფასადისა, მაინც ერთპარტიული მმართველობის ტრადიციას აგრძელებს.
7.
ალბათ ვინმე იტყვის, რომ ეს „ხელისუფლების კრიტიკოსის“ აზრია, ანუ - ამ ვინმეს გადმოსახედიდან, ადამიანის, რომელიც ხელისუფლებისადმი „ცუდად არის განწყობილი“ და ამიტომ პრინციპში „ვერ ხედავს“ (ამის არდანახვა შეიძლება?) ვერაფერ კარგს რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილში არ ვსაუბრობ კონკრეტულ რეფორმებზე (რომლებსაც ვხედავ და გაგიკვირდებათ და ვაფასებ კიდევაც), არამედ ძალაუფლების სტრუქტურაზე, რომელიც არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის შემდეგ, ანუ გარკვეულ ფუძემდებლურ პრინციპებზე, რომელთა შეუსრულებლობის გარეშე საქართველო ისევ „პოსტსაბჭოთა“, ანუ საბჭოთა მემკვიდრეობაში ჩარჩენილი სახელმწიფო იქნება და ვერ გახდება „თანამედროვე ევროპული“ სახელმწიფო. ჩემი პოზიციის გასამყარებლად ამჯერად ამ მთავრობის „დეკლარირებული მხარდამჭერის“, ჩემი კოლეგის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდიას მოსაზრებას მოვიყვან: „ საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს” წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/34003-gia-no...l#ixzz1OoKatu2Y “
არ ვიცი, რა პოლიტიკური კატეგორიებით სარგებლობდა გია ნოდია, (ან მმართველობის რა კონცეფციებს გულისხმობდა) როდესაც საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მეფეებს, მთავრებს (და ასევე, სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორებს და მათ მთავარმმართებლებს) ადარებდა, მაგრამ ცხადია, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი (და შესაბამისად მისი წინამორბედებიც) აშკარად მოარქიული ტრადიციის ჭრილში ჰყავს დანახული - (თავი დავანებოთ იმპლიციტურ კომპლიმენტს, თუ ეს კომპლიმენტად შეიძლება ჩაითვალოს, „მიშა - ახალი დავითი“).
აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ფრაზა „ხელისუფლების მხარდამჭერი“: ადამიანს რომელიც თავის თავად ხელისუფლებას (და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ფასეულობათა სისტემას, კონკრეტულ პროგრამას) უჭერს მხარს? ასეთი დაყოფა „ხელისუფლების მომხრეებად“ და მის, ანუ სახელმწიფოს ანუ ხალხის მოწინააღმდეგეებად თავისთავად არის სწორედ „ერთპარტიული თვითმპყრობელობისათვის“ დამახასიათებელი აზროვნების რელიქტი.
8.
რა იყო ვარდების რევოლუციონერების შეცდომა? ჩემი აზრით, ეს შეცდომა ძალიან ბანალური იყო, მაგრამ - მათი აზრით - გამართლება ჰქონდა. რევოლუციონერთა დამოკიდებულება თავიდან ასეთი იყო: ჩვენ მოვალთ, ჩავატარებთ არაპოპულარულ რეფორმებს და მერე წავალთ. განზრახვა ლოგიკური და სწორი იყო, იმიტომ რომ რევოლუციონერის როლი რევოლუციის დასრულება და რესპუბლიკის შექმნაა. სამწუხაროდ, ეს განზრახვა რევოლუციონერებს არ განუხორციელებიათ. არ დავიწყებ მარტივი ფსიქოლოგიური დასკვნების კეთებას, რომ ძალაუფლება რყვნის და ა.შ. (თუმცა ეს ალბათ ასეც არის). უბრალოდ, რეცოლუციონერებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ძალა და გამბედაობა ორი ძალიან ძლიერი ინერციული წინააღმდეგობა გადაელახათ ა) „ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ არსებული სტრუქტურის წინააღმდეგობა და ბ) „რევოლუციური კანონის“ წინააღმდეგობა. ამ ორი განსხვავებული მიზეზის წინააღმდეგობა გადაიკვეთა და შედეგად მოგვცა ვარდების რევოლუციონერთა მთავარი მითოლოგემა: რომ მხოლოდ „ნაციონაალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოში განახორციელოს რეფორმები და შეინარჩუნოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველა დანარჩენი ან პირდაპირი ან ლატენტური მტერია, ამიტომ ყველა, ვინც პირდაპირ არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ირიბად უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის=ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს. (ასეთ აზრს ხშირად შევხვედრივარ სხვადასხვა კონტექსტებში, ბოლოს კი ჩემი კოლეგების, გიგი თევზაძის და დათო აფრასიძის დიალოგში გადავაწყდი
http://24saati.ge/index.php/category/opini...011-06-05/17411 „პარტიული ძალაუფლების“ შესახებ უკვე ვისაუბრე. ახლა იმასაც ვიტყვი, რა არის ეს რევოლუციური კანონი.
9.
1989 წლის 9 აპრილი რევოლუციური მომენტის ინსცენირება იყო. ქართულ პოლიტიკურ ნარაციაში სწორედ აპრილის გამოსვლებმა დაშალა სსრკ თვითონ აპრილის გამოსვლები კი რევოლუცია იყო. ვანო მურადელის ერთ სიმღერაში (ტექსტის ავტორი ვლადიმირ კამენეცკი) რევოლუციური მომენტის ლოგიკა სრულყოფილად არის გამოხატული:
Есть у Революции начало,
Нет у Революции конца!
რევოლუცია პერმანენტულია არა ტროცკის გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ რევოლუციური მომენტი, რევოლუციის „პირველადი სცენა“ გრძელდება მუდამ:
Всё горит, горит заря над Смольным -
Это с нами, это на века.
Залп Авроры никогда не смолкнет,
Вдаль простёрта Ленина рука.
http://www.sovmusic.ru/download.php?fname=esturevoკონსტიტუირება არის რევოლუციის ბოლო (და მისი მიზანი), რომელიც, თავისი არსით, კონტრრევოლუციურია (იმიტომ რომ რევოლუციას წერტილს უსვამს). თუ კონსტიტუირება არ ხდება, რევოლუციური მომენტი გრძელდება ან მისი გამუდმებით ინსცენირება ხდება. საქართველოში ასე მოხდა 1992 და 2003 წელს.
„რევოლუციური კანონი“ - წერს ფრანგი ფილოსოფოსი და რევოლუციონერი კონდორსე - „არის კანონი, რომლის მიზანია შეინარჩუნოს რევოლუცია და დააჩქაროს ან არეგულიროს მისი კურსი“. რევოლუციური კანონი, არის ძალა, რომელიც კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დგას, ეს სუვერენული ძალაა, რომელიც მხოლოდ თავისი ნებით და მეტი არაფრით არ არის შეზღუდული. ის არსებითად მონოპოლისტური ძალაა და ძალაუფლების სხვა ცენტრებს არ ცნობს და მტრულად მიიჩნევს. რევულუციური კანონი და რევოლუციის მიზანი (რესპუბლიკის ჩამოყალიბება) ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საქართველო სწორედ ამ წინააღმდეგობაში მოექცა: იმედი, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდებოდა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუირება არ გამართლებულა: ჩვენ დღესაც რევოლუციური კანონით, საგანგებო მდგომარეობაში ვცხოვრობთ. რა კანონია ეს კანონი? ეს კანონი გვეუბნება: არსებობს შიდა და გარე საფრთხე, რომ ქართული სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას, ამიტომაც ჩვენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და იქამდე, სანამ ეს საფრთხე გვემუქრება ყველა დანარჩენი კანონი დავუქვემდებაროთ ამ (რევოლუციურ) კანონს, რომელიც არ ემთხვევა ჩვენს (ფორმალურ) ძირითად კანონს ანუ კონსტიტუციას. (ყველაზე ზუსტი ტერმინი ირანელებმა მოიფიქრეს: „ისლამური რევოლუციის დარაჯები“. აი ასეთი დარაჯი საქართველოში - სტრუქტურულ პარალელზე მაქვს საუბარი და არა შიანაარსობრივზე - „ნაციონალური მოძრაობაა“). ოღონდ ის, რასაც ერთ შემთხვევაში ისლამის რევოლუციის დარაჯები, ხოლო მეორეში კი „ნაციონალური მოძრაობა“ დარაჯობს, არა სახელმწიფოებრიობაა, არამედ საკუთარი ძალაუფლებაა. ისევე, როგორც ირანი არ შეწყვეტს არსებობას ისლამური რევოლუციის ფუნდამეტის გარეშე, არც საქართველო შეწყვეტს არსებობას, თუ მის სათავეში მაინცა და მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
10.
2003 წელს ვარდების რევოლუციონერების ხელში უზარმაზარი ძალაუფლება იყო აკუმულირებული. ეს ძალაუფლება შეიძლებოდა იმისათვის გამოეყენებინათ, რომ რევოლუცია დაესრულებინათ, დაებრუნებინათ ხელისუფლება ხალხისათვის (რას ნიშნავს ხალხისათვის ძალაუფლების დაბრუნება იხ. ქვემოთ) და ამის შემდეგ მომხდარიყო ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირება. ამის საპირისპიროდ, ვარდების რევოლუციონერებმა ხალხისათვის ძალაუფლების გადაცემა არ მოინდომეს, უფრო სწორად, ტრანზიციის - გადაცემის - მომენტი გაწელეს. თუ რა დროით, ეს ჯერ არავინ იცის. ფაქტია, რომ ახლაც ამ ტრანზიციულ მომენტში ვცხოვრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ძალა, რომელიც კანონზე უფრო მაღლა დგას და ამ ძალას „სახელად ნაციონალური“ მოძრაობა ქვია. და ქვეყნის შიგნით არ არსებობს არანაირი სხვა ძალა, რომელიც ამ ძალას რამენაირად დააბალანსებდა. (მართალია, ასეთი ძალა ქვეყნის გარეთ არსებობს - რუსეთს არ ვგულისხმობ - ეს აშშ და გარკვეული დოზით, ევროკავშირიცაა). ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ნაციონალურ მოძრაობას ორი (უკვე საკმაოდ ფერდაკარგული) არგუმენტი აქვს: ა) რეფორმები (რომლებიც ნაცმოძრაობის ძალიან აქტიური მხარდამჭერების თქმითაც კი შეჩერებულია ბ) რუსეთის საფრთხე, რომელიც გამუდმებით ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. (ცხადია, რომ რუსეთის საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ არანაირად არ არის ცხადი, რატომ აკისრია ნაციონალურ მოძრაობას ექსკლუზიურად ამ სააფრთხისაგან ჩვენი დაცვის მესიანისტური როლი).
11.
დამოუკიდებელი საქართველოს 20წლიანი ისტორიის არცერთ მომენტში ძალაუფლება ხალხის ხელში არ ყოფილა. მისი (ხალხის) ერთადერთი ფუნქცია არსებული ძალაუფლების არჩევნების გზით ლეგიტიმაცია იყო.
მაგალითად: ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ 1995 წელს, რამდენჯერმე შევცვალეთ, ბოლოს შარშან. მიუხედავად ამისა, ჩვენს კონსტიტუირებულები არ ვართ იმ გაგებით, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ კონსტიტუციებზე მუშაობაში მხოლოდ პასიურად აქვს მონაწილეობა მიღებული. 2010 წელს კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობა ამ მხრივ განსხვავდებოდა ადრინდელი საკონსტიტუციო პროექტებისაგან, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივ ინტერესთა მთელ სპექტრს ასახავდა და ამ მხირვ „კონსენსუსური“ იქნებოდა, ან თუნდაც ინტერესთა წინააღმდეგოებრიობას მაინც გაითვალისწინებდა კონსენსუსის მიუღწევლად. დავამატებ, რომ ისრაელელები ჩვენზე „ჭკვიანები“ აღმოჩნდნენ, და ანალოგიურ სიტუაციაში - როდესაც კონსტიტუცია ვერ ხდება საზოგადოებრივ ძალათა კონსენსუსის პროდუქტი- კონსტიტუცია საერთოდ არ მიიღეს. ეს მდგომარეობა - როდესაც ერთის მხრივ კონსტიტუცია გვაქვს, მეორეს მხრივ კი ეს კონსტიტუცია რეალურად არ ასახავს ჩვენს რეალიებს, რეალურად არის ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილის საფუძველი. იმასაც დავამატებ, რომ პოლიტიკურის პრიმატი სამართლებრივზე ისრაელში სწორედ ისაა, რასაც საქართველოს ახლანდელი მთავრობა ინტუიტიურად გრძნობს და ამიტომაც ისრაელს მაგალითად ხშირად მოიშველიებს ხოლმე.
12.
„ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ ლოგიკა ისეთია, რომ ის არანაირად არ გულისხმობს ხელისუფლების „სხვისათვის“ გადაცემის ან განაწილების მექანიზმს - არსებითად ანტიდემოკრატიულია. ამიტომ ძალაუფლების გადაცემის ერთადერთი ხერხი არის გადატრიალება/აჯანყება/რევოლუცია. შესაბამისად, მთავრობაც და ოპოზიციაც ერთი პარადიგმით აზროვნებს და საქართველოს ისტორია, ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორედ ამ პარადიგმის შიგნით ვითარდება. აქედან გამომდინარე ოპოზიცია, ხალხის სახელით, უპრისპირდება „პირსისხლიან“ მთავრობას და ყოველ მიტინგზე თავიდან იბადება „ერად“, „ხელისუფლება“ კი ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრს ან დემონსტრაციას სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებად აღიქვამს. ასე, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა 2007 წლის შვიდ ნოემბერს ქართველი ხალხის ემანსიპაციის მომენტი დაინახა: „7 ნოემბერს, … ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის უფორმო მასა არ არის; … 2007 წლის 7 ნოემბერს ახალი ქართული ნაცია, სამოქალაქო ნაცია დაიბადა.” უცნაურია, რომ
ქართული ნაციის დაბადების დღედ მიჩნეულია მისი „მსხვერპლშეწირვა“ – 2011 წლის 26 მაისისათვისას შედარების წერტილი 9 აპრილი იყო. ოპოზიია (ხან სისტემური, ხანაც არა) ცდილობს 1989 წლის რევოლუციური მომენტის გამოეორებას და პარადოქსულად, გამოსდის კიდეც. მაგრამ გამოსდის მხოლოდ სიუჟეტურად (ანუ მთავრობა მიტინგს არბევს) მაგრამ „ლაზარეს მკდვრეთით აღდგომა“ (ან თუ გნებავთ ნაციის თავიდან დაბადება) არ ხდება: გამსახურდიასეული პოლიტიკური ეზოთერიკა ისტორიას არის ჩაბარებული.
საწინააღმდეგო ნარატივი სახელმსიფოს „შედგომაზე“ მოგვითხრობს. მგონი არავინ კამათობს იმაზე, რომ დღევანდელი საქართველო აღარ არის „failed state“ (მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც). საინტერესო ქართული სახელმწიფოს „შედგომის“ კრიტერიუმია. ამ შედგომის (ალბათ არა ერთადერთი) კრიტერიუმი, მაგრამ ალბათ ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ქართული სახელმწიფოს „შედგომა“ მაინცა და მაინც ქართული ნაციის დაბადების დღეებს ემთხვევა. ანუ სახელმწიფო შედგა მაშინ, როდესაც დაარბია 7 ნოემბრის დემონსტრაცია (ან 26 მაისის) და თავიდან აიცილა სახელმწიფოს დაშლის (პოსტულირებული) საფრთხე. სწორედ ამ საფრთხის აცილების უნარში ხედავენ სახელმწიფოს „შედგომის“ ფაქტს. მის სიძლიერეს („სახელმწიფომ“ როგორც იქნა აღადგინა ძალაზე მონოპოლია და ახლა ამ მონოპოლიას იყენებს კიდევაც). ანუ სახელმწოფო „შემდგარად“ (წიხლით?) გრძნობს თავს, როდესაც თავიდან აიცილებს „ერთპარტიული მმართველობის“ პარადიგმაში ძალაუფლების გადაცემის ერთადერთ შესაძლებლობას: გადატრიალებას/აჯანყებას/რევოლუციას. „გადავრჩით“ ფორმდება როგორც ფუნდამენტური წარმატება.
13.
ცალკე საკითხია, რომ ძალის კულტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა 2007 და განსაკუთრებით 2008 წლამდე უწევდა აქტიურ პროპაგანდას, მუსოლინისეული (და არა ჰიტლერისეული) ფაშიზმისას ჰგავს.
იტალიელი ფილოსოფოსი ჯოვანი ჯენტილე (მუსოლინის მხარდამჭერი ინტელექტუალი) სტატიაში რა არის ფაშიზმი წერდა: “სახელმწიფო და ინდივიდი…[...] ერთია; და მართვა არის ხელოვნება, შეათავსო და გააიგივო ეს ორი ცნება იმგვარად, რომ მაქსიმალური თავისუფლება მაქსიმალურად შეეხამოს არა მხოლოდ წმი<