პოლ, არ დაბერდე
Red Alert უცნობი კაპიტანი, პან კოვალევსკი, პატარა სარდინა, აზიზა, ნუსრი, კრეტინი მარიკა და სხვები
ამბავი ათასი ჯურის ძაღლზე და მამაძაღლზე
(მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია კომპიუტერული თამაში "Red Alert" და იცის, თუ ვინაა პისტოლეტებიანი შპიონი ტანია)
I
უცნობი კაპიტანი და პან კოვალევსკიДа, командир!..
მზის ენერგიულად მანათობელი სხივების მიუხედავად, ოკეანე ცივი და ლურჯი იყო, შვეიცარიული დანის ნიკელის პირი კი მზეზე ელავდა. დანა უცნობ კაპიტანს ეჭირა ხელში და ჭიანაჭამ ვაშლს ფცქვნიდა, მისი საბოლოოდ შეჭმის მიზნით. ვაშლის წიაღიდან განდევნილ ჭიებს კი ზღვაში ისროდა.
გემი, რომელსაც არ ერქვა არც დუნკანი, არც ისპანიოლა, არც ავრორა, არც ბიგლი და რომელსაც საერთოდ არაფერი არ ერქვა, მშვიდად მიაპობდა ზღვის ტალღებს და რადარის ანტენაც მშვიდად ბრუნავდა კოშკურაზე.
რადარი ვერ აფიქსირებდა თევზების მოძრაობის მარშრუტებს. რადარი ვერც მათი გადაადგილების სისწრაფეს და ვერც იმ მეათედებს აფიქსირებდა, რომლებითაც ამ თევზების ფარფლების სიმძლავრე განისაზღვრებოდა ცხენის ძალის ერთეულთან შეფარდებით, მაგრამ თევზები მაინც მოძრაობდნენ.
მოხუცი ვეშაპი მარჯნის კლდეებზე თვლემდა - წინა დღის ვახშამი (Stradivarius Pacificus) ჯერაც ვერ მოენელებინა, თუმცა ცისფერ თვალებს მაინც აკვესებდა ხოლმე შიგადაშიგ და კბილებსაც აკრაჭუნებდა მეოთხე ოქტავის დოს ჟღერადობით.
ვეშაპის თვალთახედვის სივრცეში პერიოდულად კალმარებისა და სარდინების მომცრო ჯგუფები გადი-გამოდიოდნენ. ყველაზე უპასუხისმგებლოები, რომლებიც ვეშაპთან ახლოს მისვლას არ უფრთხოდნენ, ამავე ვეშაპის ყბებში ინაცვლებდნენ და ვეშაპის კბილების ჟღერადობა დო-დან სოლ ნოტამდე ადიოდა, თუმცა ოქტავა არ იცვლებოდა.
ვეშაპი წყალქვეშა სამყაროში უპირობო ლიდერი იყო. კოჭლი რვაფეხა კი მხოლოდ იბოღმებოდა და ნაღრძობ ფეხს ნერვიულად ამოძრავებდა ზევით-ქვევით.
წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან
[14:49:11] პან კოვალევსკი, პან კოვალევსკი... მელვილმა უფრო ადრე დაწერა "მობი დიკი" თუ იტალიელებმა უფრო ადრე გადაიღეს "სპრუტი", არ იცით?
[14:49:17] არა, ბატონო კაპიტანო, ეგ მელვილს არ დაუწერია. ჯონ ბონემმა დაწერა "მობი დიკი" 1969 წელს. ინგლისში.
[14:49:29] და სპრუტი რომელ წელს გადაიღეს, არ იცით?
[14:49:41] მგონი ოთხმოციანებში, კაპიტანო.
[14:49:59] ესე იგი, ვეშაპი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე რვაფეხა, პან კოვალევსკი?
[14:50:02] მასე გამოდის, ბატონო კაპიტანო.
[14:50:09] პან კოვალევსკი...
[14:50:17] დიახ, ბატონო კაპიტანო...
[14:50:24] არც თქვენ იცით, სადაა ძაღლის თავი დამარხული?
[14:50:33] სადმე ალპებში უნდა იყოს, წესით...
[14:50:41] და ვინ მოკლა ის ძაღლი, ან თავი რატომ მოაჭრეს, არ იცით?
[14:50:49] ალბათ რამდენიმე თავი ჰქონდა და მაგიტომ...
[14:50:53] ესე იგი, ცერბერი იყო, პან კოვალევსკი?
[14:51:01] ეგრე გამოდის, ბატონო კაპიტანო.
კაპიტანმა დანა დაკეცა, ვაშლის ნარჩენები წყალში მოისროლა და ცას მიაშტერდა.
უცნობი კაპიტანი თევზჭერით მიღებული შემოსავლით საკუთარი გემის ყიდვას აპირებდა და ფრიტოფ ნანსენის მარშრუტის ხელმეორედ გავლას გეგმავდა ჩრდილო პოლუსისკენ. პოლუსზე პინგვინების ფერმის აშენება უნდოდა და ასე სურდა ღრმა და ტკბილ სიბერემდე მისვლა. უცნაური კაცი იყო უცნობი კაპიტანი.
ნანსენისა და ფრიდებერტ ტუგლასის იმქვეყნიური მეგობრობის პარალელურად, ცერნის დიდ ადრონულ კოლაიდერში ნაწილაკები სინათლის სისწრაფით მოძრაობდნენ და მიკროსკოპულ შავ ხვრელებს აჩენდნენ. ნაწილაკების ხმაურისგან პატარა სარდინას თვალი სტკიოდა და ზიგზაგით დაცურავდა, რადგან ცალ მხარეს ფარფლები აკლდა და ნავიგაციის უნარი მოშლილი ჰქონდა.
უცნობი კაპიტანის თევზსაჭერი გემის ბადე კი ძალიან დიდი იყო.
წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან (აბზაცი მეორე)
[14:49:11] უცნობი კაპიტანი გემბანზე იდგა და ბრძანებებს გასცემდა.
[14:49:15] გაშალეთ ბადეები
[14:49:21] გაშალეთ თქვენი სათევზაო ბადეები
[14:49:27] გაშალეთ დიდი სათევზაო ბადეები
[14:49:31] მოისროლეთ წყალში ბადეები
[14:49:37] მოისროლეთ წყალში სათევზაო ბადეები
[14:49:42] მოისროლეთ წყალში დიდი სათევზაო ბადეები.
[14:49:48] კაპიტანს უბიდან იოსიფ ბროდსკის ერთტომეულის ყუა მოუჩანდა.
II
აზიზაИзучаю диаграмму.
თურქი აზიზა თავისი რეფრიჟერატორის კაბინაში იჯდა, სკოჩით და ჩინური წებოთი შეკეთებულ მაგნიტოფონში "პინკ ფლოიდს" უსმენდა და სიგარეტს ეწეოდა. აზიზას საქმე არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ჰქონდა ბევრი ვალები და ბევრი სიგარეტი.
სალონის ტორპედოზე მიგდებულ კროსვორდების ჟურნალზე, რომლის ქვევიდანაც ბლეზ პასკალის "აზრების" ყდა მოჩანდა, ბუზები ისხდნენ. ყველაზე მოზრდილი ბუზი კი ჰორიზონტალური სვეტის ოცდამერვე სიტყვაზე იჯდა.
აზიზას სამი ცოლი და ექვსი შვილი ჰყავდა. იმ ღამით, როცა აზიზასთან მისი ერთ-ერთი ცოლი უნდა ჩასულიყო, აზიზამ ტრაილერი დაქოქა ბოსფორის სრუტისკენ გაემართა.
მეორე წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან
[15:47:13] პან კოვალევსკი...
[15:47:17] დიახ, ბატონო კაპიტანო.
[15:47:22] ოცდარვა. დიდი სიტყვაა... აღმოსავლური ტკბილეულიო, წერია. რა იქნება?
[15:47:31] რახათლუხუმი. ან ხალვა. ან შიშ-ქებაბი. არა. შიშ-ქებაბი არაა ტკბილეული. რახათლუხუმია.
[15:47:39] სანდა საღოლ, პან კოვალევსკი.
[15:47:45] იახში, ბატონო კაპიტანო.
III
ნუსრი, ომი და კრეტინი მარიკაНашу базу атакуют.
ქალაქის გარეუბანში გახსნილი თურქული რესტორნის მფლობელ ტრაპიზონელ ნუსრის ბევრი ფული ჰქონდა და სიგარეტს სიმთვრალეშიც არ ეწეოდა, რადგან მუსულმანი იყო და არ სვამდა.
ნუსრი რესტორანში იშვიათად ჩნდებოდა და როცა ჩნდებოდა, მომსახურე პერსონალი მაშინვე თევზის სალათის მომზადებას იწყებდა.
ნუსრი ტრადიციული ოჯახიდან იყო. თავის დროზე, პაპამისს ამიერკავკასიის სახალხო სეიმის დელეგაციის უკან გაბრუნებასაც მიაწედნენ, როდესაც თურქები პატარა ზღვისპირა პროვინციის მითვისებას ლამობდნენ და პროლეტარიატის მომავალ აკვანს ულტიმატუმების ენით ელაპარაკებოდნენ.
ნუსრის პაპა არდაგანის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში დაბანაკდა თავის რაზმთან ერთად და გაზფხულის ერთ წვიმიან საღამოს, სწორედ იმ დროს, როდესაც სეიმის წარმომადგენლები გაცხარებულ კამათში იყვნენ შესულები ოპონენტებთან,
სადავო ტერიტორიებს დაეპატრონა. სეიმის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს, თავები სინქრონულად გადააქნიეს ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მაგიდიდან წამოდგნენ და უკან გაბრუნდნენ. სულ ასე იცოდნენ ხოლმე. სულ უკან ბრუნდებოდნენ.
გარკვეული დროის შემდეგ, ავლაბრის სტამბაში ტროსტიანმა კაცმა დაიწყო გამოჩენა, ღამ-ღამობით კი ჟანგიანი "სტუდებეკერი" მიდიოდა ხოლმე სტამბის უკანა შესასვლელთან და ქაღალდის შეკვრები მიჰქონდა.
ნუსრის რესტორანში ერთ-ერთ ოფიციანტად კრეტინი მარიკა მუშაობდა. კრეტინს იმიტომ ეძახდნენ, რომ როდესაც ფსიქოსომატურ ფაკულტეტს ამთავრებდა, სადიპლომო თემად კრეტინიზმი შეარჩია. საბოლოოდ, დიპლომიც დაიცვა, მაგრამ ვერსად ვერ მოახერხა მუშაობის დაწყება. ბოლოს, ნუსრის რესტორანში მოხვდა მიმტანად.
ნუსრისთვის გამზადებული თევზის სალათის მიტანა ყოველთვის კრეტინ მარიკას უწევდა, მაგრამ მარიკას არასდროს არ მიჰქონდა სალათი ნუსრისთვის.
მარიკას დიდი ბაბუა წარმოშობით სწორედ იმ ზღვისპირა პროვინციიდან იყო, რომლის მიტაცებაც თურქებს უნდოდათ და რომლის გამოც ელაპარაკებოდნენ პროლეტარიატის მომავალ აკვანს ულტიმატუმების ენით. მარიკას მამას კი ერთ-ერთ პროვინციულ დაბაში ავტოპარკი ჰქონდა გახსნილი.
ავტოპარკში ძირითადად, თურქული ტრაილერები ჩერდებოდნენ ხოლმე, რადგან ქართულ ტრაილერებს გასაჩერებელი დრო არ ჰქონდათ - დედაქალაქში ზედმეტად ხალვათი მოძრაობა იყო და ქალაქს სხვადასხვა ჯურის მანქანებით ამარაგებდნენ. მანქანების უმრავლესობა ექიმის ან პროფესორის ნახმარი იყო, სახლი-სამსახური. სამსახური-სახლი.
ნუსრის ლიტერატურა არ უყვარდა. ნუსრის არც ქვეტექსტები უყვარდა და თევზის სალათიც იგვიანებდა.
IV
აზიზა, ანუ როგორ მღეროდნენ თურქები პაკისტანურ Dama Dam Mast Qalandar -ს
ფატიჰ სულთან მეჰმეთის ხიდთანЯ потерял бомбу, она не у тебя?
თურქმა აზიზამ ტრაილერს სიჩქარე შეუცვალა. სარკეზე მოქანავე მინიატურული ქაბაბი პინკ ფლოიდის მუსიკის რიტმზე არხეინად ამოძრავდა, სიდ ბარეტი კი გაორმაგებული სტიმულით აგრძელებდა დაკვრას.
აზიზამ ტრასაზე ორი ტიპი დაინახა. ერთს რუკზაკი ჰქონდა მოკიდებული, მეორე კი ძალიან მსუქანი იყო და ცერა თითი ჰქონდა აშვერილი. აზიზას არ უყვარდა ასეთი ტიპები და როგორც წესი, არც უჩერებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს მაინც გააჩერა. მგზავრები მანქანაში ჩასხდნენ. აზიზამ სვლა გააგრძელა.
მგზავრებმა ხიდთან გაჩერება სთხოვეს აზიზას.
- ჩავიდეთ?
- ჩავიდეთ.
- აქ დაგვხვდებიან?
- კი, აქ დაგვხვდებიან.
- ისიც მოვა?
- კი. ისიც მოვა.
- მაშინ ჩავიდეთ.
ჩავიდნენ.
ბოსფორის სრუტის თავზე მზე აღარ ანათებდა. დღის იმ მონაკვეთში, როცა აზიზა სტამბულში შევიდა, ღამდებოდა. აზიზამ ტრაილერი პორტის შესასვლელთან გააჩერა და სიგარეტს მოუკიდა.
- აზიზა ჩამოვიდა! აზიზა ჩამოვიდა! - მხიარულად დაიძახა პატარა ბიჭმა და აზიზას ტრაილერისკენ გაიქცა.
დაინახა თუ არა აზიზამ მისკენ მიმავალი ბიჭი, ახალმოკიდებული სიგარეტი იმწამსვე ფანჯრიდან გადაააგდო და ფანჯრის მინა ბოლომდე ასწია.
დაღამდა. პატარა სარდინას თვალი ისევ ასტკივდა. ავი და ზარმაცი ზვიგენიც ენატრებოდა და ფარფლების არქონასაც ტყვეობაში ერთი-ორად განიცდიდა.
გემმა პორტისკენ აიღო გეზი და მიუხედავად იმისა, რომ პორტში უცნობი კაპიტანი არავის უყვარდა, გემი მაინც ჯიუტად მიემართებოდა ბოსფორისკენ.
მესამე წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან
[21:12:08] პან კოვალევსკი... პან კოვალევსკი...
[21:12:16] დიახ, ბატონო კაპიტანო...
[21:12:23] ხიდს მივუახლოვდით?
[21:12:29] თუ დისპეჩერმა ვარგისი რუკა გამოგვატანა (არადა, არ ვუყვარვართ მაგ ქალს) მაშინ, დაახლოებით ნახევარ საათში მივუახლოვდებით ხიდს.
[21:12:37] ჰო, არ ვუყვარვართ. თქვენც გესმით სიმღერის ხმა, ბოცმანო?
[21:12:44] დიახ, მესმის.
[21:12:53] და ვინ მღერის, ხომ არ იცით?
[21:13:01] ნუსრათ ფატი ალი ხანია ეგ, ბატონო კაპიტანო. პაკისტანელი მუსიკოსია.
[21:13:08] რა კარგად მღერის.
[21:13:15] კი, კარგი მუსიკოსია ეგ, ბატონო კაპიტანო.
[21:13:08] - [21:13:15]
Ne Sa Pa Ne Ma Pa
Ma Pa Ne Ga Re Ga Re
Sa Sa Sa Re Re Re...
Dam Mast Qalandar Must Must...
Ik Vird Hai Dam Dam Ali Ali...
Sakhi Laal Qalandar Must Must...
Jhoole Laal Qalandar Must Must...
Dam Mast Qalandar Must Must...
[21:13:16] ასე მღეროდა ნუსრათ ფატი ალი ხანი.
მეოთხე წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან
[21:13:17] სარდინას თვალის ტკივილი აღარ აწუხებდა. არც ის აწუხებდა, ცალ მხარეს ფარფლები რომ არ ჰქონდა, რადგან ჰაერზე გონება დაკარგა.
[21:13:23] უცნობი კაპიტანი ბრძანებებს გასცემდა.
[21:13:28] ამოზიდეთ სათევზაო ბადეები
[21:13:31] ამოზიდეთ თქვენი სათევზაო ბადეები
[21:13:39] ამოზიდეთ თქვენი დიდი სათევზაო ბადეები
[21:13:46] ჩაცალეთ ბადეები აუზში
[21:13:52] ჩაცალეთ სათევზაო ბადეები აუზში
[21:13:59] ჩაცალეთ ჩემი დიდი სათევზაო ბადეები აუზში
[21:14:03] კაპიტანს ქურთუკის უბიდან მწვანე ვაშლები მოუჩანდა.
V
ორი დისპეჩერი და აზიზას რეფრიჟერატორიТехнология похищена.
დისპეჩერის კაბინის ფანჯრები პირდაპირ სრუტეს გაჰყურებდნენ. დისპეჩერი სამართავ პულტთან იჯდა, ყურანს კითხულობდა და სტენოგრამებს აგზავნიდა მეზობელი პორტის დისპეჩერთან. მეზობელი პორტიდან დისპეჩერს მეორე მეზობელი პორტის დისპეჩერი პასუხობდა, რომელიც არც ყურანს კითხულობდა და არც სტენოგრამებს აგზავნიდა და როგორ ახერხებდა პასუხის გაცემას, პორტის ადმინისტრაციამაც არ იცოდა.
აზიზას რეფრიჟერატორი დოკებში იდგა. მუშები ენერგიულად ტვირთავდნენ თევზს მანქანაში.
პატარა სარდინას თვალი ისევ ასტკივდა - ბადეში გაბმისას, ორ კამბალას შორის მოყვა და ფარფლები მეორე მხარესაც მოსძვრა. პატარა სარდინა არავის ეცოდებოდა, პატარა სარდინა ძალიან საწყალი იყო. მშობლები ადრე დაეხოცა, იაპონიის ზღვაში მორიგი ცუნამი რომ გაჩნდა, მაშინ. დინებამ წაიღო და მაცესუკე ოეს ჯებირს მიანარცხა.
იმ შეკვრას, რომელშიც სარდინა მოყვა, ზევიდან კიდევ სამი შეკვრა დაადეს, საბარგულის კარი დაკეტეს და აზიზამაც მშვიდად დაქოქა ძრავი.
დისპეჩერი დაბოღმილი თვალებით უყურებდა აზიზას ტრაილერს და სტენოგრამების გაგზავნას აგრძელებდა.
მეოთხე წერილი უცნობი თევზსაჭერი გემის შავი ყუთიდან
[22:17:18] პან კოვალევსკი, თქვენც მოგესმათ აფეთქების ხმა?
[22:17:25] დიახ, ბატონო კაპიტანო.
[22:17:28] და რა აფეთქდა, პან კოვალევსკი?
[22:17:31] შურს ძიობენ აქაურებზე, ბატონო კაპიტანო. გზებს აფეთქებენ.
[22:17:37] პან კოვალევსკი..
[22:17:43] დიახ, კაპიტანო...
[22:17:48] საიდან იცით ამდენი რამე?
[22:17:51] წიგნებს ვკითხულობ ხოლმე, ბატონო კაპიტანო. ზოგჯერ გაზეთებს ვკითხულობ, ხანდახან ჟურნალებსაც. თქვენ არ კითხულობთ არაფერს?
VI
აფეთქებული გზა, ამოყირავებული რეფრიჟერატორი, ავტორის დეჟავუ, რადგან ეგონა, რომ ეს ფრაზა როდისღაც უკვე დაწერა და პატარა სარდინა, რომელიც წვიმის სადინარში ჩავარდაНе жди меня. Будет дымяшийся кратер.
თურქეთის ავტობანებზე ღამით მხოლოდ რეფრიჟერატორები, ევროპაში მიმავალი თუ იქიდან მომავალი ავტობუსები და კიდევ ის ტრაილერები მოძრაობენ, პროფესორების ნახმარი მანქანებით რომ ამარაგებენ ქვეყნის დედაქალაქს.
აზიზა საჭეს მშვიდად ატრიალებდა და იმედი ჰქონდა, რომ ვალების მცირე ნაწილს მაინც გაისტუმრებდა, დარჩენილი ფულით კი უფრო მეტ სიგარეტს და "პინკ ფლოიდის" კიდევ ერთ ალბომს იყიდიდა.
კრეტინი მარიკა გზის განაპირას იჯდა, თეთრი წინსაფრის ჯიბიდან რესტორნიდან გამოყოლილი მენიუს ფურცელი მოუჩანდა და ხელში ჩინურ რადიომიმღებს ათამაშებდა.
აზიზა სვლას აგრძელებდა.
მარიკა მშვიდად იჯდა.
აზიზა იმა დგილს უახლოვდებოდა, სადაც მარიკა იჯდა.
მარიკა მაინც მშვიდად იჯდა და ხმას არ იღებდა.
აზიზა იმ ადგილს გაუსწორდა, სადაც მარიკა იჯდა და ხმას არ იღებდა.
მარიკამ რადიომიმღების ანტენა გაასწორა, ღილაკს ის თითი დააჭირა, ნუსრისთვის თევზის სალათის მომზადებისას რომ დაიწვა და ავტობანი ააფეთქა.
ავტობანზე დიდი ამბები დატრიალდა.
ტრაილერის სამი ბორბალი გზის მეორე სავალ ნაწილზე გაგორდა, იქიდან მომავალ ავტობუსის ქვეშ შეგორდა და ავტობუსიც ამოყირავდა. ამოყირავებული ავტობუსის საბარგულიდან ფუთები, შეკვრები, ფერადი და შავთეთრი ტელევიზორები, ბულგარეთის პლაჟებიდან წამოღებული სუვენირები, T-MObile - ს სიხშირეზე მომართული მობილური ტელეფონები, (რომლებიც ვერასდროს ვერ იმუშავებდნენ იმ დედაქალაქის სიხშირეზე, რომელსაც ტრაილერები პროფესორების ნახმარი მანქანებით ამარაგებდნენ) ნახმარი ველოსიპედები და მეორედი ტანსაცმლის ფუთები ცვიოდა.
აფეთქებისგან რეფრიჟერატორის ფრეონის ბალონები იმ საპნის ბუშტებივით გასკდნენ, კრეტინი მარიკა ბავშვობაში რომ ბერავდა ხოლმე და უსაქმური მამა რომ უხეთქავდა. (მარიკას სენტიმენტალური გადახვევები არ უყვარდა, მარიკა პრაგმატული ადამიანი იყო)
როგორც კი ფრეონი დაიღვარა, რეფრიჟერატორში ყინულმა დნობა დაიწყო და წყლად იქცა. რამდენიმე თევზმა კუდი აამოძრავა, ზოგი მათგანი მთლიანად ამოძრავდა, ზოგმა გაცურა კიდეც.
პატარა სარდინა კუთხეში შეყუჟულიყო, აფეთქების ხმაურისგან თვალი ისევ სტკიოდა და ნერვული შოკისგან ფარფლები მეორე მხარესაც დასცვენოდა. ტრაილერმა დარჩენილ სამ ბორბალზე დგომა ვეღარ შეძლო და გადაბრუნდა. დაცემისგან რეფრიჟერატორის კარი გაიღო და ფრეონის აღარარსებობის გამო გამდნარი ყინულისგან წამოქმნილ წყლის ნაკადს უამრავი თევზი გადმოჰყვა.
თურქი საგზაო ინჟინრები გამჭრიახები იყვნენ.
მაცივრიდან გადმოღვრილი წყალი მასში მოცურავე თევზებიანად, პირდაპირ წვიმის სადინარისკენ გაემართა, მთელ ავტობანს რომ მიუყვებოდა და ალაგ-ალაგ შავ ზღვასაც რომ უერთდებოდა.
რადგან მეორე მხარესაც დასცვივდა ფარფლები, პატარა სარდინა ზიგზაგებით აღარ დაცურავდა, მაგრამ თვალი ისევ სტკიოდა.
მართალია, ტრასაზე ხმაური მიწყნარდა, მაგრამ დიდი ადრონული კოლაიდერი კვლავ მუშაობდა და ნაწილაკების შეჯახებასაც საშინელი ხმაური ახლდა თან.
დინებამ სარდინა სარფის სანაპიროებისკენ წამოიღო, სადაც კრეტინი მარიკას უსაქმური მამა თევზაობდა. ქართველი მძღოლები დაკავებულები იყვნენ, ერთადერთი თურქი მძღოლი, რომელიც მის ავტოპარკში აჩერებდა მანქანას, ააფეთქეს, ავტოპარკი ცარიელი იყო, მარიკას მამაც იჯდა და თევზაობდა. მარიკას მამას სარდინა ძალიან უყვარდა და ყოველ დილით, სანაპიროზე იმ ჭიების ჩიჩქნაც არ ეზარებოდა ხოლმე, უცნობი კაპიტანი რომ ისროდა ზღვაში. სარდინები ვაშლის ჭიაზე კარგად მოდიოდნენ.
VII
და სხვები...Игрок проиграл.
სარდინა მშვიდად მიცურავდა. თვალის ტკივილი მინელდა, მაგრამ შიმშილის გრძნობამ იმძლავრა. სარდინას პლანქტონის მთელმა ხროვამ ჩაუქროლა გვერდით, მაგრამ ობოლმა თევზმა მოხვევა ვერ შეძლო - ფარფლები არ ჰქონდა და მისი მოძრაობა სწორედ იმ განმარტებას ექვემდებარებოდა, რომელი განმარტებითაც ფიზიკის VII კლასის სახელმძღვანელო წრფივი მოძრაობის არსს აღწერს.
საბოლოოდ, კრეტინი მარიკას მამამ ვერაფერი ვერ დაიჭირა, რადგან მიუხედავად სურვილისა, სარდინა ვერაფრით მიუახლოვდა იმ ნემსკავს, რომელზეც ვაშლის ჭიები ეკიდნენ და ცურვა ჩრდილოეთისკენ განაგრძო.
ნუსრი გაბოროტებული ასკდებოდა თურქული რესტონის კედლებს, რადგან თევზის სალათი მისთვის არავის მიჰქონდა და კრეტინი მარიკაც არხეინად იჯდა სამზარეულოში, სიგარეტს ეწეოდა და ქართულ "კოსმოპოლიტენს" ათვალიერებდა. წინსაფრის ჯიბიდან ამოჩრილ მენიუზე არსებულ საეჭვო ლაქებზე კრეტინი მარიკა სდუმდა.
უცნობი კაპიტანი და პოლონელი ბოცმანი კი მაინც აგრძელებდნენ თევზჭერას, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანმა ვერც საკუთარი გემის შეძენა შეძლო, ვერც ფრიტოფ ნანსენის მარშრუტის გავლა მოახერხა და ვერც პინგვინების ფერმა ააშენა ჩრდილო პოლუსზე.
კაპიტანი ვაშლს ფცქვნიდა, შიგადაშიგ კითხვებსაც წამოისვრიდა ხოლმე, პან კოვალევსკიც ბეჯითად პასუხობდა ამ კითხვებს, შვეიცარიული ნიკელისპირიანი დანა კვლავ იმ მზის შუქზე ელავდა, მომდევნო დილით ისევ რომ უნდა ამოსულიყო ბოსფორის სრუტის თავზე და ზვიგენიც იმავე ჟღერადობით აკრაჭუნებდა კბილებს.
პატარა სარდინა კი ნერვიულად გადი-გამოდიოდა მის ცხვირწინ.
This post has been edited by GURAM on 3 Sep 2010, 15:14
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes