#26392683 · 10 Jul 2011, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის უვადო პატიმრობის სანქცია უკვე დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და მის ასამოქმედებლად, ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
"სისხლის სამართლის კოდექსში" შეტანილმა ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, - ნაწილი შიშობს, რომ ეს კანონი ჩინოვნიკების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას შეუწყობს ხელს და სულ მალე საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება... განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს იურისტი სევდია უგრეხელიძე, რომლის მტკიცებითაც, ახალი კანონპროექტი ქვეყანაში წესრიგის დაცვას ემსახურება.
- მსგავსი კანონი საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში აღიარებულია და საქართველოზე მეტად განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული... ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა ან თანამდებობის პირი ვალდებულია, უფრო მეტი მოითმინოს; მას არ შეუძლია იჩივლოს, როცა მის პირად ცხოვრებაში ერევიან; პრესის მუდმივი ყურადღების ცენტრში იმყოფება. ამიტომაც იგი დაცული უნდა იყოს სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფისგან... ქართველი საზოგადოებისთვის ასეთი კანონები უჩვეულოა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ უფლება კი არა, ვალდებულებაც არის. საქართველო ტოტალიტარიზმის შვილია და ამიტომაც, სისხლის სამართლის კოდექსში ბევრი რამ უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც ტრადიციული დემოკრატიის სახელმწიფოებს ვუწოდებთ.
რაც შეეხება უფლებამოსილების გადაჭარბებას: 1995 წელს გამოცემული კონსტიტუციის 42-ე მუხლში ძალოვანი უწყების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობა დეტალურად იყო გაწერილი, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მილიციის თანამშრომლები კანონს მაშინ მოირგებდნენ სათავისოდ, როცა ეს მოესურვებოდათ: ეს "მენტალიტეტში ჰქონდათ გამჯდარი"... ამ შემთხვევაშიც ასე ხდება: პოლიციელის უფლებამოსილება მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, რადგან მას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და პოსტსაბჭოური მენტალიტეტი ამ თაობაშიც იგრძნობა... გარდა ამისა, კანონმდებლობაშიც იყო მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც დეტალურად არ იყო ჩამოყალიბებული და მისი გამოყენება ყველას სათავისოდ შეეძლო, მაგალითად: არ შეიძლება, ორმა ადამიანმა რკინის საკნით მთელი რუსთაველი რამდენიმე თვით ჩაკეტოს.
საქმე ის არის, რომ ასეთი რაღაცები მანამდე მოხდება, ვიდრე კანონში არ აისახება. ეს არის რეალობა. ქართველებს - ხელისუფლებას, ოპოზიციას, ძალოვნებს თუ უბრალო საზოგადოებას, კანონისადმი კულტურული დამოკიდებულება არ გაგვაჩნია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო ტრაციდიული დემოკრატიის ქვეყანა არ არის. დემოკრატიული ჭეშმარიტებები, რომლის ცალკე პუნქტად განსაზღვრა სხვა ქვეყნებში აუცილებელი არც არის, აქ კანონში უნდა შეიტანონ. რადგან საქართველოში კანონის დაცვა იძულებითი მეთოდებით ხდება, აუცილებელია, პირველ რიგში, კანონის დამცველის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
P.S. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ თუ საცხოვრებელ შენობაზე, ან სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ლალი პაპასკირი ჟურნალი ”გზა” (გამოდის ხუთშაბათობით)
--------------------
Best Regards, Giorgi Tabidze ________________________________________ Founder & CEO at AdvisoryNetwork | Co-Founder uniHack
|