საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტისაგან იმ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიებისათვის სტატუსის განსაზღვრას ეხება.
პატრიარქის აღნიშნული პოზიცია რამდენიმე წუთის წინ ,,ფეისბუქზე" საქართველოს პატრიარქის ფონდის გვერდზე განთავსდა პატრიარქის ოფიციალური განცხადების სახით.
პატრიაქრი მოითხოვს აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.“ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ 5 ივლისისთვის, იგეგმება.