საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის მანძილზე 150–ზე მეტი შეხვედრა გამართა, აქედან, უმრავლეს მატჩებში დამარცხდა. თუმცა, ქართველ გულშემატკივრებს რამდენიმე ისეთი მატჩი გვახსოვს, რომლებიც ჩვენი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება. მაშ ასე, დავიწყოთ:
1) საქართველო – უელსი 5:0 (ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 14 ნოემბერი, 1994)
საქართველოს ნაკრების პირველი წარმატება ოფიციალურ მატჩში, თან როგორი ანგარიშით! მანამდე, ჩვენებმა წააგეს მოლდოვასთან და ბულგარელებთან. თან ეს ის დროა, როცა აფხაზეთი ახალი დაკარგულია, ამიტომაც, ქართველ გულშემატკივარს ნებისმიერი წარმატება გულზე მალამოსავით ედებოდა.
2) საქართველო–ბულგარეთი 2:1 ( 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 11 ოქტომბერი, 1995 )
ამ დღეს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთის ნაკრები ლამაზი თამაშით დავამარცხეთ.
3) საქართველო – სომხეთი 7:0 (ამხანაგური მატჩი; 30 მარტი, 1997 წელს)
საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოსა და ერევნის არარატის დაპირისპირება პრინციპულ ხასიათს ატარებდა, ასევე იყო ამ მატჩშიც, სადაც საქართველომ თავისი მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით დაამარცხა. ეს დღემდე ჩვენი ნაკრების სარეკორდო ანგარიშით გამარჯვებაა.
4) საქართველო – იტალია 0:0 (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 10 სექტემბერი, 1997 )
ეს ქულა დღემდე ერთადერთია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ასეთი კალიბრის ნაკრებთან ოფიციალურ თამაშში აიღო. თან მაშინ იტალიას დიდი მოტივაცია ჰქონდა – აუცილებლად უნდა მოეგო, რათა პირდაპირ გასულიყო მუნდიალზე. ასე არ მოხდა და აპენინელებმა პირველი ადგილი ინგლისელებს დაუთმეს.
5) საქართველო – პოლონეთი 3:0 ( 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 11 ოქტომბერი, 1997)
ამ გუნდების პირველი თამაში პოლონელებმა 4:1 მოიგეს, თბილისშიც მათი მწვრთნელი დიდ გულზე იყო და ჩვენს გარდაუვალ დამარცხებას წინასწარმეტყველებდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ლამაზი გამარჯვება ოდნავ გააფერმკრთალა იმან, რომ მეოთხე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, რაც შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების საშუალებას მოგვცემდა.
6) ლიტვა – საქართველო 0:4 (2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 10 სექტემბერი; 2000 წელი)
საქართველოს ნაკრებმა 2002 წლის შესარჩევის ეს მატჩი, მოულოდნელად, იოლად მოიგო, რამაც ქართველ გულშემატკივარს მისცა იმედი, რომ ამ შესარჩევში საქართველო მეორე ადგილზე გავიდოდა. ამის კარგი შანსიც გვქონდა, თუმცა, 2001 წელს რუმინეთთან სახლში მარცხმა ეს იმედებიც მოგვისპო.
7) საქართველო – უნგრეთი 3:1 (2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 1 სექტემბერი, 2001)
ამ მატჩის წინ უნგრელები ისევე ყოყლოჩინობდნენ, როგორც თავის დროზე პოლონელები. გაზეთმა ოლიმპმა გამოაქვეყნა სურათი, სადაც უნგრელი ფეხბურთელები თითებით ასო V–ს გამოსახავდნენ. მათ ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
საქართველო – რუსეთი 1:0 ( ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 30 აპრილი, 2003)
30 აპრილს საქართველომ რუსეთი დაამარცხა! ამით ყველაფერია ნათქვამი.
9) საქართველო–თურქეთი 1:0 (ამხანაგური მატჩი; 7 თებერვალი, 2007)
ეს ნაკრებები ამ მატჩამდე ერთმანეთს 2005 წელს თბილისში დაუპირისპირდნენ, სადაც მწარე მარცხი ვიწვნიეთ – 2:5. რევანში ტკბილია!
10) საქართველო – შოტლანდია 2:0 (2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი; 17 ოქტომბერი, 2007 წელი)
კარგად გვახსოვს თბილისის ქუჩებში მოსეირნე კილტიანი შოტლანდიელები, რომლებიც ამ მატჩისათვის ჩამოყვნენ თავის გუნდს საგულშემატკივროდ. საქართველოს ნაკრებმა კარგი მატჩი ჩაატარა და მეტოქეც სამართლიანად დაამარცხა. ამჯერადაც რევანში ავიღეთ.
OFFTOPIC:| მგონი საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციაა |